თუ სოფელში ჩამოხვალთ, იმდენ დაუმუშავებელ მიწას ნახავთ?!…
კორონავირუსმა მსოფლიო ორი გლობალური გამოწვევის წინაშე დააყენა – ადამიანთა ჯანმრთელობა და მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისი. დაავადებულთა და გარდაცვლილთა შემდეგ, ყველა უცხოური მედიასაშუალება ვირუსის გამო უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების კატასტროფულ ზრდაზე საუბრობს. საქართველო, როგორც გლობალური მსოფლიოს ნაწილი, იგივე კრიზისის მოლოდინშია.
ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების და ადამიანთა გამოჯანმრთელების საკითხის მოგვარებაში უამრავი სტრუქტურაა ჩართული, რომელსაც ნამდვილად კარგად ართმევენ თავს. ჩვენ ეკონომიკური კრიზისზე გვინდა გავამახვილოთ ყურადღება. სახელმწიფო მოხელეები კარანტინის პირობებშიც იღებს ხელფასს, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც თვიდან თვემდე, ხელფასიდან ხელფასამდე ძლივს ახერხებდნენ თავის რჩენას, ყველაზე მძიმე დღეში აღმოჩნდნენ და ასეთები მერწმუნეთ, იმაზე გაცილებით მეტია, რასაც სტატისტიკა გვეუბნება. ამ ფონზე ე.წ. აგრარული ქვეყანა ზამთარში სავარაუდოდ პირველადი საკვები პროდუქტების დეფიციტის წინაშე დადგება და ეს მაშინ, როცა მილიონობით ლარია სოფლის მეურნეობაში გაფლანგული. მთავრობა ისევ ალაპარაკდა ამ სფეროს განვითარების აუცილებლობაზე, თუმცა გამოცდილებაზე დაყრდნობით, სიტუაციის გამოსწორების შემდეგაც, ალბათ ისევ უამრავ დახლზე ვიხილავთ იმპორტირებულ ხახვს, კარტოფილს, რძის პროდუქტებს, ხილს და სხვა დასახელების ბოსტნეულს….
რა ხდება ჩვენს სოფლებში, რას ფიქრობენ გლეხები, ფერმერები, რომლებიც ყველაზე მეტად უნდა გრძნობდნენ მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგებს, რადგან სწორედ მათ ხელშია ქვეყნის გამოკვების გასაღები. ამ საკითხზე რამდენიმე კითხვა დავუსვით ჩვენს ბლოგერს ხონის რაიონიდან, დამწყებ ფერმერს ირაკლი სოხაძეს.
_ ირაკლი, მოგეხსენებათ რა გამოწვევის წინაშეა ქვეყანა, ჯანმრთელობის გარდა, ქვეყანა კვების დეფიციტის წინაშე დგას. გარკვეული სახის პროდუქციის იმპორტი უკვე შეიზღუდა, გამორიცხული არ არის მათი რიგი კიდევ გაიზარდოს. ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრობდით მთავრობის მიერ სოფლის მეურნეობაში გატარებულ უსისტემო ქმედებებზე, შეიცვალა რამე?
_ არაფერი არ შეცვლილა. თუ სოფელში ჩამოხვალთ და ამდენ დაუმუშავებელ მიწას ნახავთ, თქვენ თვითონაც დარწმუნდებით, რომ კვების პრობლემა, ნამდვილად დადგება სიტუაციის გაჯანსაღების შემდეგ. მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისთვის კვების რაციონი კორონამდეც შორს იყო სრულფასოვნებისგან, მაგრამ ახლა კიდევ უფრო მწირი გახდა. სოფელში ბევრი უმუშევარი დაბრუნდა, აქაც რა უნდა ჭამონ, ბაზარი დაიხურა, რასაც ვაწარმოებთ, იმასაც ვერ ვყიდით. ერთი სიტყვით, სურათი დიდად სახარბიელო არ არის. არაფერი არ იცვლება, ერთ წრეზე ვტრიალებთ, რომლის ცენტრი მხოლოდ და მხოლოდ ოჯახის გამოკვებაა.
_ წლეულსაც ბევრი მიწაა დაუმუშავებელი?
_ ბევრი. დასავლეთ საქართველო, მოგეხსენებათ, ისედაც მცირემიწიანია და ეს მიწაც თუ დაუმუშავებელი დარჩა, მაშინ როგორ უნდა მოვახერხოთ კოვიდ 19-ის მიერ მიყენებული ზიანის შემცირება, არ ვიცი.
_ ეს უფრო სიზარმაცის გამო ხდება თუ ამაში მთავრობასაც მიუძღვის ბრალი?
_ რაც შეეხება სიზარმაცეს, ვერ დაგეთანხმებით? სოფელში ძველი საბჭოთა ტრაქტორების მეტს ვერაფერს ნახავთ, ეს საერთოდ სხვა თემაა, ჯერ არ მქონია შემთხვევა ნაკვეთის მოხვნისას მწყობრიდან არ გამოსულიყო და ნაწილების საძებნად არ წავსულიყავი მექანიზატორთან ერთად, ფარცხვისას ნახევარი თესლი მიწის ზემოთ რჩება.
ჩუქნიან ხალხს ტრაქტორსო, ამბობენ, მაგრამ ეს, როგორც ბევრი სხვა სიკეთე ჩვენამდე ჯერ ვერ აღწევს. იმ ტრაქტორითაც კი, რაზეც ხელი მიგვიწვდება, ხვნა-თესვა ძვირი ღირს, ახლა სათესლე მასალა იკითხეთ, ერთი კილო სათესლე კარტოფილი 1,5 ლარი ღირდა წლეულს. მიწას კი არა, მოსახლეობა საქონელსაც არ დაიყენებს მალე. ერთ ტომარა ქატოში 9 ლარს რომ ვიხდიდჲთ, ახლა 16 ლარი ღირს, ქერის თესლი 50 თეთრი ღირდა, ლარი გახდა, საქონლის ჭარხლის თესლი კი კილოგრამი _ 40 ლარი. აბა საიდან უნდა მოახერხოს ეს გლეხმა? თუ მოხდა სასწაული და შეძელი, მთავრობა იაფიანი რძის ფხვნილის და რძის დამამზადებელი რაღაც გაურკვეველი მასის შემოტანაზე თვალს დახუჭავს და მორჩა ნაღდი ყველის კონკურენცია ბაზარზე, მოგებაზე კი არა, მინუსებში გახვალ. გლეხს დავაბრალო ახლა ეს?!
_ რამდენიმე ხნის წინათ ჩვენ ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაში აპირებდით დაგეწყოთ კამპანია: „წელს მე უფრო მეტს მიწას ვამუშავებ, შენ?“, გამოგივიდათ?
_ ბევრმა მომწერა, მომიწონეს დაწყებული საქმე, მაგრამ მიწები ისევ დაუმუშავებელია. ერთ-ერთ გაზეთს ვესაუბრე და აქაც მინდა გავიმეორო, გამოცხადდა საგრანტო პროგრამა კოვიდ 19 მიერ მიყენებული ზარალის შემცირების შესახებ. სოფლის მეურნეობა არავის არ გახსენებია, ყოველი შემთხვევისთვის ჯერჯერობით. გლეხმა თუ პროდუქცია ვერ აწარმოა და ბაზარში არ გაიტანა, უმუშევრად დარჩენილ და სოფელში დაბრუნებულ ოჯახის წევრებს როგორ გამოკვებავს, თვითონაც რომ ბაზრის დაკეტვის გამო ცუდ მდგომარეობაშია, ეს ზიანი არ არის? რეალური საქმეა გასაკეთებელი როგორც მთავრობის ისე სამოქალაქო სექტორის მხრიდან. მარტო საუბარი, ტრენინგები და შეფუთული გეგმების დაწყობა სოფელს ვერ ააშენებს.
რამდენიმე დღის წინათ მეც გადავწყვიტე მიმემართა საგრანტო პროგრამაში მონაწილეობა საინიციატივო ჯგუფის სტატუსით, ვნახოთ.
_ რაიმე ახლის წამოწყებას ხომ არ გეგმავთ?
_ აქამდე არაფერი დაუფინანსებიათ ჩემთვის. თუმცა უკან მაინც არ ვიხევ. ამჟამად მიმდინარე პრობლემის გადაჭრის გზებს ვთავაზობ, ვნახოთ. თუ დამაფინანსებენ, აუცილებლად გაგაგებინებთ.
მინდა გითხრათ, რომ ჩემ წილ პასუხისმგებლობას გრანტის გარეშეც არ გავურბივარ. დავუკავშირდი ქალაქის მერს, ბატონ ლადო ჯურხაძეს და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ყოველკვირეულად უსასყიდლოდ შევთავაზე რძის პროდუქტები, რაზედ დიდი მადლობა გადამიხადა.
_ ისევ წინა კითხვას რომ დავუბრუნდეთ, ტრენინგები ახსენეთ, თქვენ თვლით, რომ ეს ზედმეტია და საკმარისი ცოდნაა სოფელში?
_ ის არ მითქვამს, ცოდნის და ინფორმაციის მიღება ზედმეტიათქო, თუმცა, როგორც რწმენა თვინიერ საქმისა არა არს, ისეა საერო ცხოვრებაში, მარტო ლაპარაკი არაფერს არ ცვლის. სოფლის მეურნეობაში გამოყოფილი ფული ძირითადად ლაპარაკს და ყოველ წელს ხუთწლიანი სამოქმედო გეგმების წერას ხმარდება. იმედია ახლა მაინც მოვუხმობთ ერთად გონიერებას.
_ და ბოლოს, ალბათ ადევნებთ თვალყურს რა ხდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის აღნიშვნასთან, სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრების და სასაფლაოებზე გასვლასთან დაკავშირებით, როგორ აფასებთ ამ საქმეს?
_ მარტივად, ადამიანი პირჯვარს რომ იწერს, პირველად შუბლზე, ე.ი. გონებაზე იდებს ხელს და არა კისერზე. რას ნიშნავს ეს? იქ სადაც გონება და გონიერება საქციელი არ არის, არც ღმერთია.
ესაუბრა ნესტან გუგუშვილი