აგრარული განათლებადარგებიმედია ფერმერებისთვის TVმევენახეობა-მეღვინეობა

ვენახის მოვლა

მევენახეობა საქართველოს სოფლის-მეურნეობის უძველესი და  ტრადიციული დარგია. ვენახში აგროტექნიკური ღონისძიებების დროულ, ხარისხიან ჩატარებასა და მავნებელ-დაავადებათა საწინააღმდეგო საშუალებების სწორად გამოყენებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
გასხვლა _ ვაზის ზომიერი დატვირთვა ხელს უწყობს უხვი მოსავლის მიღებას. გასხვლისას ვაზზე ტოვებენ სამამულე და სანაყოფე რქებს. ვაზის ჯიშისა და სიძლიერის მიხედვით სამამულეს — 2-3, ხოლო სანაყოფეს — 7-12 კვირტზე.

შეყელვა _ მოსავლის რეგულირების მიზნით გაზაფხულზე, მარტ-აპრილში, გასხვლას მოსდევს შეყელვა. შეყელვა შემდეგნაირად მიმდინარეობს: პირველ მავთულზე ვაზის ძირი მაგრდება, შემდეგ კი — 7-12 კვირტიანი სანაყოფედ დატოვებული გრძელი რქები.

მწვანე ოპერაცია (გაფურჩვნა) _ მწვანე ოპერაციების ჩატარება ვაზის ნორმალური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ვაზის ძირზე უნდა შევაცალოთ გამონაყარი. ნამხარის შეცლა 3-ჯერ მაინც ტარდება, ამას ყლორტების ახვევასთან ერთად ვაკეთებთ.

ცის გახსნა _ ივლისის მეორე ნახევარში, ზედა მავთულის შემდეგ 3-4 მუხლზე ვაზის წვერების წაწყვეტის ოპერაცია ტარდება. პრაქტიკაში ხშირია ვაზის მტევნის დამწვრობის შემთხვევები, ამიტომ გაფურჩვნისას სიფრთხილე უნდა  გამოვიჩინოთ, რათა ვაზის მტევანი ზომაზე მეტად არ გავაშიშვლოთ და მზის სხივებისგან დაუცველი არ დავტოვოთ.

სარეველების მოსპობა  _ კულტივაციის გარდა სარეველების მოსასპობად ჰერბიციდები გამოიყენება. ვენახში იყენებენ, როგორც — კონტაქტურ, ასევე — სისტემურ ჰერბიციდებს.

ჰერბიციდების გამოყენებისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, რათა იგი მწვანე მასაზე არ მიესხას, რამაც შეიძლება მცენარე დააზიანოს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სისტემურ ჰერბიციდებს.

ნიადაგის განოყიერება და დამუშავება. ვენახს ვამუშავებთ მოსავლის  აღების შემდეგ. ხვნის წინ შეგვაქვს ორგანულ-მინერალური სასუქი (დამწვარი ნაკელი, მინერალური -NPK ან თანამედროვე თხევადი ორგანულ-მინერალური სასუქი „აგროვიტა” და სხვ.).

ქვეყნები, სადაც მევენახეობა-მეღვინეობის დარგი განვითარებულია, ვენახში  ძირითადად თანამედროვე მიკრო და მაკროელემენტებით გამდიდრებული სასუქები გამოიყენება. მათ შორის უპირატესობა ეკოლოგიურად უსაფრთხო ორგანულ-მინერალურ სასუქებს ენიჭება. ეს პრეპარატები თავსებადია ვაზის მოვლის აგროტექნიკაში ფართოდ გამოყენებულ ფუნგიციდებთან, ინსექტიციდებთან და ჰერბიციდებთან. საქართველოს ბაზარზე ბოლო პერიოდში გამოჩნდა თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული ორგანულ-მინერალური სასუქები,  რომელთა გამოყენებით მიიღწევა მოსავლიანობის ზრდა და ხარისხის გაუმჯობესება, ჩქარდება მომწიფება, ხელი ეწყობა პროდუქტში შაქრიანობის მომატებას, ამასთან მცენარე იღებს საჭირო საკვებს — მაკრო და მიკროელემენტებს. სასუქების შეძენა შესაძლებელია აგრომაღაზიებში.

რთველი _ მოსავლის აღება ტარდება სხვადასხვა პერიოდში, ჯიშებისდა მიხედვით. მოკრეფიდან დაწურვამდე სასურველია ტექნოლოგიური ვადების დაცვა. ვადების დარღვევა და ყურძნის დაგვიანებით დაწურვა ღვინის ხარისხის გაუარესებას იწვევს.

ვაზის ძირითადი დაავადებები და მავნებლები

ჭრაქი _ დაავადება გავრცელებულია  პრაქტიკულად ყველა იმ რეგიონის ვენახებში, სადაც ჰაერის ტენიანობა მომატებულია. ინფექცია აზიანებს ვაზის ყველა მწვანე ორგანოს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მოსავლის ნაწილობრივი, ან მთლიანი განადგურება.

ჭრაქისთვის დამახასიათებელია ინფექციის სწრაფი გავრცელება. ხშირ შემთხვევაში დაავადების გავრცელებისათვის ხელსაყრელი პირობების არსებობისას რამდენიმე საათში შეიძლება ვენახის დიდი ფართობები დააზიანოს. ვაზი განსაკუთრებით ადვილად ავადდება ყვავილობის წინ და მარცვლის ჩამოყალიბების პერიოდში.

მკურნალობა _  ჭრაქის წინააღმდეგ გამოიყენება კონტაქტური და სისტემური ფუნგიციდები, ვეგეტაციის დასაწყისში და ბოლოს უნდა გამოიყენოთ კონტაქტური ფუნგიციდები. ბაზარზე მათი ფართო არჩევანია, აგაირეთ კონსულტაცია აგრონომთნ.

ფოთლოვანი გამოკვებისათვის სამუშაო ხსნარში რეკომენდებულია თხევადი ორგანულ-მინერალური სასუქების გამოყენება.

ნაცარი _ გავრცელებულია იმ რეგიონებში, სადაც თბილი და მშრალი კლიმატია. დაავადება მნიშვნელოვნად ამცირებს მოსავლიანობას. ნაცრით მტევნების დაზიანების შემთხვევაში ღვინის ხარისხი უარესდება.

ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ პირველადი ინფექცია თვალით შეუმჩნეველია და იგი ჯერ კიდევ ყვავილობის დაწყებამდე ვრცელდება, ამიტომ ნაცრის წინააღმდეგ კონტაქტური ან სისტემური ფუნგიციდების შესხურება 3-6 ფოთლის ფაზაში უნდა დაიწყოს. ოპერაციებს შორის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 10-12 დღეს.

მკურნალობა _ ნაცრის წინააღმდეგ რკომენდებულია კონტაქტური და სისტემური ფუნგიციდების გამოიყენება. ბაზარზე მათი  ფართო არჩევანია, თუ თქვენ ვერ ერკვევით, პრეპარატის შერჩევის, წამლობის ვადებსა და დოზირების შესახებ  კონსულტაცია გაიარეთ აგრონომთან.

ანთრაქნოზი _ ანთრაქნოზი აავადებს ვაზის ყველა ორგანოს: რქას, ფოთლებს, მტევნებს, ნაყოფებს და ა.შ.

ავადმყოფობის ყველაზე დამახასიათებელი ნიშანია რქაზე გაჩენილი მომრგვალო პატარა ლაქები. ანთრაქნოზი ფოთლის ფირფიტაზე ქმნის წვრილ მონაცისფრო-მოწითალო არშიით შემოვლებულ ლაქებს. დაძველებული ლაქის გამხმარი ნაწილი იფშვნება და ცვივა.

ნაყოფების დაავადების დროს, მარცვლის ზედაპირზე მომრგვალო, მოწითალო ან შავი არშიით შემოვლებული ლაქები ჩნდება. ანთრაქნოზი თავს იჩენს ადრე გაზაფხულზე, დაავადებისათვის ყველაზე ხელსაყრელ პერიოდად ითვლება   13-140C  და 75-85% ტენის პირობები, რაც ახალგაზრდა ყლორტების დაავადებას იწვევს.

მკურნალობა _  დაავადების გამოჩენისთანავე საჭიროა გამოვიყენოთ კონტაქტური ფუნგიციდები. თუ თქვენ ვერ ერკვევით, პრეპარატის შერჩევის, წამლობის ვადებსა და დოზირების შესახებ  კონსულტაცია გაიარეთ აგრონომთან.

ყურძნის  ნაცრისფერი სიდამპლე _ ვაზი ყურძნის ნაცრისფერი სიდამპლით თითქმის ყველა სტადიაში ავადდება. ფოთლის დაავადებისას მასზე ჩნდება სხვადასხვა მოშავო ლაქა, რომელიც ხელშემწყობ პირობებში მთელ ფოთოლს ფარავს. დაავადებული ფოთოლი ხმება და მიწაზე  ცვივა. იგი მეტად უარყოფით შედეგს იძლევა მაშინ, როდესაც მარცვალი ზრდის პერიოდშია.

ნაცრისფერ სიდამპლეს ყველაზე დიდი ზიანის მოტანა ყურძნის სიმწიფის პერიოდში შეუძლია. მის განვითარებას აგრეთვე ხელს უწყობს უხვი ნალექები სიმწიფის პერიოდში, სეტყვა, მავნებლები და სხვა ავადმყოფობები: ყურძნის ჭია, ნაცარი, ჭრაქი და სხვა.

მკურნალობა _  წამლობა ტარდება ყვავილობის წინ სისტემური  ფუნგიციდით. თუ თქვენ ვერ ერკვევით, უმჯობესია პრეპარატის შერჩევის, წამლობის ვადებსა და დოზირების შესახებ  კონსულტაცია გაიარეთ აგრონომთან.

შავი ლაქიანობა, ანუ ფომოფსისი _  შავი ლაქიანობა საქართველოში ყველგანაა გავრცელებული, იგი აავადებს ვაზის მიწის ზედა ყველა ორგანოს: რქებს, ყლორტებს, ფოთლებს, ულვაშებს, ყვავილედებს, მტევნებს.

მკურნალობა _ იგივეა, რაც ჭრაქის წინააღმდეგ. ძლიერი გავრცელების შემთხვევაში საჭიროა გაზაფხულზე ფოთლების გამოჩენისთანავე გამოვიყენოთ კონტაქტური ფუნგიციდი.

წითურა _  დაავადების დასახელება წარმოშობილია სიმპტომებიდან გამომდინარე,  წითურა აღინიშნება, როგორც წითელ ყუნწოვან ჯიშებზე, ასევე თეთრი ჯიშის ვაზის ფოთლებზე. დაავადების პირველი სიმპტომი ჩნდება ჯერ კიდევ ყვავილობამდე, ამის შემდგომ დაზიანებული ნაწილები ხმება და მთლიანად ცვივა, ხოლო მშრალი ამინდის შემთხვევაში ფოთოლი თავის საღ შეხედულებას არ კარგავს და ისე სცვივა.

ინფექციის გამომწვევი მიზეზია ასკოსპორები, მათი აქტიურობის დროა გაზაფხული, როდესაც ტემპერატურა 15-200C აღწევს.

მკურნალობა _  წითურას წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენება იგივე პრეპარატები, იმავე ვადებში რაც ჭრაქისთვის.

ვაზის გალებიანი ტკიპა _ გალებიანი ტკიპა მევენახეობის ყველა რეგიონშია გავრცელებული, იგი მონოფაგია. ტკიპა იმდენად პატარაა, რომ შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს, მავნებელი კვირტში იზამთრებს, მოზამთრეობიდან გაზაფხულზე, კვირტების გაშლის პერიოდში გამოდის, გამოსვლისთანავე სახლდება და მრავლდება ძირითადად ფოთლის ფირფიტის ქვედა მხარეზე, სადაც ბუსუსა გალები ჩნდება, ზედა მხარეზე კი წარმოიქმნება ამონაბურცები.

ვაზის ტკიპა სახლობს ფოთლის ქვედა მხარეზე და წელიწადში 7-10 თაობას იძლევა.

ვაზის აბლაბუდიანი ტკიპა _ ვაზის აბლაბუდიანი ტკიპა მთელ საქართველოშია გავრცელებული. მას დიდი ზიანი მოაქვს, მცირდება მოსავლიანობა, ყურძენში ქვეითდება ვიტამინი C-ს შემცველობა და შაქრიანობა.

მავნებელი ვაზის ფოთლებს მთელი ვეგეტაციის პერიოდში აზიანებს, რასაც მათი გაუფერულება და ნაადრევი ჩამოცვენა მოჰყვება.

გამოზამთრებული ტკიპა გაზაფხულზე ჯერ ახალ გაშლილ კვირტებს აზიანებს, ხოლო შემდეგ-ფოთლებსა და ყლორტებს.

მკურნალობა _ კვირტების გაშლამდე ვაზი და საყრდენები უნდა დამუშავდეს მინერალური ზეთით, რომელიც შეგიძლიათ აგრომაღაზიებში შეიძინოთ აგრონომის კონსულტაციის შემდეგ.

ყურძნის ჭია _  საქართველოში ფართოდ გავრცელებული მავნებელია,  იგი დიდ ზიანს აყენებს ვაზს.

მკურნალობა _ ყურძნის ჭიის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენება ინსექტიციდები.

პირველი წამლობა ტარდება ყვავილობის წინა დღეებში. მომდევნო წამლობა უნდა მოხდეს ისრიმის ფაზაში, ვიდრე მატლები მარცვალში ღრმად შეჭრას მოასწრებდეს. მესამე წამლობა ტარდება მარცვლების შეთვალებისას.

კვირტის ჭია _ მავნებელი გაზაფხულზე ვაზის კვირტებს აზიანებს. მარტის ბოლოსა და აპრილის პირველ დეკადაში გამოზამთრებული მატლი ჯერ კიდევ გაუშლელი კვირტით, ხოლო შემდეგ ფოთლით იკვებება. მავნებელი ერთ წელიწადში ერთ გენერაციას იძლევა.

მკურნალობა _ წამლობა უნდა ჩატარდეს ვაზის კვირტების დაბერვისას, ინსექტიციდებით.

ვაზის ფქვილისებრი ცრუფარიანა _ მავნებლის გამრავლებისა და გავრცელებისთვის საქართველოში ოპტიმალური პირობებია შექმნილი.

მავნებელი აზიანებს ვაზის მიწისზედა ორგანოებს: ფოთოლს, ყლორტს, მტევანს და შტამბს, იგი წელიწადში იძლევა 3-4 თაობას. ცრუფარიანა ზამთარს ატარებს ვაზის ამსკდარი ქერქის ქვეშ, მოზამთრეობიდან გამოდის ადრე გაზაფხულზე, მარტის ბოლოს, აპრილის მეორე ნახევარში.

ცრუფარიანას ექსკრემენტებზე (ტკბილ გამონაყოფზე) სახლდება სიშავის გამომწვევი სოკო კაპნოდიუმი, რომელიც ვაზის მწვანე ნაწილებსა და მტევნებს აშავებს და გადასამუშავებლად უვარგისს ხდის. დაზიანებული ყურძნიდან მდარე ხარისხის ღვინო დგება. ცრუფარიანათი დაზიანებული ვაზი წლების მანძილზე ძლიერ კნინდება და ხმება. დაზიანებულ ვენახებში მოსავალი 70-75%-ით მცირდება.

მკურნალობა _ ცრუფარიანების წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენება სხვადასხვა პრეპარატი, რომელთა შეძენა ბაზარზეა შესაძლებელი.

ფოთოლხვევია _ მავნებელი ზამთრობს მცენარის დახეთქილ კანში. გაზაფხულზე პეპლები იწყებენ გამოჩეკას, ფოთოლხვევია თვითეულ ნაყოფთან 70-100 კვერცხს დებს. 7-10 დღის შემდეგ იჩეკება პეპლების მეორე თაობა; სწორედ ესენი იწყებენ ნაყოფის ჭამას. მატლები ძვრებიან და იკვებებიან ნაყოფის სიღრმეში, სამი კვირის შემდეგ ზრდასრული მატლები გამოდიან ნაყოფიდან და მცენარის მერქანზე პოულობენ

გამოსაზამთრებელ ადგილს. თბილ ამინდებში შეიძლება მესამე თაობაც მოგვცეს, რომელიც უკვე მწიფე ნაყოფს აზიანებს.

მკურნალობა _ ყურძნის შეთვალვისას გამოიყენება კონტაქტური (ნაწლავური) ინსექტიციდები. არსებობს ბიოლოგიოური პრეპარატებიც. კონტაქტური თუ ბიოლოგიური ინსექტიციდები შერჩევისას საჭიროა სიფრთხილე და აგრონომთან კონსულტაცია.

გისურვებთ წარმატებას.