ციტრუსებში ვარჯის ფორმირება
ციტრუსებში ვარჯის ფორმირება აგროტექნიკური ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. გასხვლა ხელს უწყობს ვარჯში სინათლის შეღწევადობის გაზრდას, არაპროდუქტიული ტოტების მოშორებას, დაავადებებისა და მავნებლების შემცირებას. გასხვლის ოპერაცია ტარდება თებერვალ-მარტში, როდესაც წაყინვების საშიშროება მინიმალურია, ადრეული გასხვლა იწვევს ახალი ყლორტების წარმოქმნას, რომლებიც უფრო მგრძნობიარეა წაყინვებისა და სუსხიანი ამინდების მიმართ. ზამთრის პერიოდში შეიძლება შევაჭრათ 5 მმ-ის ტოტები. ყინვით დაზიანების შემთხვევაში არ ვსხლავთ, სანამ გაზაფხულის ზრდა არ გვიჩვენებს სად არის დაზიანებები.
გასხვლის მეთოდის შერჩევა დამოკიდებულია: მცენარის ხნოვანებაზე; მისი ზრდა-განვითარების პირობებზეб ჯიშის ბიოლოგიურ თავისებურებებზე, გამოზამრების პირობებსა და წინა წლის მსხმოიარობის სიძლიერეზე. ბიოლოგიური თვალსაზრისით უკეთესია მეორე ნაზარდის შუა კვირტზე გასხვლა, რადგანაც მეორე ყლორტი უფრო მძლავრად ვითარდება. ტოტები, რომლებიც ისხვლება მოჭრილი ნაყოფის ყუნწს ზევით, ვითარდება გვერდითი ყლორტები, რომლებიც უზრუნველყოფენ შემდეგი წლის მოსავალს. ციტრუსოვნებს ახასიათებს 2-3 ზრდის პერიოდი: პირველი ნაზარდი (მაისი) ჩვეულებრივ სუსტია, დაბალ მოსავლიანია, მეორე ნაზარდი(ივლის-აგვისტო) – გამოიჩევა სიძლიერითა და მაღალი მოსავლინაობით. ციტრუსოვნების ქერქი თხელია და ადვილად ზიანდება, ასე, რომ გასხვლის დროს კანი არ უნდა გაიკაწროს, ასევე არ უნდა დაზიანდეს ტოტის ყელი, რადგანაც მას აქვს უჯრედების ვიწრო სალტე, რომელიც ააქტიურებს გამამკვრივებელი ქსოვილების წარმოქმნას ნასხლავის ირგვლივ და ფარავს მას. ის ასევე წარმოშობს ანტისეპტიკურ ნაერთს, რომელიც იცავს ხეს ლპობისაგან.
ციტრუსის ხე მყიფეა, ამიტომაც უნდა მოვახდინოთ მისი სამჯერადი ჭრა 2,5 ამ-ზე დიდი დიამეტრის ტოტებისათვის, რათა ავიცილოთ ჩამოტყდომა და დარჩენილი ნაწილის დაზიანება.
I ჭრა: 30 სმ განაყარიდან – გადავჭრათ ტოტი ქვემოდან 1/3-დან ½-მდე; რამდენიმე სანტიმეტრის ზევით უნდა გადაიჭრას ზემოდან და მოვაცილოთ ტოტის ნაწილი. საბოლოოდ გადავჭრათ ხესთან შეერთების ადგილას. საჭიროა იმ ტოტების მზის დამწვრობისაგან დაცვა, რომლებიც გასხვლის შემდეგ მიმართულია მზისკენ, რომელიც იწვევს ხის კანის დახეთქვას და წყლულს, რამაც შეიძლება ხის გახმობა გამოიწვიოს.
მზისკენ მიმართული შტამბი და ტოტები უნდა შეიღებოს კირით ან 1:1-ზე გახსნილი ლატექსის შიდა (არაფასადის) საღებავით. საუკეთესოა გავსხლათ 5 სმ დიამეტრზე მცირე ზომის ტოტები, რადგანაც ეს ტოტები ძირითადა არის ზრდადი ქსოვილი და უკეთესად შეუძლია თავის დაცვა ლპობისაგან, ვიდრე დიდ ტოტებს. ეს ნიშნავს, რომ რეგულარული გასხვლა თავიდან აგვაცილებს დიდი ტოტების ჭრას. გრძელი, სქელი, ძლიერი ყლორტები წყლის ამაორთქლებელი ანუ უსარგებლო ყლორტებია, ისინი სწრაფად იზრდებიან და მოიხმარენ დიდი რაოდენობით წყალსა და მასში გახსნილ საკვებ ელემენტებს და ასეთებად რჩებიან წლების განმავლობაში, გვაძლევს დაბალი ხარისხის, დიდი ზომის, შიგნიდან გამომშრალ, ფუყე ნაყოფს, არ ზრდის მოსავლიანობას და უნდა მოიჭრას.
ნებისმიერი ყლორტი (ამონაყარი), რომელსაც ხე გამოიტანს მის ქვედა ნაწილში, უნდა მოცილდეს. რეგულარული გასხვლის გარეშე ხე ნაყოფს ძირითადად გვაძლევს ზედა ტოტებზე, რითაც იზრდება მოსავლის აღების ღირებულება და დრო, სიმაღლის შემცირება უნდა მოხდეს ზედა ტოტების მოჭრით, ერთ ჯერზე არ უნდა შემცირდეს მთლიანი სიმაღლის 1/3-ზე მეტი, ზოგიერთი ჯანსაღი ტოტი უნდა დარჩეს ფოტოსინთეზისა და ხეში წყლის მოძრაობის უზრუნველყოფის მიზნით.
ციტრუსების დატოტვა იწყება ვეგეტაციის პირველი წლიდან. როგორც წესი, უფრო ძლიერი გვერდითი ტოტები მოთავსებულია მათი მატარებელი ტოტის ზედა ნაწილში. თითოეული ტოტი სიგრძეში იზრდება წვეროს კვირტიდან, დატოტვის ხასიათს დიდი მნიშვნელობა აქვს ხის ვარჯის ფორმირებისა და მსხმოიარობისათვის. ციტრუსებში მცენარეების 1-ლი, მე-2 და მე-3 რიგის ტოტებს ახასიათებს ვეგეტაციური ზრდა და ისინი ქმნიან ხის ჩონჩხს, ხოლო მე-4, მე-5 და მე-6 რიგის ტოტები შედარებით ზომიერად იზრდებიან და აქვთ ნაყოფის მოცემის მეტი უნარი, ე. ი. ვეგეტაციურ ორგანოებთან ერთად წარმოშობენ გენერაციულ ორგანოებსაც: 10-15-წლიან ხეებზე მეტად ინვითარებს მე-5 და მე-6 რიგის, ხოლო 25-30 წლიანებზე მე-10-12 რიგის ტოტები.
ვეგეტატიურად ნამრავლი ციტრუსები (მყნობითა და კალმით გამრავლებული), ნათესარებთან შედარებით, ადრე იწყებენ მსხმოიარობას. მყნობით მიღებული ნერგები პირველ ნაყოფს მე-4-5 წელს იძლევიან, ხოლო სრულ მსხმოიარობაში მე-10 წელს შედიან. თესლით ნამრავლი მცენარეეი მსხმოიარობას იწყებენ მეათე წელს.
ციტრუსებში სიცოცხლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სხვადასხვა პირობებზე – კლიმატზე, საძირეზე, აგროტექნიკასა და სხვა ფაქტორებე, მაგრამ ერთი ცხადია, რომ ციტრუსოვან მცენარეთა სიცოცხლის ხანგრძლივობა, ნორმალური აგროტექნიკური მოვლის პირობებში, 100 წლამდეა უზრუნველყოფილი, 40-50 წლამდე ციტრუსოვანთა მოსავლიანობა მატულობს, ხოლო შემდეგ მცირდება.
რეზო ჯაბნიძე, სსმმ აკადემიის აკადემიკოსი