აგროტექნოლოგიებიდარგებიმცენარეთა დაცვა

თხილის ფოთლოვანი გამოკვება

თხილის ფოთლოვანი გამოკვება ეფექტიანი საშუალება, თუ წყალში გადაყრილი ფული?  
რომელი ფოთლოვანი გამოკვების სასუქი იძლევა ყველაზე თვალსაჩინო ეფექტს თხილის კულტურაში?
  ასეთი შეკითხვები ფოთლოვანი გამოკვების სასუქების გამოყენების გადაწყვეტილების მიღების წინ, ალბათ ყველა ფერმერს გასჩენია.

ამ და უამრავ სხვა საკითხზე, საქართველოში ოფიციალური კვლევა  ადგილობრივ ჯიშებზე, კლიმატზე, თუ ნიადაგებზე ჯერ არ გაკეთებულა. ყოველ შემთხვევაში, თუ ვინმეს მსგავსი ცდები უწარმოებია, ფერმერების ფართო საზოგადოებისთვის ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის, ამიტომ იძულებულები ვართ, რომ დავეყრდნოთ უცხოურ ლიტერატურას, ან ვიხელმძვანელოთ პირადი გამოცდილებით.

ზოგადად, ფოთლოვანი საკვები ელემენტები იყოფა სამ ჯგუფად: პირველადი ელემენტები, მეორადი ელემენტები და მიკრო ელემენტები. ამ ჯგუფებიდან მხოლოდ მიკრო ელემენტების შევსებაა სრულად შესაძლებელი ფოთლოვანი კვებით. პირველადი და მეორადი ელემენტების ძირითადი მოთხოვნილების შესავსებად აუცილებელია ნიადაგიდან მისაცემი სასუქები.

პირველად ელემენტებში შედის აზოტი, ფოსფორი და კალიუმი. ეს ნივთიერებები იმდენად დიდი ოდენობითაა საჭირო, რომ მაგ ოდენობას ფოთლიდან შეტანით სრულად ვერასდროს უზრუნველყოფთ. ფოთლიდან ეს ელემენტები კლიმატური სტრესის დადგომამდე ან, დადგომის შემდგომ არის საჭირო რომ მივაშველოთ, მაგალითად, ადრე გაზაფხულზე, როცა მცენარე სრულად გაღვიძებული არაა და ეფექტურად ვერ ახერხებს ფესვიდან საკვები ნივთიერებების მიწოდებას. კლიმატური სტრესი შეიძლება გამოიწვიოს ძლიერმა ქარმა, ჭარბმა ნალექმა, ზედმეტად ცივმა ან, ცხელმა ტემპერატურამ, გვალვამ და ა.შ..

მეორადი ელემენტები აერთიანებს გოგირდს, კალციუმსა და მაგნიუმს. ამ ნივთიერებებს შედარებით ნაკლები ოდენობით მოიხმარს მცენარე, ვიდრე პირველ ჯგუფში არსებულ ნივთიერებებს, თუმცა მაინც საკმაო ოდენობით ესაჭიროება. იმ შემთხვევაში, თუ ამ ჯგუფში არსებული მიკრო ელემენტები ძლიერ დეფიციტში არაა, მათი მიწოდება შეიძლება ფოთლოვანი გამოკვებით. ძლიერი დეფიციტის დროს უმჯობესია ნიადაგიდან შევიტანოთ.

და ბოლოს, მესამე ჯგუფში შედის მიკრო ელემენტები. ესენია, რკინა, ბორი, მანგანუმი, თუთია, სპილენძი, მოლიბდენი. ყველა ნივთიერებას თავისი როლი აქვს მცენარის ზრდა-განვითარებაზე, დაავადების მიმართ მედეგობაზე, ნაყოფის ხარისხზე და ასე შემდეგ. ამ ნივთიერებების მიწოდება სასურველია ფოთლოვანი გზით, სეზონზე, მინიმუმ 3-ჯერ, აპრილის მეორე კვირიდან ივნისის პირველი კვირის ჩათვლით. ეს პერიოდი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ამ დროს ემთხვევა კლიმატური სტრესი და ნაყოფის გამონასკვა. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში ჯერ კიდევ არაა ფოთლის კანი, ეპიდერმისი გაუხეშებული და ფოთლოვან სასუქს შეღწევის უნარი ძალიან დიდი აქვს. ივნისის მეორე ნახევრიდან ფოთლის კანი უხეშდება და ფოთლოვანი სასუქის შეღწევადუნარიოანობა მცირდება.

ფოთლოვანი კვების პროგრამის დაგეგმისას აუცილებელია, რომ სპეციფიკა ვიცოდეთ, რადგან ყველა ტიპის სასუქის ერთმანეთში შერევა არ შეიძლება. ეფექტი არ ექნება და შესაძლოა შესაწამლი აპარატიც მარტივად დააზიანოთ. სხვა ნივთიერებებთან  ყველაზე  რთულად თავსებადი ნივთიერებაა კალციუმი, რომელიც, ამავდროულად, უაღრესად მნიშვნელოვანი ელემენტია მცენარისათვის.

გვახსოვდეს, რომ სწორად დაგეგმილი კვებითი პროგრამით შესაძლებელია რიგითი თხილის ბაღის მოსავლიანობა 3 ტონას გადავაცილოთ. ეს არ მოხდება ერთ სეზონზე, თუმცა 2 სეზონის კარგად მოვლის შემდეგ, სრულიად შესაძლებელია, რომ 1 ჰა-ზე 3 ტონა, ან მეტი მაღალი ხარისხის თხილის მოსავალი მივიღოთ. მთავარია, რომ გამოიძებნოს გზები, თუ როგორ მოხდება ამ 2 სეზონის მოვლისთვის საჭირო იაფ ფინანსურ რესურსებზე წვდომის გამარტივება ფერმერებისათვის, რაც თავის მხრივ, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე შეუძლებელია. ერთია ვიცოდეთ, როგორ მოვუაროთ, მეორეა გვქონდეს საშუალება, რომ მოვუაროთ. იმ შემთხვევაში, თუ ფერმერი შეძლებს 1 ჰექტარზე 3 ტონა მაღალი გამოსავლიანობის მქონე თხილის მოსავლის მიღებას, რაც არ უნდა დაბალი ფასი ღირდეს თხილი, ფერმერი ფინანსურად არასოდეს იზარალებს.

ფოთლოვან კვებაში აღსანიშნავია ერთი გარემოება, ერთიანად ყველა ელემენტის ერთმანეთთან შერევა არ შეიძლება. ასეთი მოქმედებით, უკეთეს შემთხვევაში, ელემენტები ერთმანეთს აბათილებენ, ან უარეს შემთხვევაში, საწამლ დანადგარს აფუჭებენ.

შერევადობის მხრივ ყველაზე ჭირვეული საკვები ელემენტია კალციუმი. სწორედ ამიტომ, ის კომპლექსურ ფოთლოვან კვებაში თითქმის არსად არ გვხვდება. კალციუმის შემცველი ფოთლოვანი სასუქები ან ცალკეა (ანუ, მხოლოდ კალციუმს შეიცავს), ან უკეთეს შემთხვევაში, კომბინაციაში მხოლოდ იმ საკვებ ელემენტებთან, რომელთანაც იგი თავსებადია. კალციუმის შემცველი სასუქის გამოყენება არ შეიძლება ფოსფორის და გოგირდის შემცველ ფოთლოვან სასუქებთან ერთად. სწორედ ამიტომ, კალციუმი სრულიად ამოღებულია კომბინირებულ ფოთლოვან სასუქებში. შესაბამისად, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ წლების განმავლობაში კალციუმი ფერმერს არც ნიადაგიდან და არც ფოთლიდან არ უნდა შეეტანა. ანუ, დიდი ალბათობით მრავალწლიან თხილის პლნტაციებში უნდა იყოს კალციუმის დეფიციტი.

მსხვილ მეთხილე ფერმერთა კავშირმა მოიძია მეცნიერული ლიტერატურა თხილის კულტურის შესახებ, რომლებშიც კალციუმის და სხვა ფოთლიდან მიწოდებული მიკრო ელემენტების ეფექტზეა საუბარი. მაგალითად, აშშ-ში, ერთ-ერთ ცდაში ორეგონის შტატში, მაისის შუა რიცხვებში ფოთლიდან მიწოდებულმა ბორმა საგრძნობლად გაზარდა მოსავალი (კვლევის ავტ. Shrethra et al., 1987). დაახლოებით იგივე შედეგზეა საუბარი ესპანეთში ჩატარებულ კვლევაზე 2005 წელს (კვლევის ავტ. Tous et. Al., 2005). 2009 წელს ჩაკა და სმიტის მიერ ჩატარებულ კვლევამ, სადაც ფოთლოვანი სასუქების ეფექტს აკვირდებოდნენ ორეგონის შტატში, დაამტკიცეს, რომ კალციუმის, აზოტის, ბორის და ხელატური ფორმის მიკრო ელემენტების შეტანამ საგრძნობლად გააუმჯობესა თხილის გულის გამოსავლიანობა, შეამცირა სიდამპლეები და გაზარდა საერთო მოსავალი. აღსანიშნავია, რომ ნიტრატული ფორმის აზოტი ასტიმულირებს კალციუმის კათიონების შეთვისებას, მაშინ, როცა ამონიუმის ფორმით მყოფი აზოტი პირიქით, ხელს უშლის კალციუმის შეთვისებას თხილის კულტურაში. (სტატიის ავტ. Bierman et al., 1990). კვლევებში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ კალციუმის დეფიციტის მაღალი ალბათობა გვაქვს მაშინ, როცა ცივი და ნალექიანი ამინდები დიდხანს გრძელდება. უფრო მეტიც, კალციუმი მნიშნვნელოვან როლს თამაშობს თხილის ყვავილობის დროს. ის ახანგრძლივებს ყვავილის მტვრის სიცოცხლისუნარიანობას და ზოგადად კულტურის ნაყოფიერებას. (სტატიის ავტორი Anil and Rao, 2001)

კალციუმის დეფიციტის ნეგატიური ზეგავლენა თხილის ხარისხზე ძალიან დიდია. საქართველოში კი, კალციუმის როლი ძალიან უგულვებელყოფილია. ერთ ერთ ცდაში, რომელიც აშშ-ში ჩატარდა, (ორეგონის შტატი, ჯიშის სახელწოდება Lewis, სამეცნიერო ნაშრომის ავტორი J. Cacka and P. Sanguankeo) დაამტკიცეს, რომ ფოთლოვანი კალციუმის, მიკრო ელემენტების და ამინომჟავების კოქტეილის ორჯერადად გამოყენებამ მაის-ივნისის შუა რიცხვებში, საშუალოდ 15 %-ით გაზარდა მოსავლის ოდენობა, გამოსავლიანობა გაზარდა 39%-დან 41%-მდე, ვიზუალური სიდამპლე კი, შეამცირა 4.6%-დან 2.7%-მდე.

სურათი 1

საქართველოში შარშანდელი (2021წ) მოსავლის თხილის გულს ერთი განსხვავებული სპეციფიკა ჰქონდა. შუაგულში მასიურად შეენიშნებოდა სიცარიელე და სიყვითლეები (იხილეთ სურათი 1). ერთ-ერთი ამერიკული კვლევა ამტკიცებს, რომ ეს პირდაპირი ნიშანია კალციუმის მასიურ დეფიციტზე. პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური იყო დასავლეთ საქართველოში არსებულ პლანტაციებში. ვფიქრობთ, რომ თუ აღმოვფხვრით კალციუმის დეფიციტს, დიდი ალბათობით, უკეთესი ხარისხის და რაოდენობის მოსავალს მივიღებთ, რაშიც, სავარაუდოდ, უკეთესს ფასს გადაგვიხდიან.

ზოგადი რეკომენდაციები ფოთლოვანი კვების შესახებ:

  1. ფოთლოვანი გამოკვება უნდა მოხდეს უშუალოდ იმ ფანჯარაში, როცა კონკრეტული ნივთიერება ესაჭიროება მცენარეს. თუ მივცემთ ამ ფანჯარის მიღმა, უფრო ადრე, ან უფრო გვიან, ეფექტი საგრძნობლად მცირე იქნება.
  2. თუ არ ჭირდება რომელიმე ნივთიერება და მაინც ვაძლევთ, ეფექტი არ გვექნება.
  3. ფოთლოვანი კვება და მცენარეთა დაცვის საშუალებები, როგორც წესი, ურთიერთთავსებადია ერთმანეთთან ძირითადი საკვები ნივთიერებების მოხმარების განაწილება თვეების მიხედვით მოცემულია ქვემოთ მდებარე ცხრილში N1.

ცხრილი N1: ახალგაზრდა თხილის ბაღებში აზოტის, ფოსფორის და კალიუმის შეტანის საჩვენებელი კალენდარი.

მსხვილ მეთხილე ფერმერთა კავშირი არ არეკლამებს არც ერთ პესტიციდებით მოვაჭრე კომპანიას. ეს მომავალშიც ასე დარჩება. ნუ გვთხოვთ დავწეროთ კონკრეტული სავაჭრო სახელები, ჩვენ არავის ვურჩევთ რომელიმე კონკრეტული მწარმოებლის პროდუქციას. ვასახელებთ მხოლოდ მოქმედ ნივთიერებას.

იმისათვის, რომ გაგიზიაროთ ერთი კარგად დაგეგმილი ფოთლოვანი კვების მაგალითი, ქვევით მდებარე ცხრილში გაჩვენებთ ერთ-ერთი ჩვენი კავშირის წევრის  ფოთლოვანი კვების სქემას 2022 სეზონისათვის.

ყველა ფოთლოვანი კვება ემთხვევა შხამ-ქიმიკატებით წამლობის გრაფიკს და მის შესატანად ცალკე შესვლა არ იგეგმება. პლანტაცია კოლხეთის დაბლობზეა, ნიადაგი მწირია კალიუმით, ხოლო ფოსფორით და კალციუმით საშუალოდ უზრუნველყოფილი.

სასუქების გაზრდილი ფასების ფონზე მნიშვნელოვანია, რომ მცენარეთა კვება კარგმა სპეციალისტმა დაგეგმოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ფუჭად მოგიწიოთ თანხების გადაყრა.

იმედს ვიტოვებთ, წლეულს კარგი მოსავალი და რაც მთავარია, კარგი ფასი ექნება თხილს და სათანადოდ დაფასდება ფერმერის შრომა.

წყარო: hfu.ge