აგრარული განათლებადარგებიმემცენარეობა

თამბაქო

თამბაქო ერთ – ერთი ძვირფასი ტექნიკური კულტურაა. თამბაქოს ხმარობენ მოსაწევად. გარდა მოსაწევი თვისებებისა თამბაქო გამოიყენება მედიცინაში სამკურნალო პრეპარატების დასამზადებლად (ვიტამინი).
ძველად საქართველოში, ხალხურ მედიცინაში, თამბაქოს ფხვნილს იყენებდნენ ჭრილობიდან სისხლის დენის შესაჩერებლად, მისი ნახარშით მკურნალობენ ქეცით დაავადებას თამბაქოსგან დამზადებულ პრეპარატებს ხმარობენ სოფლის მეურნეობის მავნებლების წინააღმდეგ (თამბაქოს ნაყენი, ნიკოტინსულფატი, ნიკოდუსტი და სხვა.) წეკოს ფოთლებიდან შეიძლება მიღებული იქნეს ლიმონმჟავა.

თამბაქოს ფოთლებიდან მიიღება აგრეთვე ვაშლმჟავა, რომელიც იხმარება კვებისა და საპარფიუმერიო მრეწველობაში. თამბაქოს თესლი შეიცავს 40% ზეთს, რომელსაც იყენებენ საპნისა და ლაქ-საღებავების წარმოებაში.

თამბაქო 3333333334444444444444444444444444444444

თამბაქოს ღეროსაგან მაღალი ხარისხის ქაღალდი მზადდება.

გავრცელება

 თამბაქოს სამშობლოა ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა. თამბაქო პირველად ქრისტეფორე კოლუმბმა აღმოაჩინა 1492 წელს. საქართველოში თამბაქო. (წეკო) მე-17 საუკუნის დამლევს შემოვიდა, ხოლო აღმოსავლური ყვითელი საპაპიროსე თამბაქო მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში.

ჯიშები

 თამბაქოს ჯიშები ორ ჯგუფად იყოფა: საპაპიროსედ და სასიგარედ. საპაპიროსე თამბაქოები კი თავის მხრივ იყოფა ორ ჯგუფად: აღმოსავლურ და ამერიკულ ტიპებად. საპაპიროსე თამბაქოები ფოთლის აგებულების მიხედვით, შეიძლება კიდევ დავყოთ ყუნწიან და მჯდომარე ფოთლიან თამბაქოებად.

ყუნწიან თამბაქოებს ეკუთვნის შემდეგი ჯიშები: სამსუნი, ტრაპიზონი. მჯდომარე ფოთლიანებს: დიუბეკი, ამერიკანი, მოლოვატა, ოსტროლისტენი, იმუნური, პოდოლსკი 39 და სხვა.

 ადგილი თესლბრუნვაში

 თამბაქო ნიადაგისადმი მომთხოვნია, მისთვის ნიადაგი მთელი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში ფხვიერ და სარეველებისგან თავისუფალ მდგომარეობაში უნდა იყოს.

თამბაქო თესლბრუნვაში თავსდება თავთავიანი კულტურების შემდეგ. დასავლეთ საქართველოში თამბაქოს წინამორბედს ძირითადად წარმოადგენს სიმინდი. თამბაქოს ერთი და იგივე ადგილზე თესვა ამცირებს მის მოსავლიანობას.

ნიადაგის დამუშავება

თამბაქოს მაღალ მოსავალს განაპირობებს ნიადაგის დროული და ხარისხიანი დამუშავება.

თამბაქოსთვის იყენებენ ნიადაგის მზრალად დამუშავების სისტემას. თამბაქოს დასარგავად გამოყოფილი ადგილები წინამორბედის აღების შემდეგ უნდა აიჩეჩოს და მოიხნას შემოდგომთ 25 სმ სიღრმეზე, ხოლო დასავლეთ საქართველოში ნიადაგი იხვნება შემოდგომა ზამთრის განმავლობაში, სახნავი ფენის სიღრმის მიხედვით 18-22 სმ-ზე. ხვნა ტარდება კულტურული გუთნით, ადრე გაზაფხულზე, მზრალად ხნული უნდა გაფხვიერდეს . გაფხვიერება უნდა ჩატარდეს ნაკვეთის მდგომარეობის მიხედვით, ფარცხით, კულტივაცია დაფარცხვით ან ფრთებმოხსნილი საოშით, თანმიყოლებული ფარცხით.

ნიადაგის განოყიერება

 თამბაქო საკვები ნივთიერებებისადმი დიდი მომთხოვნია. მწვანე მასის განვითარებისათვის ის დიდი რაოდენობით მოითხოვს ორგანულ და მინერალურ სასუქებს. თუმცა აზოტიანი სასუქების გამოყენებისადმი ფრთხილი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს, რადგან ჭარბი აზოტი აუარესებს თამბაქოს ფოთლის ხარისხს. ფოსფორიანი სასუქები კი ხელს უწყობს მცენარეში ნახშირწყლების დაგროვებას, ფოთლის მომწიფებას და ამდენად აუმჯობესებს მის ხარისხს.

კალიუმიანი სასუქები თუ ქლორს არ შეიცავენ ისინი მნიშვნელოვნად აუმჯობესებენ ფოთლის ხარისხს და წვის უნარს.

ორგანული სასუქი ძირითადი ხვნის წის 40 ტ/ჰა-ზე შეაქვთ, ხოლო მინერალური სასუქებიდან ამონიუმის გვარჯილა 120 კგ, სუპერფოსფატი 400 კგ და კალიუმის მარილი 200 კგ. ძლიერ გაეწრებულ ნიადაგებზე გამოიყენება ამონიუმის გვარჯილა 180 კგ, სუპერფოსფატი 500 კგ და კალიუმის მარილი 200 კგ.

თესვის ვადები და ნორმები

თამბაქოს თესლი ძალიან წვრილია და საჭიროებს ზერელედ 0,5 სმ სიღრმეზე თესვას. მისი უფრო ღრმად თესვის შემთხვევაში ღივი ნიადაგის წინააღმდეგობას ვერ უძლებს და ვეღარ აღმოცენდება, ამიტომ საჭიროა სპეციალური სანერგე მეურნეობების მოწყობა , რომლის სწორი ორგანიზაცია და ჯანსაღი ნერგის გამოყვანას დიდი მნიშვნელობა აქვს.

თამბაქოს გრძელი სავეგეტაციო პერიოდი ახასიათებს, ამიტომ საჭიროა თამბაქოს თესლი ადრე დაითესოს (თებერვალში, ან მარტში), რათა გადარგვა არ დაგვიანდეს. თამბაქოს დადგენილ ვადებში გადარგვისათვის საჭიროა ჩითილის დროულად გამოყვანა. თამბაქოს თესლი დასავლეთ საქართველოში კვალსათბურში 20 თებერვლიდან 10 მარტამდე ითესება, ხოლო ღია კვლებში 20- თებერვლიდან 1 მარტამდე, აღმოსავლეთ საქართველოში კვალსათბურებში 20 თებერვლიდან 20 მარტამდე. კვალსათბურებში 1მ2 ზამთარში უნდა დაითესოს 0,8 გ. ხოლო ღია კვალში 1,0 გ თესლი . მობნევით თესვისას თესლი უნდა დაიფაროს 0,5 სმ სისქის მიწის ფენით, მოიტკეპნოს და მოირწყას მსუბუქად კვალსათბურებში ერთ კვადრატულ მეტრზე 3000 ცალი ნერგი მიიღება, ხოლო ღია კვალზე – 2500 ცალი. თესლს თესავენ, როგორც მშრალ, ისე წინასწარ გაღივებულსაც.

ჩითილის მოვლა

 ჩითილის მოვლის მიზანს შეადგენს ჯანსაღი ჩითილის მიღება, რისთვისაც საჭიროა: მორწყვა, გამარგვლა, გამეჩხერება, მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლა. კვალსათბურებში და ღია კვლებში თესლის აღმოცენებამდე ნიადაგის ზედაპირი მუდმივადტენიანი უნდა იყოს, დღეში ორჯერ დილით და საღამოს უნდა ირწყვებოდეს.

დღეში ერთხელ საკმარისია მორწყვა მეორე და მესამე სტადიაში. ერთი კვირით ადრე ჩითილის ამოღებამდე ნაკვეთი უნდა მოირწყას, რათა ამოღების დროს ნერგს მიწა და ფესვები ამოყვეს.

 ჩითილის ამოღება

 ჩითილის ამოღება წარმოებს , როცა მისი სიგრძე 10-12 სანტიმეტრი იქნება, დილის საათებში, ხოლო ღრუბლიან დღეებში Mმთელი დღის განმავლობაში. თამბაქო ირგვება 20 აპრილიდან ივნისამდე. აქედან 20 აპრილიდან 5 მაისამდე ირგვება მთელი ფართობის 25 % და ეს ვადა ითვლება ადრეულ ვადად. 5 მაისიდან 20 მაისამდე საუკეთესო ვადად ითვლება დასარგავი ფართობის 55 %, 20 მაისიდან 1 ივნისამდე – გვიანი ვადაა და ირგვება გეგმის 20 %.

დარგვის ვადები და სიხშირე

 საქართველოში დარაიონებული ჯიშებისათვის თითოეულ ჰექტარზე მიღებულია შემდეგი კვების არეები და მცენარეთა რაოდენობა: აფხაზეთში სამსუნის ჯიშისათვის- ძლიერ დაქანებულ ფერდობებზე 55 X15 სმ დაცვით, ჰა-ზე 115000 ძირი. დანარჩენ ფართობზე 65 X 18 სმ ჰა-ზე 81000 მცენარის ვარაუდით.

აჭარაში-სამსუნის ჯიშისათვის- ძლიერ დაქანებულ ფერდობებზე 55 X 10 სმ, ჰა-ზე 95000 მცენარე. დანარჩენ ფართობზე 65 X 20, ჰა-ზე 73000 მცენარის ვარაუდით.

დარგვა

 დარგვის დროს უნდა შეირჩეს ისეთი მცენარეები, რომელთაც განვითარებული აქვთ 5-6 ფოთოლი და კარგად განვითარებული ფესვთა სისტემა, ნერგი უნდა იყოს საღი, სიგრძით 10-12 სმ. თამბაქოს დასარგავი ნაკვეთი კარგად უნდა იყოს გასუფთავებული სარეველებისა და მცენარეთა ნარჩენებისაგან. ამასთან კარგად გაფხვიერებული და მოსწორებული, რათა ნერგი თამაბარ პირობებში დაირგას.

თამბაქო ირგვება მაშინ, როცა ნიადაგის ტემპერატურა 10-120 -ით გათბება. ირგვება სხვადასხვა ვადაში, რადგან მთელი ფართობის ერთბაშად დარგვის შემთხვევაში მოსავალი ერთდროულად შემოდის და აძნელებს ფოთლის აღებას და გაშრობას.

თამბაქო ირგვება მწკრივში, ხელით ან ჩითილის სარგავი მანქანით. აღმოსავლეთ საქართველოს მეთამბაქოების რაიონებში ტრაპიზონის ჯიშისათვის:

ა) ნოყიერი ნიადაგებზე 65 X 20 სმ, ჰა-ზე 73000 მცენარე.

ბ) დანარჩენ ფართობზე 65 X1 8 ამ, ჰა-ზე 81000 მცენარე.

პლანტაციის მოვლა

 პლანტაციის მოვლაში იგულისხმება მწკრივებს შორის კულტივაცია, მწკრივში მცენარეთა შორის თოხნა, რწყვა, თავების წატეხვა, გაფურჩქვნა, მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლა და სხვა.

მწკრივებს შორის პირველი კულტივაცია ტარდება დარგვიდან 5 დღის შემდეგ, მეორე- ორი კვირის შემდეგ. მთელი ვეგეტაციის განმავლობაში საჭიროა არანაკლებ 6 კულტივაცია , სამი გათოხნა და 4-6 მორწყვა.

თამბაქოს მცენარისათვის თავის წატეხვა და გაფურჩქვნა პირველად სრული ყვავილობის ფაზაში ტარდება, ხოლო მეორედ – უფრო გვიან, ყვავილობის დამთავრებისას.

მოსავლის აღება

 თამბაქოს იღებენ ტექნიკური სიმწიფის ფაზაში, ამ დროს ფოთოლი ყველაზე ხარისხიანია, მდიდარია მშრალი ნივთიერებებით.

ტექნიკური სიმწიფის ნიშნებია: ფოთლის ნაპირებზე ყვითელი ლაქების გაჩენა, მთავარი ძარღვის გაფერმკრთალება, ფოთლის ზედაპირის დაფარვა წებოვანი ნივთიერებებით, ფოთლის მოთენთვა და ღეროდან ყუნწის ადვილად მოტეხვა სპეციფიკური ტკაცუნით.

ფოთლის შეტეხვა

 ფოთლების შეტეხვა ხდება ცალ-ცალკე იარუსების მიხედვით ექვს (სამსუნი, ტრაპიზონი) ან რვა (დიუკები) ჯერად. შეტეხვა იწყება ივლისის ბილოდან. შეტეხვა უმჯობესია საღამოს საათებში, როდესაც ფოთოლში მშრალი ნივთიერება მეტია, მაგრამ შეიძლება დილის საათებშიც, ცვარის შეშრობის შემდეგ.

შეტეხილი ფოთოლი უნდა გადავზიდოთ ფარდულებში და ავნემსოთ. ანემსვის დროს ფოთლები წინასწარ უნდა დავახარისხოთ ზომის, სიმწიფისა და დაზიანების მიხედვით. აცმული ფოთლები ერთმანეთისაგან დაცილებული უნდა იქნეს, დაახლოებით ყუნწის დიამეტრის მანძილით. მჭიდროდ აცმული ფოთოლი ადვილად ჩახურდება და დაავადდება სოკოთი.

ჩაყვითლება

 ჩაყვითლება თამბაქოს ფოთლის დამუშავების პირველი ოპერაციაა: ის ფოთლს გაშრობისათვის ამზადებს. ჩაყვითლების მიზანია თამბაქოს ხარისხის, არომატისა და ფერის გაუმჯობესება. არსებობს ჩაყვითლების რამდენიმე წესი:

1) აცმამდე გროვებში ჩაყვითლება;

2) ძაფზე აცმული და იატაკზე დაწყობილი;

3) ძაფზე აცმული და ჩარჩოზე დაკიდებული. თუ ჩაყვითლების პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს, სახამებელი მთლიანად იშლება და წარმოიქმნება ხსნადი ნახშირწყლები- შაქრები. წვის დროს ფოთლებში დარჩენილი სახამებელი თამბაქოს აძლევს არასასიამოვნო გემოსა და სხვა თვისებას. იშლება ნიკოტინი და ნაწილობრივ ცილები და სხვა.

გაშრობა

 გაშრობა ხდება, როგორც მზეზე, ისე ცეცხლზე. ამინდისა და სხვა პირობების მიხედვით, გაშრობას, დაახლოებით, 18-25 დღე სჭირდება. გაშრობის შემდეგ შეიკვრება ჰავანგებად (სამი, ოთხი აცმა ერთად). გამშრალ ჰავანგებს ფარდულებში ათავსებენ.

„სოფლის მეურნეობის საფუძვლები“