წითელი და შავი მოცხარი – მოყვანის აგროტექნოლოგიური თავისებურებები
მოცხარი Ribes-ის გვარის ერთ-ერთი უძველესი და ცნობილი კენკროვანი კულტურაა, რომელიც მრავალ სახეობას აერთიანებს. სამრეწველო მნიშვნელობა აქვს მხოლოდ რამდენიმე რამდენი მათგანს, რომელთაგან გამოყოფენ წითელ (Ribes rubrum) და შავ მოცხარს (Ribes nigrum), ასევე შეზღუდული კომერციული დატვირთვა აქვს ოქროსფერ (ნარინჯისფერ) მოცხარს (Ribes sativum), რომელიც ბოტანიკურად წითელი მოცხარის სახესხვაობას წარმოადგენს.
მოცხარი მაღალი საკვები თვისებებით გამოირჩევა და დიდი რაოდენობით ჯანმრთელობისათვის სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს. მის მოხმარებას ურჩევენ სამედიცინო მიზნით ართრიტების და რევმატიზმების სამკურნალოდ. დადგენილია, რომ მოცხარის მიღება ღვიძლის და თირკმლის ფუნქციების ცხოველქმედებას აუმჯობესებს. მიჩნეულია, რომ ეს კენკრა ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო ეფექტით და სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამართული მუშაობისათვის. მოცხარი წარმოადგენს ასკორბინის მჟავის ერთ-ერთ საუკეთესო წყაროს სხვა ხილ-კენკროვან კულტურებთან შედარებით (წითელი მოცხარი – 40 – 45 მგ/100გ, შავი მოცხარი – 170 – 190 მგ/100გ).
მსოფლიოში მოცხარის ფართობები 120 000 ჰა. მოიცავს, ხოლო მთლიანი წარმოება 642 000 ტონას (2010) შეადგენს, რომლის 50 %-ზე მეტი რუსეთზე (327 000 ტონა) მოდის. მოცხარის მსხვილი მწარმოებლები ასევე არიან: უკრაინა, პოლონეთი, ავსტრია, ინგლისი და სხვა.
მოცხარის 11 უმსხვილესი მწარმოებელი მსოფლიოში, ტონა, 2010
რუსეთი | 327 000.00 |
პოლონეთი | 190 782.00 |
უკრაინა | 25 800.00 |
ავსტრია | 22 920.00 |
ინგლისი | 17 300.00 |
გერმანია | 11 927.00 |
დანია | 11 500.00 |
ახალი ზელანდია | 7 800.00 |
საფრანგეთი | 7 440.00 |
უნგრეთი | 3 853.00 |
ჰოლანდია | 3 000.00 |
წყარო: FFAOstat,2012
სამწუხაროდ, საქართველოში მოცხარის წარმოების შესახებ სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს. იგი გავრცელებულია მხოლოდ საკარმიდამო ნაკვეთებზე, ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში ერთეული ბუჩქების ან მცირე ჯგუფური ნარგაობის სახით. რამდენიმე სამრეწველო დანიშნულების მცირე პლანტაცია გაშენებულია გორის და კასპის მუნიციპალიტეტებში.
შიდა სამომხმარებლო ბაზარზე ამ პროდუქტის იმპორტი არ ხდება და არც ექსპორტის მონაცემებია დაფიქსირებული. სეზონის განმავლობაში მოცხარის საბითუმო საბაზრო ფასი 1,8 – 2,8 ლარი/კგ-ზე ფარგლებში მერყეობს. რეალიზაცია ძირითადად ხდება მცირე პარტიებით (10-20 კგ.).
აგრობიოლოგიური თავისებურებები
მოცხარი მრავალწლიანი ბუჩქუა, რომლის ახალი ტოტები წარმიოქმნება ბუჩქის ქვედა ნაწილიდან. ივითარებს ფუნჯა ფესვთა სისტემას, რომელიც ძირითადად განლაგებულია ნიადაგის ზედაპირთან 10 – 40 სმ-ის სიღრმეზე. შავი მოცხარის ნაყოფები ერთ ბუჩქზე და ერთ მტევანზეც არაერთგვაროვნად მწიფდება, სანაყოფე მტევნის ზედა ნაწილში უფრო მსხილ ნაყოფებს ისხამს, ხოლო მტევნის წვერისკენ ნაყოფები უფრო წვრილია. ნაყოფები უფრო ადრე შემოდის ბუჩქის ფუძესთან, ხოლო გვიან – ბუჩქის კენწეროში. როგორც წითელი, ასევე შავი მოცხარი ჯიშების მიხედვით, ძირითადად ივნისის მეორე ნახევრიდან ივლისის ბოლომდე მწიფდება. შავი მოცხარი, ნაყოფის ფერის გარდა, წითელი მოცხარისგან მკაფიოდ გამოხატული სპეციფიკური სუნითაც განსხვავდება.
მოთხოვნა გარემო პირობებისადმი:
მოცხარი ტენის მიმართ მომთხოვნია და წყლით უზრუნველყოფილ, მაგრამ დრენირებულ ნიადაგებს მოითხოვს. მცენარე კარგად ხარობს როგორც მსუბუქ თიხნარ, ასევე ქვიშნარ ნიადაგებზე. მჟავე ნიადაგები მოცხარის გასაშენებლად არ გამოდგება, ამიტომ ასეთი ტიპის ნიადაგებში დარგვისას აუცილებელია კირის შეტანა. მაღალი კარბონატების შემცველ ნიადაგებზე კი აღინიშნება მოსავლიანობის შემცირება და მცენარის ზრდა-განვითარების შეზღუდვა. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ნიადაგის არის რეაქციის დამწევი საშუალებების გამოყენება, როგორიცაა, გოგირდმჟავას სუსტი ხსნარი (სწრაფი მოქმედების), რევონეტი (ნიადაგის დამამჟავებელი აგენტი), კოლოიდური გოგირდი (პროლონგირებული მოქმედების), და სხვა.
მოცხარი ხასიათდება მაღალი ზამთარგამძლეობით, უძლებს 28 – 320C ყინვას, თუმცა გაზაფხულის გვიან წაყინვების მიმართ მგრძნობიარეა. გასათვალისწინებელია, რომ როგორც შავი, ასევე წითელი მოცხარი მგრძნობიარეა ზაფხულის მაღალი სიცხეების მიმართაც. ამიტომ ცხელი ზაფხულის პირობებში ზოგ პირობებში ზიანდება ფოთლების აწვით.
დარგვა. წითელი და შავი მოცხარის პლანტაცია შესაძლებელია შემდეგი სქემით 3 X 1,0; 2,5 X 1,0 და 2,2 X 1,0 გაშენდეს. უმჯობესია შემაღლებულ ბაზო-კვლების მოწყობა და მათზე დარგვა. მოცხარის ნერგი ირგვება 40 სმ დიამეტრის და 30 სმ-ი სიღრმის ორმოში. დარგვისას ოდნავ დამოკლდება ფესვები, ხოლო ნერგი დაირგვება 3 – 5 სმ-ით უფრო ღრმად ვიდრე იზრდებოდა სანერგეში, ოდნავ დახრილ მდგომარეობაში, რათა ნიადაგში მოქცეული კვირტებიდან ინტენსიურად განვითარდეს ახალი ტოტები, რაც ხელს უწყობს ბუჩქის ფორმის სწრაფ წარმოქმნას. დარგვა შეიძლება როგორც შემოდგომაზე, ასევ ადრე გაზაფხულზე.
დამტვერვა: იმის მიუხედავად, რომ მოცხარის უმეტესი ჯიშები თვითდამტვერავია, მოსავლის ხარისხს და რაოდენობას მნიშვნელოვნად ზრდის ჯვარედინი დამტვერვა, ამიტომ პლანტაციის ერთი ჯიშით გაშენება რეკომენდებული არ არის.
დაცვა მავნებელ-დაავადებებისაგან: მოცხარი ზიანდება როგორც მავნებლებით, ასევე დაავადებებით, საქართველოს პირობებში მცენარეებს განსაკუთრებით დიდ ზიანს აყენებს ნაცარი და ანთრაქნოზი, ასევე სეპტორიოზი. ხოლო მავნებლებიდან – ხურტკმელის მზომელა და აბლაბუდიანი ტკიპა.
ნაცარი ძლიერ აზიანებს განსაკუთრებით შავ მოცხარს, პირველი სიმპტომები ვლინდება ყვავილობის დასრულების შემდეგ, რაც გამოიხატება ფოთლებზე მოყვითალო-ყავისფერი ლაქების წარმოქმნაში, რომელიც შემდეგ მუქი ფერის გამხმარ ადგილებს ტოვებს. საგულისხმოა, რომ რუსული სელექციის ჯიშები ნაკლებად ზიანდებიან ნაცრით, ვიდრე ევროპული ჯიშები.
ზოგადი დაცვის სისტემა მოიცავს როგორც მექანიკური, ასევე ქიმიური დაცვის ღონისძიებების ჩატარებას. მექანიკური ღონისძიებებიდან აუცილებელია ადრე გაზაფხულზე ნაკვეთის გასუფთავება ჩამოცვენილი ფოთლებისაგან და გასხვლა, მობერებული ტოტების მოცილება.
პირველი წამლობა კვირტის გაშლამდე ბორდოს ნარევის 3 %-იანი ხსნარით ტარდება, შემდეგი წამლობები კი _ შემდეგი თანმიმდევრობით: ყვავილობამდე კოლოიდური გოგირდის 1 %-იანი ხსნარით შესხურება, ყვავილობის დასრულების შემდეგ ხორციელდება ნაცრის საწინააღმდეგო ფუნგიციდების გამოყენება: ტოპაზი (100 მლ/100 ლიტრზე), ფალკონი (60 მლ/100 ლიტრზე) და სხვა. მავნებლების (ტკიპები, მზომელები) კერების შემთხვევაში აღნიშნულ პრეპარატებს ემატებათ ინსექტიციდები (დურსბანი 200 მლ/100 ლიტრზე ან ბიოლოგიური ინსექტიციდი Bტ-ის ბაზაზე დიპელი 100 მლ/100 ლიტრზე, ტკიპების გამოჩენის შემთხვევაში – მასაი ან ენვიდორი (70 მლ/100 ლიტრზე). შემდეგ წამლობა გრძელდება 10 – 12 დღიანი ინტერვალით.
განოყიერება: განოყიერებისათვის იყენებენ გადამწვარ ნაკელს და მინერალურ სასუქებს: სრულ მსხმოიარობაში აზოტით გამოკვებისათვის იყენებენ ამონიუმის გვარჯილას ორ ვადაში: ადრე გაზაფხულზე – 80 -100 გრამი მცენარეზე, ნასკვების პერიოდში 40 – 50 გრამი მცენარეზე. ახალგაზრდა ბაღში იყენებენ ამ დოზის ნახევარს.
ფოსფორ-კალიუმით კვებისათვის მიმართავენ კომპლექსური სასუქების შეტანას გვიან შემოდგომაზე მიწაში ჩაკეთებით, (8 – 26 – 26) სასუქის შემთხვევაში 100 – 150 გრამი სასუქი ერთ მცენარეზე. Aასევე მეტად სასარგებლოა სპეციალური ფოთლის კომპლექსური სასუქების ერთჯერადი ან ორჯერადი გამოყენება მითითებული დოზის მიხედვით ფესვგარეშე გამოკვებისათვის.
სარეველების წინააღმდეგ ბრძოლა: როგორც ყველა კენკროვანი კულტურა, რომლის ფესვთა სისტემა ზედაპირულად არის განლაგებული, მოცხარიც ნაკლებად უძლებს სარეველებთან კონკურენციას, ამიტომ მათ საწინააღმდეგოდ საბრძოლველად მიმართავენ შემდეგ მეთოდებს: მოცხარის რიგის დაფარვა ნახერხის 5 – 8 სმ-იანი სიმაღლის მულჩით, სხვა მეთოდებიდან შესაძლებელია მხოლოდ ისეთი სპეციფიკური სელექტიური ჰერბიციდების გამოყენება, როგორიცაა პანტერა ან ტარგა სუპერისუპერი (მხოლოდ მარცვლოვან სარეველებზე, ადრეულ სტადიებში, 250 მლ/100 ლიტრზე), ლონტრელი, სტინგერი (125 მლ/100 ლიტრი) ფართოფოთლოვან სარეველებზე)ю
გასხვლა
წითელი მოცხარი
წითელი მოცხარის გასხვლის მთავარი მიზანია გადაშლილი, კარგად განათებული ბუჩქის მიღება, სადაც ხორციელდება მობერებული ძირითადი ტოტების ახალი ტოტებით ციკლური ჩანაცვლება და რეგულარული გამეჩხერება ჩახშირების თავიდან აცილების მიზნით.
I წელს ფორმირება იწყება დარგვის შემდეგ, დარგვის დროს ნერგის ყველა ტოტი ნიადაგიდან 3-4 კვირტზე გადაიჭრება.
II წელს წინა წლის ნაზარდებიდან შეირჩევა და დარჩება მხოლოდ 3-4 ყველაზე ძლიერი ტოტი, ხოლო ყველა დანარჩენი ტოტი ამოიჭრება რგოლზე. თუ ნაზარდი სუსტია, ძლიერი ტოტების დამოკლება ნიადაგიდან 10-15 სმ-ის სიმაღლეზე ხდება.
III წელს ყველა ორწლიანი ტოტი დარჩება, მათზე განვითარებული ზოგიერთი ჩამახშირებელი მეორადი ტოტები ან დამოკლდება ან ამოიჭრება. წინა წლის ტოტებიდან დარჩება მხოლოდ ყველაზე ძლიერი, სივრცეში პროპორციულად განლაგებული 3-4 ტოტი; დანარჩენი ნაზარდები ამოიჭრება რგოლზე.
IV წელს ბუჩქებზე დარჩება ყველა 3-წლიანი და 2-წლიანი ტოტი. მათზე განვითარებული ზოგიერთი ჩამახშირებელი მეორადი ტოტები ან დამოკლდება ან ამოიჭრება. წინა წლის ნაზარდიდან დარჩება მხოლოდ ყველაზე ძლიერი 3-4 ტოტი; დანარჩენი ნაზარდები ამოიჭრება რგოლზე.
V წელი და შემდეგ – ამოიჭრება ყველა 4-წლიანი, მობერებული ტოტი. წინა წლის ნაზარდიდან დარჩება მხოლოდ ყველაზე ძლიერი 3-5 ტოტი. ზოგადად მოცხარის გასხვლისას დაცული იქნება სხვლის შემდეგი პრინციპი: ამოისხვლება დაზიანებული, დაავადებული, ნიადაგზე გართხმული და ჩამახშირებელი ტოტები, დანარჩენი ნაზარდები ამოიჭრება რგოლზე. ბუჩქში არ დარჩება 4 წელზე მეტი ხნის ტოტი. სწორად ჩამოყალიბებული მოცხარის ბუჩქი შედგება 3-4 ერთწლიანი, ამდენივე ორწლიანი და სამწლიანი ძირითადი ტოტებისაგან.
შავი მოცხარი
შავი მოცხარის ისხვლება წითელი მოცხარის მსგავსად, განსხვავებულია მხოლოდ 2-3 სანაყოფე წლიანი ტოტების გასხვლა: მესამე წლიდან მიმართავენ ამ ტოტების დამოკლებას განტოტვის ადგილამდე და მეორად ტოტებზე გადაყვანას.
სურათი. შავი მოცხარის გასხვლა 1,2,3 და მე-4 წელს
ჯიშები
შავი და წითელი მოცხარის ჯიშების ფართო სპექტრი არსებობს, რომლებიც განსხვავდებიან სიმწიფის პერიოდით, ბუჩქის ზრდის სიძლიერით და ფორმით, ნაყოფების ზომით, გამძლეობით დაავადებების მიმართ და სხვა სელექცია მხოლოდ რუსეთში გამოყვანილია მოცხარის 200-ზე მეტი ჯიში. ქვემოთ მოცემულია მოკლე ინფორმაცია მოცხარის ზოგიერთი ფართოდ გავრცელებული ჯიშის ბიოლოგიურ-სამეურნეო თავისებურებების შესახებ:
შავი მოცხარი
გლობუსი
წარმოშობა: რუსული ჯიშია, მიღებულია ეკატერინბურგის კვლევით სადგურში გასული საუკუნის 80-იან წლებში ტ.შაგინის მიერ.
მცენარე: ზემოთმიმართული კომპაქტური ბუჩქია, ხასიათდება თვითდამტვერვის მაღალი პროცენტით (60 – 65 %), უხვმოსავლიანი, ნაკლებად ზიანდება ნაცრით.
ნაყოფი: საშუალოზე მსხვილი, (საშუალო მასა 1,5 – 1,8 გრამი), ნაკლებად გამოხატული მძაფრი გემოთი, გამოსადეგია ნედლად მოხმარებისათვის. საშუალო მოსავლიანობა 7 – 8 ტონა/ჰა.
გოლიათი
წარმოშობა: რუსეთში გავრცელებული ჯიშია, მიღებულია პეტერბურგის კვლევით ინსტიტუტში. სინონიმი: ლენინგრადის ბაგატირი.
მცენარე: ივითარებს ძლიერი ზრდის ბუჩქს, ნაკლებად გამძლეა ანთრაქნოზისა და ნაცრის მიმართ.
ნაყოფი: საშუალო ზომის, მასა 1,2 – 1,5 გრამი, უნივერსალური მოხმარებისაა. საშუალო მოსავლიანობა 8 – 11 ტონა/ჰა.
ბენ სარეკი
წარმოშობა: შოტლანდიის სოფლის მეურნეობის კვლევითი ინსტიტუტის (დანდი, ედინბურგი) სელექციის ჯიშია.
მცენარე: ხასიათდება დაბალი, კომპაქტური ბუჩქით, უხვმოსავლიანია, ზიანდება ნაცრით, უფრო ნაკლებად – ანთრაქნოზით.
ნაყოფი: მსხვილი, საშუალო მასა 1,5 – 2,1 გრამი, ადვილად მოსაკრეფია დაბერტყვით. საშუალო მოსავლიანობა 8 – 10 ტონა/ჰა.
ტიტანია
წარმოშობა. შვედი სელექციონერის პალ ტამაშის ჯიშია, მიღებულია გასული საუკუნის 80-იან წლებში.
მცენარე: საშუალო სიდიდის ბუჩქს ივითარებს, ნაცრით ნაკლებად ზიანდება, ტოლერანტულია ანთრაქნოზის მიმართ.
ნაყოფი: საშუალო ზომის, საშუალო მასა 1,3 – 1,7 გრამი, საჰექტარპ მოსავლიანობა 8 – 12 ტონა/ჰა.
წითელი მოცხარი
როვადა
მცენარე: ევროპის წამყვანი ჰოლანდიური ჯიშია,
მცენარე: საშუალო სიმაღლის ბუჩქით ხასიათდება, წითელი ფერის, ვერტიკალური ნაცრისადმი ნაკლებად გამძლეა, ადრე მოყვავილეა და ადვილად მოსაკრეფია.
ნაყოფი: საშუალო-საგვიანო სიმწიფის პერიოდის, გამოირჩევა საუცხოო საგემოვნო თვისებების. კენკრა მსხვილია, საშუალო მასა 0,7-0,8 გრამი, მტევნის სიგრძე 8 – 10 სმ, საშუალო მოსავლიანობა 10 – 12 ტონა/ჰა.
ჯონკერ ვან ტეტსი
წარმოშობა: ძველი ჰოლანდიური ჯიშია, გამოყვანილია იოჰან მაარსეს მიერ გასული საუკუნის 30 წლებში.
მცენარე: ივითარებს ვერტიკალურად მიმართულ ბუჩქს, ნაცრისადმი ტოლერანტულია, ადრე იწყებს ყვავილობას.
ნაყოფი: საადრეო სიმწიფის პერიოდის, ხასიათდება საუცხოო საგემოვნო თვისებებით.