თუშეთის დაცული ლანდშაფტი 2 245 ჰექტრით გაიზრდება
კანონპროექტი, საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე _ „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა.
კომიტეტს კანონპროექტი გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ წარუდგინა.
კანონპროექტში ცვლილების შეტანის საფუძველზე თუშეთის დაცული ლანდშაფტი 2 245 ჰექტრით გაიზრდება და 34 280 ჰექტარს მოიცავს.
კანონპროექტის თანახმად, თუშეთის დაცული ლანდშაფტის ფარგლებში მოექცევა სოფელი ტბათანა მიმდებარე ტერიტორიით და ჩამოყალიბდება ტბათანას დაცული ლანდშაფტის უბანი.
მიღებული ცვლილება წაახალისებს ტბათანას მდგრად განვითარებას, ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების დაცვას, უნიკალური კულტურული ლანდშაფტის შენარჩუნებას და ეკოტურიზმის განვითარებას. ტერიტორიაზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის შედეგად, გაიზრდება ვიზიტორთა რაოდენობა, რაც დადებითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
აღსანიშნავია, რომ სოფელი ტბათანა და მისი მიმდებარე ტერიტორია თავისი მდებარეობით ერთგვარ მაკავშირებელ დერეფანს ქმნის ბაწარას სახელმწიფო ნაკრძალს, ილტოს აღკვეთილსა და თუშეთის დაცულ ტერიტორიებს შორის, რაც მთლიან ტერიტორიაზე ეკოლოგიური პროცესების უწყვეტობას უზრუნველყოფს.