ტროპილელაფსოზის მართვა და მონიტორინგი (რეკომენდაცია)
ყოველ 20-25 დღეში ფუტკრის ოჯახების მონიტორინგი (მონიტორინგისას აუცილებელია გადაბეჭდილბარტყიანი უჯრის გადახსნა, ტროპის უმრავლესობა გადახსნილ უჯრას მაშინვე ტოვებს, რასაც აფიქსირებს მეფუტკრე.
ტროპის უკეთ დასაფიქსირებლად სასურველია განვითარების თეთრ ფაზაში მყოფი ფუტკრის ჭუპრიანი ფიჭის შერჩევა.
მონიტორინგის საწარმოებლად გამოგადგებათ სამამლე ხაფანგებიც. ჩემს შემთხვევაში სამუშე უჯრების დათვალიერებისას ვერ აღმოვაჩინე ტროპი, თუმცა ავაჭერი სამამლე ხაფანგები და სახლში დათვალიერებისას უკვე დავაფიქსირე. არ არის გამორიცხული, რომ ვაროას მსგავსად ტროპსაც მამალი ბარტყი იზიდავდეს, თუმცა დარწმუნებული არ ვარ, შემდგომი დაკვირვება მაჩვენებს ვარაუდის სისწორეს.
ყოველთვიური (20-25 დღეში) მონიტორინგი აუცილებელია, რადგან ტროპს შეუძლია 60 დღეში (2 თვეში) დაღუპვის ზღვრამდე მიიყვანოს ფუტკრის ოჯახი.
რადგან ტროპს ახასიათებს გამრავლების მაღალი კოეფიციენტი, მის წინააღმდეგ ეფექტურად ბრძოლისათვის აუცილებელია ახლომდებარე საფუტკრეებშიც გატარდეს ღონისძიებები სინქრონულად, რაც ასევე შეამცირებს ტროპის ხელახალი ინვაზირების ალბათობას და დროს მოიგებს მეფუტკრე.
თუ დააფიქსირეთ ტროპი, აუცილებელია ახლო მდებარე საფუტკრის მეპატრონეების გაფრთხილება, რომ მოახდინონ მონიტორინგი.
თუ არსებობს შესაძლებლობა კარგი იქნება დადგინდეს ტროპის გავრცელების შესაძლო წყარო (ნამთაბარევი საფუტკრე, მიტოვებული საფუტკრე და ა.შ.).
უნდა შეთანხმდეთ მეზობელ მეფუტკრეებთან ტროპის მართვის ღონისძიებებზე და ზოგადად სამოქმედო განრიგზე.
დაადგინოთ უნდა ტროპის შესაძლო რაოდენობა ფუტკრის ოჯახში, თუ გაქვთ 1% -იანი ინვაზია (100 ბარტყზე 1 ტროპი), დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოთ მოქმედებები.
1000 ბარტყზე 2-3 ტროპი არ გაძლევთ დამშვიდების საშუალებას და 21 დღის ვადაში მუდმივი მონიტორინგის ქვეშ, უნდა დაგეგმოთ პარაზიტის მართვის ღონისძიებები სრულად საფუტკრეში.
ყველაზე ეფექტურად ითვლება უბარტყო პერიოდის შექმნა (თქვენი გადასაწყვეტია ინვაზიის ხარისხიდან გამომდინარე თუ რომელ მეთოდს აირჩევთ).
მაღალი ინვაზიის შემთხვევაში (<5%-ზე) და ყველა ბარტყიანი ჩარჩოს ამორთმევა და ჭიანჭველმჟავის გამოყენება გარემოს კლიმატური პირობების გათვალისწინებით.
თუ არ გსურთ ჭიანჭველმჟავის გამოყენება, მაშინ 9 დღით უნდა შექმნათ უბარტყო პერიოდი, ტროპი შიმშილისგან დაიხოცება და შეგიძლიათ ვაროას წინააღმდეგ გამოიყენოთ რომელიმე რეგისტრირებული პრეპარატი, შესაბამისი ინსტრუქციის გათვალისწინებით ისე რომ, თაფლის და სხვა პროდუქტების დანაგვიანება არ გამოვიწვიოთ. უპირატესობას ვანიჭებ ვაროას წინააღმდეგ მჟაუნმჟავის სუბლიმაციას.
აუცილებელია ახლო მდებარე საფუტკრეებშიც განხორციელდეს ქმედებები სინქრონულად.
ინვაზირებული ზონიდან/ზონაში არ უნდა მოახეს ფუტკრის ოჯახების გაყვანა/შეყვანა.
დედა ფუტკრის გაყიდვისას მოახდინეთ მისი და თანმხლები ფუტკრების დაყოვნება 9 დღით გალიაში, შესაბამისი საკვებით, წყლით და კლიმატკონტროლით.
ამანათნაყრების ყიდვა/გაყიდვისას უპირატესობა მიანიჭეთ უჩარჩოო ამანათნაყრებს 9 დღიანი დაყოვნებით, შესაბამისი საკვებით, წყლით და კლიმატკონტროლის გათვალისწინებით.
ტკიპა ტროპილელაფსოზის სიცოცხლისუნარიანობა/ხანგრძლივობა:
ზრდასრულ ფუტკარზე 4 დღე-ღამე;
მშრალი ფიჭის უჯრაში 6 დღე-ღამე;
ყვავილის მტვერში, თაფლში, ფუტკრის რძეში 3 დღე-ღამე;
მკვდარ ფუტკარზე 9 დღე-ღამე.
ალეკო პაპავა,
საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება, აღმასრულებელი დირექტორი
ფოტო: ტროპილელაფსოზი (ალეკო პაპავა)