თანამედროვე ფერმები შიდა ქართლში – ინვესტიცია ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებაში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი შიდა ქართლის რეგიონში ფერმერული სექტორის განვითარების პროცესს გაეცნო. მინისტრმა კასპის მუნიციპალიტეტში რამდენიმე თანამედროვე ფერმები დაათვალიერა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ქართული წარმოების ხელშეწყობის მნიშვნელობას.
დავით სონღულაშვილი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდაკში ესტუმრა კომპანიების Family Farm (ფემილი ფარმი) და FFF Georgia (ფფფ ჯორჯია) მესაქონლეობის ფერმასა და ცხოველთა საკვების საწარმოს, ასევე მასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურას.
მინისტრი ადგილზე გაეცნო ცხოველთა კვების სისტემის მუშაობის პრინციპებს, ბიოუსაფრთხოების რეგულაციებსა და ვეტერინარული კონტროლის მექანიზმს. ასევე, დაათვალიერა მშენებარე ობიექტი, რომლის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ კომპანიას წარმოების მოცულობის გაზრდის შესაძლებლობა მიეცემა.
ცხოველთა საკვების საწარმოში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მარცვლეულის მიღების, ხარისხის კონტროლისა და შენახვის პროცესს, რაც საწარმოს ეფექტურობასა და პროდუქტიულობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
სახელმწიფო მხარდაჭერის როლი ფერმერულ განვითარებაში
დავით სონღულაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქართული წარმოების ხელშეწყობა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და განმარტა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განაგრძობს ფერმერებისა და მეწარმეების მხარდაჭერას მრავალი მიმართულებით. მათ შორისაა:
-
შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამები;
-
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსება;
-
გადამმუშავებელი და შემნახველი ინფრასტრუქტურის შექმნა;
-
თანამედროვე ბაღების გაშენება;
-
სარწყავი სისტემების განვითარება.
მინისტრის თქმით, შიდა ქართლის რეგიონს განსაკუთრებული ადგილი უკავია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სექტორის განვითარების თვალსაზრისით. რეგიონში მდებარე მაღალპროდუქტიული ფერმები ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ.
კომპანიები Family Farm და FFF Georgia სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარები არიან. კერძოდ, ფემილი ფარმმა ისარგებლა როგორც „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტით, ისე მოსავლის ამღები ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამით.
FFF Georgia 500,000 ლარით დაფინანსდა შემნახველი ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით, სადაც უკვე დანერგილია სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი – HACCP.
დღეს, ფემილი ფარმში დღიურად 16 ტონა ნედლი რძე იწარმოება, რომელიც სრულად ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. მომავალი წლიდან, წარმოების სრული ციკლის ამოქმედების შემდეგ, რძის დღიური წარმოება 30 ტონამდე გაიზრდება.