აგრარული განათლებადარგებიმებაღეობა

ციტრუსოვანი კულტურების ნაკვეთის დაგეგმვა და ნერგების დარგვა

ვაკე ადგილებსა და 15 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე მთლიანი დამუშავებისას მცენარეები ირგვება სწორკუთხოვნად. მანდარინისა და ლიმონისათვის მცენარეთა შორის მანძილი 2-2.5 მეტრი, ფორთოხლისათვის და გრეიპფრუტისათვის 3-3,5 მეტრი, მწკრივთაშორის მანძილი 4-5 მეტრი. მანდარინის ნაგალა ფორმებისათვის კვების არე შესაძლებელია 2×3მ-მდე შემცირდეს. ასეთი განლაგებისას ერთ ჰექტარზე ეტევა: მანდარინი უნშიუ 10 000 ძირი, ფორთოხალი 750-800 ძირი, მეირის ჯიშის ლიმონი 1 200 ძირი, საადრეო-ნაგალა მანდარინი 2 000 ძირი, ტერასებზე მცენარეთა შორის მანძილი ჰორიზონტალურად განლაგებულ მწკრივებში დაახლოებით იგივეა.
ციტრუსოვანთა ნერგი მუდმივ ადგილზე შემოდგომაზე 20 სექტემბრიდან 20 ოქტომბრამდე ირგვება, გაზაფხულზე 25 მარტიდან აპრილის ბოლომდე. დარგვის წინ მონიშნულ ადგილებში ამოიღებენ ორმოს (30-40 სმ) მასში შეაქვთ 10-12 კგ. გადამწვარი ნაკელი ან ტორფნაკელიანი კომპოსტი, სუპერფოსფატი 50გ; მჟავე ნიადაგებში სასურველია დამატებით შეტანილი იქნას 1 კგ. დეფეკაციური ტალახი. დარგვის წინ – თუ ნერგი ღია გრუნტშია გამოყვანილი, ფესვებს წინასწარ ამოავლებენ წუნწუხში, ასწორებენ ორმოში დასარგავად და მიწას მოაყრიან. თუ ნერგი პოლიეთილენის პარკებშია გამოყვანილი, დარგვის წინ ფრთხილად შემოაცილებენ აპკს, ნერგს მიწის კომით მოათავსებენ ორმოში, შემოაყრიან მიწას, მოტკეპნიან და მორწყავენ, სასურველია მულჩირება. თითოეული ნერგი აიკვრება ჭიგოზე.

ნიადაგის დამუშავებისას და განოყიერებისას ფერმერებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ გაშენების პირველ ორ წელს ციტრუსოვანი ნარგაობის ორმეტრიანი ზოლი (თითო მეტრი მცენარის ორივე მხარეზე) სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში მუშავდება 3-4 ჯერ და იმულჩება მცენარეული მასით. რიგთაშორის დარჩენილ 2-3 მეტრიან ზოლებში ითესება ზაფხულის და ზამთრის სიდერატები, ასევე შესაძლებელია ამ ზოლის ბუნებრივი ბალახებით დატოვება. ახალგაზრდა ბაღებში ორგანული სასუქების და სიდერატების მწვანე მასის ჩაკეთების, ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქების შეტანის მიზნით მთელ რიგთაშორისებში ხდება ნიადაგის გადაბარვა 10-15 სმ. სიღრმეზე, იმ განსხვავებით, რომ შტამბის მიმართულებით დამუშავების სიღრმე მცირდება. ზრდასრულ პლანტაციაში, სადაც ვარჯი შეკრულია, არ არის ძლიერდასარევლიანებული, რეკომენდირებულია 4-5 წელიწადში ნიადაგის მსუბუქი დამუშავება ერთხელ ბარფიწლის გამოყენებით, თუმცა მწვანე სიდერატების, ორგანული მულჩისა და მინერალური სასუქების ყოველწლიური გამოყენების ფონზე, ციტრუსოვანთა სრულმოსავლიან ბაღებში, ნიადაგის ღრმა დამუშავება სავალდებულო არაა.

ციტრუსოვან მცენარეთა სწორი კვების სისტემას მნიშვნელობა აქვს არა მარტო მაღალი მოსავლის მისაღებად, არამედ ის დიდ გავლენას ახდენს ყინვაგამძლეობაზე და ნაყოფის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე. ციტრუსოვანთა პლანტაციებში შეაქვთ ორგანული (ნაკელი, მწვანე სასუქი, ტორფკომპოსტი) და მინერალური სასუქები. ნიადაგის ნაყოფიერების მიხედვით ახალგაზრდა ბაღებში ნაკელი ან ტორფკომპოსტი ერთ ხეზე შეაქვთ 1-5 წლამდე – 15-25 კგ, 10 წლისა და მეტი ხნის ბაღებში 30-40 კგ. შეტანის ვადა შემოდგომა-ზამთარი, ნიადაგის მსუბუქი დამუშავებით. მინერალური სასუქებიდან შეაქვთ აზოტი წმინდა საკვები ელემენტის მიხედვით 1-3 წლამდე 30-40გ. 4-5 წლამდე 60-80-გ. 6-8 წლამდე 100-150გ. ათი წლის ზემოთ 200-250გ. ყოველ წლიურად; ხოლო 6 წლის შემდეგ ოთხ წელიწადში ერთხელ 250გ. სუფთა ელემენტის სახით ერთ ხეზე. კალიუმი 1-5 წლამდე 50 გრ; 6 წელზე ზევით ყოველ 2 წელში ერთხელ 100-120 გრ. სუფთა ელემენტი ერთ ხეზე.

ციტრუსოვანთა პლანტაციებში აზოტიანი სასუქებიდან ძირითადად გამოიყენება აზოტმჟავა ამონიუმის გვარჯილა (33-34% აზოტის შემცველობა), ფოსფორიანი სასუქებიდან გრანულირებული და ჩვეულებრივი სუპერფოსფატის ფქვილი (18% ფოსფორის შემცველობა), კალიუმიანი სასუქებიდან კალიუმის მარილი (30-40% კალიუმის შემცველობა). ტორფნაკელიანი მინერალური სასუქების კომპოსტი, ნაკელი, ფოსფორი და კალიუმის მარილი შეაქვთ ნიადაგის გადაბარვისას, აზოტოვანი სასუქი (გვარჯილა) კი ორ ვადაშინორმის 60% მარტ-აპრილში, ხოლო 40% ყვავილობის შემდეგ 15 ივნისამდე. უხვი მოსავლის შემთხვევაში აზოტის დოზა 30%- ით იზრდება. თუ ნიადაგის მჟავიანობა იზრდება, საჭიროა პერიოდულად მოკირიანება. კირი შეაქვთ გადაბარვისას გაცვლითი მჟავიანობის მიხედვით 15 სმ. სიღრმეზე. მიკროელემენტებიდან, ნიადაგისა და მცენარის ანალიზის საფუძველზე გამოიყენება თუთია, მანგანუმი, ბორი.

საქართველოს სუბტროპიკულ რეგიონებში ციტრუსოვანი კულტურები განიცდიან წყლის დეფიციტს, განსაკუთრებით ზაფხულში, როდესაც ადგილი აქვს ყვავილების წარმოქმნას და ნასკვების განვითარებას. ასეთ პირობებში, როგორც ვაკე, ისე ფერდობ ადგილებში რეკომენდირებულია დაწვიმებით მორწყვა, გამაგრილებელი მორწყვა და წვეთობრივი მორწყვა. მორწყვის ყველა სახე იძლევა მაღალ ეფექტს. მოსავლიანობა იზრდება 30-40%-ით. გვალვების პირობებში ციტრუსოვანთა ბაღებში ასევე რეკომენდირებულია ორგანული და მცენარეული მულჩის გამოყენება, ნიადაგის ფხვიერ მდგომარეობაში ყოფნა.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრი