სპეციალისტი გირჩევთ, როგორ მოიწიოთ ლობიოს უხვი მოსავალი
საქართველოში ოდითგანვე ხუთი სახის პარკოსანი კულტურა იყო გავრცელებული, ესენია: ბარდა, ცერცვი, ცერცველა, მუხუდო, ოსპი და ძაძა…
მეთხუთმეტე საუკუნეში ესპანელმა მოგზაურმა ქრისტეფორე კოლუმბმა ამერიკა აღმოაჩინა და იქ გავრცელებულ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა უმრავლესობა, ევროპელთათვის ხელმისაწვდომი გახადა. ამ კულტურათა შორის იყო კარტოფილი, ლობიო და სიმინდი. ეს კულტურებიც მალე გავრცელდა ევროპის კონტინენტზე.
საქართველოში ლობიოს კულტურა XVI საუკუნეში ჩამოიტანეს და მალევე დაიკავა წამყვანი ადგილი პარკოსან კულტურათა შორის, ბოლოს კი ყველა მათგანი ჩაანაცვლა. დღეს საქართველოში პარკოსან კულტურათა შორის, ძირითადად ლობიოა კულტივირებული და სოფელში იშვიათად ნახავთ ოჯახს, სადაც ლობიოს იმ ათობით ჯიშიდან, რომლებიც საქართველოშია გავრცელებული, ერთი მაინც არ მოყავდეთ.
ლობიო, ერთწლიანი და მრავალწლიანი მცენარეა, მათ შორის საქართველოში, მხოლოდ ერთწლიანი საგაზაფხულო (ძირითადად ბუჩქის ფორმით სიმაღლე 20-45 სმ.) ლობიოს ჯიშებია გავრცელებული. საკვებად, მხოლოდ მოსრულებულ ხმელ მარცვალს იყენებენ. ასევე, გავრცელებულია მრავალი სახის საპარკო ლობიოს ჯიში, საკვებად ძირითადად მის მწვანე პარკებს იყენებენ. ლობიოს როგორც მარცვალი, ისე პარკი,დიდად ნოყიერი და ადამიანის ორგანიზმისათვის ძალიან სასარგებლო საკვებია. ლობიოს მარცვალი შეიცავს 25-30% ცილას, 55-65% ნახშირწყლებს, 4%-ამდე ცხიმს და 1%-ამდე სხვა დანარჩენ ნივთიერებებს.
ლობიოს ცილა შეიცავს შეუცვლელ ამინმჟავებს. ის ასევე, მაღალკალორიული საკვებია, კალორიულობით5-ჯერ აღემატება კომბოსტოს, ხოლო 3,5-ჯერ კარტოფილს. ასევე, მაღალკალორიული საკვებია ლობიოს მწვანე პარკი, ის მდიდარია ვიტამინებით, შეიცავს შაქარს და სახამებელს.
ლობიო დიეტური პროდუქტია და არაა ადამიანის ორგანო, რომელზედაც ლობიო უარყოფითად მოქმედებდეს.
ლობიო დაბალცხიმიანი საკვებია, ამიტომ მისი მიღების შემდეგ წონაში მატება უმნიშვნელოა, ენერგიას კი ბევრს იძლევა, რადგან მდიდარია ცილებით და ნახშირწყლებით.
ლობიო საქართველოში არ გამოირჩევა მაღალი მოსავლიანობით, ერთ ჰა–ზე 500-800 კგ–ს იღებენ, ევროპაში კი 2,5-ჯერ მეტს (თუმცა საქართველოში ყველა სასოფლო–სამეურნეო კულტურა 3-5-ჯერ ნაკლები მოჰყავთ, ვიდრე ევროპის ქვეყნებში).
პირადად არ გამიგონია, რომ საქართველოში ფერმერულ მეურნეობაში ვინმე ლობიოს მოყვანით იყოს დაკავებული და მით ვაჭრობდეს, რადგან დაბალმა მოსავალმა შემოსავალიც დაბალი იცის. ყველაფერში დამნაშავე კი მეურნეა და არა ის, რომ ლობიო დაბალ მოსავლიანი კულტურაა, ანუ მისი მოყვანის დროს არ იცავენ აგროწესებს და შედეგიც სათანადოა. ისე, როგორც სხვა კულტურებს ლობიოსაც სჭირდება ნოყიერი ნიადაგი და ორგანული სასუქებით გამდიდრება, ასევე ყვავილობისა და პარკის ზრდის პერიოდშიწყლით მორწყვა. ჩვენი მეურნე კი ახალ დახნულ მიწაში, დათესავს ლობიოს, ერთ-ორჯერ გათოხნის და ამის შემდეგ მოსავლის ასაღებად იწყებს მზადებას.
ქართველებმა კარგად ვიცით ლობიოს ყადრი და ჩვენი საკვების რაციონში ლობიოს თავისი ადგილი ყოველთვის ჰქონდა, ააქვს დღეს და ექნება ყოველთვის, ანუ ქვეყანაში ყოველწლიურად ათასობით ტონა ლობიოს მოიხმარენ და ყველა ეს ლობიო საქართველოში, ძირითადად შუა აზიიდან შემოდის, სადაც ალბათ აგროღონისძიებებსაც თავის დროზე ატარებენ და მოსავალიც კარგი მოსდით. პირადად 20 წელი ჩრდილო ყაზახეთში ვცხოვრობდი და ჩემს აგარაკზე საქართველოდან წაღებული თესლით „შულავერას“ ჯიშის ლობიო მომყავდა.
ვერ გეტყვით რა დამატებით მინერალებს და ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს ყაზახეთის მიწა, მაგრამ ლობიოს ზღვა მოსავალი, რომ მოდის პირადად ვარ ამის მოწმე და შემოქმედი. აგარაკზე ლობიოსთვის 100 კვადრატული მეტრი მიწა მქონდა გამოყოფილი. ვთესავდი კვადრატულ ბუდობრივად, 3-4 მარცვალი ერთ ორმოში. ორმოში ჯერ 100-120 გრ. გადამწვარ ნაკელს ვყრიდი, ამ ნაკელზე კი ლობიოს მარცვლებს ვალაგებდი და ვაყრიდი მიწას.
ამოსვლის შემდეგ ყოველ კვირა დღეს,მარცვლის ზრდაში დასრულებამდე ვრწყავდი წყლით, მარცვლის ზრდაში დასრულების შემდეგ კი ვწყვეტდი მორწყვას და 3-4 კვირაში ვიღებდით მოსავალს.
ლობიოს ბუჩქი იზრდებოდა ერთი მეტრამდე სიმაღლის, ერთი ძირი (ოთხი მარცვალი), ისხამდა 50-70 პარკს. პარკში სულ მცირე 4 მარცვალი იყო, შეხვდებოდით რამდენიმე ისეთ პარკს სადაც 8 ცალი ზრდასრული მარცვალი იყო, ანუ საშუალოდ 6 მარცვლიანი პარკები იყო დასხმული (საქართველოში კი „შულავერას“ ჯიშის ლობიოს, იშვიათად აქვს 5 მარცვალი). ამ 100 კვადრატულ მეტრ ფართობზე ერთ წელიწადს 62 კგ მოსავალი მივიღე, დანარჩენ წლებში კი 70 კგ. და მეტი, ანუ ჰექტარზე გადაანგარიშებით 6 ტონაზე მეტი მოდიოდა.
ყაზახეთიდან დაბრუნების შემდეგ სოფ. კუმისში 8 წლის განმავლობაში შავნაბადას მონასტრის მეურნეობას ვხელმძღვანელობდი, სადაც წლების განმავლობაში ზუსტად ვიმეორებდი ყაზახეთში გამოყენებული ტექნოლოგიით „შულავერას“ ჯიშის ლობიოს მოყვანას, მაგრამ ჰექტარზე გადაანგარიშებით 3 ტონაზე მეტი ვერ მოვიყვანე. მიუხედავად ამისა სამი ტონა მოსავალი, ევროპული დონეზე მეტია და საქართველოში ნაჩვენებ შედეგს 3-4-ჯერ აჭარბებს.
საქართველოში გლეხურ მეურნეობებში ძირითადად „შულავერას“ ჯიშის ლობიოს თესავენ, რადგან ბარდი არ აქვს და სარზე შეშვება არ სჭირდება. ამიტომ მინდა, ლობიოს უხვი მოსავლის მიღების კუმისის მეურნეობაში მიღებული ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ, იქნებ გამოგადგეთ: ყანა, ის, როგორც ყველა სხვა კულტურისათვის ლობიოს კულტურისთვისაც შემოდგომაზე უნდა დაამუშაოთ. ლობიო იმ მცენარეთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებსაც ძირითადი მკვებავი ფესვები ერთ ადგილზე, ანუ 3-5 დმ/კუბ მოცულობის ნიადაგში აქვს გადგმული და საკვები ძირებში უნდა მისცეთ, ამიტომ მარცვლების ნაკელზე დათესვა კარგ შედეგს იძლევა.
ლობიოს კულტურას არ უხერხდება კალიუმითა და ფოსფორით გამდიდრება, რადგან ამ სასუქების შესათვისებელ ფორმაში გადასვლას რამდენიმე თვე სჭირდება, „შულავერას“ ჯიშის ლობიოს ვეგეტაციის პერიოდი კი საშუალოდ 10 კვირაა. ძალიან კარგ შედეგს მიიღებთ თუ ლობიოს ამოსვლიდან 2-3 ნამდვილი ფოთლის ფაზაში აზოტით გამოკვებავთ, მართალია ლობიო პარკოსანია და ჰაერიდან აზოტფიქსაციას თვითონ ახდენს და ნიადაგს აზოტით თვითონ ამდიდრებს, მაგრამ ამას წამოზრდილი ძირები აკეთებენ და ახალგაზრდა ძირების სწრაფი ზრდისათვის აზოტით დახმარება კარგ შედეგს იძლევა, მითუმეტეს, აზოტი სწრაფად ზრდის მწვანე მასას და დიდმა ბუჩქმა ყვავილი და პარკიც ბევრი იცის.
ბევრი მეურნე საქართველოში სიმინდს და ლობიოს უმეტესად ერთად თესავს, რაც არასწორია, რადგან „შულავერის“ ჯიშის ლობიო საშუალოდ 10 კვირაში მოდის და სეზონზე ორი მოსავლის მიღება შეიძლება (კუმისში ბევრჯერ მქონდა ასეთი შემთხვევა). ლობიო უნდა დაითესოს კვადრატულ-ბუდობრივად 3-4 მარცვალი ერთ ორმოში. დაშორება ბუჩქებს შორის ყაზახეთში 70 სმ. მქონდა, რადგან დიდი ბუჩქები იზრდებოდა, საქართველოში კი 45-50 სმ. დაშორება ჰყოფნის. ამის შემდეგ საჭიროა ლობიოს მორწყვა სეზონზე 3-5-ჯერ. თუ ამდენი მორწყვის საშუალება არ არის მაშინ ყვავილობის წინ და მარცვლის ზრდის პერიოდში მორწყვა აუცილებელია. რწყვა უნდა შეწყვიტოთ მარცვლის ზრდაში დასრულების შემდეგ, ამას კი ლობიოს მწვანე პარკის ფერის შეცვლით შეატყობთ.
საქართველოში, ასევე ფართოდ მოიხმარენ პარკის ლობიოს, მას სარის ლობიოსაც ეძახიან, რადგან ძირითადი ღეროდან ბარდი ეზრდება და მით სარზე ეხვევა. ბარდის ზრდა იმიტომაა აუცილებელი, რომ გარდა ძირითად ღეროზე დასხმული პარკებისა, ბარდი ზრდის დროს ყველა მუხლში 1-2 პარკს ისხამს. არის სარის ლობიოს ჯიშები, რომლებსაც ბარდი გვიან შემოდგომამდე ეზრდება და ისხამს პარკს.
კუმისში მუშაობის დროს თითქმის ყოველწლიურად „ბათუმელა“ ლობიო მომყავდა და მინდა აღმოსავლეთ საქართველოში მისი მოყვანის თავისებურებებზე მოგითხროთ. ამ ლობიოს ჯიშს ვინ დაარქვა „ბათუმელა“ არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ იმიტომ არ ეძახიან „ბათუმელას“, რომ ბათუმელები თესავენ, არამედ იმიტომ ეძახიან, რომ თურმე მის ყვავილს გამოსანასკვად ნესტიანი ჰავა სჭირდება. მე რა თქმა უნდა ამის შესახებ არაფერი ვიცოდი და ბრმად გადავწყვიტე მისი დათესვა კუმისში. იმ მიზეზით, რომ ლობიოს თესლი გვიან ვიშოვე ლობიო მაისის ბოლოს დავთესე, აგვისტოს ბოლომდე ლობიოს ძირები კარგად გაიზარდა, ყველა ძირმა დაისხა ათობით ბარდი და პარკი, ოქტომბრის შუა რიცხვებში კი პარკში მარცვალი დასრულდა და ამის ნიშნად პარკმა ფერი შეიცვალა. მიუხედავად მოსალოდნელი ცუდი ამინდებისა, ოქტომბრის ბოლომდე დაველოდე, შემდეგ კი დავკრიფე პარკი და გასაშრობად გავფინე, ერთი თვის შემდეგ კი გამოვცეხვე და გამოირკვა, რომ ჰექტარზე გადაანგარიშებით 3 ტონაზე მეტი მოსავალი მიმიღია.
წინა წლის წარმატებით გათამამებულმა მეორე წელსაც დავთესე „ბათუმელა“ ლობიო, იმ განსხვავებით, რომ ამჯერად ლობიო ჩვეულებრივად აპრილის თვეში დავთესე, იმ იმედით, რომ ამით სავეგეტაციო პერიოდი გაგრძელდებოდა და ლობიო გახმობას მოასწრებდა. ბევრი, რომ არ გავაგრძელო იმ წელს ერთი ყვავილიც არ გამოინასკვა. მორწყვის შედეგად და იმ მიზეზით, რომ ძირებმა პარკი არ დაისხა, მთელი ენერგია ზრდაზე წავიდა და ბარდი ისე გაიხლართა ერთმანეთში, ტერიტორია ლობიოს მწვანე მასით გადახურულ შენობას დაემსგავსა. როცა გავაანალიზე თუ რა მოხდა, გამოირკვა, რომ დაყვავილებისდა ყვავილის გამონასკვის დრო, ზაფხულის გვალვის პერიოდს დაემთხვა და მშრალმა ჰავამ და სიცხემ ყვავილს გამონასკვის საშუალება არ მისცა. წინა წელს კი ყვავილობისა და ყვავილის გამონასკვის პერიოდი აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის დასაწყისს დაემთხვა, ამ დროს კი გავლილია ზაფხულის გვალვა, შედარებით სიგრილეა და არც ჰაერია ზედმეტად გამომშრალი. ამის შემდეგ ყოველთვის პირველი წლის გრაფიკით ვმუშაობდი და „ბათუმელა“ ლობიო, კუმისის გვალვიან ტერიტორიაზე ჩვეულებრივად მომყავდა.
ბოლოს ყველას მინდა ასეთი რჩევა მივცე, როგორც ლობიო, ისე სხვა კულტურები მიღებული აგროტექნიკური ღონისძიებების დაცვით უნდა თესოთ, რადგან ამ წესების დაცვით ნათესი 10 ძირი, იმაზე მეტ მოსავალს მოგცემთ, რამდენსაც წესების დაცვის გარეშე ნათესი 100 ძირი. ამ 100 ძირს კი მოვლაც ბევრი უნდა, თხელიც და სათესი ფართობიც.
ჟორა გაბრიჭიძე,
საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი