სოფლის მეურნეობისთვის სახიფათო მეტეოროლოგიური მოვლენები

    ამინდის მეტეოროლოგიურ ფაქტორებს შეუძლიათ დიდი ზარალი მიაყენონ სოფლის მეურნეობას. საშიში მეტეოროლოგიური მოვლენებია: წაყინვები, სეტყვა, თქეში (თავსხმა) წვიმები, ხოლო ზამთარში_ძლიერი ყინვები, ლიპყინული და ზოგიერთი სხვა მოვლენები, რომლებიც განპირობებულია თოვლის საბურველის დიდხანს ჩაწოლით.

წაყინვებს უწოდებენ წლის შედარებით თბილ პერიოდში (გაზაფხული, შემოდგომა), ნაიდაგის მოქმედ ზედაპირზე ჰაერის მინიმალური ტემპერატურის 00C-მდე და დაბლა დაწევას. წარმოშობის პროცესების და ამინდის პირობების შესაბამისად არსებობს წაყინვების სამი ტიპი:

  1. ადვექციური წაყინვები წარმოიქმნება ცივი ჰაერის ტალღების (ადვექციის) შემოჭრის შედეგად და გრძელდება ერთი ან რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში. ამ დროს მიმდინარეობს ჰაერის ტემპერატურის დაწევა 00C-ზე დაბლა და შეიძლება მოიცვას ძალზე დიდი ტერიტორია.
  2. რადიაციული წაყინვები განპირობებულია ნიადაგის მოქმედი ზედაპირის ინტენსიური გადაცივებით (გამოსხივებით), რომელიც წარმოებს ღამით, მოწმენდილ ამინდში და ატარებს ლოკალურ ხასიათს. მათი სიძლიერე და ინტენსიურობა დამოკიდებულია რელიეფის ფორმაზე, ნიადაგის ზედაპირის მდგომარეობაზე, ნიადაგისა და ჰაერის ტენიანობაზე და სხვა ადგილობრივ პირობებზე. ამ ტიპის წაყინვები იწყება ღამით და მაქსიმალურ ინტენსივობას აღწევს (ტემპერატურა მინუს 3, იშვიათად მინუს 5-6) მზის ამოსვლისას. თუ ამინდი წყნარი და მოწმენდილია, წაყინვები მოსალოდნელია ყოველდღიურად.
  3. ადვექციური-რადიაციული ანუ შერეული წაყინვები წარმოიქმნება ცივი ჰაერის მასების შემოჭრისა და შემდგომში მისი ღამის გამოსხივების (გადაცივების) შედეგად. ასეთი პროცესის დროს, დღისით, ნიადაგის ზედაპირი რამდენადმე ცივდება და სითბოს მარაგი მის ღრმა ფენებშიც კლებულობს, ღამით კი ინტენსიურად იწყება გამოსხივება. აღნიშნული სახის ყინვები ღია, ქარისაგან დაუცველი ადგილებისთვის საშიშია, რადგან ყინვებმა შეიძლება მინუს 2-4 და მეტსაც მიაღწიოს, გაგრძელდეს ორი-სამი დღის განმავლობაში.   

წაყინვების მოქმედება მცენარეებზე სხვადასხვანაირია. იგი უფრო მეტად საგრძნობია ახალგაზრდა ფოთლების გაშლის, ყვავილობისა და ნაყოფის მომწიფების პერიოდში.     ტემპერატურას, რომლის ქვემოთ ვეგეტაციაში მყოფი მცენარეები ზიანდება ან იღუპება, კრიტიკულს უწოდებენ. სხვადასხვა მცენარეებისათვის და მათი განვითარების სხვადასხვა ფაზისათვის კრიტიკული ტემპერატურები განსხვავებულია.

სასოფლო-სამეურნეო კულტურების დამაზიანებელი კრიტიკული ტემპერატურები (0C)

მცენარეთა დაზიანების ხარისხი დამოკიდებულია წაყინვების ინტენსიურობასა და მისი მოქმედების ხანგრძლივობაზე. ამიტომ, ერთ შემთხვევაში დაზიანება შეიძლება სუსტად იყოს გამოხატული, მეორე შემთხვევაში კი ძლიერად.

ამჟამად არსებობს წაყინვებისა და ზამთრის ყინვების წინააღმდეგ ბრძოლის სხვადასხვა მეთოდი, რომლებიც პირობითად ორ ჯგუფად იყოფა:

I-აკუთვნებენ ფიზიკურს, როგორიცაა სხივფრქვევის შემცირება, ნამის წერტილის აწევა, ჰაერის გათბობა, ჰაერის ფენების ერთმანეთთან შერევა და სხვა.

  II_ აკუთვნებენ ბიოლოგიურს _ ყინვაგამძლე ჯიშების გამოყვანა სელექციური გზით, მცენარეთა კვების რეჟიმის რეგულირება, პრინცირება, მცენარის შტამბზე მიწის შემოყრა, შეფუთვა და სხვა.

გამოსხივების შემცირება _ ნიადაგიდან და მცენარეებიდან გამოსხივება შეიძლება შემცირდეს კვამლის გამოყენებით, რაც რამდენადმე ამცირებს წაყინვების მოქმედებას. კვამლის მოქმედება იწვევს, საკვამლე გროვების (კოჭების) წვის შედეგად სითბოს გამოყოფას, რაც რამდენადმე ამცირებს წაყინვების მოქმედებას. მისი ეფექტი საწვავი მასალის ვარგისიანობაზეა დამოკიდებული და 1-20C-მდე აღწევს. წვის დროს, კვამლთან ერთად გამოიყოფა სითბო, რომლის რაოდენობა დამოკიდებულია საწვავი მასალის რაოდენობასა და კალორიულობაზე. საწვავ მასალად შეიძლება გამოყენებულ იქნეს მცენარეული ნარჩენები, ნამჯა, ნახერხი, საბურავები და სხვა. ასეთი სახით, მასალები შეაქვთ პლანტაციებში და ალაგებენ 10-15 მეტრიან მწკრივებში, ისე, რომ მათ შორის მანძილი უნდა შეადგენდეს 4-5 მ-ს. გორები უნდა დაეწყოს გაბატონებული ქარის საწინააღმდეგო  მიმართულებით. საკვამლე გროვების ანთებას იწყებენ, როცა ჰაერის ტემპერატურა 2-10C -მდე დაიწევს. კვამლის გამოყოფის პროცესი უნდა გაგრძელდეს მზის ამოსვლის შემდეგ 1 საათის განმავლობაში მაინც, იმის გამო, რომ თუ ადგილი ჰქონდა მცენარის უჯრედებს შორის ყინულის კრისტალების წარმოქმნას, ისინი თანდათან უნდა გალღვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მზის სხივების უშუალო ზემოქმედების შედეგად, მცენარის ორგანოები შეიძლება სწრაფად გათბეს და გამოიწვიოს მცენარის უჯრედებს შორის გაყინული კრისტალების სწრაფი გალღობა. ამას შეიძლება მოჰყვეს უჯრედების დაზიანება და საბოლოოდ მცენარის დაღუპვა.

ნამის წერტილის აწევა _ იგი შესაძლებელია ჰაერის ტენიანობის გადიდებით, რასაც აღწევენ ნიადაგის უხვად მორწყვით, რომლის დროსაც წყლის ორთქლი კონდენსირდება და გამოიყოფა ფარული სითბო. უარყოფითი ტემპერატურის დაწყებამდე, მატულობს ნიადაგის ზედა ფენის თბოგამტარობა, რომლის დროსაც შესაძლებელია, ჰაერის ტემპერატურამ მოიმატოს 1-20C–ით, 2 მ სიმაღლეზე ნიადაგის ზედაპირიდან. ამ მიზნით, აღნიშნული მეთოდის გამოყენება, ე.ი. მორწყვა მიზანშეწონილია ჩატარდეს გაზაფხულზე და შემოდგომაზე შედარებით გვალვიან რაიონებში.    

წაყინვებისა და ზამთრის ყინვების წინააღმდეგ ბრძოლის აღნიშნულ მეთოდებს აქვთ დადებითი და ნაკლოვანი მხარეები. ამიტომ ისინი გეოგრაფიული და ადგილმდებარეობის პირობების გათვალისწინებით უნდა გამოიყენონ.  

ყინვაგამძლე ჯიშების გამოყვანა სელექციური გზით. სელექციონერები მუშაობენ მცენარეების ისეთი ჯიშების გამოყვანაზე, რომლებიც რამდენადმე ყინვაგამძლენი იქნებიან. წაყინვების შეწყვეტის შემდეგ მცენარეები გვიან დაიწყებენ ვეგეტაციას და წაყინვების დაწყებამდე ადრე დამწიფდებიან.

მცენარეთა კვების რეჟიმის რეგულირება. მცენარეთა ყინვაგამძლეობის ასამაღლებლად დიდი მნიშვნელობა აქვს ნიადაგში კვების რეჟიმის რეგულირებას. ნიადაგში სასუქების შეტანა (განსაკუთრებით აზოტიანი) უნდა ჩატარდეს დადგენილ ვადებში, რადგან დაგვიანების შემთხვევაში მცენარეებმა შეიძლება ვეგეტაცია გააგრძელონ შემოდგომის ბოლომდე და ამ დროს უმნიშვნელო წაყინვებიც კი დააზიანებს მათ.  

კალიუმიანი სასუქები რამდენადმე ზრდის ყინვაგამძლეობას, მაგრამ აუცილებელია მათი ნიადაგში შეტანის ვადების დაცვა.

პინცირება (წაჩქმეტა)_მას ძირითადად იყენებენ ადრე შემოდგომაზე ციტრუსოვან კულტურებზე, როდესაც მცენარეებს დაუდგებათ ხელსაყრელი აგრომეტეოროლოგიური პირობები. ისინი აგრძელებენ ზრდას, ამიტომ მათ აცლიან 10-15 სმ სიგრძის წვეროებს. ამით მცენარე იძულებულია შეწყვიტოს ვეგეტაცია და გადავიდეს მოსვენებით მდგომარეობაში. ამ დროს ნაზარდები იწრთობა დაბალ ტემპერატურაზე და ზამთრის ყინვებს შედარებით უკეთ იტანს.  მოსალოდნელი წაყინვების პროგნოზი. ბრუნოვის მეთოდი იმაში მდგომარეობს, რომ წაყინვების წარმოქმნის ალბათობა დაკავშირებულია საღამოს დაკვირვების ვადაზე, ტემპერატურის აბსოლუტურ სიდიდესთან. საღამოს 21 სთ-ზე, რაც უფრო დაბალია ტემპერატურა (13 სთ-დან 21 საათამდე ტემპერატურის მკვეთრად კლების დროს), იმდენად მეტად მოსალოდნელია წაყინვა.  მიხელსონის გრაფიკული მეთოდი _ იგი აკავშირებს ღამით წაყინვების წარმოქმნის ალბათობას ჰაერში წყლის ორთქლის შემცველობასთან. ეს წესი ემყარება შემდეგს: რაც უფრო მცირეა ჰაერის აბსოლუტური ტენიანობა, წაყინვა იმდენად უფრო მოსალოდნელია და პირიქით.

გვალვა და ხორშაკი

გვალვების წარმოშობის მიზეზს, უმეტეს შემთხვევაში წარმოადგენს ძლიერი ატმოსფერული პროცესები, რომლებსაც განაპირობებს ჩრდილოეთიდან ან ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი ჰაერის მასების შემოჭრა. ეს შემოჭრები ხორციელდება ანტიციკლონის სახით და ფორმირებულია არქტიკული ჰაერიდან, რომელიც ხასიათდება დაბალი ტემპერატურით, მაღალი გამჭირვალობით, დაბალი ტენიანობით. მას საბოლოოდ მოაქვს მოწმენდილი, მშრალი ამინდები. ასეთ პირობებში, დედამიწის ზედაპირს ძლიერად ათბობს მზის რადიაცია, რომლისგანაც თბება მიწისპირა ჰაერის ფენა და მიმდინარეობს ტემპერატურის მატება, რაც იწვევს ჰაერის შეფარდებითი ტენიანობის შემცირებას და ტენიანობის დეფიციტის გადიდებას. ასეთ პირობებში ინტენსიურად მიმდინარეობს ნიადაგის ზედაპირიდან აორთქლება და მცენარის მაღალი ტრანსპირაცია, რომლის შედეგად მოკლე პერიოდში იხარჯება ნაიდაგის ტენი და მისი მარაგი. ატმოსფერული ნალექების უქონლობის გამო იგი არ ივსება. ამ დროს მცენარეები განიცდიან ტენის ნაკლებობას და ადგილი აქვს გვალვას.

გვალვები სხვადასხვა გავლენას ახდენენ მცენარეებზე, რაც დამოკიდებულია მათი დადგომის ხანგრძლივობასა და ინტენსივობაზე. ამის შედეგად მოსავალიც შესაბამისად მცირდება. არასაკმარისი ნალექების რაოდენობის გარდა, გვალვები ზოგჯერ შეიძლება განისაზღვროს ჰაერის ტემპერატურით. მაგალითად, სავეგეტაციო პერიოდში, ჰაერის ტემპერატურის მომატება ხანგრძლივი დროით, მრავალწლიან ტემპერატურასთან შედარებით, მიგვითითებს გვალვიანობის მაჩვენებელზე.

სასოფლო-სამეურნეო კულტურების ზრდის პირველ პერიოდში, გაზაფხულის გვალვა ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რადგან იგი ხასიათდება დაბალი შეფარდებითი ტენიანობით, ტემპერატურით და ცივი ქარებით. ასეთ პირობებში, მცენარეები ვითარდებიან იმდენად ცუდად, რომ შემდგომში არ შეუძლიათ აღიდგინონ ნორმალური ზრდა-განვითარება, რის გამოც დაბალია მათი პროდუქტიულობა.    

ზაფხულის გვალვისთვის დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, ჰაერის დაბალი შეფარდებითი ტენიანობა და მაღალი აორთქლება. ასეთ პირობებში, მცენარეთა ფაზები და ფესვთა სისტემა ვერ ვითარდება ნორმალურად – ფერხდება ზრდა, ხდება ნასკვების ჩამოცვენა, რაც საბოლოოდ გავლენას ახდენს მოსავალზე.   

ხორშაკი (ატმოსფერული გვალვა)_კომპლექსურ, მეტეოროლოგიურ მოვლენას წარმოადგენს, რომელიც ხასიათდება მაღალი ტემპერატურით, ჰაერის დაბალი ტენიანობითა და ძლიერი ქარით. აღნიშნული ფაქტორები იწვევს მცენარეების ტრანსპირაციის გადიდებას, ნიადაგის ზედაპირიდან ინტენსიურ აორთქლებას, რაც ძალზე უარყოფითად მოქმედებს სასოფლო-სამეურნეო კულტურების ზრდაგანვითარებასა და მოსავლის ფორმებზე.

ხშირად, ხორშაკის წარმოქმნა დაკავშირებულია მაღალი წნევის არესთან და გამოწვეულია დიდი მასშტაბის ცირკულაციური პროცესების შედეგად, როცა შემცირებული ტენიანობის მქონე ჰაერის ფენის სისქე რამოდენიმე კმ-ს აღწევს. ხორშაკის ერთ_ერთ სახეს ფიონი წარმოადგენს. ინტენსიური ფიონის (ხორშაკი)  დროს დედამიწიდან  დღე-ღამის აორთქლება წყნარ ამინდში 8 მმ-ზე მეტს შეადგენს, ხოლო ზომიერი ქარის შემთხვევაში 10 მმ-ზე მეტს.  ფიონის დროს ჰაერის საშუალო ტემპერატურა 250C –ზე მეტია.

ზომიერი ფიონის შემთხვევაში აორთქლება დღე-ღამის განმავლობაში 10 მმ-მდე, ხოლო ჰაერის  საშუალო ტემპერატურა 15-250C -მდეა.

სუსტი ფიონის მოქმედების დროს საშუალო დღეღამური აორთქლება 6 მმ-მდე აღწევს, ხოლო ჰაერის საშუალო დღეღამური ტემპერატურა  – 200C .