სწორედ ამაშია ამერიკის სიძლიერე და ქვეყანაც მათ მხრებზე დგას

სოფლის მეურნეობის დარგების განვითარებას სასიცოცხლო მნიშვნელობა და გავლენა აქვს ადამიანების კეთილდღეობაზე, სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაზე, ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, დასაქმებასა და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებაზე.

COVID-19-ის ამჟამინდელი გლობალური პანდემიის ფონზე, განსაკუთრებული როლი ენიჭება სოფლის მეურნეობაში საერთაშორისო გამოცდილების მქონე ახალგაზრდა პროფესიონალების ჩართვას, რადგან პანდემიამ ნათელი გახადა სასურსათო უზრუნველყოფის სისტემებში არსებული გამოწვევები, რამაც განსაკუთრებით მწვავე პრობლემის წინაშე დააყენა განვითარებადი ქვეყნები. ამიტომ ახლა, როგორც არასდროს, საჭიროა ყურადღება დაეთმოს ინოვაციურ სიახლეებს, ციფრულ ტექნოლოგიებს, ე.წ. მწვანე ტექნოლოგიებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული კორონა ვირუსისგან გამოწვეული ლოკალური და გლობალური უარყოფითი შედეგები სოფლის მეურნეობაზე. რადგანაც გლობალური და ადგილობრივი კატასტროფები, კლიმატის ცვლილებები, სოფლის მეურნეობის სტაგნაციის, გარემოს დეგრადაციისა და სიღარიბის გაღრმავების სერიოზული პრობლემები პირდაპირ აისახება ადამიანთა კეთილდღეობაზე. ამიტომ აუცილებელია მეცნიერებსა და ფერმერებს შორის კავშირის გაფართოება და მათი ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა, რათა მეცნიერულ დონეზე იქნეს შესწავლილი ისეთი პროცესები, როგორიცაა აგრობიომრავალფეროვნების შემცირება, ჰაბიტატების დაკარგვა, ნიადაგების, გრუნტის წყლების დაბინძურება, სხვადასხვა უცნობი პათოგენებისა და ვირუსების გავრცელება და ასე შემდეგ, ფაქტორები, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე.

დღეს გვსურს ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ მკითხველებს გავაცნოთ ახალგაზრდა მეცნიერი, მაღალკვალიფიციური, სერტიფიცირებული პროფესიონალი – ბექა ლიპარტელიანი, რომელმაც წარმატებით გაიარა ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაციის (AFRD) მიერ გამოცხადებულ კონკურსის საფუძველზე ანაზღაურებადი სტაჟირება მინესოტას უნივერსიტეტში (MAST International University of Minnesota Training Program)  და დღეს სამშობლოში საკმაოდ დიდი გამოცდილებით დაბრუნდა, რომელმაც სტაჟირება არც მეტი, არც ნაკლები უშუალოდ მინესოტას უნივერსიტეტში გაირა, სადაც ბექამ საუკეთესო კვალიფიკაცია, გამოცდილება მიიღო და უნარ-ჩვევები შეიძინა.

ინტერვიუში მეცნიერულ-პრაქტიკულ დონეზე აფასებს სოფლის მეურნეობაში არსებულ მდგომარეობას, გამოწვევებს და იმ რისკებს, რომლებიც ხშირად არასაკმარისად არის შეფასებული ქვეყანაში და გვაცნობს საკუთარ შეხედულებას რეგიონულ ჭრილში.

თანამედროვე ტექნოლოგიების, მაღალი კვალიფიკაციისა და პრაქტიკის პირობებში აგრონომია, როგორც მეცნიერება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ჩვენი ქვეყნის სასურსათო, აგროეკოლოგიურ სისტემებს, რასაც ხელს შეუწყობს ტრადიციულ ცოდნასთან თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირებას, რისი შესრულებაც შეუძლებელია სათანადო მაღალკვალიფიციური კადრების გარეშე, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში მართლაც რომ სანთლით საძებნია.

_ მოგესალმებით ბექა, თუ შეიძლება გაეცანით ჩვენი ჟურნალის – „ახალი აგრარული საქართველოს“ მკითხველებს და ცოტა რამ თქვენს შესახებ გვითხრათ.

_ ვარ ბექა ლიპარტელიანი, 24 წლის. დავიბადე თბილისში. 2014 წელს დავამთავრე თბილისის „მწვანე სკოლა“. 2018 წელს კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, ბიოლოგია (მცენარეთა ფიზიოლოგია). უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის, აგრარული მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამაზე. 2018-2020 წლებში გაცვლითი პროგრამით (ანაზღაურებადი სტაჟირება) კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ვიმყოფებოდი ამერიკაში.

ვცხოვრობ მცხეთის რაიონ სოფელ წილკანში ოჯახთან ერთად. გვაქვს მცირე შერეული საოჯახო მეურნეობა, სადაც ძირითადად ოჯახისთვის ვაწარმოებთ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციას. ასევე გვაქვს მცირე მეთესლეობის მეურნეობაც, სადაც ვმუშაობ ბაბუასთან ერთად.

_ როგორ მოხდა თქვენი ჩართვა სოფლის მეურნეობაში და რამ გიბიძგათ ამ სფეროსკენ?

_ როგორც აღვნიშნე, ბავშვობიდან სოფელში ვიზრდებოდი, სადაც ხშირად ვეხმარებოდი ბაბუას. პატარაობიდან მქონდა შეხება ვენახთან, ფუტკართან, ხეხილთან, ბაღჩეულ და ბოსტნეულ კულტურებთან, ფრინველთან, მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვთან. ბაბუა – ოთარ ლიპარტელიანი პროფესორია, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, სელექციონერი. მას ხშირად დავყვებოდი საცდელ ნაკვეთებში და უშუალოდაც ვიღებდი მონაწილეობას სასელექციო-გენეტიკურ და მინდვრის სამუშაოებში. სწორედ მაშინ გამიჩნდა ამ სფეროს მიმართ ინტერესი. რამაც დიდი გამოცდილება დამიგროვდა. რამდენიმე ჰიბრიდის (სიმინდის 6 ჰიბრიდი), 2 სამეცნიერო ნაშრომის და ერთი მეთოდური სახელმძღვანელოს თანაავტორიც ვარ. როგორც წესი, მუშაობის დროს ყოველთვის უამრავ კითხვას ვუსვამდი როგორც უშუალოდ თემის ხელმძღვანელებს, ასევე საკუთარ თავს და ყოველთვის ვცდილობდი კითხვებზე პასუხების პოვნას, ამის გამო ჩემი საქმიანობის მიმართ ინტერესი და მოტივაცია არასდროს დამიკარგავს.

_ როგორ შეაფასებთ საქართველოში აგრარული განათლების მდგომარეობას?

_ ჩემი პირველი მასწავლებელი აგრარულ საქმიანობაში სწორედ ბაბუა გახლდათ. მისგან უამრავი ცოდნა და გამოცდილება მივიღე. შემდეგ, როდესაც გადავწყვიტე მისი გზა გამეგრძელებინა, ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიოლოგიის მიმართულებით, რათა უფრო ღრმად შემესწავლა მცენარეთა გენეტიკა და უჯრედის დონეზე მიმდინარე პროცესები.

საბაკალავრო თემა დავიცავი მცენარეთა ფიზიოლოგიის მიმართულებით, თემაზე _ „წყლის დეფიციტის მიმართ გამძლეობის დადგენა სიმინდის (Zea mays L.) ორ გენოტიპში”.

ხშირად მეკითხებიან, რატომ მაინც და მაინც ბიოლოგია, მაგრამ თუ ვნახავთ დღეს რა სიმაღლეზეა ასული მცენარეთა გენეტიკა – სელექცია, ნათელი გახდება, რომ საჭიროა ყველაფრის სიღრმისეული, სწორედ გენურ დონეზე ცოდნა. ამის შემდეგ, სწავლა გავაგრძელე აგრარული უნივერსიტეტის, აგრარული მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამაზე, პირველი სემესტრის დამთავრების შემდეგ წავედი ამერიკის შეერთებულ შტატებში MAST International University of Minnesota (MAST) პროგრამით მინესოტას უნივერსიტეტში, აგრონომიის და მცენარეთა გენეტიკის კათედრაზე.

_ როგორ ფიქრობთ, რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს საქართველოს სოფლის მეურნეობა და სასურსათო სისტემები მსოფლიოში?

_ საქართველოს სოფლის მეურნეობის მიმართულებით უდიდესი პოტენციალი გააჩნია. მართალია მცირემიწიანი ქვეყანა ვართ, მაგრამ შეგვიძლია ვაწარმოოთ ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის პროდუქცია, რომელიც მსოფლიო ბაზარზე ადვილად დაიკავებს თავის ღირსეულ ადგილს. ჩვენ ქვეყანაში უძველესი დროიდან დღემდე უწყვეტად მისდევენ სოფლის მეურნეობას. დღეს მზარდი კონკურენციის პირობებში ქვეყანას ამ მხრივ უდიდესი გამოწვევები აქვს. უმთავრეს პრობლემათა სიაში პირველ რიგში გამოვყოფდი დაბალ განათლებისა და კვალიფიკაციის დონეს. ამაში ვგულისხმობ როგორც სოფლის მეურნეობის მუშაკთა განათლებას, ასევე უახლეს ტექნოლოგიებზე წვდომის არქონას. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფერმერები მჭიდროდ თანამშრომლობენ უნივერსიტეტებთან და კვლევით ცენტრებთან, ისინი შეთანხმებულად მოქმედებენ და ერთობლივად აღწევენ უდიდეს შედეგებს. მეორე დიდ გამოწვევად მიმაჩნია მიწის პრობლემა. ამაში ვგულისხმობ, დაუმუშავებელი მიწის პრობლემას და მიწების არაეფექტურ გამოყენებას. როდესაც ფერმერი ვერ ან არ იყენებს მიწის მაქსიმალურ რესურსს და ხშირ შემთხვევაში არასწორი მოქმედებით აზიანებს ნიადაგს, ეს გამოუსწორებელ შედეგს იწვევს, რადგანაც მიწა არ არი განახლებადი რესურსი. ამის კარგი მაგალითია ქვეყანაში არსებული სტატისტიკა ერთ ჰექტარზე საშუალო მოსავლიანობის შესახებ. ჩვენ ამ მონაცემებით ძალიან ჩამოვრჩებით წამყვან ქვეყნებს. ამას ემატება ფერმერის კუთვნილებაში არსებული მიწის მცირე ფართობები და მათი პარსელიზაცია. ამერიკის შეერთებულ შტატებში ფერმერს საშუალოდ 200 ჰექტარი მიწა აქვს. ეს მას საშუალებას აძლევს თავისი საქმე აქციოს მომგებიან ბიზნესად.

ამ და სხვა პრობლემების გამო, ქართველი ფერმერი ვერ ახერხებს თავისი საქმიანობით მოგების მიღებას, რომ განვითარდეს და გააფართოვოს არსებული მეურნეობა.

მესამე პრობლემად გამოვყოფდი დიდი რაოდენობით იაფ იმპორტირებულ პროდუქტს. სახელმწიფომ აუცილებლად უნდა დაიცვას ადგილობრივი წარმოება.

ეს არის უდიდესი პრობლემა, როგორც აგრარული სფეროსთვის, ასევე ქვეყნის ეკონომიკისათვის. ისტორიულ და მეცნიერულ წყაროებში ჩვენ ადვილად შეგვიძლია დავინახოთ, ჩვენს ქვეყანას აქვს იმის რესურსი, რომ გამოკვებოს 10 მილიონი ადამიანი. ბუნებრივია, ჩვენ ვერ ავკრძალავთ იმპორტირებულ პროდუქციას. მაგრამ, ჩვენი სწორი მიდგომებით შეგვიძლია გავხდეთ ნეტო ექსპორტიორი, როგორც ეს მოხდა ღვინის მაგალითზე. ამისთვის საჭიროა, როგორც სახელმწიფოს ისე ფერმერების ორმხრივი ჩართულობა და რაც შეიძლება მეტი განათლება აგრარულ სფეროში.

კარგი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა (Good Agricultural Practices, GAP), მცენარეთა დაავადებების მართვის ბიოუსაფრთხო მეთოდები, ქიმიური ნივთიერებების გონივრულ ალტერნატივას წარმოადგეს. ბიოკონტროლის მეთოდის გამოყენებით თავიდან ავიცილებთ ეკოლოგიურ საფრთხეებს, რაც მნიშვნელოვნად მატულობს კლიმატის ცვლილების პირობებში.

_ არის კონკურენტუნარიანი ადგილობრივი პროდუქცია და როგორ არის დაცული მომხმარებელი ფალსიფიცირებული და უხარისხო პროდუქციისგან?

_ საქართველოს ინტელექტუალური, სამეცნიერო რესურსები იძლევა იმის საშუალებას, რომ მაღალი ხარისხის პროდუქცია ვაწარმოოთ, რომელიც ადვილად შევა კონკურენციაში. ასევე ჩვენი ქვეყნის ნიადაგური და კლიმატური, აგრობიომრავალფეროვნება იძლევა საშუალებას, ვაწარმოოთ ისეთი იშვიათი პროდუქტი, რომელზეც უდიდესი მოთხოვნაა მსოფლიოში.

კიდევ ერთი პრობლემაა, ადგილობრივი პროდუქციის მაღალი ფასი, რისი შეძენის საშუალებაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას არ აქვს. ხშირია მაღალხარისხიანი პროდუქტის უცხოეთში გატანის, ხოლო იქიდან დაბალხარისხიანი პროდუქციის შემოტანის შემთხვევები. ამის სტატისტიკა შეგვიძლია ადვილად ვნახოთ კარტოფილის მაგალითზე, სადაც ნათლად ჩანს, რომ კარტოფილის ექსპორტიდან შემოსული თანხა ჭარბობს იმპორტირებულს. მომხმარებლის უფლებების საკითხში საკმაოდ ბევრი პრობლემაა. ფაქტობრივად მომხმარებელი ფალსიფიცირებული და უხარისხო პროდუქციისაგან დაცული არ არის, ხშირად არც იცის მომხმარებელმა, როგორ გაარჩიოს და რა ინდიკატორებით იხელმძღვანელოს ამ შემთხვევაში, რათა შესაბამის ორგანოებს შეატყობინოს ფალსიფიკაციის შემთხვევები. როგორც ვიცი, ამ მიმართულებითაც არის გადადგმული გარკვეული ნაბიჯები, მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნე საჭიროა, სასურსათო უვნებლობის კუთხით უფრო ეფექტიანი რეფორმების გატარება.

 _ ამერიკის შეერთებულ შტატებში სტაჟირების პროგრამაში როგორ მოხვდი?

_ უნივერსიტეტის მე-4 კურსზე სწავლისას, ჩემმა ძმამ მანახა ინტერნეტში გამოცხადებული კონკურსი გაცვლით პროგრამაზე, რომელსაც ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია (AFRD) აცხადებდა, გავაგზავნე ჩემი საბუთები, გავიარე გასაუბრება, რამდენიმე ეტაპიანი შერჩევის შედეგად, დავაკმაყოფილე ყველა მოთხოვნილი კრიტერიუმი. ამის შემდეგ მინესოტას უნივერსიტეტის, აგრონომიის და მცენარეთა გენეტიკის კათედრიდან მომივიდა მოწვევა.

   _ სად გაიარეთ სტაჟირება?

_ თავდაპირველად მუშაობა დავიწყე მინესოტას უნივერსიტეტის, აგრონომიის და მცენარეთა გენეტიკის კათედრაზე. 7 თვის შემდეგ სწავლა დავიწყე, მინესოტას უნივერსიტეტში, პარალელურად ვაგრძელებდი მუშაობას. 12 თვის შემდეგ სამუშაო შევიცვალე და გადავედი საერთაშორისო მეთესლეობის კომპანია GDMSEEDS- (www.gdmseeds.com).

  _ MAST International Program- სწავლის პერიოდს და როგორ დაახასიათებდით?  

_ მინესოტას უნივერსიტეტი ერთ-ერთი საუკეთესოა სოფლის მეურნეობის მიმართულებით მსოფლიოში. MAST International იძლევა შესანიშნავ შესაძლებლობას, როგორც პრაქტიკული ისე თეორიული გამოცდილების მისაღებად. უნივერსიტეტში სწავლა მეტად საინტერესო იყო. იქ მომეცა საშუალება მსოფლიოში წამყვან მეცნიერებთან გამევლო ისეთი საგნები, როგორიცაა „მცენარეთა გენეტიკა-სელექცია“. ასევე „უპილოტო საფრენი აპარატები და მათ მიერ მიღებული მონაცემების დამუშავება“. ხშირად ვესწრებოდი სხვადასხვა მოხსენებებს და კონფერენციებს, რომელსაც სხვადასხვა შტატის წამყვანი მეცნიერები ატარებდნენ და სადაც უშუალოდ შემეძლო კითხვის დასმა და საინტერესო, ამომწურავი პასუხების მიღება.

აღსანიშნავია ისიც, რომ უნივერსიტეტში სწავლისას დიდი ყურადღება ექცევა პრაქტიკული ცოდნის მიღებას. ყოველი ლექციის შემდეგ პრაქტიკულად ვაკეთებდით ყველაფერს, რამაც მომცა შესაძლებლობა სიღრმისეულად შემესწავლა ჩემთვის საინტერესო სფეროები. მინდა მადლობა გადავუხადო ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაციას ამ შესაძლებლობისთვის. მთელი პროგრამის განმავლობაში პროგრამის დირექტორი ნანა ფიროსმანაშვილი მუდმივად იყო ჩემთან კონტაქტში და მქონდა ყველანაირი მხარდაჭერა და ყურადღება 18 თვის განმავლობაში.

   _ რა გამოცდილება და ცოდნა მიიღეთ?

_ საქართველოდან ყოველთვის ვადევნებდი თვალს სიახლეებს, მაგრამ იქ სულ სხვა რეალობა დამხვდა. ამერიკაში უშუალოდ ვიყავი ჩართული უნივერსიტეტის კვლევებში, როდესაც დაინახეს, რომ სერიოზულად და პასუხისმგებლობით ვუდგებოდი საქმეს, ამის შემდეგ უფრო მეტად საპასუხისმგებლო საქმეებსაც მავალებდნენ. მაგალითად შემიძლია გავიხსენო ერთი ფაქტი, როდესაც მთლიან შტატებში მიღებული სოიას საუკეთესო ნიმუშების ანალიზში მივიღე მონაწილეობა, სადაც კონფიდენციალურობაც უმაღლეს დონეზე იყო დაცული. პროგრამის განმავლობაში ფაქტობრივად ყველაფერზე მომიწია მუშაობა, ნიადაგიდან დაწყებული  მოსავლის აღება-დამუშავებამდე დამთავრებული.

კერძო კომპანიაში გადასვლის შემდეგ შევისწავლე თესლის წარმოების და მეთესლეობის თანამედროვე ტექნოლოგიები. მომეცა საშუალება დავუფლებოდი GPS სისტემებს, რომლის დახმარებითაც წარმოებდა თესვა. უშუალოდ ვიყავი ჩართული ახალ პროექტში, რომელიც კვლევებში უპილოტო საფრენი აპარატების ჩართულობას გულისხმობდა. საქართველოსგან განსხვავებით, იქ აუცილებელია უპილოტო საფრენი აპარატის (დრონის) ლიცენზია, რომელიც მალევე ავიღე და შესაბამისად დიდი წვლილი შევიტანე ამ მხრივ კვლევების წარმოებაში.

ხშირად, თითქმის ყოველდღიურად, მიხდებოდა მუშაობა დოქტორანტ სტუდენტებთან და პროფესორებთან. ეს იყო საუკეთესო შესაძლებლობა ჩემთვის, დამენახა თუ რა არის დღესდღეობით პრიორიტეტული, სად არის სოფლის მეურნეობის მომავალი და რა გამოწვევებია მის წინაშე. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ხშირად ვესწრებოდი კონფერენციებს, სემინარებს, სამუშაო შეხვედრებს, რომლებსაც მსოფლიოს ცნობილი პროფესორები მართავდნენ წამყვან მკვლევარებთან ერთად. ეს ძალიან დამეხმარა სამეცნიერო კუთხით მიმეღო მაღალკვალიფიციური ცოდნა და გამოცდილება. ასევე შემიძლია ვთქვა, რომ შევიძინე უამრავი მეგობარი, რომელთაც საინტერესო კვლევები აქვთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

  _ როგორ ეხმარება სახელმწიფო ახალგაზრდა დამწყებ ფერმერებს და როგორ შეადარებდით სახელმწიფოს როლს ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალგაზრდა ფერმერების მხარდაჭერის საკითხში და რა განსხვავებაა ქართველ და ამერიკელ ფერმერებს, მათ საქმიანობასა და ზოგადად ქვეყნების აგრარულ პოლიტიკას შორის?

_ რა თქმა უნდა, ამერიკაშიც არის პრობლემები, მაგრამ მათ აქვთ შექმნილი სწორი სისტემა, რომელიც თანაბარ შესაძლებლობებს ანიჭებს ფერმერებს და ეხმარება მათ სწორ განვითარებაში. ფერმერისთვის პროდუქციის მოვლა-მოყვანა და შემდეგ რეალიზაცია არ წარმოადგენს პრობლემას. მოწესრიგებული აქვთ სადაზღვევო სისტემები, რაც სტაბილურობის გარანტიას იძლევა და ფერმერს არ აქვს მომავლის შიში. ახალგაზრდები უფრო მეტი ინოვაციური იდეებით მოდიან, ძველი თაობის ფერმერები უფრო კონსერვატორი ხალხია. არ შემიძლია არ აღვნიშნო მათი დაუზარელი შრომა. შეუძლებელია ზარმაცი ფერმერის პოვნა, თითოეული დღე იწყება და მთავრდება შრომაში. ხშირად მიწევდა მათთან ურთიერთობა, მათი მოტივაცია არაა მიმართული გამდიდრებისკენ ან ქონების დაგროვებისკენ, თითოეული მათგანი ორიენტირებულია, რაც შეიძლება მეტი და მაღალხარისხიანი დოვლათი შექმნას საკუთარი ქვეყნისათვის. სწორედ მათშია ამერიკის სიძლიერე და სწორედაც მათ მხრებზე დგას ამერიკა.

მაგალითად, ძალიან საინტერესოა მეთესლეობის მიმართულებით სახელმწიფოს პოლიტიკა. ჩვეულებრივ ფერმერს არ აქვს თესლის წარმოების უფლება. მაღალ ხარისხიან თესლს აწარმოებენ პატარა და დიდი კომპანიები. ეს უზრუნველყოფს ბაზარზე მაღალხარისხიანი თესლის ბრუნვას და ასევე ჯანსაღ კონკურენციას, ჩემი აზრით ასეთი მიდგომით დაცულია, როგორც მწარმოებელი ისე ფერმერი, ეს ასევე ეხმარება მცირე კომპანიებს დაიკავონ თავიანთი ადგილი ბაზარზე. ახალგაზრდა ფერმერს იქ მეტი პოტენციალი აქვს, რადგან დაბრკოლება არ ექმნება არცერთ საფეხურზე. საქართველოში, როგორც აღვნიშნე, არა გვაქვს აწყობილი სისტემა. სახელმწიფოს აქვს ხელშემწყობი პროექტები, „დანერგე მომავალი“, „აწარომე საქართელოში“ და ასე შემდეგ, მაგრამ ვფიქრობ, ეს არ არის საკმარისი. პრობლემაა ასევე ხალხშიც. სამწუხაროდ ზოგიერთი ადამიანი ორიენტირებულია სწრაფ მოგებაზე, რაც საბოლოოდ დიდი იმედ-გაცრუებით მთავრდება. ფერმერს არ აქვს შესაბამისი ცოდნა და წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებზე. ავიღოთ სიმინდის მაგალითი, უამრავი ადამიანი ამბობს, დიდი თანხა გადავიხადე თესლში, მაგრამ ვერ მივიღე სათანადო მოსავალი, ანუ თესლი არის უვარგისი. სინამდვილეში საქმე ის არის, რომ საჭიროა სპეციფიკური მოვლა და მუშაობა ყველა ეტაპზე. თუ ფერმერს არ აქვს სათანადო ცოდნა, ამისთვის კარგი იქნება კვალიფიციურ პირთა კონსულტაცია და ექსტენცია. ამ მიმართულებით ფერმერებმაც უნდა იმუშაონ თავიანთ თავზე და დაუჯერონ სპეციალისტებს და ნუ დარჩებიან კონსერვატორებად.

 _ როგორც თქვით, უშუალოდ მუშაობდით მინესოტას უნივერსიტეტში და რას გვეტყვით თქვენს მიერ ჩატარებული კვლევებისა და მიღებული შედეგების შესახებ?

_ როგორც ზემოთ აღვნიშნე მრავალ სხვადასხვა კვლევაში მაქვს მონაწილეობა მიღებული. ასევე ხშირად ვეხმარებოდი სხვადასხვა დეპარტამენტებს. მაგალითად გარკვეული პერიოდი ვეხმარებოდი პროფესორს ნიადაგის კვლევაში. ვმონაწილეობდი ნიადაგის ნიმუშის აღებაში და მის შემდგომ ანალიზში. კვლევის მიზანი იყო ნიადაგის ცვლილების დადგენა ინტენსიური სიმინდის ჰიბრიდების მოყვანის შემდეგ. ვმუშაობდი სიმინდის, სოიას, ხორბლის, ქერის, შვრიის, ბალახის და უამრავი სხვა კულტურის გენეტიკური რესურსის გაუმჯობესების კვლევაში; ლაბორატორიაში გენეტიკურ კვლევებზე. ასევე ჩართული ვიყავი მინდვრის სამუშაოებში. გარკვეული კვლევები მიმდინარეობდა სათბურებში, სხვადასხვა დაავადებების წინააღმდეგ. ასევე გამოვყოფდი დრონებით კვლევას, სადაც ცდილობენ უპილოტო საფრენი აპარატებით მცენარეების დაავადების ხარისხის განსაზღვრას.  საინტერესოა ის, რომ უამრავი ცალკეული კვლევაა, მაგრამ ეს კვლევები საბოლოოდ ერთი მიზნისკენ არის მიმართული, რაც გულისხმობს მაღალი ხარისხის პროდუქტის მიღებას და ამის მისაღწევად გაიცემა შესაბამისი რეკომენდაციები. კვლევიდან ფერმერი იღებს მაქსიმალურ ინფორმაციას და შესაბამისად თვითონაც თანამშრომლობს და ჩართულია კვლევაში.

_ როგორ პასუხობს საქართველო კოვიდ პანდემიის შედეგად გამოწვეულ სასურსათო კრიზისს და ფასების ზრდის ტენდენციას რითი უნდა უპასუხოს?

_ პანდემიის დროს ნათლად დავინახეთ, თუ რა პრობლემების წინაშე დგას ჩვენი სოფლის მეურნეობა და ასევე რამხელა სტრატეგიული როლი აქვს მას ქვეყნის ეკონომიკაში. ეს უნდა გახდეს მაგალითი და ქვეყანამ დაიწყოს ზრუნვა საჭირო რეზერვების შექმნაზე. როდესაც მსგავსი პრობლემა იქმნება, ვერცერთი ქვეყანა დახმარების ხელს ვერ ან არ გამოგიწვდის, ამიტომ საჭიროა ქვეყანა მსგავსი სიტუაციისთვის ყოველთვის მზად იყოს.

კოვიდ პანდემიის გარდა გეოპლოტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყანა გახდეს თვითკმარი საკვების და არამარტო საკვების, სხვა ბევრი სტრატეგიული პროდუქციის მიმართულებით. ჩვენთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს ასევე მონოკულტურები სოფლის მეურნეობაში. საჭიროა სხვადასხვა კულტურის შერეული წარმოება, რომლებიც  ხელს შეუწყობს ნიადაგის მდგრადობას და ასევე საჭიროების შემთხვევაში ჩაანაცვლებს ერთი – მეორეს.

  _ როგორ აპირებთ მიღებული გამოცდილების, ცოდნისა და უნარების გამოყენებას?

_ სამწუხაროდ საქართველოში, ჩემი ცოდნის ნაწილს ვერ გამოვიყენებ, რადგან არ არის შესაბამისი ტექნოლოგიები. ეს სფერო სადაც მე ვსაქმიანობ მოითხოვს დიდ დაფინანსებას და შედეგის მისაღებად საჭიროა რამდენიმეწლიანი დაუღალავი შრომა.

საქართველოში გვქონდა უდიდესი აგრარული სკოლა, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი დაიკარგა და განადგურდა. ახლა არის მცდელობა მოხდეს აღდგენა და განვითარება, მაგრამ ამისთვის შესაფერისი ნაბიჯებია გადასადგმელი.

საკმაოდ რთულია კონკურენციაში შეხვიდე კომპანიებთან რომელთაც წლიური შემოსავალი რამდენიმე ტრილიონ დოლარსაც კი აღწევს. ასევე აღსანიშნავია ახალგაზრდების ნაკლები ჩართულობა. ამერიკაში ვისთანაც მომიწია შეხვედრა, მათი უმეტესობა „ნატრობს“, რომ ამ სფეროში იმუშაოს და თავისი წვლილი შეიტანონ „მსოფლიოს დაპურების“ საქმეში. იმედი მაქვს, ჩვენთანაც დაიწყება ამ სფეროს აღმასვლა და რა თქმა უნდა მე ყოველთვის მზად ვარ ჩემი მიღებული გამოცდილება, ცოდნა და კონტაქტები გამოვიყენო ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

 _ ამჟამად სად მუშაობ?

_ ამერიკიდან რამდენიმე კვირის წინ დავბრუნდი, ამ ეტაპზე არ ვარ ვმუშაობ. დიდი სურვილი მაქვს ჩემი ცოდნა და გამოცდილება მოვახმარო ჩემს ქვეყანას.

 _ რას ურჩევთ კოლეგებსა და ახალგაზრდა ფერმერებს, მათ შორის სახელმწიფოს, როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს სტრატეგია, როდესაც ისეთი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, როგორებიცაა კლიმატის ცვლილებები, ნიადაგების ეროზია, გაუდაბნოება და გარემოს დაბინძურება.

_ საჭიროა სახელმწიფომ ფერმერებთან და სპეციალისტებთან ერთად შექმნას სისტემა, რომელიც უპასუხებს თანამედროვე გამოწვევებს და ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას. ახალგაზრდა ფერმერებს ვურჩევდი რაც შეიძლება მეტი ცოდნა შეიძინონ, თუ რაიმე კითხვა ექნებათ აუცილებლად დაუსვან კომპეტენტურ ხალხს და რაც მთავარია არასდროს დაიწყონ საქმე „გამდიდრების“ სურვილით. სოფლის მეურნეობა მეტად სენსიტიურია და დიდ სიფრთხილეს მოითხოვს. ასევე დამწყებ ფერმერებს ვურჩევდი დაიწყონ მცირედით და გამოცდილების მიღების შემდეგ იზრუნონ გაფართოებაზე. მათ ვურჩევ აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა გაცვლით და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებში საზღვარგარეთ, რათა პროფესიონალებად ჩამოყალიბება შეძლონ განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების წარმატებულ მაგალითებზე და დაბრუნებისას განავითარონ ოჯახური მეურნეობები, უფრო მომგებიანი გახადონ აგრობიზნესი და შექმნან დივერსიფიცირებული ბიზნეს მოდელები.

ეკოლოგიური პრობლემები მარტო საქართველოს არ აწუხებს, ეს მსოფლიო გამოწვევაა. ძალიან კარგია როდესაც ნიადაგის როლი გაიზარდა სოფლის მეურნეობაში და ხალხმაც დაიწყო ფიქრი ნიადაგის მოვლაზე. კოვიდ პანდემიის პირობებში აუცილებელ ღონისძიებად მივიჩნევ ფრაგმენტირებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ნებაყოფლობით კონსოლიდაციას და ეროვნული სასურსათო ბაზის სრულყოფას. დღეს, ნიადაგის მოვლა და ზრუნვა ეკოლოგიაზე, უმთავრესი ამოცანაა. მცენარეთა სელექციაში და მეთესლეობაშიც წამყვანი როლი ნიადაგს უჭირავს. ეროზიისგან თავდასაცავად საჭიროა ქარსაცავი ზოლების მოწყობა, რომლის მოწყობასაც სჭირდება დიდი დრო, ამიტომ კარგი იქნება თუ სახელმწიფო და ხალხი ერთდროულად იმუშავებს ამ პრობლემის მოგვარებაზე.  გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ 5 დეკემბერს აღნიშნა ნიადაგის საერთაშორისო დღე და ძალზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია საქართველოში ნიადაგების ეროზიასთან, გაუდაბნოებასთან და გაყამირებასთან საბრძოლველად შესაბამისი ღონისძიებები გატარდეს, სასურსათო უსაფრთხოების, მდგრადი სოფლის მეურნეობის კონტექსტში – რაც უზრუნველყოფს სასურსათო უსაფრთხოებას და ხარისხიან, ხელმისაწვდომ სურსათს ყველასათვის.

 _ ბექა, სამომავლო გეგმების შესახებ რას გვეტყვით?

ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი სამომავლოდ რას გავაკეთებ. საბედნიეროდ არჩევანი ბევრი მაქვს. მინდა  ჩემი საყვარელი საქმე გავაგრძელო. მსურს ასევე ვაწარმოო მაღალი ხარისხის სათესლე მასალა. მაქვს რამდენიმე სამუშაო შემოთავაზება უცხოეთიდანაც, მაგრამ ამ ეტაპზე როგორც ვთქვი არ მაქვს გადაწყვეტილი კონკრეტულად რას გავაკეთებ. დარწმუნებული ვარ, გავაგრძელებ განვითარებას და ვეცდები რაც შეიძლება მეტი გამოცდილება დავაგროვო და ჩემი წვლილი შევიტანო ქვეყნის განვითარებაში და დავეხმარები ახალგაზრდა და დამწყებ ფერმერებს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, აგრობიზნესის სფეროში დასაქმებულებს ახალი უნარების შეძენასა და განვითარებაში, რაშიც აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს გამოცდილებას და პრაქტიკას.

მარიამ გოგინაშვილი,

თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრაციის მაგისტრატურის სტუდენტი