თხილის ბაღების გასაშენებლად ადგილის შერჩევა
ფერმერმა უნდა იცოდეს, რომ თხილი ნიადაგისადმი დიდი შეგუებით ხასიათდება, იგი კარგად ხარობს როგორც მჟავე, ისე ნეიტრალურ და ტუტე ნიადაგებზე. მისთვის საუკეათესოა ჰუმუსით მდიდარი სტრუქტურული ნიადაგები, ის ვერ ეგუება ჭარბტენიან და ბიცობ ნიადაგებს. წყლისადმი საკმაოდ მომთხოვნია, იტანს სიმშრალესაც.
თხილი ფართოდ ვრცელდება საკმაოდ განსხვავებულ კლიმატურ-ნიადაგობრივ პირობებში. თუ ამის შესაძლებლობა არის მისთვის უნდა გამოიყოს საკმაო სიდიდის ვაკე, ან მცირე დაქანების ფერდობები.
როგორც აღვნიშნეთ თხილს აქვს ძლიერი და ამავე დროს ნიადაგის ზედა ფენებში ჰორიზონტალურად განლაგებული ფესვები, რითაც ამაგრებს და იცავს ნიადაგს ჩამორეცხვისაგან, ამ თვისების გამო თხილს 200-ზე მეტ დაქანებულ ფერდობებზე გასაშენებლად ხშირად იყენებენ.
ნიადაგის პირველადი დამუშავება
თხილის სამრეწველო ბაღების გაშენებისას შერჩეული ნაკვეთების პირველადი დამუშავების მიზანია: ნიადაგში წყლისა და ჰაერის რეჟიმის გაუმჯობესება, გაუმტარი ფენის რღვევა-გაფხვიერება ფესვთა სისტემის განვითარებისათვის, ნიადაგის საკვები ნივთიერებით გამდიდრება და სარეველების მოსპობა. ტყითა და ბუჩქებით დაფარული ადგილები იწმინდება და სუფთავდება.
ვაკე და მცირე დაქანების ფერდობებზე ტარდება ნიადაგის ძირითადი დამუშავება 40სმ. სიღრმეზე, რომლის დროს უნდა შევიტანოთ 250კგ. ფოსფორი და 200კგ. კალიუმის სუფთა ელემენტი ჰექტარზე.
15-200-მდე დაქანების ფერდობებზე ამჟამად აწყობენ აგროტერასებს, რისთვისაც თხილის მწკრივიდან ერთი მეტრის დაშორებით ფერდობის დაქანებისკენ ერთი მეტრი სიფართის ნიადაგის ზოლზე ითესება მრავალწლიანი ბალახების ნარევი (კოინდარი, სამყურა). აღმოცენებული ბალახები აჩერებენ წვიმებისაგან ჩამონარეცხი მიწის მასას და იქმნება აგროტერასა.
200-ზე მეტი დაქანების ფერდობებზე ნიადაგის მთლიანი დამუშავება მიზანშეწონილი არ არის, არამედ მცენარის დასარგავ ადგილებში უნდა ამოვიღოთ 0,8 მ. დიამეტრისა და 0,4 მ.-ის სიღრმის ორმოები,რომელშიც შეიტანება სასუქები და მომზადდება დასარგავად. დიდი დაქანების ფერდობებზე რეკომენდებულია ტერასების მოწყობა.
რელიეფის კონფიგურაციის გათვალისწინებით უნდა ჩატარდეს ეროზიის საწინააღმდეგო თუ დაშრობითი ღონისძიებები. კოლხეთის დაბლობის პირობებში მელიორაციული ღონისძიებების ფონზე ეწყობა ოვალური პროფილირებული კვლები ნიადაგის სათანადო დამუშავებითა და სასუქების წინასწარი შეტანით.
ნაკვეთის დაგეგმვა
ნიადაგის შერჩევისა და წინასწარი მომზადების შემდეგ ეწყობა თხილის ბაღების დაგეგმვა. ბაღები შესაძლებელია გაშენდეს კვადრატულად, სწორკუთხოვნად ან ჭადრაკულად.
მცენარეთა კვების ფართობი ( კვების არე) იცვლება ნიადაგურ-კლიმატური პირობების, თხილის ჯიშის, ზრდის სიძლიერის, რელიეფის დაქანების, სამუშაოთა მექანიზებულად ჩატარების და სხვა ფაქტორების მიხედვით. მწკრივების მიმართულება ვაკე ადგილებში ნებისმიერი, ხოლო ფერდობებზე – ჰორიზონტალური მიმართულება ეძლევა.
თხილის ნარგაობის გაადგილება შეიძლება მოხდეს კვების არის შემდეგი სქემით:
7×6 მ.( 240 ბუჩქი/ჰა-ზე);
7×4 მ.(285 ბუჩქი/ჰა-ზე);
6 x 6მ. (278 ბუჩქი/ჰა-ზე);
6×4 მ. (416 ბუჩქი/ჰა-ზე);
5×5 მ. (400 ბუჩქი/ჰა-ზე);
4×4 მ. (625 ბუჩქი/ჰა-ზე).
ზაურ გაბრიჩიძე,
სოფლის მეურნეობის მეცნიერების დოქტორი