დარგებიმებაღეობაფერმერი ფერმერს

თხილი _ 2019 / არსებული ვითარება, შედეგები და გამოწვევები (მიმოხილვა)

ბოლო 3-4 წლის განმავლობაში თხილის კულტურის არსებობას მავნებელ-დაავადებებმა (აზიური ფაროსანა, გულის სიდამპლე) სერიოზული საფრთხე შეუქმნა. განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა 2018 წელი, როდესაც გატარებული ღონისძიებების მიუხედავად მოსავალი კატასტროფულად მცირე და უხარისხო იყო. თხილზე მოიმედე გლეხმა საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში თხილის აჩეხა და კენკროვნების თუ ჩაის გაშენება დაიწყო.

გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ სიურპრიზს უმზადებს კაცობრიობას. უპირველეს ყოვლისა იგი ადეკვატურ ზემოქმედებას ახდენს ცოცხალ ბუნებაზე, მცენარეულობაზე, ცხოველებზე, ადამიანებზე. ჩვენ  მიმოვიხილეთ  სტატიაში, როგორ შეეხება გლობალური კლიმატური ცვლილებები საქართველოს.“ თუმცა გამონაკლისი არც მიმდინარე 2019 წლის პერიოდი გახლდათ, რომელიც რბილი ზამთრით, საგაზაფხულო წაყინვებით, ცხელი გაზაფხულითა და გრილი ზაფხულით შემოიფარგლებოდა.

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში საგაზაფხულო კლიმატურმა არასტაბილურობამ მეხილოვნების, ციტრუსოვნების, მარცვლოვანი და ბოსტნეული კულტურების მოსავლიანობის კატასტროფული შემცირება გამოიწვია (ჟურნალ „ახალი აგრალური საქართველო“ 2019 N 8). ისმის კითხვა. რა მდგომარეობაში აღმოჩნდა თხილის კულტურა? თხილი ხომ დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის შემოსავლების ერთ-ერთ პრიორიტეტულ კულტურადაა მიჩნეული. გასულ წლებში თხილზე გაზრდილი მოთხოვნილებების გამო, ამ კულტურის გაშენებამ, ჩაის პლანტაციების სპონტანური ამოძირკვის ფონზე, საყოველთაო ხასიათი მიიღო და მისმა ფართობმა 30 ათას ჰა-ს გადააჭარბა. თუმცა ბოლო წლებში მავნებელ-დაავადებათა მასიური გავრცელების შედეგად მოსავლიანობა და ხარისხი კატასტროფულად დაეცა. სახელმწიფო აქტიურად ჩაება თხილისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელ-დაავადებათა წინაღმდეგ ბრძოლაში და მოსახლეობასთან ერთად გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწია.

წლეულს 2019 წელს თხილის მოსავლიანობა და ხარისხი გაცილებით უკეთესი აღმოჩნდა რამაც გარკვეული იმედი ჩაუსახა მოსახლეობას. ივლისის მეორე ნახევრიდან აქტიურად დაიწყო ნედლი თხილის მიღება-ჩაბარება და მთელი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში თხილის ფასი ხარისხების მიხედვით 1 კგ. 2-4.5 ლარს შეადგენდა.

ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ მოსახლეობა სახლებში აღარ ინახავს ნედლ თხილს, მათ ურჩევნიათ მოკრეფისთანავე გაყიდონ, რადგან სპეციალური გასაშრობ-გასახმობი აგრეგატების უქონლობის პირობებში ბუნებრივი გაშრობის შედეგადაც კი შესაძლებელია თხილის გულმა ლპობა დაიწყოს, რაც ექსპერიმენტებითაც დადასტურებულია.

მიმდინარე წელს თხილის შედარებით უკეთესი მოსავლიანობა და ხარისხი მრავალი ობიექტური თუ სუბიექტური პირობებითაა განპირობებული. ეს პროცესი უნდა განვიხილოთ თხილის მოსავლიანობაზე და ხარისხზე მოქმედ კომპლექს ფაქტორთა ერთობლიობით- დაწყებული კლიმატური პირობების, პლანტაციების მოვლა- განოყიერებისა და მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში. როგორც ვიუწყებოდით თხილის პლანტაციების მასიური გაშენების აგროტექნიკური ფონი თავიდანვე მნიშვნელოვანი ხარვეზებით ხასიათდებოდა. უპირველეს ყოვლისა ეს გახლავთ ნაჩაიარ მჟავე ნიადაგებზე ქიმიური მელიორაციისა და წინასწარ განოყიერების გარეშე თხილის გაშენება. ამასთან არ იცავდნენ თხილის ჯიშობრივი განაშენიანების სქემას. დაბალი იყო თხილის ახალგაზრდა პლანტაციების მოვლისა და განოყიერების აგროტექნოლოგია. კვლევებით დადასტურებულია, რომ თხილის სრულმოსავლიანი პლანტაციიდან ყოველწლიურად ერთ ტონა თხილის მოსავალზე და მცენარის ზრდა განვითარებაზე ნიადაგიდან გამოიტანება 20-30 კგ აზოტი, 6-8 კგ. ფოსფორი და 14-16 კგ. კალიუმი, რომლის კომპენსაცია ყოველწლიურად სასუქების რეგულარული შეტანით უნდა განხორციელდეს.

როგორც აღვნიშნეთ სულ სხვაგვარი ვითარებაა 2019 წელს. ხელისუფლებისა და მოსახლეობის აქტიური მოქმედებით კალენდარულ ვადებში განხორციელდა თხილის ნარგაობის შეწამვლა. გაზაფხულიდანვე იგრძნობოდა აზიური ფაროსანას მნიშვნელოვანი შემცირება. შეწამვლამ შედეგიც გამოიღო, თუმცა თხილის მოსავალს ამინდიც წაეხმარა, კერძოდ 2019 წლის მაისი და ივნისი დასავლეთ საქართველოში მშრალი და მზიანი იყო. სწორედ ამ პერიოდში ერევა სიდამპლე ნაყოფსა და ფოთოლს.

მშრალმა და მზიანმა კლიმატმა ხელი შეუწყო ნაყოფების ნორმალურ განვითარებას, თუმცა მეორეს მხრივ იმ ადგილებში სადაც თხილის ნარგაობა ნიადაგის ტენის დეფიციტს განიცდიდა- ხანგრძლივი გვალვების გამო ნორჩი ნაყოფების მოხალვა და ცვენა დაფიქსირდა. თხილის ნარგაობაში გატარებული კომპლექსური ღონისძიებების მიუხედავად მოსახლეობაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. ფერმერთა გარკვეული ნაწილი უკმაყოფილოა პესტიციდების ვარგისიანობით, რაც ხშირად დაბალი და უხარისხო მოსავლის მიზეზი ხდება, ხოლო მეორეს მხრივ პლანტაციების მასიური შეწამვლა არასასურველ ზემოქმედებას ახდენს ზოგიერთ სასოფლო სამეურნეო კულტურების მოსავლიანობაზე და ხარისხზე, ისეთები როგორებიცაა: ბოსტნეული და სხვა ნაზი კულტურები, ასევე ხშირად შეწამვლა მეფუტკრეობასაც აზიანებს.

ამის ნათელ მაგალითს ჩვენს მიერ ანასეულის ტერიტორიაზე თხილის კერძო ბაღებში ჩატარებული ექსპერიმენტიც მოწმობს.

საამისოდ შეირჩა სამი მსხმოიარე ნაკვეთი. ერთ მათგანში (დ. კარტოზიას ბაღში) ყველა აგროტექნიკურ ღონისძიებებთან ერთად ჩატარდა შვიდჯერადი  წამლობა იტალიური-ფერეროს მეთოდით. მეორე ბაღში (თ. ორაგველიძე) წამლობა განხორციელდა კომბინირებული მეთოდით – ხუთჯერ, ხოლო მესამე ნაკვეთი – საკონტროლო, სადაც გარდა აგროტექნიკური ღონისძიებებისა წამლობა არ ჩატარებულა. შედეგებიც ადეკვატურია:

პირველ ბაღში თხილის საღი ნაყოფების რაოდენობამ 63 % შეადგინა, თუმცა აქვე დაფიქსირდა ნაადრევად თხილის ნაყოფის მასიური ცვენა.

მეორე ბაღში საღი ნაყოფის რაოდენობა 93 %-ია, ხოლო მესამე – შეუწამვლელ ნაკვეთში 44 %-ი. ეს მონაცემები კიდევ ერთხელ მიუთითებს თხილის ბაღების მაღალ რეზისტენტულობაზე თითოეული აგროღონისძიებებისადმი.

მარტო შეწამვლა ან არშეწამვლა ყოველთვის როდი გვაძლევს ჩვენთვის სასურველ შედეგს. აღნიშნული მოსაზრების განმტკიცებისათვის მოვიყვანთ კიდევ ერთი ექსპერიმენტის შედეგს, რომელიც მიმდინარე 2019 წელს ჩატარდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის განყოფილების სპეციალისტების (ა. გირკელიძე, ა. ღლონტი) ორგანიზებით ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე: სოფ. სილაური, სოფ. ბოხვაური, სოფ. მაკვანეთი და სოფ. გურიანთა. თხილის ბაღებში სადემონსტრაციო ბაღების მოწყობა ითვალისწინებდა მეცნიერულ რეკომენდაციებზე დაყრდნობით შემუშავებული აგროტექნოლოგიური სამუშაოების ჩატარებას.

შერჩეულ ნაკვეთებზე წინასწარ ანასეულის ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკური ლაბორატორიის მიერ აღებული იქნა ნიადაგის ნიმუშები. მიღებული მონაცემების საფუძველზე თითოეულ ნაკვეთზე აპრილის თვეში შეტანილი იქნა რთული კომპლექსური სასუქები (NPK) და კირის შემცველი ნივთიერებები მცენარეთა ირგვლივ ერთი მეტრის რადიუსით 5-10 სმ. სიღრმეზე ნიადაგში ჩაკეთებით. მთელ სავეგეტაციო პერიოდში სხვა აგროტექნიკურ ღონისძიებებთან ერთად (ამონაყრების მოცილება, ნიადაგის გაფხვიერება, გაცელვა) ტარდებოდა მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ინტეგრირებული მეთოდები, რომელზედაც ზედამხედველობას ანხორციელებდა ანასეულის ლაბორატორიის წამყვანი სპეციალისტი ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი ლამზირა ბერაძე. რაც მთავარია მცენარეთა შეწამვლა-შესხურება ტარდებოდა მავნებელ -დაავადებათა გამოჩენის, განვითარების ფაზებისა და მავნეობის ხარისხის მიხედვით. შედეგმაც არ დააყოვნა.

მოვლის კომპლექსური აგროტექნიკური ღონისძიებების ფონზე თხილის ხარისხობრივმა მაჩვენებლებმა 93-97 % შეადგინა, ხოლო საშუალო მოსავლიანობამ 1.2-1.5 ტონა. ამრიგად სადემონსტრაციო ნაკვეთებზე ჩატარებული სამუშაოები კიდევ ერთხელ ადასტურებენ რაოდენ მნიშვნელოვანია თხილის ბაღებში თანმიმდევრული, გონივრული და მეცნიერულ რეკომენდაციებზე ორიენტირებული კომპლექსური ღონისძიებების გატარება საბოლოო შედეგების მისაღებად. თუმცა აქვე გასათვალისწინებელია მთელი წლის განმავლობაში თითოეულ ჰა. პლანტაციაში გაწეული შრომითი და ფულადი რესურსების მაჩვენებლებიც. ჩვენი წინასწარი გათვლებით, მაშინ როდესაც ყოველწლიურად მატულობს ფასები სასუქებზე, შხამ-ქიმიკატებზე, მუშახელზე და სხვა ერთი ჰა. სრულმოსავლიანი ბაღის მოვლა-ექსპლუატაცია 2000-2500 ლარის ფარგლებში მერყეობს. მაშინ როდესაც თხილის პროდუქციაზე არასტაბილური ჩასაბარებელი ფასების პირობებში ერთ ჰა-ზე მაქსიმალური შემოსავალი 4-5 ათას ლარს შეადგენს, ხოლო სუფთა შემოსავალი 2000-2500 ლარია, რაც ჩვენი პირობებისათვის არც თუ ისე მომგებიანია.

მეთხილეობის დარგში არსებული ნაკლოვანებები უპირველეს ყოვლისა განპირობებულია ჯერ კიდევ სამრეწველო პლანტაციების მოვლა-პატრონობის დაბალი კულტურით და მეორე – სახელმწიფოს მხრიდან მოსავლის მიღება-ჩაბარების ნაკლები დაინტერესებით. დღეისათვის ცხოვრებაში დამკვიდრდა თხილის მიღება-ანაზღაურების ე.წ. მანკიერი პრაქტიკა, რაც გულისხმობს შემდეგს: ე.წ. მიმღები პუნქტები ანუ გადამყიდველები მოსახლეობისაგან მიტანილი თხილიდან იღებენ საშუალო ნიმუშს ასი ცალის ოდენობით, იქვე ტეხენ და ითვლიან საღი-ვარგისი გულის რაოდენობას. თუ საღი გულის რაოდენობა ასი პროცენტია, მაშინ თხილის ერთ კგ-ში ჩამბარებელს უხდიან იმ მომენტისათვის დაფიქსირებულ უმაღლეს ფასს, ხოლო თუ პროდუქციაში საღი გულის რაოდენობა დაბალია შესაბამისად ფასებიც მცირდება.

რაც შეეხება შესასყიდ ფასებს რა თქმა უნდა ისინი მერყეობს მთავარი მიმღები კომპანიების თუ სააქციო საზოგადოებების ნება-სურვილით. ჩვენის აზრით უმჯობესია თხილის ჩაბარება წარმოებდეს უშუალოდ გადამამუშავებელ ქარხნებში ყოველგვარი შუამავლის ე.წ. გადამყიდველების გარეშე, რაც გლეხობისათვის უფრო მომგებიანი იქნებოდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თხილის მწარმოებელ რეგიონებში აგვისტოს ბოლო სექტემბრის პირველ ნახევარში ნაგვიანებად აკრეფილ თხილში წვიმებისა და აციების გამო ხარისხობრივი მაჩვენებლები გაუარესდა.

ასეთი პროდუქციის მიღებისაგან თხილის ჩამბარებელი პუნქტები უარს აცხადებდა რის გამოც უამრავი ფერმერი თუ გლეხი დაზარალდა, აქედან გამომდინარე თხილის რეალიზაციის პროცესში მეტად მნიშვნელოვანია მოსავლის დროული აღება და რეალიზაცია. ამრიგად თხილის მიღება-ჩაბარების და რეალიზაციის სფერო უფრო მოწესრიგებული და ანგარიშვალდებული უნდა იყოს მოსახლეობის წინაშე.

  ზემოთ მოტანილი მასალების ანალიზის საფუძველზე შესაძლებელია გავაკეთოთ შემდეგი ხასიათის დასკვნები:

1.      უკანასკნელ წლებში თხილის ბაღებში განვითარებულმა ნეგატიურმა მოვლენებმა სერიოზული საფრთხე შეუქმნა ამ კულტურის არსებობას, თუმცა ბოლო წლებში სახელმწიფოსა და მოსახლეობის მიერ გატარებულმა ერთობლივმა ღონისძიებებმა დადებითი შედეგი გამოიღო და საქართველოში გაშენებულ 30 ათას ჰა. თხილის ნარგაობას შესაძლებელია მარჩენლის სტატუსი დაუბრუნდეს.

2.      რეგიონების მიხედვით ნორმალურად მოვლილ თხილის ბაღებში 2019 წელს ხარისხობრივი მაჩვენებელი 60-90 %-ის ფარგლებში მერყეობდა, რაც შეეხება საჰექტარო მოსავლიანობას აქ მონაცემები არაერთგვაროვანია. მაის-ივნისის გვალვების შედეგად იქ სადაც ნიადაგის ტენის დეფიციტი დაფიქსირდა აღინიშნა ახალგაზრდა ნაყოფების მასიური ცვენა, რითაც მოსავლიანობა 30-40 %-ით შემცირდა.

3.      ჩვენი სპეციალისტების დაკვირვებებით მავნებელ აზიური ფაროსანას რაოდენობრიობა თუ 2017 წელს აპოგეაში იყო და ის ას პროცენტს შეადგენდა სახელმწიფოსა და მოსახლეობის აქტიური თანამშრომლობით გატარებული ღონისძიებების საფუძველზე (ქიმიური, მექანიკური) 2018 წელს აზიური ფაროსანას რაოდენობა 60-70%-მდე, ხოლო 2019 წლისათვის 25-30 %-მდე შემცირდა, მომავალ წლებში მისი მინიმუმამდე შემცირების თვალსაზრისით ქიმიურ და მექანიკურ ღონისძიებებთან ერთად ასევე მნიშვნელოვანი იქნება ბიოლოგიური ბრძოლის ღონისძიებების შემუშავება და პრაქტიკაში დანერგვა.

4.      თხილის ბაღებში სერიოზულ ღონისძიებად ისევ რჩება დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობის ამაღლება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ პლანტაციების ფიტო- სანიტარული, გასხვლა გაახალგაზრდავებისა და კვების რაციონალური სისტემების განხორციელება მნიშვნელოვნად ამაღლებს მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ გამოყენებული პესტიციდების ეფექტურობას.

5.      ფერმერები გლეხები, სათანადო ფინანსური რესურსების უქონლობის გამო სამწუხაროდ ვერ ანხორციელებენ თხილის ბაღებში კალენდარული სქემით ჩასატარებელ სამუშაოებს, პესტიციდებისა და სასუქების შეძენას, რისთვისაც მიზანშეწონილი იქნება მათზე წლის დასაწყისში შეღავათიანი აგროკრედიტების გაცემა.

6.      საბაზრო ეკონომიკის პირობებში უნდა მოწესრიგდეს თხილის მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის სფერო. იგი სახელმწიფოს კონტროლს უნდა ექვემდებარებოდეს და არ იყოს მთლიანად დამოკიდებული ზოგიერთი კომპანიების თუ ასოციაციების პირად გადაწყვეტილებებზე.

7.      რაც დრო გადის ვრწმუნდებით, რომ თუ გვინდა თხილის პროდუქცია საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდეს ამისათვის ზრუნვა წლის პირველი რიცხვებიდან უნდა დავიწყოთ. ამისათვის თხილის კულტურაზე უამრავი საინფორმაციო საშუალებები არსებობს. წიგნების, ბროშურების, ბუკლეტების და ინტერნეტის სახით, თუმცა მკვლევარ სპეციალისტების დახმარებით თითოეული ნაკვეთის დათვალიერება, ნიადაგის ნაყოფიერების შესწავლა და გასხვლა ფორმირების პრაქტიკული ათვისება ყველაზე საუკეთესო გარანტირებული მეთოდია. ამ მხრივ ანასეულის ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების კვლევის სამსახური, ნიადაგისა სურსათის დიაგნოსტიკური ლაბორატორია ბენეფიციარებს სთავაზობს დახმარებასა და მომსახურეობას მათთვის აქტუალურ საკითხებზე.

ქართული თხილი, რომ რეგიონში კონკურენტ-უნარიანი გახდეს ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ სახელმწიფოს, კერძო ბიზნესისა და მეცნიერების შეთანხმებული, გააზრებული და კოორდინირებული ქმედებების საფუძველზე.

           ზაურ გაბრიჩიძე,  სმმ დოქტორი პროფესორი,

           იოსებ ბასილია, სმმ დოქტორი,

           ნიკა გუნთაძე, სპეციალისტი მაგისტრანტი,

           ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების კვლევის სამსახური ოზურგეთი, ანასეული