თაფლის უვნებლობის მოთხოვნები
თაფლის წარმოების პროცესი და პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს კანონმდებლობის მოთხოვნებს, რომლებიც მოცემულია გზამკვლევიში. ამ საკითხებზე სასურველია თაფლის საწარმომ მიიღოს კონსულტაციები სურსათის ეროვნული სააგენტოსგან და სპეციალიზირებული კომპანიებისგან/პირებისგან.
თაფლი მიღებული უნდა იყოს ჯანმრთელი ფუტკრისაგან და გამოდიოდეს ფუტკრის ინფექციური დაავადებების მხრივ კეთილსაიმედო მეურნეობიდან (რეგიონიდან).
თაფლის ფერი, კონსისტენცია, არომატი და გემო, შაქრის შემცველობა (ფრუქტოზის და გლუკოზის საერთო რაოდენობა + საქაროზას შემცველობა), სინესტის მასური წილი, წყალში უხსნადი მყარი ნაწილაკები, ელექტროგამტარობა, საერთო მჟავიანობა, დიასტაზის რიცხვი და ჰიდროქსილმეთილფურფუროლის შემცველობა უნდა აკმაყოფილებდეს „თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით“ განსაზღვრულ მოთხოვნებს.
თაფლი მიღებული უნდა იყოს საწარმოდან, სადაც დანერგილია HACCP-ის სისტემა.
დაუშვებელია:
თაფლში საკვებდანამატების და სხვა საკვები ინგრედიენტების დამატება.
თაფლიდან ყვავილის მტვრის ან სხვა შემადგენელი კომპონენტის მოცილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტვრის ან სხვა შემადგენელი კომპონენტის მოცილება განპირობებულია მასში მოხვედრილი უცხო არაორგანული და ორგანული ნივთიერებების მოცილების აუცილებლობით.
თაფლის გაცხელება და გადამუშავება ისე, რომ შეიცვალოს მისი ძირითადი მაჩვენებლები.
თაფლის მჟავიანობის ხელოვნურად შეცვლა.
გამოკრისტალებული თაფლის ქიმიური და ბიოქიმიური მეთოდებით დამუშავება.
აკრძალულია:
არარეგისტრირებული ნივთიერების (სუბსტანციის) ან საშუალების გამოყენება, ასევე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნივთიერების (სუბსტანციის) ან საშუალების არამიზნობრივად ან არასწორად გამოყენება.
მეფუტკრე ფერმერმა არ უნდა გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ანაბოლური მოქმედების მქონე ნივთიერებები და აკრძალული ნივთიერებები: სტილბენები, სტილბენების წარმოებულები, მათი მარილები და ეთერები; ანტითირეოიდული საშუალებები; სტეროიდები; რეზორცილის მჟავას ლაქტონები, მათ შორის ზერანოლი; ბეტა-აგონისტები; Aristolochia spp. და მისგან მიღებული პრეპარატები; ქლორამფენიკოლი; ქლორპრომაზინი; კოლხიცინი; დაპსონი; დიმეტრიდაზოლი; მეტრონიდაზოლი; ნიტროფურანები (მათ შორის, ფურაზოლიდონი); რონიდაზოლი.
მეფუტკრე ფერმერმა ვეტერინარული პრეპარატები, მათ შორის ანტიბიოტიკები, როგორებიც არის სულფონომიდები, ტეტრაციკლინი, თილოზინი, სტრეპტომიცინი და ქინოლები, ასევე კარბამატები და პირეტროიდები უნდა გამოიყენოს თანმხლები ინსტრუქციის შესაბამისად, ლოდინის (დაყოვნების) პერიოდის დაცვით.
შენიშვნა: თაფლი უნდა იყოს შემოწმებული და არ უნდა შეიცავდეს ისეთ ნივთიერებებს და გარემოს დამაბინძურებლებს, როგორებიცაა ქლორორგანული ნაერთები, მათ შორის, პოლიქლორბიფენილები, ფოსფორორგანული ნაერთები, ქიმიური ელემენტები, მიკოტოქსინები, რადიონუკლიდები.
„მეთაფლე ფუტკრის დაავადებების მართვა და უვნებელი თაფლის წარმოება“ (სახელმძღვანელო)