თანამედროვე ტექნოლოგიური სოფელი და „დუხჭირი გლეხი“ ურთიერთგამომრიცხავი ცნებებია
ტრადიციებს და ადათწესებს ქართული ყოფითი კულტურის ჩამოყალიბებაში მისი განვითარების ყველა ეტაპზე განსაკუთრებული ადგილი ეჭირა. გლობალიზაციის ეპოქის გავლენა, ბუნებრივია, ჩვენც გვეხება, სხვაგვარად ვერც იქნება, მაგრამ ტრადიცია ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე კვლავ მძლავრად მოქმედებს.
ქვეყნის სოციალურეკონომიკური განვითარების იმ ეტაპზე, რა ეტაპზეც დღეს საქართველო იმყოფება, მიგრაციული პროცესის გააქტიურება ბუნებრივი მოვლენაა.
ეს გზა თითქმის ყველა განვითარებულმა ქვეყანამ მეტნაკლები სიმწვავით გაიარა.
როცა მიგრაციაზე ვლაპარაკობთ, ძირითადად ვგულისხმობთ სოფელს, რადგან საქართველოში გასული საუკუნის 90იანი წლებიდან პროცესი დაჩქარებული ტემპით ვითარდებოდა და ასევე გრძელდება დღესაც. მაღალმთიან სოფლებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მიგრაცია უმწვავესად შეეხო ბარის სოფლებსაც. შრომისუნარიანი ადამიანების სოფლიდან წასვლამ, ეკონომიკურად ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი სოფელი, უფრო ცუდ დღეში ჩააგდო და სოფლის სასიცოცხლო მიზნად განვითარება კი არა, გადარჩენა აქცია.
ამ სტატიის მთავარი მიზანი დემოგრაფიულ და მიგრაციულ პრობლემებზე ყურადღების გამახვილება არ გახლავთ. ამ წერილით გვინდა, დავიწყოთ დისკუსია, თემაზე: როგორ გვესახება თანამედროვე ქართული სოფელი, მისი სოციალურ-ეკონომიკური მოდელი, როგორ უნდა განვითარდეს, რომ იქ ადამიანს ეკონომიკურად არ უჭირდეს, კომფორტულად ეცხოვრებოდეს და თვალი გაქცევაზე არ ეჭიროს.
დღეს ამ თემაზე სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორებთან, კომპანია „აგროვიტას“ დამფუძნებელ კახა ხუციშვილთან და ამავე კომპანიის პროექტების ხელმძღვანელთან ქრისტო კახნიაშვილთან ვისაუბრებთ. დისკუსია ღიაა და ყველას შეუძლია აზრის გამოთქმა, ჩვენი ჟურნალის საშუალებით მკითხველისათვის თავისი მოსაზრების გაზიარება. ვფიქრობ, საკითხი ძალზე აქტუალურია და ჩვენი ქვეყნის მომავალი კეთილდღეობა სოფლის განვითარებაზეა დამოკიდებული.
ქრისიტო კახნიაშვილი — როცა ლაპარაკია სოფლის განვითარებაზე, სოფლის მოწყობაზე მხედველობაში უნდა მივიღოთ ის, რომ სოფლის მეურნეობა შეიძლება სამაგალითოდ განავითარო სოფელში, დანერგო თანამედროვე ტექნოლოგიები, მოაწყო საირიგაციო სისტემები, უხვი მოსავალიც მიიღო და კონკურენტული პროდუქციაც აწარმოო, მაგრამ ამით სოფელი ვერ განვითარდეს.
არსებულ გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, დღეს უფრო პირიქით ხდება, წარმატებული ფერმერის, მდიდარი მეურნის მიმართ დამოკიდებულება არაერთგვაროვანია: — ჩვენ რა, ვიღაცამ ფული იშოვა, სოფელი კი კვლავ სიღატაკეში ცხოვრობსო, ხმამაღლა ხშირად გაიგონებ გლეხებისგან.
ამიტომ, ის სიმდიდრე და სიკეთე, რაც სოფლად მოიპოვება, ყველაზე სამართლიანად უნდა გადანაწილდეს. კაცი რახან სოფლად ცხოვრობს, იძულებით (თუ სოფლიდან ვერ გაიქცა, რადგან სხვა გამოსავალი აღარ რჩება) მიწაზე და ძროხის კუდზე არ უნდა იყოს მიბმული.
სოფელში უნდა განვითარდეს ინფრასტრუქტურა, განათლება, წარმოება…
თუ როგორ უნდა განვითარდეს სოფლად ეკონომიკა _ მცირე და საშუალო მეწარმეობა?
კახა ხუციშვილის მოსაზრებით, მიწა უნდა ჩაბარდეს მას, ვისაც მისი მოვლა-პატრონობა ხელეწიფება. მიწა შეიძლება ვინმეს პირად საკუთრებაშია, მაგრამ იგი საყოველთაო საქვეყნო სიმდიდრეა და მისი განკარგვა სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად კარგად უნდა რეგულირდებოდეს.
ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დღეს ის არის, რომ სოფელს არ აქვს სტატუსი — მიწას არ ჰყავს პატრონი. როცა სოფლელი კაცი მიბმულია მიწაზე, მიწაა მათი ერთადერთი მარჩენალი, მაგრამ ნახევარი ან ერთი ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რაც მას საყოველთაო პრივატიზების დროს ერგო, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ოჯახი ეკონომიკურად უზრუნველყოფილი ჰყავდეს, ამიტომაც არის, რომ მცირემიწიანი, მესაკუთრე გლეხები გადაიქცნენ ნატურალურ მეურნეებად და სოფელიც გადავარდა 200 წლის წინანდელ ყოფაში, როცა გლეხი მთლიანად საკუთარ ნატურალურ მეურნეობაზე იყო დამოკიდებული. თუ გადავხედავთ, ძალიან საინტერესოა საქართველოს მიწის მეპატრონეთა სტრუქტურა. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია აცხადებს, რომ 800 ათასი ფერმერიაო საქართველოში. ესენი ფერმერები არ არიან. რომელ ფერმერობაზეა ლაპარაკი, თუ გლეხს ნახევარი ჰექტარი მიწა აქვს საკუთრებაში და ოჯახის გამოსაკვებად ქალაქში გარბის სატაქსაოდ. საერთოდ უნდა განისაზღვროს ტერმინები — გლეხი და ფერმერი. დღეს ისინი გაიგივებულია ერთმანეთთან. ჩემი აზრით ფერმერია მიწის მესაკუთრე, რომელიც ქმნის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას, აკმაყოფილებს საკუთარ მოთხოვნილებებს და ნამეტ პროდუქციას ყიდის იმ რაოდენობით, რომ დამატებით სამუშაოს აღარ საჭიროებს. ფერმერი ბიზნესმენია, რომელსაც თამამი გადაწყვეტილების მიღება და რისკებზე წასვლა შეუძლია. საერთოდ ფერმერი დოვლათის შემქმნელი პერსონაა და რაოდენ სამწუხაროა, რომ მათი რაოდენობა საქართველოში მცირეა. როგორც საერთაშორისო პრაქტიკა გვიჩვენებს, ფერმერი მოსახლეობის 35 %ს შეადგენს. ფერმერობა ცხოვრების სტილია და ასე ცხოვრება ბევრს არ შეუძლია. წარმოგიდგენიათ, რამდენი ჰექტარი სახნავ-სათესი სავარგულია დღეს მთლიანად ქვეყანაში? ყოველ შემთხვევაში 800 ათასი ჰექტარი ნამდვილად არ არის. როგორც მახსოვს საქართველოში 500 ათასი კომლია, რომელსაც საკუთრებაში 0 -დან 1- ჰა-მდე მიწა აქვს, 200 ათასი, ვისაც — 1-დან 3 -ჰა-მდე, მხოლოდ 10 ჰექტარზე მეტი 4 ათასამდე ფერმერს აქვს. ასეთი ვითარება მარტო საქართველოში არ არის, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის მდიდარ ქვეყნებშიც, თითქმის ანალოგიური ვითარებაა.
ვისაც სამი ჰექტარი სახნავი მიწის ფართობი აქვს, მით უმეტეს მრავალწლიანი კულტურებით დაკავებული, ის კიდევ მოახერხებს მეტნაკლებად მომგებიანი მეურნეობის მოწყობას და თავს მიხედავს, მაგრამ ვისაც 1 ჰა-მდე მიწა აქვთ, სწორედ მათ უნდა შველა. 0,51 ჰექტარ მიწას ვერაფრით ვერ უპატრონებს გლეხი ისე, რომ მან მოგება მისცეს, ოჯახი უზრუნველყოს, მითუმეტეს თუ ეს მიწა 10-15 კილომეტრითაა დაშორებული მისი საცხოვრებელი ადგილიდან. ამ სიშორეზე რომ იაროს კიდეც და მოუაროს, აზრი არ აქვს, რადგან ამ მოცულობის მიწის ნაკვეთში ინვესტიციის ჩადება და მოგების მიღება ნაკლებ სავარაუდოა.
რა არის გამოსავალი?
ჩვენ ამ საკითხზე სხვა დროსაც გვისაუბრია, რომ უნდა შეიქმნას კარგად ორგანიზებული ფერმერული მეურნეობები. ეს ის ერთ-ერთი ხაზია, რაც უკვე მუშაობს, გამოცდილია. სოფელში 2-3 ყოჩაღი კაცი ყოველთვის მოიძებნება, რომლებსაც რამდენიმე ჰექტარზე ვენახიც აქვს გაშენებული ან პირუტყვი ჰყავთ, გამართულადაც ცხოვრობენ და ჯიპებითაც დადიან. მათ სახელმწიფოს დახმარება არაფერში სჭირდებათ, ისინი თვითონ უნდა დაეხმარონ სახელმწიფოს, სოფელს გადასახადებით, ქველმოქმედებით და ა.შ., რაც მეტია ასეთი უნარიანი ადამიანები სოფლად, მით უკეთესი, მაგრამ ეს სოფლის პრობლემას მაინც ვერ აგვარებს, რადგან სოფლის მცხოვრებთა უმეტესობა კვლავ სიღარიბეში ცხოვრობს, იძულებულია საერთოდ ან სეზონურად დატოვოს სოფელი, სხვაგან ეძებოს გამოსავალი, ზოგიც ფიქრობს ამავე გზას დაადგეს, თავი რომ გადაირჩინოს, მაგრამ რაღაც აფერხებს, ტრადიცია, თავისი მიწის, სოფლის სიყვარული. მიზეზი ბევრია და ბედს ეგუება, კი შრომობს, მაგრამ მის შრომას ეფექტი არ აქვს, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს, სწორედ ასეთ ადამიანებს სჭირდება დახმარება.
მართალია, მთავრობა დღეს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, მცირემიწიან ფერმერთა გასაერთიანებლად სოლიდურ თანხებს ხარჯავს, დაიწყო კოოპერაციული მოძრაობა, მაგრამ ამას ხელმოსაჭიდი ეფექტი ჯერ არ გამოუღია, როგორც ჩანს, სხვა უფრო მკვეთრი რეფორმებია გასატარებელი.
ჩემი აზრით, მშვენიერი გამოსავალი მოძებნა უკრაინამ. როგორც ჩვენთან, ხალხს იქაც დაურიგეს მიწები, ნახევარი, ერთი-ორი ჰექტარი, მაგრამ არ მისცეს გაყიდვის უფლება, საბჭოთა კოლმეურნეობის თუ მეურნეობის ტერიტორიაზე შეაქმნევინეს აგროჰოლდინგები — სააქციო საზოგადოებები, რომელშიც იმ ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ოჯახი გაერთიანდა თავის წილი მიწით და გახდნენ აქციონერები, რამაც ეფექტი გამოიღო, ყველა ჰოლდინგი მუშაობს და პროდუქციას ქმნის. ვფიქრობ, ეს ჩვენი რეგიონისთვისაც კარგი გამოსავალი იქნება. უკვე შევთანხმდით, რომ ნახევარი თუ ერთი ჰექტარი მიწის დასამუშავებლად ყოველდღე წინ და უკან 30 კილომეტრის გავლა არ ღირს, მაგრამ მთელი სოფლის მიწები რომ გააერთიანო 500-1000 და ზოგჯერ მეტი ჰექტარიც შეიძლება გამოვიდეს.
მაგალითად, 500 ჰექტარზე სიმინდი რომ მოიყვანო (იგი არ არის ისეთი რენტაბელური როგორც ვენახი, ან ხეხილის ბაღი, აღარაფერს ვამბობ ბაღჩეულსა და ბოსტნეულზე), რომელიც ძალიან დიდი კაპიტალდაბანდებას არ მოითხოვს, ერთი ჰექტარი სიმინდის მოყვანა, კარგად რომ მოუარო, 1500 ლარამდე ჯდება და უარეს შემთხვევაში ჰექტარზე 8-10 ტონა მარცვლის მოსავალს მოგცემს. ე.ი. 500 ჰექტარი 10 ტონაზე რომ გავამრავლოთ, 5000 ტონას მივიღებთ, ე.ი. 5 მილიონი კილოგრამი სიმინდი მოვიწიეთ. კილოგრამი სიმინდი სულ მცირე 40 თეთრი ხომ მაინც ღირს?! 5 მილიონი რომ 0.4 ლარზე გავამრავლოთ 2 მილიონ ლარს მივიღებთ. ამ 2 მილიონიდან 750 000 ლარი მოვლა-მოყვანის ხარჯია, ამას ადმინისტრაციულ ხარჯს თუ დავამატებთ (რადგან ეს ორგანიზაციაა და მართვა სჭირდება, დირექტორი, ეკონომისტი, აგრონომი, დარაჯი, დამლაგებელი და სხვა), მაქსიმუმ 250 000 ათასი ლარი კიდევ, ესეც გაბერილი ციფრია, ხარჯი მილიონი ლარი გამოგვივა. ე.ი მილიონი ლარი სუფთა მოგება რჩება. მილიონი ლარი უკვე სერიოზული თანხაა.
სოფელს, სააქციო საზოგადოებას უკვე შეუძლია ააშენოს საკუთარი სასაწყობე მეურნეობა. ორგანიზაციას, რომელსაც 500 ჰექტარი მიწა აქვს, თავისუფლად შეუძლია მივიდეს ბანკში და აიღოს სესხი. მეტიც, დღეს სახელმწიფო გეუბნება, ოღონდ შენ რამე გააკეთე და სესხის პროცენტს მე დაგიფარავო.
ბიზნესის კეთებისათვის ამაზე კარგი პირობები დღეს რომ არის, საქართველოში არასდროს ყოფილა. ხელისუფლებამ მართლაც განსაკუთრებული გარემო შეუქმნა მონდომებულ და უნარიან ადამიანებს და ამას გამოყენება უნდა.
ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენთანაც სოფლებში სააქციო საზოგადოებები უნდა შეიქმნას, რომელშიც ყველა ნებაყოფლობით, საკუთარი წილი მიწის ფართობით გაერთიანდება და მიიღებს შესაბამის აქციას. ამის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირება გახდება საჭირო, რადგან მიმაჩნია, რომ აქციონერს მიწის გაყიდვის უფლება არ უნდა ჰქონდეს, აქ მიწის ყიდვა-გაყიდვის ქაოსური პროცესიც დარეგულირდება. აქციებს რაც შეეხება, იგი თავისუფლად უნდა იყიდებოდეს. აქციონერი ყოველი სამეურნეო წლის ბოლოს, როგორც ხდება სააქციო საზოგადოების შემთხვევაში, მის მფლობელობაში არსებული აქციების შესაბამის დივიდენდს, საკუთარი მოგების წილს მიიღებს. აქციონერს თუ სააქციო საზოგადოებაში მიწაზე მუშაობა არ უნდა, სურვილისამებრ შეეძლება, ის საქმე აკეთოს, რაც მას ხელეწიფება. სწორედ ეს შექმნის სოფლის განვითარების პირობას, ხალხი დასაქმდება, გაუჩნდება შემოსავალი,
უსათუოდ გაჩნდება კითხვა, სადაც მოსახლეობა მჭიდროდაა დასახლებული, ვთქვათ იმერეთში, სამეგრელოში, გაამართლებს ასეთი საზოგადოებების შექმნა?
პასუხი მარტივია, არ მგონია დღეს საქართველოში იყოს სოფელი, რომელსაც 200-300 ჰექტარი სახნავი მიწა არ ჰქონდეს, ამიტომ აქ მეტი ინტენსიური სასოფლო-სამეურნეო კულტურა უნდა დაინერგოს. რა მაქვს მხედველობაში, ჩვენ დავითვალეთ 500 ჰექტარი სიმინდის მაგალითზე, მოდით ვნახოთ ბოსტნეულ კულტურებზე გადაანგარიშებით როგორ ვითარებას მივიღებთ.
ვთქვათ სოფელს ასი ჰექტარი მიწა აქვს და პომიდორი მოჰყავს. თქვენ წარმოგიდგენიათ 100 ჰექტარზე რომ თანამედროვე ტექნოლოგიებით, წვეთოვანი სარწყავი სისტემებით, მულჩით, ჯიშთა შერჩევით, რომელიც ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად სხვადასხვა დროს შემოდის, პომიდორი მოვიყვანოთ, რა ციფრზე გავდივართ? ამ ტექნოლოგიებით ჰექტარზე 120 ტონა პომიდორი მაინც უნდა მიიღო. 120 რომ 100 გაამრავლოთ, მეგობრებო, 12 000 000 კილოგრამი პომიდორია. კილოგრამი 30 თეთრი ხომ მაინც ღირს. ეს 3 600 000 ლარია. 3 600 000 ლარი რომ შევიდეს სოფელში და გადანაწილდეს 100 კომლზე ეს თითო კომლზე 36 000 ლარია. ეს სერიოზული თანხაა. მთელი პრობლემა საქმის ორგანიზებაა. სწორედ საქმის ორგანიზებას უნდა შეუწყო ხელი და დაეხმარო სოფელს, კარგად აუხსნა, ურჩიო, წაახალისო, სპეციალისტები დაახმარო და ა.შ. და რაც მთავარია, ეს არ უნდა მოხდეს ძალდატანებით, ეს უნდა განხორციელდეს ნებაყოფლობით.
დღეს ამ მცირე მიწების უმეტესი ნაწილი გამოუყენებელია, ის კაცი არც ყიდის, რადგან მიწას ფასი არ აქვს, შეიძლება იჯარით გასცეს, ჰექტარი დაახლოებით 250-300 ლარად, ეს არის სულ. თუ იმ ორგანიზაციით განვითარდება საქმე, რაზედაც ვისაუბრეთ, ერთმა ჰექტარმა 250 კი არა 500 და 1500 ლარის დივიდენდი შეიძლება მისცეს მეპატრონეს ისეთმა სააქციო საზოგადოებამ, სადაც ის შეიძლება სულაც არ მუშაობდეს.
აქციონერს შეუძლია ის საქმე აკეთოს რაც მას ხელეწიფება: სკოლაში იმუშაოს პედაგოგად, სხვა რაიონში ან ქალაქში დასაქმდეს მისთვის სასურველ სამსახურში, ან სულაც ამავე სოფელში წამოიწყოს თავისი ბიზნესი.
მთიან რეგიონში ეს მექანიზმი ვერ იმუშავებს, ეს უფრო მოხერხებული იქნება იქ, სადაც ინტენსიური სოფლის მეურნეობის წარმოებაა შესაძლებელი.
მთაში შეიძლება კოოპერატივმა იმუშაოს კარგად. მეფუტკრეებს, მეცხოველეებს შეუძლიათ გაერთიანდნენ, მთავარია შრომა იყოს ორგანიზებული და ეფექტიანი, რომ სოფლად მეტი შემოსავალი გააჩინოს, ადამიანებს მოტივაცია გაუღვივოს.
ამ თემაზე მსჯელობა აუცილებელია, საინტერესოა თავად მოსახლეობის აზრი, მათი მოტივირება. თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიები, ტექნიკური საშუალებები იმის შესაძლებლობას ქმნის, რომ აგრარული წარმოება მცირემიწიანობის პირობებშიც კი მომგებიანი გახდეს. სწორედ ამ მეთოდების სწავლასა და დანერგვაში უნდა შეუწყოს ხელი მთავრობამ სოფელს, სოფელში მცხოვრებ ადამიანებს.
თანამედროვე სოფელი და სოფლის მეურნეობა გლეხის, ცნებას ვერ შეეგუება. გლეხი რომელიც დღეს ასოცირდება სიდუხჭირესთან, ნატურალურ მეურნესთან, თანამედროვე ტექნოლოგიურ საუკუნეში დიდი პერსპექტივა არ აქვს.
ხალხს ჰგონია რომ მოსავლის მოყვანა ყველას შეუძლია. მოყვარული მეურნეების დრო წავიდა. მოსავლის მოყვანას ისევე ჭირდება პროფესიონალები, როგოც სხვა ნებისმიერ დარგს. წარმოგიდგენიათ რა იქნება მოყვარული მშენებელი, ან კიდევ უარესი — მოყვარული ქირურგი? მოყვარული პედაგოგი და ა.შ. არ შეიძლება 500 კაციან სოფელში ყველა პროფესიონალი ფერმერი გამოვიდეს.
თუ გლეხები საკუთარი მიწებს გააერთიანებენ, შექმნიან აგროჰოლდინგს, კოოპერატივს, დაიქირავებენ პროფესიონალ აგრონომებს, ბუღალტრებს, ეკონომისტებს, ისინი შეიძლება მათივე წრიდან იყნენ, დანარჩენი მიწის მეპატრონეები ან დასაქმდებიან იმავე ჰოლდინგში, ან იშოვიან სხვა სამსახურს, თუნდაც ქალაქში ან იქვე სოფლად გაიჩენენ ბიზნესს, წლის ბოლოს თავიანთი მიწის მოცულობის შესაბამისად დამსახურებულ დივიდენდს მიიღებენ. რაც მალე გატარდება მსგავსი რეფორმები და მოხდება ცვლილებები სოფლსა და სოფლის მეურნეობაში, მით მალე მოვა წარმატება.
შოთა მაჭარაშვილი