აგრარული განათლებადარგებიმემცენარეობა

ციტრუსოვანი კულტურების სარგავი მასალის გამოყვანა პოლიეთილენის პარკებში

ციტრუსოვანთა ნერგების გამოყვანის ტექნოლოგია პოლიეთილენის პარკებში გრუნტში გამოყვანასთან შედარებით შემდეგი უპირატესობით ხასიათდება:

 ნერგების რეალიზაცია და დარგვა მუდმივ ადგილზე შეიძლება ჩატარდეს წლის ნებისმიერ პერიოდში; ფესვთა სისტემის მთელი მასა დაუზიანებლად შენარჩუნებულია და ნერგის გახარების უნარი ტოლია 100%. ასეთი ნერგი უფრო ტრანსპორტაბელურია და 1-2 წლით უფრო ადრე შედის მსხმოიარობაში.

ნერგების გამოყვანის ტექნოლოგიის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია სუბსტრატის მომზადება და პარკების სუბსტრატით შევსება. სუბსტრატად გამოიყენება ალუვიალური ნიადაგი, რომელსაც უმატებენ ტორფკომპოსტს, შეფარდებით 1:2 თან. ერთ ტონა მასას უმატებენ 20 კგ. ფოსფორიან და 5 კგ. კალიუმიან სასუქებს. ნარევი ფენა კარგად აირევა და გაიცრება. სუბსტრატი უნდა იყოს ფხვიერი და გასუფთავებული ქვებისა და სხვა მინარევებისაგან. სუბსტრატად წითელმიწა ნიადაგის გამოყენებისას, უნდა დაემატოს კირი.

ნერგების გამოსაყვანად პოლიეთილენის პარკის ზომა უნდა იყოს 20×30 სმ; ნიადაგის ტევადობa 3 კგ. პარკს ქვედა მხარეს უკეთდება 2 ნახვრეტი დრენაჟისთვის და 4 გვერდითი ნახვრეტი ჰაერაციის მიზნით. პარკები მჭიდროდ ივსება მომზადებული ნიადაგის ნაზავით და ვერტიკალურად ეწყობა სანერგის რიგებში. 1მ² თავსდება 80 პარკი, ანუ 1 ჰა-ზე- 350 ათასი ცალი.

images (1)

მარტის მეორე ნახევარში ან აპრილის დასაწყისში პარკებში რგავენ ტრიფოლიანტის თესლ ნერგებს, რომლის დიამეტრი ფესვის ყელთან უნდა იყოს არანაკლებ 3 მმ. თესლნერგის ფესვს ამოკლებენ ერთი მესამედით, ამოავლებენ წუნწუხში და თითო-თითოს რგავენ ცალ-ცალკე. აუცილებელია მორწყვა. 15-20 დღის შემდეგ ამოწმებენ გახარებას.

 საძირების მომზადება ხდება მყნობამდე 15-20 დღით ადრე. საძირეს ნიადაგის ზედაპირიდან 10-15 სმ სიმაღლეზე აშორებენ ვერდით ტოტებს და ღეროს ასუფთავებენ.

3-5 დღით ადრე მყნობის ჩატარებამდე საძირეებს პოლიეთილენის პარკებში რწყავენ, რომ ნერგს კანი ადვილად მოშორდეს. საძირის დიამეტრი უნდა იყოს 5-8 მმ-ს ტოლი.

მყნობის ვადები, კალმების აჭრა და შემდომი მოვლა არ განსხვავდება სანერგეში არსებული წესებისგან.

კარგი მოვლის პირობებში პარკეში მცენარეები კარგად ვითარდებიან. ლიმონს აქვს 2-4 ზრდის, მანდარინს-2, ფოთოხალს – 2-3 ზრდის პერიოდი. შემოგომაზე, ოქტომბერში მიიღება სტანდარტული ნერგი, რომლის სიმაღლე 45-60 სმ-ია; 2-3 გვერდითი განტოტვით.

ნერგს დარგვის დროს აშორებენ პოლიეთილენის პარკს და მიწის კოშტით რგავენ მუდმივ ადგილზე. ასეთი ტექნოლოგიით ნერგის გამოყვანის დროს მაღალია ეკონომიკური ეფექტიანობა და მიღებული სტანდარტულ ნერგის რაოდენობა. რენტაბელობა  60% შეადგენს.