ტოკიოში ქართული ღვინის დეგუსტაცია საერთაშორისო გამოფენის „Foodex Japan 2025” ფარგლებში გაიმართა
ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი ტოკიოში მიმდინარე კვების პროდუქტებისა და სასმელების საერთაშორისო გამოფენის „Foodex Japan 2025” ფარგლებში გაიმართა. ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ირაკლი ჩოლობარგია უძღვებოდა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი სხვადასხვა კომპანიის როგორც ქვევრის, ისე კლასიკური მეთოდით დამზადებული ღვინოები. დეგუსტაციის ფარგლებში გამართული პრეზენტაცია მოიცავდა ქართული მეღვინეობის კულტურის განვითარების ისტორიას და ღვინის ინდუსტრიის თანამედროვე მდგომარეობას. ღონისძიებას ღვინის იმპორტიორები, საცალო და საბითუმო გაყიდვების აგენტები და ღვინის პროფესიონალები ესწრებოდნენ.
ქართული ღვინის წარდგენას, იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ ლეჟავა დაესწრო.
რიგით 50-ე საიუბილეო გამოფენა „Foodex Japan”, რომელიც აზიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურია, 11-14 მარტს, იაპონიის დედაქალაქში ტარდება და მასში ათასობით კომპანიის წარმომადგენელი მონაწილეობს. აღნიშნული გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის წარდგენა იაპონიაში პროდუქციის პოპულარიზაციის, ბაზარზე შესვლის და დამკვიდრების, ასევე, დისტრიბუტორი იაპონური კომპანიების მოძიების საუკეთესო გზას წარმოადგენს.
იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია აზიაში, სადაც, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა 2014 წელს გაიმართა.