ტრაქტორის ყველაზე გაბარიტული და სწრაფცვეთადი დეტალები — საბურავები, როგორ გავუხანგრძლივოთ ექსპლოატაციის ვადა
როგორ გავუხანგრძლივოთ საექსპლოატაციო ვადა ტრაქტორის ყველაზე გაბარიტულ და სწრაფ ცვეთად დეტალებს — საბურავებს?
აქვე შემოგთავაზებთ საბურავების ძირითადი დაზიანებების ექსპრეს-დიაგნოსტიკისა და ხარვეზების აღმოფხვრის მეთოდებს.
რა შეიძლება ითქვას საბურავებზე?
საბურავები ტრაქტორების, ავტომობილების, კომბაინების და სხვა სასოფლო სამეურნეო მანქანების ძირითადი დეტალებია, მათი მთავარი დანიშნულებაა, გადაადგილოს აღნიშნული აგრეგატები, იგოროს რაც შეიძლება რბილად და მინიმალური ცვეთით.
ტრაქტორის ან ავტომობილის მიმმართველი (წინა) თვლები თუ სწორად არის დაყენებული მაშინ, საბურავების ცვეთა და ძრავის სიმძლავრის დანახარჯი გორვაზე იქნება მინიმალური, მდგრადობა მაღალი, ხოლო მართვადობა იოლი.
მიმმართველი თვლების სწორად დაყენება განისაზღვრება ვერტიკალურ სიბრტყეში განხრის (развал) და ჰორიზონტალურ სიბრტყეში შეყრის (схождение) კუთხით.
თუ ტრაქტორზე სწორად არის დაყენებული თვლების განხრის და შეყრის კუთხეები, საბურავები და დისკები სწორად არის შერჩეული, ამავე დროს ტრაქტორს ასფალტიან და ბეტონიან გზაზე არ გადავაადგილებთ (4×4) ჩართული ოთხივე წამყვანი თვლით, მაშინ შესაძლებელია ფინანსური დანახარჯების მნიშვნელოვანი შემცირება, ვინაიდან ნაადრევად საბურავების ცვეთა გვაიძულებს ახალი საბურავების შეძენას, ან გაცვეთილი საბურავებით მუშაობას, რაც იწვევს საწვავის ხარჯის ზრდას, ამცირებს ტრაქტორის მდგრადობას და აუარესებს მის მართვადობას.
ა) თვლების განხრის კუთხე
დადებითი — ზედმეტი განხრის კუთხე
ხარვეზები: ტრაქტორის წინა ღერძის საბურავების ნიადაგჩამჭიდების გარეთა მხარის ინტენსიური და თანაბარი ცვეთა.
მიზეზები: წინა ღერძის თვლები ზედმეტად „გადაწოლილია” გარეთ. თვლების განხრის კუთხე a>20.
უარყოფითი — არასაკმარისი განხრის კუთხე
ხარვეზები: ტრაქტორის წინა ღერძის საბურავის ნიადაგჩამჭიდის შიდა მხრის ინტენსიური თანაბარი ცვეთა. მოსახვევში ტრაქტორის გადაადგილების შემდეგ თვლები თვითონ, ავტომატურად არ უბრუნდებიან პირვანდელ, სწორხაზობრივ მდგომარეობას, ან ამ პროცესს ასრულებს ძალიან ნელა.
მიზეზები: წინა ღერძის თვლები ზედმეტად „ჩაწოლილია” შიგნით, თვლების განხრის კუთხე a <00.
ხარვეზების აღმოფხვრის მეთოდები: დარეგულირდეს წინა თვლების განხრის კუთხე. ტრაქტორისათვის ოთხივე წამყვანი თვლით (4×4) ის არ უნდა აღემატებოდეს 10, ხოლო უკანაწამყვანთვლებიანი ტრაქტორისთვის კი — 30. ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს მარჯვენა და მარცხენა საბურავების ადგილმონაცვლეობა, ამით გავათანაბრებთ მათი ცვეთის სიდიდეს.
ბ) თვლების შეყრის კუთხე
თვლების შეყრის კუთხე დიდია:
ხარვეზები: საბურავის ნიადაგჩამჭიდების გარეთა წახნაგები უფრო მეტად იცვითება ვიდრე შიგნითა.
მიზეზები: ტრაქტორის წინა თვლების შეყრის კუთხე ზედმეტია (b-a) > 0
თვლების განშლის კუთხე ზედმეტია:
ხარვეზები: თვლების ნიადაგჩამჭიდების შიდა წახნაგები იცვითება გარე წახნაგებზე უფრო მეტად. საბურავი გზატკეცილზე მოძრაობის დროს ძალიან „ხმაურობს” და ვიბრირებს.
მიზეზები: სწორად არ არის დაყენებული წინა თვლების შეყრის კუთხე, საბურავები გაშლილია ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით.
ხარვეზის აღმოფხვრის მეთოდები: სრულამძრავიანი ტრაქტორისთვის (4×4) წინა თვლების შეყრის სიდიდე არ უნდა აღემატებოდეს 2მმ. თუ ეს სიდიდე არ რეგულირდება და აღემატება (2-4)მმ-ს აუცილებელია საჭის განივი წევის შეცვლა.
გ) ტრაქტორის წინა და უკანა ღერძების პარალელურობის დარღვევა:
ხარვეზები: ტრაქტორი ეწევა მარჯვნივ ან მარცხნივ სწორ ზედაპირზე მოძრაობის დროსაც კი. მუდმივად მოითხოვს საჭის გასწორებას, ამავე დროს წინა თვლები შედარებით სწრაფად იცვითება.
მიზეზები: ტრაქტორის ღერძების პარალელურობა დარღვეულია. ღერძთაშორისი დიფერენციალის ბლოკირების დროს, უკანა ღერძზე მოქმედებს დიდი მაბრუნი მომენტი, ამიტომაც უკანა ღერძი „გადადის” გვერდზე.
ხარვეზის აღმოფხვრის მეთოდები: მოვაწესრიგოთ ტრანსმისიისა და ბლოკირების მექანიზმები, არ დავუშვათ ტრაქტორის ღერძების პარალელურობის დარღვევა.
დ) ტრაქტორის მუშაობა მუდმივად ჩართული სრული ამძრავით (4x4):
ხარვეზები: წინა ღერძის ინტენსიური და თანაბარი ცვეთა, ნიადაგჩამჭიდები ღებულობენ წამახვილებულ ფორმას. უკანა ღერძის საბურავების პროტექტორები კი დაღარულია, აქვს ამონაგლეჯები და ბორცვაკები.
მიზეზები:
1) ტრაქტორის მოძრაობა ასფალტიან ან ბეტონიან გზებზე სრული (4×4) ამძრავით. მინდვრიდან გამოსვლის შემდეგ ტრაქტორისტს დაავიწყდა სრული ამძრავის გამორთვა, ან დაზიანებულია გამომრთველი მექნიზმი ან ელექტრონიკა.
2) თვლების დისკისა და საბურავების ტიპისა და ზომების შეუთავსებლობა, ან მათი არარეკომენდებული ხერხით გამოყენება, რაც იწვევს ერთი ღერძის თვლების „წინსწრებას” მეორის მიმართ. იგივე შეიძლება მოხდეს, როცა წინა ღერძზე დაყენებულია ახალი საბურავები, ხოლო უკანა ღერძზე ძველი, გაცვეთილი საბურავები. ასევე როცა წინა თვლებში წნევა ძალიან მაღალია, ხოლო უკანა თვლებში ძალიან დაბალი.
ხარვეზების აღმოფხვრის მეთოდები: 1) ტრაქტორის სრული აძვრა გამოვიყენოთ მხოლოდ მაშინ, როცა ის აუცილებელია; მაგალითად ფხვიერ და დაუტკეპნავ ნიადაგებზე მუშაობის დროს. 2) შევამოწმოთ სრული აძვრის ჩამრთავი სისტემის გამართულობა. 3) შევამოწმოთ წნევა საბურავებში და დავარეგულიროთ ის ტრაქტორის მიერ შესასრულებელი სამუშაოებისათვის რეკომენდებულ ზღვრებში. 4) შევამოწმოთ თვლების წინსწრება, განსხვავება ზღვრებში უნდა იყოს +1%-დან
ე) ტრაქტორის მართვადობის დარღვევა
ხარვეზები: წინა ღერძის ერთ-ერთი საბურავის ნიადაგჩამჭიდები შუა ნაწილში ინტენსიურად იცვითება, ვიდრე მეორე წინა საბურავის.
მიზეზები: საჭის მობრუნების დროს თვალი, რომელიც განლაგებულია მოსახვევის შიგნით, უნდა გადაიხაროს მეტი კუთხითβ, ვიდრე გარეთა თვალი (კუთხე α). ამ დროს იცვლება წინა თვლების შეყრის კუთხე, რომლის შედეგად მიიღწევა ტრაქტორის მობრუნების სტაბილურობა და მდგრადობა, მაგრამ α და β კუთხეების დიდი სხვაობის შემთხვევაში გარე თვალი ხელს უშლის შიგა თვლის გორვას და ბლოკავს მას. როგორც წესი ეს ხდება საჭის ტრაპეციის ერთ-ერთი წევის გამოცვლის შემდეგ, ამ შემთხვევაში საჭის მართვის გამაძლირებელი მექანიზმის ჰიდრო ცილინდრი წინა თვლების მიმართ დაცენტრებული არ არის.
ხარვეზების აღმოფხვრის მეთოდები: უნდა დარეგულირდეს საჭის ტრაპეციის წევები, ტრაქტორის ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად.
ვ) „მხტუნავი“ ტრაქტორი
ხარვეზები: 20 კილომეტრზე მეტი სიჩქარით მოძრაობის დროს ტრაქტორი იწყებს „ხტუნვას”. რაც მეტია სიჩქარე ტრაქტორი მეტად ხტუნავს. სიჩქარის შენელება, იწვევს მოძრაობის სტაბილიზებას.
მიზეზი. 1) დაშვებულია შეცდომები თვლების და საბურავების მონტაჟის დროს. თვლების დისკების ჩამკეტები არ არის დაცენტრებული მორგვის მიმართ, ან საბურავები არ არის დაცენტრებული დისკის მიმართ.
2) საბურავის ან დისკის ქარხნული ან ექსპლოატაციის დროს მიღებული დეფექტი; მაგალითად დარტყმის შედეგად დისკი დეფორმირებულია ან საბურავი დაძველებულია და ძლიერ დეფორმირებულია.
ხარვეზების აღმოფხვრის მეთოდები: აღმოიფხვრას წარმოქმნილი დისბალანსი საბურავებისა და დისკის დაცენტრებით, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში აუცილებელი ხდება მათი შეცვლა.
ნუგზარ ებანოიძე
ტექნიკის მეცნიერების დოქტორი, პროფესორი
ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“ №10