სუბტროპიკული ხილის შენახვა და გადამუშავება
სუბტროპიკულ მეხილეობას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ხეხილოვანი კულტურების მსოფლიო წარმოებაში. სუბტროპიკული ხილი წარმოადგენს ვიტამინების, ადვილად შეთვისებადი ნახშირწყლების, ფენოლური ნაერთების, ორგანული მჟავების, მინერალური ნივთიერებების და არომატულ ნაერთების მდიდარ წყაროს.
ეს ნივთიერებები განაპირობებენ მათ უმნიშვნელოვანეს კვებით, დიეტურ და სამკურნალო-პროფილაქტიკურ ღირებულებას. ამ თვისებათა გამო სუბტროპიკული ხილი სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტად ითვლება.
ციტრუსოვნები მოშენებულია მსოფლიოს 90-ზე მეტ სახელმწიფოში.
ნაყოფის ყოველწლიური წარმოების მოცულობა 80 მილიონ ტონას აღემატება.
ციტრუსოვანთა ცალკეული წარმომადგენლის წილი შემდეგია: ფორთოხალი _ 60%, მანდარინი _ 15%, ლიმონი _ 12%, გრეიფრუტი და პომპელმუსი ერთად _ 12.5%, სხვა დანარჩენი _ 0,5%.
ამ მონაცემების გათვალისწინებით მსოფლიო წარმოების მოცულობაში საქართველოს წილი უმნიშვნელოა, თუმცა ქვეყნის სუბტროპიკული ზონის აგროსამრეწველო სექტორში ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს.
ჩვენს პირობებში სუბტროპიკული მეხილეობის და მათ შორის მეციტრუსეობის განვითარების სიძნელეები ძირითადად გაპირობებულია ტენიანი სუბტროპიკების გეოგრაფიული ადგილმდებარეობით და დამახასიათებელი შედარებით მკაცრი ზამთრის კლიმატური პირობებით.
ბოლო 10-15 წლის განმავლობაში საგრძნობლად შეიცვალა ჩვენი ქვეყნის სუბტროპიკული რეგიონის აგროსამრეწველო სექტორის სტრუქტურა. მნიშვნელოვნად გაიზარდა თხილის, აქტინიდიის და ლურჯი მოცბის კულტურების ხვედრითი წილი.
განსაკუთრებით აღსანიშნავია თხილი, რომელიც პლანტაციების საერთო ფართობით (40 ათასი ჰა) და პოტენციური მოსავლიანობით უმსხვილეს საექსპორტო პროდუქციას წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკაში.
საქართველოს სუბტროპიკული ზონა მსოფლიოში ყველაზე ჩრდილოეთით მდებარეობს და კლიმატური პირობების გათვალისწინებით უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება კულტურების ყინვაგამძლეობას და ნაყოფის მომწიფების პერიოდს. ციტრუსოვნების ჯიშების კლასიფიკაცია ნაყოფის მომწიფების დროის მიხედვით შეიძლება სამ ძირითადად ჯგუფად: საადრეო, საშუალო და საგვიანო.
სუბტროპიკული ხილის საგემოვნო თვისებები, სასაქონლო მაჩვენებლები, შენახვისუნარიანობა და გადამუშავებისათვის ვარგისიანობა, განისაზღვრება ნაყოფის ქიმიური შედგენილობით.
თემურ რევიშვილი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი,
თამაზ მიქაძე, ტექნოლოგიების დოქტორი