ჭაჭა (ყურძნის ჭაჭისაგან დამზადებული არაყი)
„ჭაჭა” ქართული ტრადიციული სპირტიანი სასმელი – ჭაჭის არაყია. ორგანოლეპტიკურად „ჭაჭა” გამჭვირვალე, უფერო სითხეა, რომელსაც კარგად აქვს გამოხატული დამახასიათებელი არომატი და გემო. დავარგებულ „ჭაჭას” შესაძლოა ჰქონდეს შეფერილობა უფერულიდან მუქ ჩალისფრამდე.
_ აქროლადი ნივთიერებების შემცველობა „ჭაჭაში”, 1 ლიტრ აბსოლუტურ ალკოჰოლში 1,4 გრამზე ნაკლები არ უნდა იყოს.
_ სარეალიზაციოდ გამზადებული „ჭაჭის” მოცულობითი სპირტშემცველობა 40%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.
ყურძნის ჯიშები და ხარისხი
„ჭაჭის” დასამზადებლად დასაშვებია მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილ მევენახეობის ზონებსა და ქვეზონებში ღვინის დასამზადებლად დაშვებული ყურძნის ჯიშების გამოყენება.
გამოყენებული ყურძენი უნდა აკმაყოფილებდეს ყველა იმ მოთხოვნას, რომლებიც დადგენილია ღვინის დასამზადებლად განკუთვნილი ყურძნისათვის.
გამოხდის პროცესი და დავარგება
ქართული ჭაჭის არაყი – „ჭაჭა” დადუღებული, გამოწნეხილი ან გამოუწნეხავი ყურძნის ჭაჭის გამოხდით პირდაპირ წყლის ორთქლით ან წყლის დამატების შემდეგ მიიღება.
დასაშვებია ყურძნის ჭაჭაზე ღვინის ლექის დამატება. ასევე დასაშვებია ჭაჭის ექსტრაგირებით მიღებული სპირტ-წყალხსნარის გამოხდა და/ან ზემოაღწერილი წესებით მიღებული სპირტების ხელმეორე გამოხდა.
მიღებულ ნახადში სპირტის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 75 მოცულობით პროცენტს.
გემოვნური თვისებების გაუმჯობესების მიზნით, დასაშვებია „ჭაჭის” არომატიზირება ბუნებრივი არომატიზატორების გამოყენებით. არომატიზირება აუცილებლად უნდა ჩანდეს პროდუქტის დასახელებაში ან აღინიშნებოდეს „ჭაჭის” ეტიკეტზე.
„ჭაჭის” დავარგება დასაშვებია სხვადასხვა ზომის მუხის ან სხვა ხის ჭურჭელში, ან ხის მერქანზე დაყოვნებით.
აკრძალული ოპერაციები და ნივთიერებები – დაუშვებელია „ჭაჭაზე” სხვა, ნებისმიერი წარმოშობის სპირტის დამატება გარდა „ჭაჭის” სპირტისა. ასევე დაუშვებელია „ჭაჭის” წარმოებისათვის განკუთვნილი ყურძნის ჭაჭის შაქრიანობის და/ან სპირტიანობის ხელოვნური გაზრდა ნებისმიერი საშუალებით.
წარმოების გეოგრაფიული არეალი
1. “ჭაჭის” წარმოებისათვის განკუთვნილი ყურძენი მოწეული უნდა იყოს საქართველოს მევენახეობის შემდეგ ზონებსა და ქვეზონებში გაშენებული ვენახებიდან:
- კახეთი;
- ქართლი;
- მესხეთი;
- იმერეთი;
- რაჭა;
- ლეჩხუმი;
- გურია;
- სამეგრელო;
- აფხაზეთი;
- აჭარა.
2. “ჭაჭის” გამოხდა, დავარგება და ჩამოსხმა დასაშვებია მევენახეობის წარმოშობის ზონის გარეთ, მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში.