თუშური ცხენი
თუშური ცხენი კავკასიის ენდემია. ჩამოყალიბებულია ხალხური სელექციით, კავკასიონის მთავარი ქედის მთაგორიანი ზონის ჯოგური მეცხენეობის პირობებში. საჯდომ-სასაპალნე-პროდუქტიული მიმართულებისაა.
თუშური ცხენი ხასიათდება მშრალი მაგარი კონსტიტუციით, მომცრო, მაგრამ ჰარმონიული აგებულების სხეულით და მაგარი ძვლოვანი სისტემით.
ცხოველებს აქვთ მშრალი და მსუბუქი თავი, ფართო შუბლი, სწორი პროფილი, საშუალო ზომის და მოძრავი ყურები, საშუალო ზომის კისერი, განიერი მკერდი, ოდნავ დაქანებული გავა, სწორად მდგომი კიდურები, მაგარი ჩლიქები.
ფაშატის საშუალო განაზომებია:
სიმაღლე მინდაოში – 134 სმ;
ტანის ირიბი სიგრძე-139 სმ;
გულმკერდის ირგვლივა – 156 სმ;
ნების ირგვლივა -16,9 სმ;
ულაყის– 137, 144, 159 და 17 სმ.
თუშურ ცხენი უმთავრესად ქურანა ფერისაა. საკმაო მკვირცხლი, გამბედავი და ფრთხილია, შეჩვეულია უამინდობას, თოვლიან მთის ბილიკებზე სიარულს და კარგად იყენებს კლდოვან და ციცაბო საძოვრებს.
კარგ ორიენტაციასთან შერწყმული გულადობის გამო თუშური ცხენი მაღალ მთაში შეუდარებელ საჯდომ ცხენად ითვლება.
ისტორიულად ამ ცხენს იყენებდნენ სამეურნეო და სამხედრო დანიშნულებით.
დღეს სპორტული მიზნებისთვის, საცხენოსნო ტურიზმში, სასაპალნედ და სატრანსპორტო საშუალებებში შესაბმელად – შედარებით მსუბუქი ტვირთების გადასატანად გამოიყენება.
მეცხვარეები აღნიშნავენ, რომ თუშური ცხენი მაღალ მთაში სამუშაოდ შეუცვლელია, ვინაიდან გაუხშოებულ ჰაერზე გაცილებით უფრო ადვილად იტანს დატვირთვებს, ვიდრე ბარში ჩამოყალიბებული ჯიშები. საკმაოდ სწრაფია. 1000 მეტრ მანძილს 1 წუთს და 26,8 წამში ფარავს, 1200 მეტრს _ 1, 31 წამშიი, ხოლო 10000 მეტრს _ 14 წუთში და 42 წამში.
თუშური ცხენი გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოში, უპირატესად მომთაბარე მეცხვარეობის ეკონომიკურ ზონაში: ახმეტის, თელავის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, გურჯაანის, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში.
სანაშენე სულადობის ძირითადი რეპროდუქტორი იყო ახმეტის რაიონის სოფ. ქვემო ალვანის სანაშენე ფერმა, სადაც სასელექციო მუშაობა მიმდინარეობდა სხეულის ზომების გაზრდის, სისწრაფისა და მუშაობისუნარიანობის გაუმჯობესების მიმართულებით და ხდებოდა მათი გამოცდა.
მოშენების სპეციფიკურობა გამოიხატებოდა „დახურულ სანაშენე ბირთვში“ სელექციის მეთოდის გამოყენებაში, რამაც სასურველი ტიპთან მიახლოებული სულადობის ფორმირება უზრუნველყო.
დღეს ეს ფერმა აღარ არსებობს.
2004 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის მონაცემებით, გავრცელების ზონაში ცხენის საერთო რაოდენობა 5829 სული იყო, ხოლო თუ რამდენია მათში თუშური, უცნობია.
სანაშენე მუშაობის არარსებობის გამო მოსალოდნელია მისი სხვა ჯიშის ცხენებთან აღრევა და უნიკალური თვისებების დაკარგვა.
წყარო: elkana.org.ge