ციტრუსოვანთა მავნებლები და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები
ციტრუსოვანთა ფრთათეთრა -Dialeurodes citri Rileyet How
ციტრუსოვანთა ფრთათეთრა გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში, კერძოდ აჭარაში, აფხაზეთსა და სამეგრელოში.
მწერის ორივე წყვილი ფრთა ერთი ზომისა და ფერისაა, არ გააჩნიათ ლაქები და დამტვერილნი არიან რძისფრად. მოსვენებულ მდგომარეობაში მყოფი მწერის მუცელს მისი ფრთები ბრტყელი სახურავის მსგავსად ფარავენ. ფრთათეთრას სხეული მკრთალი ყვითელი ფერისაა, ულვაშები-შვიდნაწევრიანი. ორივე სქესის წარმომადგენელი თითქმის ერთი ზომისაა. მავნებლის პუპარიუმის სხეული ბრტყელი და განიერ-ოვალურია, ოდნავ ამობერილი, ყვითელი ან მოყავისფრო შეფერვით, ძნელად შესამჩნევად აქვს დაკბილული სხეულის ნაპირები, ასევე ოდნავ აქვს განვითარებული ცვილისებრი მილები.
ციტრუსოვანთა ფრთათეთრა ზამთრობს მატლისა და იშვიათად – პუპარიუმის ფაზაში. იმაგოს გამოფრენა ხდება მაისში. მავნებელი კვერცხებს დებს გაფანტულად, მკვებავი მცენარეების ფოთლებზე. შესაძლებელია ერთსა და იმავე ფოთლებზე რამდენიმე დედალმა ფრთათეთრამ დადოს კვერცხი. ამიტომ, კვერცხების რაოდენობა ერთ ფოთოლზე ზოგჯერ ძალიან დიდია. დასავლეთ საქართველოში მავნებლის კვერცხის პროდუქცია 130-200 ცალს შეადგენს. ემბრიონის განვითარების ხანგრძლივობა დაახლოებით ერთი კვირაა. პირველად კვერცხი მკრთალი – ყვითელი ფერისაა, შემდეგ კი, ემბრიონის განვითარების პროცესში, თანდათან მუქდება. ახლად გამოჩეკილ მატლებს ბრტყელ-ოვალური სხეული აქვთ და საკმაოდ მოძრავნი არიან – თავისუფლად შეუძლიათ ფოთლის ქვედა მხარიდან მის ზედა მხარეს გადასვლა, მაგრამ ძირითადად ისინი მაინც ფოთლის ქვედა მხარეს სახლდებიან და იკვებებიან.
მავნებლის მატლის განვითარების ხანგრძლივობა 3-4 კვირას შეადგენს. ამ პერიოდში იგი სამჯერ იცვლის კანს, რის შემდეგაც გადაიქცევა პუპარიუმად. პირველი კანის გამოცვლის შემდეგ მათ უქრებათ ფეხები და თითქმის უმოძრაონი ხდებიან. პუპარიუმის განვითარების ხანგრძლივობა 3-4 კვირით განისაზღვრება.
რაც შეეხება ფრთათეთრას დამოკიდებულებას ტემპერტურისადმი, კერძოდ ყინვაგამძლეობას, აღსანიშნავია, რომ მას შეუძლია გაუძლოს იმ დაბალ ტემპერატურასაც, რომელიც ზამთარში აღმოსავლეთ საქართველოსთვისაა დამახასიათებელი. ეს ფაქტი კი თავისთავად ქმნის ფრთა-თეთრას გავრცელების, აკლიმატიზაციისა და მავნეობის პოტენციალის გამოვლენის საშიშროებას აღმოსავლეთ საქართველოშიც.
დასავლეთ საქართველოს პირობებში მავნებელი წელიწადში 3-4 თაობას იძლევა.
ციტრუსოვანთა მავნებლის მკვებავი მცენარეებია: მანდარინი, ფორთოხალი, მსხალი, ხურმა, ჩაის ბუჩქი და სხვ.
ფრთათეთრა თავის მკვებავი მცენარეების უჯრედებიდან იღებს წვენს, რის შედეგადაც ხდება მცენარის დასუსტება. გარდა ამისა, მავნებელი მცენარეს აყენებს არაპირდაპირ ზიანსაც – მის მიერ გამოყოფილ ექსკრემენტებზე სახლდება სიშავის გამომწვევი სოკო კაპნოდიუმი, რომელიც შავი ფიფქით ფარავს მცენარის მწვანე მასას და ხელს უშლის ფოტოსინთეზს, უარყოფითად მოქმედებს მცენარის ცხოველმოქმედების ხარისხზე, შედეგად კი ეცემა ნაყოფების სასაქონლო ღირებულება მკვეთრად.
ბრძოლის ღონისძიებები. ციტრუსოვანთა ფრთათეთრას წინააღმდეგ ბრძოლაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება საკარანტინო ზომების მკაცრ დაცვას.
ციტრუსოვანთა ფრთათეთრას წინააღმდეგ საუკეთესო შედეგს იძლევა ქიმიური მეთოდების გამოყენება, რომელიც უნდა ჩატარდეს საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდების სახელმწიფო კატალოგისა და შესაბამისი სამსახურის კონსულტაციის საფუძველზე.
ეკოლოგიურად გამართლებულია სოკო აშერსონიას (Aschersonia aleurodes) სუსპენზიის შესხურება.
ვერცხლისფერი ტკიპა -Phyllocoptruta oleivorus Ashm
ვერცხლისფერი ტკიპა საქართველოში გავრცელებულია ძირითადად გურიაში, სამეგრელოსა და აფხაზეთში. მისი გავრცელება მოხდა საზღვარგარეთიდან შემოტანილი ნერგის რეპროდუქციის შედეგად.
ვერცხლისფერი ტკიპას მატლი მკრთალი ფერისაა. პირველი ასაკის მატლის სიგრძე 70 მიკრონია, მეორე ასაკის მატლისა კი – 110. ზრდასრული ტკიპას სხეული მოყვითალოა. მისი მკერდის ფარი სხეულთან შედარებით უფრო მუქი-ყვითელი ფერისაა. მავნებლის სხეულის სიგრძე 130-150 მიკრონს შეადგენს. სხეული წაგრძელებულია, მკერდის არე განიერია, მუცლის ბოლოში კი – შევიწროებული და მომრგვალებული. ფარი მომრგვა – ლებულია, ხორთუმთან – წაგრძელებული, რის შედეგადაც ხორთუმი იფარება. ვერცხლისფერ ტკიპას ორი წყვილი ფეხი აქვს, რომლებიც ბოლოში ფრთისებრი ემპოდიებით თავდება. მუცელი შედგება ნახევარრგო-ლებისაგან, რომლებიც ორჯერ მეტია, ვიდრე ზურგის მხარეს. მუცლის ბოლოში რგოლი ორლაპოტიანია და ორი ძაფისებრი ბეწვით თავდება. ბეწვის სიგრძე სხეულის ერთი მეოთხედის ტოლია.
ვერცხლისფერი ტკიპა ზამთარს ატარებს ციტრუსოვანი კულტურების კვირტის ქერცლის ქვეშ, ფოთლის ყუნწის ფუძეში, მთავარი ძარღვის უბეში, ტოტების ნაპრალებში და სხვა ადგილებში. ამ დროს იგი იმყოფება ზრდასრული ტკიპას ფაზაში. ასევე შესაძლებელია ცოცხალმა მავნებელმა გამოიზამთროს მკვდარი ფარიანების ფარის ქვეშ. დასაზამთრებლად გადასვლა იწყება შუა ნოემბრიდან და გრძელდება შუა დეკემბრამდე, რაც დამოკიდებულია გარემოს სხვადასხვა ფაქტორებზე – ტემპერატურაზე, მკვებავი მცენარის სახეობაზე, საკვებით უზრუნველყოფის ხარისხზე და სხვ. მაგ. ფორთოხალზე დასაზამთრბლად გადასვლა უფრო მოგვიანებით იწყება, ვიდრე მანდარინზე. გაზაფხულზე კი მანდარინის ვეგეტაციის დაწყებისას, იწყება ტკიპას ზამთრობიდან გამოსვლა და უკვე აპრილში კვერცხი იდება ფოთლებზე. მაისის ბოლოსა და ივნისის დასაწყისში ტკიპები იწყებენ ფოთლებიდან ნაყოფებზე გადასვლას.
კვერცხის დების ხანგრძლივობა დაახლოებით ორ კვირამდე გრძელდება. ერთი ტკიპა დღეში 2-4 კვერცხს დებს, ხოლო მთელი სიცოცხლის განმავლობაში საშუალოდ 26-ს. ემბრიონის განვითარების პერიოდი ორიდან თექვსმეტ დღემდე გრძელდება.
მავნებელი ყინვის მიმართ ძალზე მგრძნობიარეა. მცირე ყინვებიც კი (-7-80C) დამღუპველად მოქმედებს მასზე. რაც შეეხება კვერცხს, იგი ძალზე მგრძნობიარეა დაბალი ტენიანობის მიმართ: 70% ქვემოთ ტენიანობა უკვე აქვეითებს კვერცხის ცხოველმყოფელობას.
ამ მავნებლის განვითარების ოპტიმალური ტემპერატურაა 28,50 C, ჰაერის ფარდობითი ტენიანობა კი – 80%. ვერცხლისფერი ტკიპა, მართალია, შედარებით ნაკლები რაოდენობის კვერცხს იძლევა, მაგრამ წელიწადში აქვს 13 თაობაზე მეტი.
ვერცხლისფერი ტკიპას მკვებავი მცენარეებია: ლიმონი, მანდარინი, ფორთოხალი და სხვ. ციტრუსოვანი კულტურები.
ტკიპა ციტრუსოვან კულტურებს უზიანებს ძირითადად ფოთოლს, კვირტს, მწვანე ყლორტსა და ნაყოფს. მისი ინტენსიური გამრავლებისას, შემოდგომასა და გაზაფხულზე, ფოთლებს დამახასიათებელი ცვილისებრი ფიფქი სრულიად აღარ გააჩნიათ. რაც შეეხება ყლორტებსა და ტოტებს, დაზიანების შედეგად ისინი მურა ფერს ღებულობენ. ნაყოფი იფარება სქელი კორპით, აღარ იზრდება. მათში საერთო შაქარი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე დაუზიანებელში, ხოლო შაქრების შეფარდება მჟავეებთან – შაქრების სასარგებლოდაა. ამიტომ დაზიანებულ ნაყოფს უფრო ტკბილი გემო აქვს, ვიდრე დაუზიანებელს.
ბრძოლის ღონისძიებები. ვერცხლისფერი ტკიპას წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურ აგროტექნიკურ საშუალებას წარმოადგენს სანიტარულ-ჰიგიენური ღონისძიებების გატარება ნარგაობებში.
ამ მავნებელთან ბრძოლისას ყველაზე ეფექტურად ითვლება პერიოდი მაისის მეორე ნახევრიდან ივნისის პირველ ნახევრამდე. ამ დროს ხდება ტკიპების გადასვლა ფოთლებიდან ნაყოფებზე, როცა მათი რიცხოვნობა ჯერ კიდევ მინიმალურია და მისი დაძლევა გაცილებით ადვილია, ვიდრე მაშინ, როცა იგი საგრძნობლად გამრავლდება და ხეზე გაიფანტება.
ვერცხლისფერი ტკიპას წინააღმდეგ საუკეთესო შედეგს იძლევა ქიმიური მეთოდების გამოყენება, რომელიც უნდა ჩატარდეს საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდების სახელმწიფო კატალოგისა და შესაბამისი სამსახურის კონსულტაციის საფუძველზე.
ბიოლოგიური პრეპარატებიდან კარგ შედეგს იძლევა ვერმიტექი ეკ-ს შესხურება ვეგეტაციის პერიოდში, პირველი კვერცხდებიდან ტკიპების გამოჩეკისთანავე.
წაგრძელებული ბალიშა ცრუფარიანა Chloropulvinaria floccifera West
წაგრძელებული ბალიშა ცრუფარიანა ძირითადად დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული.
ზრდასრული მამალი ცრუფარიანას სხეულის სიგრძე დაახლოებით 2 მმ-დეა. იგი მომწვანო-მოყვითალო ფერისაა, აქვს ათნაწევრიანი ულვაშები, სამი წყვილი ფეხი და ერთი ფრთა. სხეულის ბოლოს ახასიათებს ორი თეთრი ჯაგარი.
დედალი ცრუფარიანას სხეულის სიგრძე 3 მმ-დე აღწევს. იგი ამობურცული და ოვალური ფორმისაა. ისევე როგორც მამალი, დედალი ცრუფარიანაც მომწვანო – მოყვითალო ფერისაა.
მატლი შედარებით მკრთალი მომწვანო – მოყვითალო ფერისაა. მისი სხეული მოგრძო ოვალურია. სხეულის ბოლოს ახასიათებს ერთი წყვილი გრძელი ჯაგარი. მავნებელი ზამთარს ძირითადად პირველი და მეორე ასაკის მატლისა და, რიგ შემთხვევაში, იმაგოს ფაზაში ატარებს ფოთლის ქვედა მხარეს, დედა ტოტებსა და ღეროზე, ნიადაგის ზედაპირთან ახლოს.
მავნებელი სუსტი გამძლეობით ხასიათ დება ყინვების მიმართ. გამოზამთრება ხდება გაზაფხულზე, როდესაც ტემპერატურა მიაღწევს 100-ს. ამ პერიოდში მავნებელი გადაადგილდება მცენარეთა ზედა ორგანოებზე, სადაც მზის სხივების სითბური გავლენა უფრო მეტია, აქვე იწყებს კვებას და აღწევს სქესობრივ სიმწიფეს, კვერცხის დადების წინ დედალი ცრუფარიანა მუცლის ბოლოდან გამოყოფს საკვერცხე ჩანთას (ovisaks), რომლის სიგრძეც 8-10 მმ-ია, სიგანე-2 მმ. კვერცხი იდება ფოთლების ქვედა, იშვიათად ზედა მხარეს. მავნებლის კვერცხის პროდუქცია, მისი განვითარების პირობების შესაბამისად, 100-დან 3000-მდე ერთეულს აღწევს. ემბრიონალური განვითარების ხანგრძლივობა 8-10 დღეს შეადგენს. ახლადგამოჩეკილი მატლები იკვებებიან მკვებავი მცენარეების ფოთლებით. კვების პროცესი ოქტომბრამდე გრძელდება. ასაკის მატებასთან ერთად, მატლები დასაზამთრებლად გადაადგილდებიან მცენარის ქვედა იარუსში.
საქართველოს პირობებში მავნებელს ახასიათებს ერთი გენერაცია წელიწადში.
წაგრძელებული ბალიშა ცრუფარიანა იკვებება დაახლოებით 80 სახეობის მცენარეზე. საქართველოში მის მკვებავ მცენარეებს წარმოადგენენ: ჩაი, მანდარინი, იაპონური ხურმა, ლიმონი, კეთილშობილი დაფნა და სხვ. მისი მასობრივი გამრავლებისას მცენარეები ვერ ინვითარებენ მძინარე კვირტებს, რასაც მოსავლის მკვეთრი შემცირება მოსდევს. ჩრუფა რიანას მკვებავი მცენარეების ფოთლები, ქლოროფილის მარ ცვლების განადგურების შედეგად, კარგავენ ბუნებრივ ფერს და იღუპებიან, რაც თავის მხრივ, უარყოფითად მოქმედებს მცენა რის ზრდა – განვითარებაზე. გარდა პირდაპირი ზიანისა, მავნებელი თავის მკვებავ მცენარეებს არაპირდაპირ ზიანსაც აყენებს: მის მიერ გამოყოფილ ექსკრემენტებზე სახლდება სოკო კაპნოდიუმი, რომელიც მიცელიუმით ფარავს მცენარის მწვანე მასას, აფერხებს ფოტოსინთეზის პროცესს და ხშირ შემთხვევაში იწვევს მცენარის დაღუპვას.
ბრძოლის ღონისძიებები. მავნებლის ინტენსიური გავრცელების კერებში საჭიროა ჩაის ბუჩქის მძიმე გასხვლა და განასხლავის იქვე დაწვა. მაისის დამდეგს, კვერცხის დების პერიოდში, კარგ შედეგს იძლევა პლანტაციებში ხოჭო კრიპტოლემუსის გაშვება (5-10 ათასი ცალი ერთ ჰექტარზე). წაგრძელებული ბალიშა ცრუფარიანას წინააღმდეგ საუკეთესო შედეგს იძლევა ქიმიური მეთოდის გამოყენება, რომელიც უნდა ჩატარდეს საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდების სახელმწიფო კატალოგისა და შესაბამისი სამსახურის კონსულტაციის საფუძველზე.
იაპონური ცვილისებრი ცრუფარიანა Ceroplastes japonicus Green
საქართველოში იაპონური ცვილისებური ცრუფარიანა გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით ზღვისპირა რაიონებში, ასევე სამეგრელოსა და გურიაში. უკანასკნელ წლებში მავნებელი დაფიქსირდა კახეთშიც.
დედალი ცრუფარიანას სხეული ოვალურია, მუცლის მხარე ჩაზნექილი აქვს, ზურგის მხარე კი – ამობურცული. ფეხები კარგადაა განვითარებული. თვალები – გამობერილი. აქვს ექვსნაწევრიანი ულვაშები.
საქართველოში იაპონური ცვილისებრი ცრუფარიანა ზამთარს იმაგოს ფაზაში ატარებს, საკმაო გამძლეობით გამოირჩევა ყინვების მიმართ: -8-90C ტემპერატურა თითქმის არ ამცირებს მის რიცხოვნობას. -120C ტემპერატურაზე (ოთხსაათიანი ექსპოზიციის შემთხვევაში) ამ ცრუფარიანას მოზამთრე იმაგო მხოლოდ 33%-ით მცირდება. მავნებლის ყინვაგამძლეობა მიუთითებს იმაზე, რომ მას აღმოსავლეთ საქართველოს მთელ რიგ რაიონებშიც შეუფერხებლად შეუძლია გავრცელება.
გამოზამთრებული ცრუფარიანა საჭიროებს დამატებით კვებას. სქესობრივი მომწიფების შემდეგ, როცა დღეღამური საშუალო ტემპერატურა 180C-ზე ზევით აიწევს, მავნებელი იწყებს კვერცხის დებას. ეს პროცესი იწყება მაისის შუა რიცხვებიდან და ერთ თვეზე მეტ ხანს გრძელდება. საქართველოს შავი ზღვის სანაპიროებზე შექმნილი ხელსაყრელი პირობები მავნებელს საშუალებას აძლევს, დადოს დაახლოებით 1000 და მეტი კვერცხი. იაპონური ცვილისებრი ცრუფარიანას ემბრი ონული განვითარება ერთ თვეს გრძელდება და იძლევა ერთ გენერაციას წელიწადში.
ცრუფარიანა 120-მდე სახეობის მცენარეს უზიანებს ფოთლებსა და ღეროებს, რის შედეგადაც მცენარე სუსტდება, რიგ შემთხვევაში კი – მთლიანად ხმება.
პირდაპირ მავნეობასთან ერთად, საკმაოდ დიდია მწერის მიერ გამოწვეული არაპირდაპირი ზიანი. ცრუფარიანას მიერ გამოყოფილ ექსკრემენტებზე სახლდება საპროფიტული სოკო კაპნოდიუმი, რომლის შავი ფერის მიცელიუმი, ფარავს რა ფოთლის ზედაპირს, ანელებს ასიმილაციისა და დისიმილაციის პროცესებს მცენარეში, რაც თავის მხრივ, უარყოფითად მოქმედებს მცენარის განვითარებაზე, პროდუქციის ხარისხსა და მოსავლის რაოდენობაზე. მავნებელი განსაკუთრებით ძლიერ აზიანებს დაფნას, თუთას, ჩაის, ციტრუსებს, მსხალს, დეკორატიულ მცენარეულობას და სხვა.
ბრძოლის ღონისძიებები. ისევე, როგორც ბალიშა ცრუფარიანას მიმართ, ამ მავნებლის რიცხოვნობის შემცირებაზე დადებით გავლენას ახდენენ კოქცინელიდები. ყვავილობის დამთავრებისას მოხეტიალე მატლების წინა აღმდეგ მაღალ ეფექტს იძლევა ქიმიური მეთოდის გამოყენება, რომელიც უნდა ჩატარდეს საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდების სახელმწიფო კატალოგისა და შესაბამისი სამსახურის კონსულტაციის საფუძველზე.
თუთის ჭიჭინობელა Hishimonus sellatus Uhler
თუთის ჭიჭინობელა ძირითადად დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული.
ახლადგამოსული იმაგო მწვანეა, შემდეგ მუქდება. თავი რამდენადმე განიერია წინა ზურგზე. სხეულის გასწვრივ დაწყობილ ფრთებს ზედა მხრიდან აქვს რომბისებრი ფორმის მოშავო ლაქა. სხეულის სიგრძე 3,8-4,5 მმ-ია. კვერცხი მოგრძოა და მოთეთრო, 0,8 მმ-მდე ზომის. ახლადგამოჩეკილი მატლის სიგრძე 0,8-1,3 მმ-მდეა, თვალები მუქი წითელია.
თუთის ჭიჭინობელა ზამთარს ატარებს კვერცხის ფაზაში. ისინი მოთავსებული არიან ახალგაზრდა ყლორტების პარენქიმაში. გამოზამთრება ხდება მაისის პირველ რიცხვებში. ამ პერიოდში იჩეკებიან მატლები და გადადიან ყლორტის წვეროს ფოთლებზე, სადაც იკვებებიან. მაისის ბოლოს შეინიშნება ნიმფების დაფრთიანება, ივნისში-ფრთიანი ფორმების მასობრივი გამოჩენა. ზაფხულსა და შემოდგომას მატლები ახალგაზრდა პერიფერიული ტოტების ფოთლებზე ატარებენ. მავნებელს საქართველოში შეუძლია მოგვცეს დაახლოებით სამი თაობა წელიწადში.
თუთის ჭიჭინობელა ძირითადად აზიანებს თუთას, ვარდს, ბადრიჯანსა და ციტრუსოვან კულტურებს. პირდაპირი დაზიანების გარდა, თუთის ჭიჭინობელა არაპირდაპირ ზიანსაც აყენებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს: იგი გვევლინება ვირუსოვანი დაავადების “ხუჭუჭა წვრილფოთლიანობის” გამავრცელებლად, რაც თავის მხრივ უარყოფითად მოქმედებს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ზრდაგანვითარებაზე, მოსა ვლის რაოდენობასა და პროდუქციის ხარისხზე. ამ დაავადებამ საქართველოში დროის მოკლე მონაკვეთში რამდენიმე მილიონი ძირი თუთის ხე გაანადგურა რითაც საფუძველი შეურყია სოფლის მეურნეობის ტრადიციულ შემოსავლიან დარგს – მეაბრეშუმეობას.
ბრძოლის ღონისძიებები. გვიან შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე საჭიროა იმ ყლორტების მოჭრა და დაწვა, რომელებზედაც მოზამთრე კვერცხებია ჩადებული. ვეგეტაციის პერიოდში არასაექსპლოატაციო ნარგაობები უნდა დამუშავდეს ბი-58, ახალი ეკ-ით, კონფიდორი წკ-ით ან კარატე ზენონი მკს-ით. რეკომენდებულია დაავადებისა და მავნებლისადმი შედარებით გამძლე სელექციური თუთის ჯიშების დანერგვა.
მზაღო ლობჟანიძე, ზაირა ტყებუჩავა