ჭრაქი
ჭრაქი სოკოვანი დაავადება, რომლის გამომწვევი პათოგენია Plasmopara viticola. მიეკუთვნება ოომიცეტებს (Oomycete). დაავადება მაღალი ტენიანობის პირობებში ჩნდება და ვითარდება. შესაძლებელია, რომ მცენარე ძალიან სწრაფად დააინფიციროს, ზოგჯერ რამდენიმე საათშიც.
ჭრაქი ყველაზე ხშირად გვხვდება გვიან გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე, განსაკუთრებით, თუ ტენიანი პირობებია. სპორებს სჭირდებათ 10°C და შესაბამისი ტენი აქტივობის დასაწყებად. ოპტიმალური ტემპერატურა 15°C-დან 21°C-მდეა.
ჭრაქის ძირითადი სიმპტომები – საწყის ეტაპზე ფოთლების ზედაპირზე ღია მწვანე ფერის ლაქები, რომლებიც შემდეგ ყვითლად იფერება, ხოლო ფოთლის ქვედა მხარეს ვითარდება თეთრი ნაფიფქი (ბუსუსებიანი სოკოვანი ნაზარდი), ანუ იწყება სპორულაცია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში დაავადების საწყისი სიმპტომატიკა ვითარდება მტევნებზე, შემდეგ – ფოთლებზე, თუმცა სტანდარტულ შემთხვევებში დაავადების პირველადი დიაგნოსტიკისთვის ისევ ფოთლები გამოიყენება.
დაავადება ვრცელდება მთელ ფოთოლზე, რომელიც, საბოლოოდ, ხმება და ცვივა. სპორებმა ასევე შეიძლება დააინფიცირონ ნაყოფიც ნაყოფზე ჩნდება თეთრი ფერის ნადები, ნაყოფი შეიძლება გაყავისფრდეს და დაჭკნეს, დაინფიცირებული ნაყოფი კი უფრო მარტივად სცილდება მტევანს. მნიშვნელოვანი დეტალია, რომ მტევანი ინფიცირდება მხოლოდ ნაყოფის განვითარების დასაწყისში (ამიტომაც ეს პერიოდი განსაკუთრებულად საფრთხილოა), ყვავილობის დასრულებიდან 2-3 კვირის შემდეგ უკვე რეზისტენტობას ივითარებს.
დაავადების სასიცოცხლო ციკლი
დაავადება ვრცელდება სოკოს სპორების საშუალებით. ადრეულ გაზაფხულზე გამოზამთრებული სპორები შესაბამისი ტემპერატურის, ტენისა და თავისუფალი წყლის დამსახურებით იწყებენ სპორანგიების წარმოქმნას, რისგანაც შემდეგ წარმოიქმნება შოლტიანი ზოოსპორები, წყლის შხეფები და ქარი ეხმარება პათოგენს გადაადგილებასა და დაინფიცირებაში. დაინფიცირებულ ფოთლებზე წარმოიქმნება თეთრი ფერის ნადები, რაც წარმოადგენს მიცელიუმსა და ნაყოფსხეულ – სპორანგიებს, რომლებიც შემდეგ წარმოქმნიან სპორანგიოსპორებს. სპორანგიოსპორების საშუალებით დაავადება გადადის გვერდითა მცენარეებზე. გვიან ზაფხულს სოკო იწყებს სქესობრივი სპორების, ოოსპორების, წარმოქმნას, რომლითაც სოკო გამოიზამთრებს.
როგორ ვებრძოლოთ დაავადებას?
დაავადებასთან ბრძოლა შესაძლებელია როგორც ქიმიური, ისე ბიოლოგიურად უსაფრთხო მეთოდებით, რაშიც უმეტესად მოაზრება სწორი გროტექნიკური ღონისძიებების განხორციელება და წამლობა უსაფრთხო და ეფექტური ბიოპრეპარატებით.
აგროტექნიკურ ღონისძიებეში მოაზრება ნაკვეთისა და მცენარის მოვლა ისე, რომ მაქსიმალურად შევამციროთ დაავადების გავრცელებისთვის ხელსაყრელი პირობები, ამისათვის კი აუცილებელია:
კარგი აერაცია – რათა მცენარეებს საშუალება ჰქონდეთ ვენტილაციის, ეს ხელს შეუშლის სოკოების განვითარებას, ამიტომაც სხვის ოპერაციები უნდა ჩატარდეს სწორად. ხოლო სათბურის პირობებში მის თანაბარ ტემპერატურაზე შენარჩუნება ასევე დაგეხმარებათ ამ დაავადებისგან თავის აცილებაში;
სწორი რწყვის რეჟიმი – უმიზეზოდ არ მორწყათ მცენარეები (განსაკუთრებით საღამოს), რადგან ეს გამოიწვევს ფოთლებზე წყლის დიდი ხნის განმავლობაში დარჩენას, ჭრაქი კი ადვილად ვრცელდება წყლის დახმარებით. ჰიგიენის დაცვა როგორც ბაღში, ისე სათბურში. დარწმუნდით, რომ ყველა ხელსაწყო, უჯრა და ქოთანი საფუძვლიანად გაწმენდილია მცენარეებს შორის, რათა დაინფიცირებულ მცენარეზე გამოყენებული ინსტრუმენტებით უნებლიეთ არ დააავადოთ სხვა მცენარეებიც;
სარეველების კონტროლი – ამოიღეთ ნებისმიერი სარეველა, რადგან სარეველები შესანიშნავ თავშესაფარს წარმოადგენს დაავადებებისთვის. მცენარეული ნარჩენების კონტროლი – მოაშორეთ მცენარეული ნარჩენები ნაკვეთს, განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში, რადგან ჩამოცვენილი დაავადებული ფოთლები ჭრაქის გამომწვევ სოკოებს ეხმარება გამოზამთრებაში.
ჭრაქის წინააღმდეგ საბრძოლველად საჭიროა, გამოვიყენოთ სპილენძის შემცველი პრეპარატები.
მნიშვნელოვანია, რომ სპილენძის შემცველი პრეპარატი იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო და ასევე ახალი თაობის, რადგან ბაზარზე არსებული ბევრი პრეპარატების წინააღმდეგ დაავადებებს უკვე გამომუშავებული აქვთ რეზისტენტობა, ანუ გამძლეობა, რის გამოც პრეპარატის გაზრდილი დოზირებებიც კი არაეფექტურია ჭრაქის წინააღმდეგ საბრძოლველად, ამიტომ კონსულტაცია გაიარეთ სპეციალისტთან.
წყარო https://borun-agro.ge