დარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

ქართული ვაზის რამდენიმე ჯიში

გორული მწვანე

წარმოშობა: მწვანეს სახელწოდებით ჯიშები გავრცელებულია კახეთში, ქართლში, იმერეთში, რაჭაში, მესხეთში და სხვა. ყველა ეს ჯიში ერთმანეთისგან განსხვავებულია ამპელოგრაფიული და სამეურნეო ნიშნებით.

გორული მწვანეს სინონიმებია- მწვანე, სურამულა, თეთრფოთოლა, ჯიშიანი მწვანე და ლურჯი მწვანე. დასავლეთ საქართველოში (იმერეთში) მას “ქვიშხეთურსაც” უწოდებენ, რაც მისი იმერეთში ქვიშხეთიდან შეტანაზე მიუთითებს, ხოლო რაჭაში ამ ჯიშს “თბილისურს” უწოდებენ, რაც თბილისის გარეუბნიდან მის შეტანას გულისხმობს.

გავრცელება: 2004 წლის აღწერით გორული მწვანე 224 ჰექტარ ფართობზეა გაშენებული.

მოკლე აღწერა: ზრდის კონუსური მთლიანად დაფარულია ქეჩისებრი ბუსუსით და გადაჰკრავს ინტენსიური მოვარდისფრო ფერი. პირველი ახალგაშლილი ფოთოლი, როგორც ზედა ისე ქვედა მხრიდან დაფარულია ქეჩისებრი თეთრი ბუსუსით, ხოლო მხრიდან ახასიათებს ბრინჯაოსებრი შეფერვა.

ზრდასრული ფოთოლი მუქი მწვანეა და საშუალოზე დიდი, სიგრძე 13,5-20,6 სმ, ხოლო სიგანე 13-19,4 სმ. ფორმით მომრგვალოა ან განიეროვალური. ღრმად დანაკვთულია, ახასიათებს მეორადი ნაკვთებიც. ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი ღია ჩანგისებრია, მომრგვალო ან მახვილი ფუძით. ყვავილი ორსქესიანია.

მტევანი დიდი ან საშუალოა, განიერ-კონუსური, განტოტვილი, იშვიათად ცილინდრულ-კონუსური მოყვანილობისაა. მტევანი თხელია ან საშუალოდ კუმსი.

მარცვალი საჯდომ ბალიშზე საკმაოდ მტკიცედ არის მიმაგრებული. სრულ სიმწიფეში ყვითელ-მომწვანოდ არის შეფერილი, ოდნავ მოვარდისფრო ელფერით. მარცვალი საშუალო უფრო განიერია, მარცვლის კანი საკმაოდ სქელი და უხეშია. რბილობი საკმაოდ მკვრივი და ხორციანია.

ფენოლოგია: კვირტის გაშლას იწყებს 22-25 აპრილს. ყვავილობას იწყებს 3-6 ივნისს, შეთვალებას 19-23 აგვისტოს, ხოლო სრულ სიმწიფეში შედის 5-12 ოქტომბერს.

ჯიშური აგროტექნოლოგია: გორული მწვანე ადვილად ეგუება, როგორც გრძელ ისე საშუალო და მოკლე სხვლას მაღალი აგროტექნოლოგიის ფონზე, მისი დატვირთვა –შეიძლება შეადგენდეს 30-40 კვირტს ერთ ძირზე. ეფექტურია ყვავილობის წინ ყლორტების წვერების წაწყვეტა, რაც ზრდის გამონასკვის პროცესს.

დაავადების მიმართ გამძლეობა: ჯიში მიმღებიანია ჭრაქის მიმართ, შედარებით გამძლეა ნაცრის მიმართ. აგროწესებით გათვალისწინებული ქიმიური დაცვის ღონისძიებები უზრუნველყოფს ჯანსაღი მოსავლის მიღებას.

ტექნოლოგიური პოტენციალი: ქართლის მევენახეობის რაიონებში გორული მწვანე იძლევა მაღალხარისხოვან ევროპული ტიპის სუფრის ღვინოს და ბუნებრივად ცქრიალა ღვინოს. გორულ მწვანეს გამრავლების პერსპექტივები აქვს ქართლის ყველა რაიონში, მათ შორის მესხეთში, ხოლო დასავლეთ საქართველოს რაიონებიდან ზესტაფონსა და საჩხერეში.

კლონური სელექცია: გორული მწვანე სელექციურად დასახვეწია. მის ნარგაობაში ხშირად გვხვდება დაბალმოსავლიანი მეჩხერმტევნიანი ფორმები, რომელთაც მოსახლეობა “უჯიშოს”, “ავრეხს” და სხვა სახელებს უწოდებს. საკვირტე მასალის შეცვლისას სწორედ ამ მდგომარეობას უნდა გაეწიოს ანგარიში და მასალა აღებული უნდა იქნას აპრობირებული ვენახებიდან.

კრახუნა

წარმოშობა: კრახუნა ადგილობრივი თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია, გავრცელებულია იმერეთში, ძირითადად შუა იმერეთის სოფლებში: სვირი, ობჩა, დიდმი და სხვა. ივანე ჯავახიშვილის

განმარტებით: “კრახუნა” მარცვლის თვისების გამომხატველი იმერული წარმოშობის სიტყვაა. დასავლეთ საქართველოში ამბობენ: “მარცვალი პირში სკდება, კრახუნობს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში კრახუნა-კნატა-კნუტს _ კნატუნს” ნიშნავსო.

გავრცელება: 2004 წლის აღწერით კრახუნას 36 ჰექტარი ფართობი უჭირავს.

მოკლე აღწერა: ახალგაზრდა მოზარდი ყლორტის გვირვინი და პირველი ორი ჯერ კიდევ გაუშლელი ფოთოლაკი შებუსვილია სქელი ქეჩისებრი ბუსუსით, მომწვანო თეთრი ფერისაა, რომლებსაც ღია მოვარდისფრო არშია აკრავს გვირგვინისა და ფოთოლაკების ირგვლივ. ყლორტის შებუსვა ზევიდან ქვევით.

შუა იარუსის კარგად განვითარებული ფოთოლი საშუალო სიდიდისაა. ფოთლის ფირფიტა მომრგვალოა, უფრო ხშირად იგი განიერ-ოვალურია, ვიდრე მოგრძო, ფოთლის სიგრძე საშუალოდ 17-18სმ, ხოლო განი 18-19 სმ უდრის.
ფოთოლი მუქი მწვანე ფერისაა, უფრო ხშირად იგი ხუთნაკვთიანია, იშვიათად სამნაკვთიანებიც გვხვდება. ფოთლის ქვედა მხარე შებუსვილია საკმაოდ სქელი, აბლაბუდისებრი შებუსვით. ყუნწის ამონაკვეთი უმრავლეს ფოთლებზე ღიაა, იგი ჩანგისმაგვარია, ფუძით. ყვავილი ორსქესიანია.

მტევანი საშუალო სიდიდისაა, განიერ კონუსისებრი ფორმისა. მტევანი მკვრივია, იშვიათად საშუალო სიმკვრივის.
მარცვალი საშუალოზე უფრო მსხვილია, ფორმა ოვალური აქვს, იშვიათად მომრგვალო ფორმის მარცვლებიც გვხვდება. ფერით მომწვანო-ყვითელია. მარცვალი დაფარულია საკმაოდ სქელი ცვილისებრი ფიფქით. კანი თხელია, მაგრამ საკმაოდ მკვრივი, იგი ადვილად არ სცილდება რბილობს. რბილობი მკვრივი კნატუნაა, წვენი უფერულია, ჯიშური არომატიც მარცვალში სუსტად არის გამოხატული.

ფენოლოგია: კრახუნა კვირტის გაშლას იწყებს 9-15 აპრილს. ყვავილობას იწყებს 28 მაისიდან 4 ივნისამდე, სრულ სიმწიფეში შედის 16 სექტემბერი – 3 ოქტომბერი.

ჯიშური აგროტექნოლოგია: ნაკლებად არის შესწავლილი.

მოსავლიანობა: კრახუნა საშუალოზე მაღალი მოსავლიანობით ხასიათდება. მიკრორაიონების მიხედვით მისი მოსავლიანობა საშუალოდ 8-10 ტონამდე მერყეობს.

დაავადებების მიმართ გამძლეობა: კრახუნა ჭრაქის მიმართ ნაკლებად გამძლეა, ხოლო ნაცრის მიმართ საშუალოდ გამძლე. იგი ფილოქსერას მიმართაც ნაკლებ გამძლეობით გამოირჩევა.

ტექნოლოგიური პოტენციალი: კრახუნას ძირითადად იყენებენ იმერული და ევროპული სუფრის ღვინის დასაყენებლად. მაღალხარისხოვანი ღვინოს იძლევა შუა იმერეთიდან, განსაკუთრებით ზესტაფონისა და მაიაკოვსკის რაიონებიდან.

კლონური სელექცია: ჩატარებული არ არის.

მწვანე კახური

წარმოშობა: კახეთის სამრეწველო ჯიშია. იძლევა ევროპული ტიპის მაღალხარისხოვან თეთრ სუფრის ღვინოს. სახელწოდება მიღებული აქვს მწიფე მარცვლების მოყვითალო-მომწვანო ფერის გამო. ძველად, სოკოვანი დაავადებების გავრცელებამდე მწვანე ფართოდ ყოფილა გავრცელებული მთელ კახეთში. ამ დაავადებათა გავრცელების გამო მისი გაშენება შეიზღუდა და მინიმუმამდე დავიდა.

გავრცელება: 2004 წლის მონაცემებით მწვანე კახურის ნარგაობა 249 ჰექტარს შეადგენს.

მოკლე აღწერა: მოზარდი ყლორტის წვერი და გაუშლელი ფოთოლაკები შებუსულია სქელი ქეჩისებრი შებუსვით, შეფერილია თეთრად და სუსტი ვარდისფერი არშია აკრავს ფოთოლაკების ირგვლივ და ყუნწის გასწვრივ.
ფოთოლი საშუალო ზომისაა, განიერ კონუსისებრი ფორმის და მხრიანი. მტევნები ჩვეულებრივ საშუალო სიმკვრივისაა, მაგრამ იშვიათად მეჩხერი მტევნებიც გვხვდება.

მარცვლები საშუალო ზომისაა, ფორმა ოვალური აქვს, შუა წელში განიერია, ხოლო ბოლო მომრგვალებული აქვს. კანი თხელია და ადვილად სცილდება რბილობს. რბილობი წვნიანია, წვენი უფერული, ნაზი, ჯიშური არომატით.

ფენოლოგია: კვირტის გაშლას იწყებს 10-22 აპრილს. ყვავილობს 20 მაისიდან 6 ივლისამდე, სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის ბოლოს.
ჯიშური აგროტექნოლოგია: არ არის შესწავლილი.

მოსავლიანობა: მწვანე ხასიათდება შედარებით მაღალი მოსავლიანობით და პროდუქციის მაღალი ხარისხით. კახეთის სხვადასხვა რაიონში მისი საჰექტარო მოსავლიანობა 5,6 ტონიდან 11 ტონამდე მერყეობს.

დაავადების მიმართ გამძლეობა: მწვანე სხვა კახურ ჯიშებთან შედარებით ადვილად ავადდება ნაცრით. ჭრაქის მიმართ განსაკუთრებული მგრძნობელობა არ ახასიათებს. თუმცა, რქაწითელთან შედარებით უფრო მიმღებიანია. შედარებით გამძლეა ფილოქსერას მიმართ.
ავასირხვა

წარმოშობა: ავასირხვა აფხაზური, მცირედ გავრცელებული ჯიშია. მისი სინონიმებია – ავასარხვა, აიოსირხვაჟი, აჟიში, აუასირხვა, ავასირხვაჟიში.

გავრცელება: 2004 წლის აღწერით ავასირხვას 7 ჰექტარი ფართობი უჭირავს.

მოკლე აღწერა: ახალგაზრდა მოზარდი ყლორტის წვეროები გვირგვინის პირველი ორი ფოთოლაკითურთ შებუსვილია ორივე მხრიდან აბლაბუდისებრი ბუსუსით, უფრო ინტენსიურად კი ფოთლის ქვედა მხრიდან მორუხო-მწვანე ფერისაა.
შუა იარუსის ფოთოლი საშუალო ზომისაა (17-18სმ). ფოთოლი მომრგვალო, იშვიათად ოვალისებრია, გვხვდება სამნაკვთიანი ფოთლები, იშვიათად ხუთნაკვთიანი.
ყუნწის ამონაკვეთის ფორმა მცირედ ცვალებადობს. მას ელიფსისმაგვარი ფორმა და მახვილივით ფუძე აქვს.
ყვავილი ორსქესიანია.

მტევნების ზომა საშუალოა, ფორმა-ცილინდრული-კონუსისებრი მტევნები საშუალო სიმკვრივისაა. მტევნები ხასიათდება წვრილმარცვლიანობით.

მარცვლების ფორმა უფრო ხშირად ოვალურია, მაგრამ მომრგვალო ფორმის მარცვლებიც გვხვდება. ფერით მომწვანო-ყვითელი ფერისაა. მარცვლის კანი თხელი, მაგრამ საკმაოდ მკვრივია. რბილობი წვნიანია და ადვილად სცილდება კანს. მარცვალს სასიამოვნო გემო და სუსტად გამოხატული არომატი აქვს. მარცვალი საკმაოდ სქელი ცვილისებრი ფიფქითაა დაფარული.

ფენოლოგია: კვირტის გაშლას იწყებს 18-20 აპრილს, ყვავილობას იწყებს ივნისს, შეთვალებას -19-25 აგვოსტოს, სრულ სიმწიფეში შედის 12-17 ოქტომბერს.

მოსავლიანობა: ავასირხვა საშუალო მოსავლიანობით ხასიათდება, საშუალოდ ჰექტარზე 6-7 ტონას იძლევა.

დაავადების მიმართ გამძლეობა: ავასირხვას სოკოვანი ავადმყოფობის მიმართ (ჭრაქი, ნაცარი) გამძლეობა შედარებით კარგი აქვს.

ტექნოლოგიური პოტენციალი: ავასირხვა იძლევა ხარისხოვან ღვინოს. ღვინო ხასიათდება სასიამოვნო ჯიშური არომატით.

კლონური სელექცია: მცირე ფართობზე გავრცელების გამო მისი კლონური სელექცია არ არის ჩატარებული.

ალიგოტე

წარმოშობა: ალიგოტე ფრანგული თეთრყურძნიანი ვაზის საღვინე ჯიშია. საქართველოში ალიგოტე შემოტანილია XX საუკუნის დასაწყისში. საქართველოში აღმოსავლეთ რაიონებში, კერძოდ მცხეთის რაიონის მუხრანის მევენახეობის ზონაში ამ ჯიშმა კარგი შედეგები მოგვცა, როგორც მოსავლიანობით, ასევე მაღალი ხარისხით.

გავრცელება: 2004 წლის აღწერით ალიგოტეს 97 ჰექტარი ფართობი ეჭირა.

მოკლე აღწერა: ზრდის კონუსი მოთეთროა, მოწითალო ელფერით და დაფარული მოოქროსფრო ბუსუსით. პირველი და მეორე ახლად გაშლილი ფოთლები ზემოდან ღია მომწვანო-მოყვითალო ელფერით. ფირფიტის კიდურებს და კბილებს ემჩნევათ მოწითალო თვინისფერი, ქვემო მხრიდან დაფარულია სქელი მოთეთრო- ნაცრისფერი ბუსუსით.
ზრდადამთავრებული ფოთოლი ღია მწვანეა, მოყვითალო ელფერით და რამდენიმედ ბრჭყვიალაა. ფორმით მომრგვალოა და ოდნავ დანაკვთული. მისი სიგრძე აღწევს 16.8-17.4 სმ, ხოლო სიგანე 17.1-17.7 სმ. ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ხშირად ჩანგისებრი ფორმისაა-მახვილი ფუძით. მისი ზემო მხარე გლუვია ან ბადისებრ დანაოჭებული. ფირფიტის ზედაპირი ბრტყელია, ზოგჯერ ნაპირებით ქვემოთ არის ჩამოწეული. ქვემო მხრიდან უფრო ღია ფერის და მცირედ არის შებუსვილი მონაცრისფრო ბეწვისებრი ბუსუსით.

ყვავილი ორსქესიანია, ნორმალურად განვითარებული ბუტკოთი და მტვრიანებით.
მტევანი საშუალო სიდიდის ან საშუალოზე მცირეა, ფორმით ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსურია, ზოგჯერ ფრთიანი.

მარცვალი საკმაოდ მტკიცედ არის მიმაგრებული საჯდომ ბალიშზე. ფერით თეთრი-მომწვანოა. ფორმით მომრგვალოა, შუა წელში განიერია, ბოლო მომრგვალებული აქვს, სიმეტრიულია და თხელკანიანი, მცირე ხორციანი და მომეტებულ წვნიანი. მარცვლის კანი ცვილით მცირედ არის დაფარული.

ფენოლოგია: კვირტის გაშლას იწყებს 18-25 აპრილს. ყვავილობას იწყებს 1-7 ივნისს, შეთვალებას 15-20 აგვისტოს, ხოლო სრულ სიმწიფეში შედის 17-25 სექტემბერს.

ჯიშური აგროტექნოლოგია: ალიგოტესთვის გასხვლის ფორმებიდან საუკეთესო ეფექტს იძლევა ქართული ორმხრივი შპალერი გაორებული შტამბით, სადაც ვაზის საერთო დატვირთვა 16-18 კვირტს არ აღემატება.

მოსავლიანობა: ხელშემწყობ ეკოლოგიურ პირობებში ალიგოტე უხვი მოსავლიანობით ხასიათდება. საშუალოდ მისი მოსავლიანობა ჰექტარზე 7-8 ტონას აღწევს.

დაავადების მიმართ გამძლეობა: მუხრანის მევენახეობის ზონაში, ალიგოტე მასობრივად ავადდება ქლოროზით. იგი სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ საკმაო გამძლეობით ხასიათდება. ჭრაქი მას ნაკლებად აავადებს, კიდევ უფრო კარგად უძლებს ნაცარს.

ტექნოლოგიური პოტენციალი: ალიგოტეს ჯიშიდან მზადდება სუფრის ღვინო, მას გამოიყენებენ ასევე ცქრიალა და შუშხუნა ღვინომასალების დასამზადებლად.

ვ. გოცირეძე