ტორფის აბები ჩითილებისთვის: როგორ ავიცილოთ თავიდან შეცდომები
იცოდით რომ ტორფის აბებთან დაკავშირებული პრობლემების უმეტესობა, მათ არასწორ მომზადებაზის და გამოყენების გამო წარმოიქმნება?
მოდით დეტალურად განვიხილოთ ეს ტექნოლოგია: როგორ შევარჩიოთ, როგორ „დავალბოთ“ და როგორ ვმართოთ პროცესი ისე, რომ საუკეთესო ჩითილები მივიღოთ.
როგორ შევარჩიოთ სწორი აბი?
აგრომაღაზიებში ტორფის სხვადასხვა ზომის აბები იყიდება, ისინი ერთმანეთისგან დანიშნულეიბთ და ფასებითაც განსხვავდება.
აი, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება:
- დიამეტრი:
- 27-30 მმ: საუკეთესოა პატარა თესლებისთვის (მაგ. ყვავილების, მარწყვი). ბოსტნეულისთვის ეს ზომა პატარაა, რადგან ორ კვირაში ფესვები მთლიანად შეავსებს და მცენარე/ჩითილი ვეღარ გავითარდება.
- 41-44 მმ: ეს არის „ოქროს შუალედი“ პომიდვრისთვის, წიწაკისთვის, ბადრიჯნისა და კომბოსტოსთვის. ჩითილი აქ გადარგვამდე კომფორტულად იგრძნობს თავს.
- 70 მმ: განკუთვნილია გოგრისებრთა ოჯახისთვის (კიტრი, ყაბაყი, გოგრა), რომლებიც სწრაფად და მძლავრად იზრდებიან.
- გარსი (ბადე): ტორფის აბები აუცილებლად შეიძინეთ გარსით! ეს არის სპეციალური მასალა, რომელიც მას ფორმას უნარჩუნებს, რომლის გარეშე ის დასველებისას უბრალოდ ტორფის გროვად გადაიქცევა.
- შემადგენლობა:
- უბრალო ტორფი: იაფია და თითქმის არ შეიცავს საკვებ ელემენტებს.
- დანამატებით: შეიცავს ნეშომპალას და სასუქების სასტარტო კომპლექსს.
- პრემიუმი: გარსი დამუშავებულია ფუნგიციდებით, რაც იცავს მცენარეს მავნებლებისგან. ძვირადღირებული ჰიბრიდებისთვის ეს საუკეთესო არჩევანია.
როგორ „დავალბოთ“ აბები სწორად?
აქ მებაღეების 99% ცდება. ბევრი ფიქრობს, რომ ნელთბილი წყალი საკმარისია, თუმცა შედეგად აბი შიგნით მშრალი რჩება და თესლ ვერ ვითარდება.
სწორი ტექნოლოგია:
- გამოიყენეთ ცხელი წყალი (თითქმის მდუღარე).
- ჩააწყვეთ აბები მაღალ კონტეინერში, ჩაღრმავებული მხარით ზემოთ.
- დაასხით წყალი ისე, რომ თითქმის მთლიანად დაიფაროს.
- დაელოდეთ 15-30 წუთი. დაინახავთ, როგორ გადაიქცევა „აბები“ პატარა „კასრებად“ და სიმაღლეშიც 5-7-ჯერ გაიზრდება.
- შემოწმება: აბი უნდა იყოს ძალიან სველი, მასზე ხელის მოკიდებისას წყალი უნდა წვეთავდეს. შიგნით სიმშრალე არ უნდა ჰქონდეს!
- ბოლოს ზედმეტი წყალი კონტეინერიდან გადაღვარეთ.
რჩევა: თუ გსურთ ზედაპირული დეზინფექცია, ცხელ წყალში დაამატეთ კალიუმის პერმანგანატის („მარგანცოვკის“) რამდენიმე კრისტალი ღია ვარდისფერი ხსნარის მიღებამდე.
თესვა და მოვლა
აბების გაფუების შემდეგ, მათ ცენტრში დაინახავთ პატარა ჩაღრმავებას. თუ ის დაიხურა, კბილის ჩხირით ნაზად გააფართოვეთ.
- წვრილი თესლი: უბრალოდ ჩადეთ ორმოში, მიწის მოყრა არ სჭირდება (მათ სინათლეზე გაღვივება უყვართ).
- მსხვილი თესლი (პომიდორი, კიტრი): ჩადეთ ორმოში და ზემოდან ნაზად გადააფარეთ ტორფი გვერდებიდან.
მორწყვა: თესვისთანავე მორწყვა არ სჭირდება! აბი ისედაც სველია. ზემოდან წყლის დასხმით შეიძლება თესლი „ჩაძიროთ“. კონტეინერს დააფარეთ გამჭვირვალე თავსახური ან ცელოფანი და დადგით თბილ (+22…+25°C) და ნათელ ადგილას. დღეში ერთხელ გაანიავეთ 5-10 წუთით.
შემდგომი მოვლა: მორწყეთ მხოლოდ ქვემოდან (ლანგარზე). ჩაასხით წყალი კონტეინერში, აბები თავად შეიწოვს იმდენს, რამდენიც სჭირდებათ, ზედმეტი კი 20 წუთში გადაღვარეთ. ასე თავიდან აიცილებთ დაავადებს და ფესვებიც ქვემოთკენ, სიღრმეში დაიწყებენ ზრდას.
გადარგვის დრო!
როგორ მივხვდეთ, რომ მცენარეს მეტი ადგილი სჭირდება? უბრალოდ შეხედეთ აბს ქვემოდან. თუ ბადიდან ფესვები გამოჩნდა და გვერდებზეც გამოვიდა — დაყოვნება აღარ შეიძლება. პომიდვრისა და წიწაკისთვის ეს დრო ჩვეულებრივ ამოსვლიდან 3-4 კვირაში დგება.
მნიშვნელოვანი ნაბიჯი: მოაცილეთ ბადე! მიუხედავად იმისა, რომ მწარმოებლები ამბობენ, თითქოს ბადე მიწაში იხწნება, პრაქტიკა აჩვენებს, რომ ეს პროცესი ნელია და ბადემ შეიძლება ფესვების ზრდა შეაფერხოს.
ნაზად გაჭერით გარსი ორივე მხრიდან და მოხსენით ისე, რომ ფესვები არ დააზიანოთ.
დარგვა: აბი მოათავსეთ უფრო დიდ ქოთანში (0.5-1 ლ) და შეავსეთ კარგი ნიადაგით. არ ჩარგოთ ძალიან ღრმად! ზრდის წერტილი მიწის ზემოთ უნდა დარჩეს.
ტორფის აბები იდეალურია მათთვის, ვისაც სურს დაზოგოს დრო და თავიდან აიცილოს გადარგვისას ჩითილის ფესვების დაზიანება.
მთავარია აბის ცხელ წყალში დალბობა, ქვემოდან მორწყვა და ბადის დროული მოცილება არ დაგავიწყდეთ.

