სუბტორპიკული ხურმის ძირითადი სამრეწველო ჯიშები, ფორმები და სახეობები
ხურმა (Diospyros kaki) მრავალწლიანი, ფოთოლმცვენი ხემცენარეა საუკეთესო და ძვირფასი ნაყოფით. ცნობილია ორასამდე სახეობა. გავრცელებულია და საწარმოო მნიშვნელობა აქვს ხურმის სამ სახეობას: სუბტროპიკულს (იაპონურს), ვირჯინიის და კავკასიური ხურმას. ბოლო ორი გამოიყენება როგორც ხურმის საუკეთესო საძირე, ხოლო პირველი, როგორც ხეხილი. ნაყოფი შეიცავს 25 % შაქრებს, მისგან დამზადებული ჩირი კი _ 60%-მდე; მთრიმლავ ნივთიერებებს _ 0.5-2.35%-მდე, ვიტამინ _ C-43 მგ%-მდე, კაროტინს-0.4%, პექტინოვან ნივთიერებებს _ 1.4%-მდე. ამას გარდა , ხურმის ნაყოფში შედის ცილოვანი, ნაცროვანი და სხვა ნივთიერებები.
ხურმის ნაყოფისგან ამზადებენ ჩირს, მიირთმევენ ნუგბარი სახით, ხდიან სპირტს. ხურმის მცენარე გამოიყენება აგრეთვე დეკორატიულ მებაღეობაში. ის ძალიან ლამაზია, განსაკუთრებით შემოდგომით, როდესაც ფოთლები ღებულობს მოწითალო ან ყვითელ შეფერილობას. მისი ნაყოფი შეიცავს ბეტა-კაროტინს, რომელიც აძლიერებს მხედველობას, ასევე, აჩერებს ორგანიზმის ნაადრევი დაბერების პროცესს. ცნობილია, რომ ხურმის რბილობი ტკბილია, ნაყოფი ძალიან სწრაფად აკმაყოფილებს შიმშილის გრძნობას, ამიტომაც ჭარბი წონის ადამიანებს ურჩევენ კვების რაციონში მის შეტანას. ნაყოფი სასარგებლოა, აგრეთვე, გულისთვის, კუჭის კატარის დროს, საკვებად მისი გამოყენება არეგულირებს წნევას. კანის ანთების დროს ნაყოფის რბილობს გააჩნია სამკურნალო ეფექტიც.
სუბტროპიკული ხურმის სამშობლო ჩინეთია, ის 5-2 მ–მდე სიმაღლის ხემცენარეა, საშუალო სიდიდის მარტივი ფოთლებით, რომლის შეფერვა შემოდგომაზე მკვეთრად იცვლება მოწითალო ფერით. ვარჯი სფეროსებრია ან ფართო–პირამიდული, ჯიშიდან გამომდინარე. ყვავილები ერთსახლიანია, ერთსქესიანი ან ორსქესიანი, იღლიური, ყვითელი ან თეთრი ფერის. მამრობითი ყვავილები შეკრებილია მტევნებად, სამ–სამი ერთად, რომელიც მდედრობით ყვავილებზე პატარა ზომისაა; მდედრობითი ყვავილები მარტოულად არიან მოთავსებული. ნაყოფი კენკრაა, სხვადასხვა ზომის ჯიშის შესაბამისად, მეტად ყუათიანი სამკურნალო და დიეტური თვისებებით.
თესლის რაოდენობა ერთ ნაყოფში 0-10. თესლი ბრტყელია, მუქი მიხაკისფერი, საკმაოდ დიდი ზომის.
ვირჯინიის ხურმა (Diospirus virginiana L.) ძირითადად ველური სახით გვხვდება და ყველაზე ყინვაგამძლე მცენარედ ითვლება ხურმისებრ მცენარეთა სახეობებს შორის. იგი ფოთოლმცვენი ხეა, სიმაღლით 15-30 მეტრამდე. ვარჯი მომრგვალოა, ტოტებგაშლილი. ფოთლები ოვალურია ან ელიფსური, მოკლე ყუნწით, ბოლოსკენ წაწვეტებული, მუქი მწვანე ფერის, პრიალა, ქვედა მხარეზე მორუხო–მწვანე, გლუვი ან შებუსუსვილი, სიგრძით 7-დან 15 სმ–მდე და სიგანით2,5-დან 7,5 სმ–მდე. ყვავილები მომწვანო–ყვითელი ფერიდან თეთრ ფერამდე; მამრობითი ყვავილები მდედრობით ყვავილებზე პატარაა, კონაში მოთავსებულია 2-3 ერთად. თითო ყვავილში 16 მტვრიანაა. ყვავილობს ივნისში ეს მცენარე ჩვეულებრივ ორსახლიანია.
ნაყოფი სფეროსებრი კენკრაა, ფართო ჯამით, ღია ნარინჯისფერი ღაჟღაჟა ლაქებით და ლეგა ნაფიფქით. ნაყოფის სიგრძით 20-35 მმ-ია, სიგანით 30-50 მმ, წონით 25 გ და მეტი. სხვადასხვა სახეობებისა და ჯიშების ნაყოფი განსხვავდება ერთმანეთისგან ზომითა და გემოთი. თითო ნაყოფში 1-8 ცალი თესლია, უფრო ხშირად 2-3. ნაყოფი საჭმელად ვარგისია; დამწიფაბამდე მწკლარტეა, დამწიფების შემდეგ ტკბილია და სასიამოვნო გემო აქვს. მწიფდება აგვისტოდან იანვრამდე. ნაყოფს იყენებენ ტექნიკური გადამუშავებისათვის საკონდიტრო ნაწარმის, შარბათის და სხვათა დასამზადებლად. ვირჯინიის ხურმას დიდი გამოყენება აქვს სელექციაში ხურმის სახეობათა და ჯიშების ყინვაგამძლეობის გასაზრდელად, უმთავრესად კი საძირედ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ხურმის გაშენება ხდება ჭარბტენიან რაიონებში. მისი მერქანი გამოიყენება ავეჯის, მუსიკალური ინსტრუმენტების და სხვ. დასამზადებლად.
კავკასიური ხურმა (Diospiros Lotus L.) ფოთოლმცვენია ხეა, სიმაღლით 20-30 მეტრამდე. ვარჯი მეჩხერია, ტოტებგაშლილი. ახალგაზრდა ტოტები ზევითკენაა აღმართული, მსხმოიარობის რამდენიმე წლის შემდეგ კი უმეტეს შემთხვევაში დახრილია. ყლორტები გლუვია, ფოთლები მორიგეობითია, ფორმით ელიფსური ან წაგრძელებულ–წაწვეტილი, ქვედა მხარეზე შებუსვილი. ფოთლები სიგრძით აღწევენ 7-დან 13 სმ–მდე. ყვავილები პატარა ზომისაა. თითო ყვავილში 16 მტვრიანაა; მდედრობითი ყვავილები მარტოულია (ბუტკო ერთია). ყვავილობს მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში. მცენარე ორსახლიანი ან ერთსახილიანია. ნაყოფი მომრგვალოა პატარა ზომის 1-2 სმ დიამეტრში, ბრტყელი ან კონუსური, მწვანე ფერის, ლეგა ნაფიფქით, დამწიფებისას ნარინჯისფერ–ყვითელი, მწკლარტე, ხოლო მთლიანად მწიფე მდგომარეობაში მოლურჯო–შავი, ტკბილი, საჭმელად ვარგისია. ნაყოფი შეიცავს მრავალ თესლს; თესლი ზოგჯერ ნაყოფის წონის 25-35% შეადგენს; გვხვდება პართენოკარპული უთესლო ნაყოფიც. ნაყოფი მწიფდება ოქტომბერ–დეკემბერში. გამოიყენება სპირტის გამოსახდელად, სასმელების დასამზადებლად (ბადაგი), საქონლის საკვებად. მერქანი მუქი მურა ფერისაა, მკვრივია და ფართოდ არის გამოყენებული საშენ მასალად. კარგი თაფლოვანი მცენარეა.
კავკასიური ხურმა, როგორც ვირჯინიის ძირითადად საძირეს წარმოადგენს იაპონური ხურმის გამრავლების დროს. ველურად გვხვდება საქართველოში, აზერბაიჯანში და სხვადასხვა ადგილებში კავკასიიდან დაწყებული ჩინეთამდე.
ჩვენში სუბტროპიკული ხურმის მრავალი ჯიშია აღრიცხული. მათ შორის გვხვდება ადგილობრივი, თესლით გამოყვანილი ჯიშებიც. არსებულ ჯიშებს შორის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ისეთებმა, რომლებიც საუკეთესოდ შეეგუენ ჩვენს პირობებს და სამრეწველო ხასიათი მიიღეს.
საწარმოო მიზნით გასაშენებლად რეკომენდირებულია შემდეგი ჯიშები:
ჰაჩია – საუკეთესოა საწარმოო ჯიშთა შორის. ხე მძლავრად მოზარდია, მკვრივი გაშლილი ვარჯით, რომელიც საშუალოდ 4 მეტრს აღწევს, ხოლო სიმაღლე – 8 მეტრი. ნაყოფი დიდი ზომისაა, წონით 400 გრამამდე და უფრომეტიც. მწიფე ნაყოფის ზედაპირი კრიალა, მუქი ნარინჯისფერ-წითელია, რომელიც წაგრძელებულ-კონუსისებრია, უფრო იშვიათად მომრგვალო, მოკლე წაწვეტებული ბოლოთი. რბილეული ჟელეს მსგავსია. ნაყოფში თესლები მცირე რაოდენობითაა ან სრულებით არ არის. მისი რბილეული დამწიფებამდე მწკლარტეა, შემდეგ კი ტკბილია, ნაზი და სასიამოვნო გემოთი. მწიფდება ოქტომბერ-ნოემბერში. ერთ-ერთი საუკეთესო ჯიშია, როგორც ნედლად მოსახმარად, ისე გასაშრობადაც (ჩირის სახით). საჭიროებს დამტვერვას.
ჰიაკუმე „კარალიოკი“ – რომელიც დასავლეთ საქართველოში ”კარალიოკი”-ს სახელწოდებითაა ცნობილი ფრთოდ გავრცელებული ჯიშია. ნაყოფის წონა 150-400 გრამამდეა. ფორმის მიხედვით იცვლება ვაშლისებრიდან მომრგვალომდე; ნაყოფი ორი მხრიდან შებრტყელებულია. კანი ღია ნარინჯისფერია ან ნარინჯისფერ-წითელი. რბილეული დამტვერვის შემთხვევაში, თესლიან ნაყოფებში მუქი მიხაკისფერია, უთესლო ნაყოფებში ნარინჯისფერ-ყვითელი ან მოყვითალო, წვნიანი, ტკბილი.
ნაყოფი კარგი ღირსებისაა, კარგად ინახება და ტრანსპორტაბელურია. დამწიფებამდე მწკლარტეა, შემდეგ კი სიმწკლარტე ქრება. ნაყოფში თესლი ექვს ცალამდეა, რომელიც საკმაოდ დიდი ზომისაა. მსხმოიარობს დაუმტვერავადაც, მაგრამ დამტვერვის შემთხვევაში მოსავლიანობა დიდია. ეს ჯიში საწარმოო თვალსაზრისით მეორე ადგილზე დგას ჰაჩიას შემდეგ. Mმწიფდება ნოემბერში. საშუალო-საგვიანო ჯიშად ითვლება.
ტანენაში – ხე სუსტად მოზარდი, საშუალო ან საშუალოზე დაბალი სიდიდისაა, ვარჯი გაშლილტოტიანია, სიმაღლით 10მ-მდე აღწევს. ნაყოფი დიდი ზომისაა, 400 გრამამდე და მეტი. ნაყოფი ფორმით ფართო-კონუსურია, წაწვეტილი, ფართოძირიანი, განივ განაჭერში მრგვალი. ნაყოფის კანი ღია ნარინჯისფერ-წითელია ლეგა ფერის ნაფიფქით. კანი პრიალაა, გლუვი, უფრო მაგარი, ვიდრე ჰაჩიას ნაყოფის კანი. რბილეული ნარინჯისფერ-ყვითელია, ცომისმაგვარი, მკვრივი, დამწიფებამდე მაგარი და მწკლარტე, შემდეგ ტკბილი, სასიამოვნო გემოსი. მისი ყვავილები დამტვერვას არ საჭიროებენ. ნაყოფი უთესლოა, მაგრამ ზოგჯერ გვხვდება 2-3 თესლიანი ნაყოფი. ტანენაშის ნაყოფი კარგად იტანს ტრანსპორტირებას, ხეზე ნაყოფი მეტხანს რჩება, ვიდრე ჰაჩიას ნაყოფი. ნაყოფი მწიფდება ოქტომბერ-ნოემბერში და არაერთდროულად, მისგან საუკეთესო ჩირი მზადდება.
ტამოპანი – ხე მძლავრად მზარდია, უხვად მსხმოიარე; ტოტები ზევითკენაა მიმართული; ვარჯი მაღალია. ნაყოფი მსხვილია, წონით 400 გრამამდე. ნაყოფი ფორმით შებრტყელებულია, ოდნავ წიბოებიანი, რომელიც ჩალმისებრ გოგრას წააგავს. კანი გლუვია, საკმაოდ სქელი, ძალიან უხეში, მაგარი, ღია მოწითალო-ნარინჯისფერი. რბილეული ღია ნარინჯისფერია, გამჭვირვალე, ნაზი, ძალიან წვნიანი, საკმაოდ გემრიელი. ნაყოფი ჩვეულებრივ უთესლოა. დამწიფების შემდეგ ტკბება. ჯიში დამამტვერიანებელს არ საჭიროებს. მწიფდება გვიან შემოდგომით.
ფუიუ – ხე საკმაოდ მაღალია, უხვმოსავლიანი. ნაყოფი საშუალო ან დიდი ზომისაა, წონით 140-250 გრამი და მეტი. ფორმით მობრტყო-მომრგვალოა, გარეგანი შესახედაობითა და ფერით პომიდვრის მსგავსია. აქვს ლამაზი მუქი წითელი ფერი მოყვითალო ელფერითა და ლეგა ნაფიფქით მთელ ნაყოფზე. რბილეული მოყვითალო-ნარინჯისფერია, რბილი, ტკბილი, საშუალო წვნიანი. სიმწკლარტე სრულებით არ აქვს, მაშინაც კი, როდესაც ნაყოფი მაგარია და უთესლო. ნაყოფში თესლი მცირე რაოდენობითაა ან სრულიად არ არის. მწიფდება ნოემბრის დასაწყისში, დიდხანს ინახება. ნაყოფის ტრანსპორტირება ხდება მის დარბილებამდე. საქართველოს ტენიანი სუბტროპიკების პირობებში ამ ჯიშის ხე იძლევა მამრობით ყვავილებსაც, ამიტომ დამამტვერიანებელს არ საჭიროებს.
კიარა – ნაყოფი ფორმით პირამიდულია და დიდი ზომისაა, წონით 170-260 გრამი და მეტი. კანი მუქი ნარინჯისფერ-წითელია ლეგა ფერის ნაფიფქით, საშუალო სისქის, წვნიანი, საკმაოდ კარგი გემოსი. დაუმწიფებელი ნაყოფიც კი მწკლარტე არ არის. თესლი ნაყოფში 2-3-ია, დიდი ზომისაა, ფართო, მიხაკისფერი. მწიფდბა დეკემბრის დასაწყისში.
ჯირო – ნაყოფი დიდი ზომისაა, წონით 150-250 გრამი და მეტი. ნაყოფი ფორმით ბრტყელია, განივ განაჭერში მკვეთრად ოთკუთხედი. ნაყოფს წვერსა და ძირში აქვს ჩაღრმავება. ზედაპირი ნარინჯისფერ-წითელია, ლეგა ფერის ნაფიფქით ნაყოფის მთელ ზედაპირზე. კანი სქელია და მკვრივი. რბილეული მოწითალო-ნარინჯისფერია, მკვრივი, წვნიანი, ტკბილი, სასიამოვნო გემოს მქონე. ნაყოფი მწკლარტე არ არის მკრივ მდგომარეობაშიც კი. ნაყოფში თესლი ცოტაა 0-დან 3 ცალამდე. ნაყოფი მწიფდება ნოემბრის ბოლოს – დეკემბერში. კარგად ტრანსპორტაბელურია, მოხერხებულია ჩასაწყობად. კარგად ინახება.
მეოცე საუკუნე – ნაყოფი საშუალო ან დიდი ზომისაა, წონით 180-250 გრამი და მეტი. ნაყოფის ძირი ღრმადაა ჩაზნექილი, ზედაპირი პრიალაა, გლუვი, მუქი წითელი, ლეგა ფერის ნაფიფქით. ნაყოფში 2-3 თესლია, დიდი ზომის და ოვალური ფორმის მუქი მიხაკისფერი. ნაყოფი მოხერხებულია შესაფუთად და ჩასაწყობად. ხასიათდება კარგი ტრანსპორტაბელურობითა და შენახვის უნარიანობით.
ზენჯი–მარუ – ხე საშუალო სიმაღლისაა. ნაყოფი პატარაა, წონით 100 გრამამდე, მრგვალი ან მოგრძო-მომრგვალო ფორმის, პატარა ჩაღრმავებით ნაყოფის წვერის ნაწილში. ნაყოფის ზედაპირი პრიალაა ლეგა ფერის ნაფიფქით. კანი თხელია და მკვრივი. რბილეული ძალიან მუქია, თითქმის შავი, მკვრივი, წვნიანი, ძალიან ტკბილი, გემრიელი, მეტად კარგი ღირსების. საჭმელად ვარგისია დაუმწიფებელ მდგომარეობაშიც. გასაშრობად არ ვარგა. თესლები მრავალია, 6-8 ცალამდე თითო ნაყოფში. მწიფდება ოქტომბერში. კარგად ინახება. მცენარე ხასიათდება უხვმსხმოიარობით. დამტვერვას არ საჭიროებს.
გეილეი – საუკეთესო ჯიშად ითვლება ხურმის პლანტაციებში მწკრივთაშორისებში დასარგავად როგორც დამამტვერიანებელი ჯიში. ნაყოფი პატარა ზომისაა, მოგრძო-კონუსური ფორმის, მომრგვალებული წვერითა და მახვილი ბოლოთი; ნაყოფი სპილენძისფერ-წითელი ფერისაა, უსწორო ფორმის; რბილეული მკვრივია, წვნიანი, ოვალური ან მოგრძო ფორმის. მცირე მოსავლიანობით გამოირკვა; ნაყოფი დაბალი ღირსებით ხასიათდება.
დამამტვერიანებელი – რეკომენდირებულია როგორც დამამტვერიანებელი მცენარე, როგორც გეილი. ყოველწლიურად უვითარდება მამრობითი ყვავილები დიდი რაოდენობით, ხე სრულებით უნაყოფოა ან ნაყოფი ძალიან მცირე რაოდენობითაა. ნაყოფი წვრილია ან საშუალო ზომის, წონით 100 გრამამდე. კონუსური ფორმის, მომრგვალო ბოლოთი და ბლაგვად წაწვეტილი წვერით. ნაყოფი ყვითელია, ძალიან წვნიანი. ნაყოფში თესლი მრავალია (8-მდე). ნაყოფი დაბალი ღირებულება. საგვიანო ჯიშია.
აღმოსავლური ხურმის არსებული ჯიშები ყვავილების მიხედვით იყოფა სამ ჯგუფად:
1) მუდმივ მდედრობითი;
2) მუდმივ მამრობითი;
3) ცვალებადი.
მუდმივ მამრობითს მიეკუთვნება ჰეილი, ზენჯი-მარუ, ხოლო ცვალებად ჯგუფს მიეკუთვნება ფუიუ.
აღმოსავლური ხურმის არსებული ჯიშები ყვავილების მიხედვით იყოფა სამ ჯგუფად:
1) მუდმივ მდედრობითი;
2) მუდმივ მამრობითი;
3) ცვალებადი.
მუდმივ მამრობითს მიეკუთვნება ჰეილი, ზენჯი-მარუ, ცვალებად ჯგუფს მიეკუთვნება ფუიუ.
მუდმივ მდედრობითს მიეკუთვნება ჰიაკუმე, ჰაჩია, ტანენაში, ჩინებული, მეოცე საუკუნე და სხვა.
ხურმის ჯიშები ნაყოფის ხარისხზე დამტვერვის გავლენის მიხედვით იყოფა ორ ჯგუფად: კონსტანტურ და ცვალებად ჯიშებად.
კონსტანტურს ეკუთვნის ისეთი ჯიშები, რომელთა ნაყოფის თვისებები (სიმწკლარტე და ფერი) დამოკიდებული არ არის დამტვერვაზე, ხოლო ცვალებადს ეკუთვნის ისეთი ჯიშები, რომელთა ნაყოფის შეფერილობა და გემო დამოკიდებულია დამტვერვაზე და ნაყოფში თესლის არსებობაზე.
კონსტანტური ჯიშები, თავის მხრვ, იყოფა კონსტანტურ ტკბილ და კონსტანტურ მწკლარტე ჯიშებად. კონსტანტურ ტკბილ ჯიშებს ისეთები მიეკუთვნება, რომელთა ნაყოფი მწკლარტე არ არის და შეიძლება საკვებად გამოვიყენოთ. ასეთ ნაყოფს იძლევა: ჩინებული, ფუიუ, ზენჯიმარუ და სხვა.
კონსტანტურ მწკლარტეს მიეკუთვნება ისეთები, რომლებიც სრულ მომწიფობამდე ან დარბილებამდე არ მიიღება, ასეთებია: ჰაჩია, ტანენაში, ტამაშონი, გოშო და სხვა.
სუბტრიპიკული ხურმის ვეგეტაციური ნამრავლი მესამე-მეოთხე წლიდან ყვავილობს, რომელიც მაისის მეორე ნახევრიდან იწყება და 15-20 დღეს გრძელდება. იმ ჯიშებისათვის, რომლებისთვისაც აუცილებელია დამამტვერიანებელი, პლანტაციის გაშენების დროს ყოველ 9 მცენარეზე ერთი უნდა იყოს იმავე პერიოდში მოყვავილე მუდმივ მამრობითი ჯიში (ზენჯი-მარუ, ჰეილი ან დამამტვერიანებელი). დამამტვერიანებლად კავკასიური ხურმა ვერ გამოდგება, ვინაიდან მათი ყვავილობის პერიოდი ყოველთვის არ ემთხვევა.
ფორმა „ჩისუბანი“ – ჩვენს მიერ გამორჩევის გზით მიღებულია ხურმა ჰაჩიას ახალი ფორმა „ჩისუბანი“. დაკვირვებებისა და კვლევების შედეგად საუკეთესოა საწარმოო ჯიშთა შორის. ხე საკმაოდ მოზარდია, კარგად გაშლილი ვარჯით, რომლის დიამეტრი 3-3,6 მეტრს აღწევს, ხოლო სიმაღლე – 7 მეტრს. ნაყოფი დიდი ზომისაა, წონით 400-დან 450 გრამამდე. მწიფე ნაყოფის ზედაპირი კრიალა, მუქი ნარინჯისფერ–წითელია, რომელიც წაგრძელებულ–კონუსისებრია, უფრო იშვიათად მომრგვალო, მოკლე წაწვეტებული ბოლოთი. ჟელეს მსგავსი რბილობით. ნაყოფში თესლები შედარებით ნაკლებია ან სრულებით არ არის. მისი რბილეული დამწიფებამდე მწკლარტეა, შემდეგ კი ტკბილია, ნაზი და სასიამოვნო გემოთი. მწიფდება ოქტომბერ-ნოემბერში.
მირზა ყურშუბაძე,
დოქტორანტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი