აგროსიახლეები

ტაჯიკეთის რესპუბლიკის დელეგაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტში

ტაჯიკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სატყეო სააგენტოს დელეგაციის წევრები, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ბორჯომის ხეობაში 2008 და 2017 წლებში ნახანძრალი ტყის მასივში იმყოფებოდნენ, სადაც საქართველოში ტყის აღდგენასთან დაკავშირებულ მიდგომებს, არსებულ პრაქტიკას და ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებებს ადგილზე გაეცნენ. 
აღსანიშნავია, რომ ბორჯომის ხეობაში ნახანძრალი ტყის აღდგენითი სამუშაოები 636 ჰა ფართობზე განხორციელდა და ჯამში 346 ათასამდე ნერგი დაირგო. ტყის მდგრადი ეკოსისტემის ჩამოყალიბების მიზნით, ჩატარდა ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებებიც.  

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრს ესტუმრნენ, სადაც ინფორმაცია მიიღეს პარკში წარმოდგენილი უნიკალური ბიომრავალფეროვნების შესახებ, ასევე, გაეცნენ საქართველოს დაცული ტერიტორიების მართვის სპეციფიკას და რეინჯერთა საქმიანობას.

ვიზიტის დასასრულს, ტაჯიკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სატყეო სააგენტოს დელეგაციის წევრები სოფლის მეურნეობის-სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ჯიღაურას და წილკნის საცდელ-სადემონსტრაციო ბაზებზე იმყოფებოდნენ, სადაც თესლის და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერტიფიცირების კვლევის სამსახურის ლაბორატორია, ვაზის, ხეხილის და აგროსატყეო კულტურების კოლექცია დაათვალიერეს და ცენტრის საქმიანობას გაეცნენ; მიიღეს ინფორმაცია აგროსატყეო მიმართულებით ბოლო წლებში განხორციელებულ პროექტებსა და კოლექციაში დაცულ სახეობებზე. აღსანიშნავია, რომ ჯიღაურას სატყეო კულტურების კოლექციაში, დღეისთვის, 100 სახეობაა დაცული, მათ შორისაა უნიკალური და გადაშენების პირას მყოფი სახეობებიც.