ტრადიციის ძალა (ნამდვილი ამბავი)
ონის რაიონში ვიყავი მივლინებით. გავაშელების ოჯახმა მიმასპინძლა. ქალბატონი ინეზა მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის დირექტორია, ბატონი ავთანდილი ფართო დიაპაზონის ხელოვანი გახლავთ — 44 წელიწადია, ონის სახალხო თეატრის მსახიობი და ანსამბლ „რაჭის“ სოლისტია.
გვიანი შემოდგომა იყო და საღამოობით, საქმეს რომ მოვრჩებოდით, მოგუგუნე ღუმელთან ვიყრიდით თავს. ერთხელ, საოჯახო ალბომს რომ ვათვალიერებდი, ჩემი ყურადღება უცხოენოვანმა ბარათმა მიიპყრო, რომელიც 1991 წლითაა დათარიღებული. ხელს ჰანს შულცი აწერს. ოჯახის დიასახლისმა მითარგმნა წერილი: „ძალიან მინდა და ვალდებულიც ვარ, პირადად გავიცნო და მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებმაც შვილი დამიბრუნეს, მაგრამ 82 წლისას ექიმები თვითმფრინავით მგზავრობას მიკრძალავენ. ამიტომ იძულებული ვარ, სიკეთისთვის მადლობა ამ მომცრო ბარათით გადაგიხადოთ“.
მეტს არაფერს იტყობინება მხცოვანი ალემანი. საქმის არსში ქალბატონმა ინეზამ გამარკვია: ”რაჭაში 1991 წლის მიწისძვრის შემდეგ ონელთა დასახმარებლად გერმანიიდან ჩამოვიდა თავისუფალი ცხოვრების შემსწავლელი ორგანიზაცია ჰუმანიტარული დახმარებით. ჯგუფს ჩამოჰყვა ახალგაზრდა კაცი მარკ შულცი, რომელიც ორი თვის განმავლობაში ჩვენს ოჯახში ცხოვრობდა. სუფრასთან თავიდან მორცხვობდა, მერე გაგვიშინაურდა. ერთხელ ავთომ რომ უთხრა, ჩემს ძმასთან წავიდეთ საქეიფოდო, გაიკვირვა, კი მაგრამ, რომ არ დაგვირეკავს და არ გაგვიფრთხილებიაო?!
თანდათან შეეჩვია ქართულ ადათ-წესებს. თავიდან რომ არ სვამდა, ერთი თვის შემდეგ მშობლების სადღეგრძელოებისას სხვებს ასწრებდა ჭიქების შევსებას და ფეხზე წამოდგომას. თბილისში შვილების სანახავად რომ დავაპირე წასვლა, მარკს ვუთხარი, კერძებს დედაჩემი მოგიმზადებთ-მეთქი. მერედა, თანახმა იქნებაო, მკითხა. თვალებს არ დაუჯერა, საღამოს დედა რომ გვესტუმრა.
ორი თვის შემდეგ მარკი სამშობლოში გაემგზავრა. ახალი წასული იყო, ეს ბარათი რომ მივიღეთ. მართალი გითხრათ, მისი არსი ბოლომდე ჩვენც ვერ გავიგეთ. ის ვიცოდით მხოლოდ, რომ მარკს მილიონერი მამა ჰყავდა. ერთი თვის შემდეგ იგი ისევ გვეწვია. კვლავ ჩვენთან დარჩა. მამის წერილი რომ ვაჩვენეთ, გაეღიმა: „საქართველოში ჩამოსვლამდე 12 წელიწადი ვიყავი ოჯახიდან წამოსული – მამაჩემს განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრების გამო დავშორდი, – გვითხრა მან. – ამ ხნის განმავლობაში ერთმანეთი ტელეფონითაც არ მოგვიკითხავს. თქვენთან დედ-მამის მიმართ იმდენი სითბო და სიყვარული ვიგრძენი, რომ სხვაგვარად არ შემეძლო – გერმანიაში დაბრუნებისთანავე მშობლებს ვეახლე, მოვუბოდიშე და ოჯახს დავუბრუნდი. მოხუცების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ყველაფერს გავაკეთებ, მშობლებთან ისეთივე თბილი ურთიერთობა მქონდეს, როგორიც ქართველებს გაქვთ”…
ვაჟა დანელია
2010 წლის 31 დეკემბერი
აქვე წაიკითხავთ:
„სოფელში დაბრუნებულს უნებურად აზრები მომეძალა _ ჩვენ, ახალგაზრდები შევცვლით ქვეყანას“