სუბტროპიკული მემცენარეობა სოფლის მეურნეობის უმნიშვნელოვანესი დარგია
საქართველო უძველესი მიწათმოქმედების კულტურის ქვეყანაა და თუ იგი მდიდარი იყო ზომიერი კლიმატის მცენარეული საფარით, ეს არ ითქმის ტროპიკულ და სუბტროპიკულ მცენარეთა მიმართ, რაც განაპირობა ჩვენი სუბტროპიკული ზონის უკიდურეს ჩრდილოეთით მდებარეობამ და შედარებით მკაცრმა ზამთარმა. სუბტროპიკულ მცენარეთა მნიშვნელოვანი რაოდენობით გავრცელება აქ შედარებით უფრო გვიანდელ პერიოდს ეკუთვნის. ზოგიერთი მათგანი ჩვენში ახლაც ველურ ფორმაშია გავრცელებული. ასე მაგალითად: საქართველოში დღესაც შერჩენილია დაფნის, ბროწეულის, კაკლის, თხილის, წაბლის, ნუშის, უნაბის და კავკასიური ხურმის ბუნებრივი ტყეები და ცალკეული ნარგაობანი.
ციტრუსოვანი კულტურების გავრცელებას საქართველოში რამდენიმე საუკუნის ისტორია აქვს, მაგრამ მისი ნარგაობა თავდაპირველად, მხოლოდ უმნიშვნელო ფართობებზე იყო წარმოდგენილი (1913 წელს ეკავა 160 ჰა).
სუბტროპიკული მეურნეობის საწყისი განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა 1897 წ. პროფ. ა. კრასნოვის და აგრონომ ი. კლინგენის მიერ მოწყობილ ექსპედიციებს, რომლებმაც იმოგზაურეს ძირითადად სუბტროპიკულ და ტროპიკულ ქვეყნებში და ექსპედიციიდან დაბრუნების შემდეგ შემოიტანეს სუბტროპიკული მცენარეების ძვირფასი სახეობები და ჯიშები, მათ შორის: ჩაი, ციტრუსოვნები, ბამბუკი, ტუნგი, სუბტროპიკული ხურმა, ფეიჰოა, კივი და სხვა.
სუბტროპიკული მეურნეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი წამყვანი დარგია. რესპუბლიკის ეკონომიკაში იგი მრავალმხრივ მნიშვნელოვანია. სუბტროპიკული კულტურები გვაძლევს კვებისათვის აუცილებელ ძვირფას და სასარგებლო პროდუქტებს, ხოლო მრეწველობის რიგი წამყვანი დარგებისათვის საუკეთესო ნედლეულს.
განუსაზღვრელია მცენარეთა და მათ შორის სუბტროპიკულ მცენარეთა როლი ბუნებაში. მცენარეები აწვდიან ადამიანს საზრდოს, რომელიც შეიცავს მისი ორგანიზმისათვის აუცილებელ ენერგიას და იგი არ შეიძლება შეიცვალოს სხვა სახის ენერგიით. ის ადამიანმა აუცილებლად უნდა მიიღოს იმ სახით, რაც მცენარეულ პროდუქტებშია მოცემული. ადამიანი გონებრივ და ფიზიკურ შრომასა და ორგანიზმში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესებზე ხარჯავს დიდი რაოდენობით ენერგიას. ამ ენერგიის აღდგენა რომ არ ხდებოდეს, ორგანიზმი თანდათან გამოიფიტებოდა და დაიღუპებოდა.
მეცნიერების მიერ გაანგარიშებულია, რომ ერთი ადამიანი, საშუალოდ იმის მიხედვით, თუ რა სახის სამუშაოს ასრულებს, ყოველდღიურად 3000-დან 5000-მდე კალორია სითბოს ხარჯავს. დახარჯული ენერგიის აღსადგენად საჭიროა მიიღოს საშუალოდ 100-130 გ ცილა, 75-110 გ ცხიმი, 500-700 გ ნახშირწყლები და სხვა შენაერთები. ყველა ამ შენაერთებს ადამიანი ღებულობს, მხოლოდ საკვების სახით.
მცენარეები ადამიანს აძლევს აგრეთვე, დამატებით ისეთ ნედლეულს, რომლებიც საზრდოს არ წარმოადგენენ, მაგრამ აუცილებელია. ასეთებია: მერქანი, ნახშირი, ბოჭკო, ტექნიკური ზეთი და ა.შ. მათი დანიშნულებაა, ხელი შეუწყონ ადამიანის ორგანიზმში ენერგიის უნაყოფოდ ხარჯვის შემცირებას ან დაეხმარონ ორგანიზმს, რომ რაციონალურად გამოიყენოს საზრდოს სახით მიღებული ენერგია.
მცენარეები ფოტოსინთეზის პროცესში გამოყოფს დიდი რაოდენობით ჟანგბადს, რითაც ამდიდრებს ატმოსფეროს. ჟანგბადი კი აუცილებელია ცოცხალი ორგანიზმის სუნთქვისათვის. ამრიგად, რომ არ იყოს მწვანე მცენარე, არ იქნებოდა ატმოსფეროში სუნთქვისათვის საკმარისი ჟანგბადი და შეუძლებელი იქნებოდა დედამიწაზე ცოცხალი ორგანიზმების არსებობა. დღეს, რომ უმოწყალოდ იჩეხება ტყეები, შემდეგ კი ნადგურდება მცენარეები, ვღებულობთ ეკოლოგიურ კატასტროფებს, მეწყერებს, ღვარცოფებს ეროზიის სახით და სხვა სტიქიურ მოვლენებს.
ცნობილია, რომ ბუნებაში ენერგია არ იკარგება და არც ახლად წარმოიქმნება. ხდება მხოლოდ ერთი სახის ენერგიის გარდაქმნა მეორე სახის ენერგიად. ეს არის მზისაგან მიღებული კინეტიკური ენერგია, რომელიც მწვანე მცენარის მიერ გარდაიქმნება პოტენციალურ ენერგიად. სოფლის მეურნეობის წარმოება სწორედ იმით განსხვავდება სხვა სახის წარმოებისაგან, რომ აქ წარმოების ძირითად საფუძველს შეადგენს მწვანე ფოთოლი, ქლოროფილის მარცვლები, რომელსაც სამართლიანად უწოდებენ იმ ლაბორატორიას, სადაც ხდება მზის ენერგიის გარდაქმნა და ორგანულ ნივთიერებათა სინთეზი.
მზის მიერ გამოსხივებული ენერგიიდან დედამიწის ატმოსფერომდე მოდის დაახლოებით მისი ორას ოცდაოთხი მემილიონედი ნაწილი, ხოლო ამ უკანასკნელიდან მწვანე მცენარის მიერ ფოტოსინთეზის პროცესზე რვა მეათასედი ნაწილი იხარჯება. როგორც ვხედავთ, მწვანე მცენარეებს, განსაკუთრებით სუბტროპიკებს, თავიანთი ევოლუციის პროცესში გამოუმუშავდათ თვისება-შექმნან გაცილებით უფრო ფართო მწვანე ზედაპირი. ერთ ჰექტარ ნაკვეთზე განვითარებული მწვანე ზედაპირი უდრის: სიმინდის – 120000 კვ.მ-ს, საკვები ჭარხლის 150000 კვ.მ-ს.
იმისათვის, რომ მცენარემ შეძლოს თავისი კოსმიური როლის შესრულება, ე.ი. წარმოქმნას ადამიანისათვის აუცილებელი საზრდო-ჟანგბადი და სხვა პროდუქტები, მას სჭირდება გარემო პირობების გარკვეული კომპლექსი. პირველ რიგში აუცილებელია სინათლე.
მცენარის ცხოველმყოფელობისათვის აუცილებელია სითბო და სინათლე, როგორც ენერგეტიკული ფაქტორები. მათი არსებობა ადამიანზე არ არის დამოკიდებული, აქედან გამომდინარე ამ ფაქტორების მართვა მას არ ექვემდებარება. ადამიანს შეუძლია მხოლოდ რაციონალურად გამოიყენოს მზისაგან მიღებული სითბო და სინათლე.
ორგანულ ნივთიერებათა წარმოქმნისათვის ენერგეტიკული ფაქტორების გარდა მცენარეს, ესაჭიროება მატერიალური ანუ მიწიერი ფაქტორები – წყალი და საკვები ნივთიერებანი.
სუბტროპიკულ მცენარეებს განსაკუთრებით დიდი როლი ენიჭებათ ბუნებაში, როგორ უმრავლეს მარადმწვანე მცენარეებს და ჟანგბადის მუდმივ წყაროს.
სუბტროპიკული კულტურების ან სუბტროპიკული მემცენარეობის ცალკე გამოყოფა იმით არის გამოწვეული, რომ ისინი წარმოშობილი არიან სამხრეთის თბილ ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზონებში და მათი გავრცელება შეიძლება მხოლოდ იმ ქვეყნებში, სადაც ზამთარი მოკლე და რბილია, ხოლო სავეგეტაციო პერიოდი-ხანგრძლივი და თბილი.
საგნის სწავლების მიზანია სუბტროპიკული კულტურების ბიოეკოლოგიურ თავისებურებათა ღრმა, დიფერენცირებული ცოდნის საფუძველზე დადგინდეს მათი მოვლა-მოყვანის ინტენსიური ტექნოლოგია, რაც კონკრეტულ ბუნებრივ-კლიმატურ პირობებში უზრუნველყოფს მცენარეთა უხვი და მაღალხარისხოვანი მოსავლის მიღებას.
საგანი „სუბტროპიკული კულტურები“ ორგანულ კავშირშია ყველა მონათესავე აგრობიოლოგიურ დისციპლინებთან: აგროეკოლოგიასთან, აგრომეტეოროლოგიასთან, სასოფლო-სამეურნეო წარმოების მექანიზაციასა და ელექტრიფიკაციასთან, ეკონომიკა-ორგანიზაციასთან და სხვა.
სახელმძღვანელოს შესწავლის ამოცანაა მემცენარეობით დაინტერესებულთ გააცნოს ამ დარგში არსებული მოწინავე მეცნიერებისა და პრაქტიკოსთა გამოცდილება და მეთოდები, რომელიც დაეხმარებათ პრაქტიკულ საქმიანობაში, რათა აღდგეს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობა, როგორც ერთ-ერთი წამყვანი და რენტაბელური დარგი.
რეზო ჯაბანიძე, სსმმ აკადემიის აკადემიკოსი