დარგებიმეფრინველეობაფერმერი ფერმერს

თანამედროვე ტექნოლოგიები მეკვერცხულ მეფრინველეობაში

მეფრინველეობა მალმწიფადი და რენტაბელური დარგია. იძლევა რა ხორცს, კვერცხს, ღინღლს და ბუმბულს, პრაქტიკულად უნარჩენო წარმოებაა. უახლესი მიღწევების საფუძველზე სამრეწველო მეფრინველეობა ინტენსიურად ვითარდება.დიდ ყურადღებას იმსახურებს ინოვაციური მიდგომები, რომლებიც მეკვერცხულ მეფრინველეობაში   სელექციას, ფრინველის კვებას, ფრინველის გამოზრდას, ვეტერინარიას, რესურსდამზოგდაენერგოდამზოგ ტექნოლოგიებს მოიცავს.

დღეისათვის სამრეწველო მეფრინველეობა ხარისხობრივად სრულიად ახალ სიმაღლეებზე ავიდა. მსოფლიოს მრავალი მეფრინველე-მეცნიერი მიზანმიმართულ სელექციურ სამუშაოებს ეწევა ფრინველის გენეტიკური პოტენციალის ამაღლების მიმართულებით, როგორც მეკვერცხულ ასევე მეხორცულ მეფრინველეობაში.

ცნობილია, რომ ფრინველის ორგანიზმს  ყველაზე უკეთ შეუძლია  მცენარეული პროტეინის ცხოველურ ცილად გარდაქმნა. ამ მხრივიგი ბევრად აღემატება მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს და ღორს. ასე მაგალითად, ერთი კილოგრამი კვერცხის მასის ან ბროილერის ხორცის საწარმოებლად საკვების კონვერსია ორ ერთეულზე ნაკლებს შეადგენს, მაშინ როცა ერთი კილოგრამი ღორის ხორცის საწარმოებლად საჭიროა 4-5 კგ საკვები, ხოლო საქონლის ხორცის – 7-10 კგ.

საყურადღებოა ისიც, რომ ერთი მწყრის მიერ წლის განმავლობაში წარმოებული კვერცხის მასა მისი სხეულის მასას 23-25-ჯერ აღემატება,  იგივე მაჩვენებელი ქათმებში 8-9-ის ტოლია. საკვები ცილის წარმოების მაჩვენებელი ცოცხალი მასის ერთეულზე გადაანგარიშებით კვერცხმდებელ ქათმებში 8-10-ჯერ მეტია იმ ფურის შესაბამის მაჩვენებელზე, რომლის წლიური მონაწველიც 8 ათასი ლიტრია.

ფრინველის კვერცხი და ხორცი ქოლესტერინის დაბალი შემცველობით ხასიათდება და შეუცვლელი დიეტური პროდუქტებია. მათზე ყოველთვის მაღალია მოთხოვნილება, რაც მთელ მსოფლიოში სამრეწველო მეფრინველეობის სწრაფ განვითარებას განაპირობებს.  ფრინველის კვებაში გამოიყენება ყველა საჭირო საკვები ნივთიერებებით დაბალანსებული კომბინირებული საკვები. მის საფუძველს მარცვლოვნები წარმოადგენს. კვებითი ღირებულებით ერთი კვერცხი უტოლდება 40 გრ. ხორცს, 120-150 გრ. რძეს დაუზრუნველყოფს ზრდასრული ადამიანის  მოთხოვნილების სადღეღამისო ნორმის 5%-ს  ცილაზე, ცხიმზე და მინერალურ ნივთიერებებზე,  ძირითად ვიტამინებზე კი 10%-ს.

მეკვერცხულ მეფრინველეობაში სულ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება კვერცხის ღრმად გადამუშავებას. საწარმო თხევადი კვერცხის პროდუქტების წარმოებით გაცილებით მოგებას ღებულობს, ვიდრე მხოლოდ ნაჭუჭიანის. აღნიშნულ ტექნოლოგიაში ერთადერთ პრობლემას  ძვირადღირებული მოწყობილობა წარმოადგენს. ასეთი სახის პროდუქტის უპირატესობა შენახვის გახანგრძლივებული ვადაა.  ამ სფეროში იაპონია ლიდერობს.

მეფრინველეობაში ფხვნილისებრი და თხევადი კვერცხის პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიების დანერგვის ძირითადი დადებითი მხარეებია:

კვერცხის ხვედრითი მასის ზრდა;

პროდუქტების ფართო ასორტიმენტი და ეკოლოგიური სისუფთავე;

სპეციალური შესაფუთი მასალის გამოყენების ხარჯზე გახანგრძლივებული შენახვის ვადა;

სეპარაციის ხარისხის ზრდა;

თხევადი კვერცხი უკვე მზადაა გამოსაყენებლად;

არ შეიცავსსაღებავებს;

არ საჭიროებს სიფრთხილეს ტრანსპორტირებისას;

არ არის სეზონზე დამოკიდებული.

ძალიან მალე კვების მრეწველობის ბაზარს შეავსებს ისეთი პროდუქტები როგორიცაა: კვერცხის ყვითრი განსაზღვრული ფერმენტებით; ყვითრი და ცილა სხვადასხვა შესაძლოსანელებელ-დანამატებით; სტანდარტული ყვითრი და ცილა; გაზრდილი ჟელატინიზაციის მქონე ცილა და სხვა. (შესქელებისკენ მიდრეკილი კონსისტენციის ცილა და სხვ,)

კვერცხის ღრმად გადამუშავების შედეგად მეფრინველეობის ფაბრიკებს მიეცემათ შესაძლებლობა დაიკავონ ახალი კვერცხის ბაზართან შედარებით, ბაზრის ნაკლებად კონკურენტული ნიშა. აღსანიშნავია, რომ ამ ტექნოლოგიის დასანერგად არ არის საჭირო დიდი ფართობი, საკმარისია 40მ2 დამოწყობილობა სიმძლავრით 250 ლ/სთ. მისი ღირებულება 250 ათასი ევროა. ოპერატორის სწავლებაზე საკმარისია 10 დღე. ამჟამად მსოფლიოში წარმოებული კვერცხის 25%  თხევადი სახითმოიხმარება. მათ შორისაა: მელანჟი, ცილა ან ყვითრი, ტკბილი და მარილიანი კვერცხის პროდუქტები. შექმნილია: შესაბამისი საწარმოო ხაზები, რომლებიც   ღრმად გადამუშავებული კვერცხის მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებას უზრუნველყოფენ; კვერცხის გასატეხი მანქანები; სითბური მახასიათებლების მქონე პასტერიზატორები, რომელიც საშუალებას იძლევა გამოირიცხოს ნებისმიერი პათოგენური მიკროორგანიზმის მოხვედრა თხევად პროდუქტში, უზრუნველყოს მისი შენახვა 8 კვირაზე მეტ ხანს და შეუნარჩუნოს მას ფუნქციური თვისებები მრეწველობაში ოპტიმალურად გამოსაყენებისათვის.

შექმნილია ასეპტიკური შეფუთვის საშუალებები. დამუშავებულია  ულტრაფილტრაციისა და შრობის პროცესები მაღალი მიკრობიოლოგიური და ფუნქციური ხარისხის მქონე კვერცხის ფხვნილის მისაღებად.

მეკვერცხულ მეფრინველეობაში თანამედროვე ტექნოლოგიები წარმოუდგენელია  ფრინველის სელექციის გარეშე. წიწილის მდგომარების მოლეკულურ-გენეტიკური სისტემის კონტროლისა და დიაგნოსტიკის გამოყენება საშუალებას იძლევა ადრეულ ეტაპებზე შეფასდეს ფრინველის პოტენციალი და სელექციური სამუშაოები გარკვეული მიმართულებებით წარიმართოს. გენეტიკური კვლევების საფუძველზე, რომელსაც  სასელექციო – სანაშენე საქმეეფუძნება, მეცნიერებს შეუძლიათ ადრეულ ეტაპზე მოახდინონ წიწილების იდენტიფიკაცია, განახორციელონ განსაზღვრული პარტნიორის შერჩევა და მომდევნო თაობაში საჭირო ცვლილებები შეიტანონ.

ინოვაციური მიდგომებია შემუშავებული კვერცხმდებლების საკვები რაციონის შესადგენად. მასში უმატებენ მიკროელემენტების შემცველ სპეციალურ დანამატებს, რომელთა შემადგენლობაში შედის ორგანული თუთია, კობალტი, სპილენძი, რკინა და მანგანუმი.იგი ამაგრებს ფრინველის ძვლოვან სისტემას,მეტ სიმტკიცესანიჭებსკვერცხის ნაჭუჭს,  აუმჯობესებს ფრინველის ჯანმრთელობას და რეპროდუქციულ ფუნქციებს. აღნიშნული ტიპის სხვადასხვა პრეპარატების უსაფრთხოება დამტკიცებულია მრავალწლიანი გამოკვლევებით.

თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა მეკვერცხულ მეფრინველეობაში წარმოუდგენელია ასევე ვეტერინარული უზრუნველყოფის გარეშე. მსოფლიო მეფრინველეობის პრაქტიკამ აჩვენა, რომ მხოლოდ ჯანმრთელ ფრინველს შეიძლება ჰქონდეს მაღალი პროდუქტიულობა. სპეციფიკური მიმართულება – ვაქცინაცია, პროფილაქტიკის მიზნით ითვალისწინებს ფრინველის 4-დან 10-მდე  იმუნიზაციის ჩატარებას ინფექციური და ვირუსული ხასიათის დაავადებების წინააღმდეგ. მსოფლიო ვეტერინარიაში გამოიყენება  სეროვარიანტების გათვალისწინებით ვაქცინაციის ჩატარების პრაქტიკა 16 ვირუსულ, პარაზიტულ და ბაქტერიულ დაავადებაზე. უმრავლეს შემთხვევაში იმუნიტეტის გამომუშავება ერთჯერადი ვაქცინაციით  შეუძლებელია, ამიტომაც ვეტერინარები მიმართავენ ვაქცინაციის კურსის ჩატარებას. სპეციფიკური პროფილაქტიკის დროს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ეპიზოოტურ სიტუაციას რეგიონში და  მეფრინველეობის ცალკეულ ფაბრიკებში. აუცილებელია გათვალისწინებული იქნას აღმძვრელის შტამები, მათი მოქმედების სპექტრი, დედობრივი იმუნიტეტის დონე, პირველ რიგში გამბოროს დაავადების დროს და სხვა. მნიშვნელოვანია, რომ პროფილაქტიკის მიზნით გამოყენებული პრეპარატების წორად იქნას შერჩეული. მინიმალურიუნდა იყოს ფრინველის იმუნურ სისტემაზე მათ მიერ მიყენებული ზიანი. ყველა მეფრინველისათვის ცნობილია, რომ    ინდივიდის ჯანმრთელობის და მისი გენეტიკური პოტენციალის მაღალ დონეზე რეალიზების, ასევე მაღალხარისხოვანი და უსაფრთხო პროდუქციის მიღების წინაპირობა,იმუნოდეპრესიული მდგომარეობის არ არსებობაა, რაც  საბოლოო ჯამში ხელს უწყობს   წარმოების ეკონომიკურ ზრდას.

დღეისათვის მსოფლიოში წელიწადში იწარმოება ერთი ტრილიონ სამასსამოციათასი ცალი კვერცხი. რეიტინგში ლიდერობს ჩინეთი, რომელზეც წარმოებული კვერცხის 40% მოდის, მასამერიკის შეერთებული შტატებიმოსდევს.

 მსოფლიოში არსებული ტენდენციების შესაბამისად,საქართველოს მეფრინველეობის ერთ-ერთი მიმართულება მომავალში კვერცხის ღრმა გადამუშავება უნდა გახდეს. ამ მხრივ ძალზედ მნიშვნელოვანია თხევადი და მშრალი პროდუქტები, კვებისა და საკონდიტრო მრეწველობისათვის სხვადასხვა წონით დაფასოებული ფერმენტირებული, პასტერიზებული გაყინული ყვითრი. კვერცხის ღრმა გადამუშავების შემთხვევაში მეკვერცხული მიმართულების მეფრინველეობის ფაბრიკების რენტაბელობა ორჯერ იზრდება. მაგრამ ამისთვის კვებისა და საკონდიტრო მრეწველობაც უნდა იყოს მზად, რომ კვერცხის ღრმა გადამუშავების პროდუქტები სრულად აითვისოს.

ყურადსაღებია ისიც, რომ შესაბამისი ტექნოლოგიების დამუშავების შემთხვევაში შესაძლებელია კვერცხიდან საკვები ნივთიერებების ექსტრაქცია. კვერცხის ლიზოციმი შესანიშნავი ანტისეპტიკია, რომელიც კონსერვანტის სახით გამოიყენება ყველის, ლუდისა და ღვინის წარმოებაში. მის გარეშე არ ტარდება კარდიოლოგიური ოპერაციები. ჩვენს ქვეყანაში ლიზოციმი არ იწარმოება და მთლიანად (100%) საზღვარგარეთიდან შემოდის. არანაკლებ მნიშვნელოვანია ლეციტინიც, რომელიც ფართოდ გამოიყენება კოსმეტიკურ და კვების მრეწველობაში, საბავშვო და დიეტურ კვებაში. მისი შემცველობა პირდაპირ კავშირშია ადამიანის გონებრივი განვითარების კოეფიციენტთან.

უკანასკნელ პერიოდში დიდი ადგილი ეთმობა ფუნქციური პროდუქტების წარმოებას, რომელიც ხელს უწყობს კვერცხის წარმოების განვითარებას. ფუნქციურ პროდუქციაში იგულისხმება კვერცხი, რომელიც გამდიდრებულია E ვიტამინით (2,5 მეტი ნორმასთან შედარებით), ლინოლისმჟავით (4-ჯერ მეტი ნორმასთან შედარებით), იოდით და ორგანული სელენით. ფუნქციური კვერცხის წარმოება დროის მოთხოვნილებაა. ამ ყოველივეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის ის ფაქტი, რომ თავად კვერცხი საკვებად მისაღებია სხვადსხვა კულტურისა თუ რელიგიის მქონე ერებისათვის.

ფრინველის კვერცხის შემადგენლობა დიდადაა დამოკიდებული იმ საკვების ხარისხზე, რომლითაც კვერცხმდებელიიკვებება. რაციონში ზოგიერთი ვიტამინის, მიკროელემენტის, კაროტინოიდებისა და სხვა საყუათო ნივთიერებების რაოდენობის გაზრდით შესაძლებელია მიღებული იქნას კვერცხი, რომელიც გამდიდრებულია ღირებული საკვები ნივთიერებებით. ასეთ კვერცხზე მოთხოვნილება ყოველდღიურად იზრდება და ამიტომაც კვერცხმდებელი ფრინველის კვებაში სულ უფრო ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა სახის საჭირო დანამატები.   მაღალი ღირებულების საკვები ნივთიერებების შემცველი კვერცხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანის სამკურნალო-პროფილაქტიკურ კვებაში.

საყურადღებოა დღეისათვის არსებული მსოფლიო ტენდენციები. იაპონიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ფუნქციური დანიშნულების კვერცხის გამოყენება საერთო რაოდენობის 40 %-ს შეადგენს, ხოლო ევროპაში 20 -დან 30 % -მდე. რაც შეეხება საქართველოს, ქართულ ბაზარზე უკვე გამოჩნდა ომეგა 3-ის შემცველი ფუნქციური კვერცხი, რომელსაც მხოლოდ ერთი კომპანია აწარმოებს.  რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. ამას ადასტურებს ისიც, რომ ქვეყნებში სადაც მეფრინველეობის დარგი მაღალ დონეზეა განვითარებული, ფუნქციური კვერცხის  ასორტიმენტი საკმაოდ მრავალფეროვნადაა წარმოდგენილი.

   დღეისათვის, მეცნიერების მიერ ფრინველის კვების რაციონში იოდის ორგანული და არაორგანული ფორმის ჩართვით, მიღებულია იოდიზირებული კვერცხი. ასეთი კვერცხის 100 გრ. პროდუქტში იოდის შემცველობის დონე არანაკლებ 150 მკგ-ისაა (ყვითრში -120 მკგ და ცილაში – 30 მკგ), მაშინ როდესაც ჩვეულებრივ კვერცხში იგივე მაჩვენებელი 100 გრამში -50-70 მკგ-ია. იოდის შემცველობის დონის ამაღლება მეცნიერების მიერ მიღწეული იქნა ფრინველის რაციონში ზღვის წყალმცენარეების დამატებით, რომელმაც რაციონის მასის 3 % შეადგინა. ფრინველისათვის გამიზნულ კომბინირებულ საკვებში 2,5 % სელის ზეთისა და 0,5% ცხოველური ცხიმის დამატება კვერცხში ომეგა 3-ის შემცველობას 100 გრ. პროდუქტში  300 მგრ-მდეზრდის, მაშინ როდესაც ჩვეულებრივ კვერცხში მისი შემცველობა 150-180 მგრ-ია. ვიტამინების მაღალი შემცველობის კვერცხს ღებულობენ ფრინველის საკვებ რაციონში 5% ნატურალური ბალახის ფქვილის დამატებით. ამ დროს A,B2 ვიტამინის და კაროტინოიდების შემცველობა ყვითრში შესაბამისად შეადგენს არანაკლებ 8 მკგ/გ; 5 მკგ/გ,  და  25  მკგ/გ-ს.

როგორც ვხედავთ, მეკვერცხულ მეფრინველეობაში დანერგილმა ახალმა ტექნოლოგიებმა,  დარგი როგორც პროდუქციის რაოდენობრივი გაზრდისა და ხარისხობრივი გაუმჯობესების, ასევე ადამიანის ჯანმრთელობაზე ორიენტირებული მიმართულებით განავითარა. თუმცა მეცნიერული კვლევები ამაზე არ შეჩერებულა. ისინი განუწყეტლივ მიმდინარეობს, რათა შემუშავებული იქნას საინტერესო მეთოდები იოდით, სელენით, ომეგა 3-ით, თუთიითა და სხვადასხვა ვიტამინით  გამდიდრებული ფუნქციური კვერცხის მისაღებად.

 ანატოლი გიორგაძე, სოფლის მეურნეობის დოქტორი,

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია