აგროტექნოლოგიები

სტაფილოს მოყვანის ინტენსიური ტექნოლოგია

სტაფილოს მოყვანის ინტენსიური ტექნოლოგია გულისხმობს

ნიადაგის ოპტიმალურ ვადებში დამუშავებას, წვეთოვან მორწყვას, პროგრამულ კვებას, უხვმოსავლიანი, იმუნური ჯიშების და ჰიბრიდების დათესვას, სასუქების ოპტიმიზაციას ნიადაგის ქიმიური ანალიზის და მისაღები პროდუქციის რაოდენობის საფუძველზე, პესტიციდების მიზანმიმართულ გამოყენებას, შრომის პროცესების მექანიზაციას.

სტაფილო ორწლიანი, ჯვარედინად დამამტვერიენებელი ძირხვენა მცენარეა. პირველ წელს ივითარებს ფოთლებს, როზეტს და ძირხვენას, მეორე წელს კი – საყვავილე ღეროს, რომელთა ბოლოზე რთული ქოლგისმაგვარი ყვავილედები წარმოიქმნება.

ტემპერატურული რეჟიმი

სიცივის ამტანი მცენარეა. თესლი გაღივებას 3-4ºტემპერატურის პირობებში იწყებს. სტაფილოს ღივებს შეუძლიათ გადაიტანონ ტემპერატურის _2-3 გრადუსამდე დაწევა.

ნიადაგის დამუშავება სტაფილოს მოყვანის ტექნოლოგიაში მნიშვნელოვანია. გაზაფხულზე სტაფილოს დასათესად ნიადაგის დამუშავება შემოდგომაზე მზრალად ხვნით იწყება. ადრე გაზაფხულზე, როგორც კი შესაძლებელი გახდება მინდვრად გასვლა და სამუშაოების დაწყება მზრალს 1-2 ჯერ კარგად ფარცხავენ. თესვის წინ თუ ნიადაგი სარეველებისაგან სუფთაა, მსუბუქი და ფხვიერია, აწარმოებენ კულტივაციას 8-10 სმ. სიღრმეზე, ხოლო თუ ნიადაგი მძიმეა მზრალი 15-16სმ სიღრმეზე უნდა გადაიხნას, 2-3 ჯერ დაიფარცხოს და შემდეგ დაითესოს.

სტაფილო სინათლის მომთხოვნი მცენარეა. დეფიციტი იწვევს მოსავლის შემცირებას. სტაფილოს მოყვანისას ძალზედ მნიშვნელოვანია კარგი მოვლა და სარეველებისაგან გაწმენდა. შესანახი სტაფილოს მოსავლის აღება ყინვების დადგომამდე უნდა მოხდეს ისე, რომ სტაფილომ მექანიკური დაზიანება არ მიიღოს.

ნიადაგები

მისთვის საჭიროა ღრმად დამუშავებული, განსაკუთრებით სარეველა ბალახებისაგან გაწმენდილი და ფხვიერი ნიადაგები. კარგად იზრდება ნეშომპალით მდიდარ ნიადაგებზე. ნიადაგი უნდა იყოს მსუბუქი, კარგი სტრუქტურის მქონე, საკვები ნივთიერებებით მდიდარი. საკმაოდ მგრძნობიარეა ნიადაგის მჟავიანობის მიმართ. მისთვის Ph=6-7 ოპტიმალურია.

თესლბრუნვა

სტაფილოსათვის საუკეთესო წინამორბედებია: კომბოსტო, კიტრი, პამიდორი, ხახვი, მრავალწლოვანი ბალახები, პარკოსანი კულტურები.

ნიადაგის განოყიერება

ერთ ტონა პროდუქციას ნიადაგიდან გამოაქვს: 4,3კგ. აზოტი, 1,8კგ. ფოსფორი, 6,7კგ. კალიუმი, 4,3კგ. კალციუმი, 0,7კგ. მაგნიუმი. შეთვისების კოეფიციენტის გათვალისწინებით წვეთოვანი მორწყვისას ყოველ 1 ტონა პროდუქციაზე გათვალისწინებით უნდა შევტანოთ: 4,76 კგ. აზოტი, 2,88 კგ ფოსფორი, 8,04 კგ კალიუმი. მოყვანის სხვა მეთოდის შემთხვევაში კი -5,2 კგ. აზოტი, 4,1 კგ. ფოსფორი, 11,5 კგ. კალიუმი.

ფართოდ გამოიყენება კომპლექსური სასუქები: სუპერაგრო; ნიტროამოფოსკა, ამოფოსკა და სხვა; სასუქების 2/3 შეაქვთ შემოდგომაზე, ხვნის წინ; დანარჩენი ვეგეტაციის პერიოდში გამოსაკვებათ.

სტაფილოს მოყვანის ტექნოლოგიაში მნიშვენლოვანია ფოთლოვანი გამოკვება. სხვადასხვა სახის ფოთლოვანი სასუქები მნიშვნელოვნად ზრდის მოსავლიანობას და აუმჯობესებს პროდუქციის ხარისხს, სასუქების შესხურება წარმოებს 3-4-ჯერ 10 დღის ინტერვალით მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ წამლობასთან კომბინაციაში.

თესვა

სტაფილოს თესვა შესაძლებელია რამდენიმე ვადაში: პირველი _ ადრე გაზაფხულზე 15 თებერვლიდან, მეორე _ ივნისის ბოლოდან, მესამე _ გვიან შემოდგომაზე ზამთრის პირას. თესლის ჩათესვის სიღრმე 1-3, კვლებს შორის მანძილი 25-30, ხოლო მცენარეებს შორის 4-5 ან 4-6 სმ-ია. თესვის ნორმა 1 ჰა-ზე 1,5-3 კგ-ს შეადგენს. 1-1,2 მილიონი მცენარე. საუკეთესოა ზოლებად თესვა, რომელიც სათესი მანქანით ხორციელდება. დათესვის შემდეგ ნათესები მოიტკეპნება.

სტაფილოს მოვლა გამოიხატება ნიადაგის გაფხვიერებაში, გამეჩხერებაში, მორწყვასა და დამატებით კვებაში. თუ ნათესი ხშირია, 2-3 ფოთლის ფაზაში უნდა გამეჩხერდეს ისე, რომ მცენარეთა შორის 4-6 სმ. მანძილი დარჩეს. მანქანით თესვისას გამეჩხერება არ არის საჭირო.

ჯიშები და ჰიბრიდები

საუკეთესო მაჩვენებლებით და მაღალი მოსავლიანობით გამოირჩევა ნანტის ტიპის სტაფილოს ჯიშები და ჰიბრიდები: “ნანტი 2”, “ნანტესი”, “მონანტა”, “ლაგუნა F1”, “კოლტანი F1”, “ელეგანსი F1” და სხვა.

მორწყვა

სტაფილო ტენის მიმართ ზომიერად მომთხოვნია. საუკეთესოდ ითვლება როცა ნიადაგის ტენიანობა 60%-ის ფარგლებშია. ჭარბი ტენიანობა იწვევს ძირის სუსტ განვითარებას, სოკოვან დაავადებათა გავრცელებას, ძირხვენების ბოლოების დალპობას, ე.ი. იწვევს მოსავლიანობის შემცირებას. მორწყვა უნდა განხორციელდეს სისტემატურად, მცენარის ზრდის პარალელურად, ნიადაგის ტენიანობის მიხედვით.

საუკეთესოა წვეთოვანი მორწყვა. წვეთოვანი მორწყვისას, წყალში გახსნილი სასუქებით ნიადაგის მორწყვა, ძალზედ ეფექტიანი საშუალებაა;

მორწყვის ეს მეთოდი ნიადაგში სასუქების თანაბარი გადანაწილების და კარგი ტენიანობის შექმნის წინაპირობას იძლევა. ძირხვენები საუკეთესო ხარისხისაა.

სარეველების წინააღმდეგ ბრძოლა

სტაფილოს მოყვანის ტექნოლოგიაში მნიშვნელოვანია სარეველებთან ბრძოლა. დაგვიანება გამოუსწორებელ შედეგებს იძლევა. სარეველა ბალახების წინააღმდეგ გამოიყენება სხვადასხვა სახის ჰერბიციდები. მათი შეტანა შესხურებით ხდება როგორც აღმოცენებამდე, ისე აღმოცენების შემდეგ.

მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა

მავნებლებიდან სტაფილოს აზიანებს: სტაფილოს ბუზი, ბუგრები; თრიფსები, ხვატარი, მავთულა ჭიები, ბოსტანა და სხვა. დაავადებებიდან – ალტერნარია, თეთრი სიდამპლე, ფომოზი ანუ მშრალი სიდამპლე, ნაცრისფერი სიდამპლე, ნაცარი და სხვა.

მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ვეგეტაციის პერიოდში საჭიროა 8-10 დღის ინტერვალით 3-4 წამლობა ჩატარდეს. წამლობისთვის

სხვადასხვა სახის კონტაქტური და სისტემური მოქმედების ფუნგიციდები და ინსექტიციდები გამოიყენება.

ნუგზარ შენგელია
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი