თელა
საქართველოში ბუნებრივად თელის სამი სახეობაა გავრცელებული: ჩვეულებრივი თელა, თელამუშა და თელადუმა. სამივე სახეობის ხეები პირველი სიდიდის არის (20-მეტრი და მეტი სიმაღლის). მათი მერქანი მშვენიერი ტექსტურის და მექანიკური თვისებების მქონეა, გამოიყენება როგრც ავეჯის, სხვადასხვა ლამაზი ნივთების საწარმოებლად ისე სამშენებლო საქმეში.
ჩვეულებრივი თელა ბუნებრივად გავრცელებულია ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიაში, შუა ევროპაში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე და მცირე აზიაში. ახალგაზრდობაში ის სწრაფმზარდია, სინათლის და სითბოს მომთხოვნი. საშუალო სინესტის ღრმა ნიადაგზე სიმაღლეში 30 მეტრამდე იზრდება და დიამეტრით 1.5 მეტრს აღწევს. აქვს, დიდი, გაშლილი ვარჯი. ველურად დაბლობებში და მთის ტყეების ქვედა სარტყელში სახლობს, ზღვის დონიდან 1000 მეტრამდე. იგი სიმშრალის ამტანი (ქსეროფიტი) მცენარეა და გავრცელებულია სამხრეთის მშრალ, ხრიოკ ფერდობებზე და დაბლობის მშრალ ადგილებში ქართულ მუხასთან, რცხილასთან, მინდვრის ნეკერჩხალთან და ზოგიერთ ქსეროფიტ სახეობასთან ერთად.
თელამუშა გავრცელებულია მთელ კავკასიაში, ევროპის სამხრეთ ნაწილში, ხმელთაშუა ზღვის განაპირა რაიონებსა და მცირე აზიაში.
ტანმაღალი ხეა, 35 მ-დე სიმაღლისა და 1,5 დიამეტრის მქონე. იგი კარგად იტანს სიცივეს და დაჩრდილვას. სინესტის მომთხოვნია, ამიტომ ჩრდილოეთ ფერდობზე და საერთოდ, ტენიან პირობებში _ ხეების გაყოლებით და ფერდობის წავაკებულ ნაწილებში, სადაც ღრმა და ტენიანი ნიადაგია.
თელადუმა გავრცელებულია მთელ კავკასიაში და ევროპის ცენტრალურ და სამხრეთ რაიონებში. იგი 35 მ-დე სიმაღლის ხეა. უფრო ჩრდილის სახეობაა, ვიდრე სინათლის, ამიტომ წიფლნარებსაც ერევა. იგი ასევე სინესტის მომთხოვნი და სიცივის ამტანი ხეა, მთაში 2200 მეტრამდეა გავრცელებული, მეტწილად სახლობს მთის ტყეების შუა სარტყელში.
ბოლო წლებში თელის სამივე სახეობის მასობრივი ხმობა აღინიშნება, რისი გამომწვეიც ე. წ. ჰოლანდიური სოკოვანი დაავადებაა. ბევრგან თელნარები თითქმის სრულიად განადგურდა. ამის გამო ბაღებსა და პარკებში თელის გაშენება ფაქტობრივად შეწყდა.
ვფიქრობთ, თელის კულტურის გაშენებაზე ხელის აღება სწორი არ არის.
ბუნებაში თელები წმინდა კულტურებს თითქმის არ ქმნიან, ამიტომ ის უნდა გაშენდეს მუხასთან, იფანთან, ფიჭვთან და სხვა ძვირფას სახეობებთან ერთად.
ტრისტან ჩერქეზიშვილი,
„ტყე და ადამიანი“