აგროსიახლეები

ცხოველის წამებასა და სასტიკ მოპყრობაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრდება

საქართველოს პარლამენტმა ცხოველის წამებასა და სასტიკ მოპყრობაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებას დაუჭირა.
დაგეგმილი ცვლილებები „სისხლის სამართლის კოდექსში“ დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცეს.

როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა  ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, ცხოველების წამებასა და სასტიკ მოპყრობაზე სასჯელი  გამკაცრდა და ვინც ცხოველებზე ძალადობს, მათ მიმართ სახელმწიფო კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

მიღებული ცვლილებებით, ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია  დაისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 120-დან 240 საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი _  ჯგუფურად, საჯაროდ, არაერთგზის, არასრულწლოვნის თანდასწრებით ან ორი ან მეტი ცხოველის მიმართ – დაისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

ამავე პროექტის გათვალისწინებით, ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც ცხოველის სიკვდილი გამოიწვია, ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი _ ჯგუფურად, საჯაროდ, არაერთგზის, არასრულწლოვნის თანდასწრებით, ორი ან მეტი ცხოველის მიმართ, ითვალისწინებს ჯარიმას, შინაპატიმრობას ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

როგორც კანონის განმარტებით ბარათშია აღნიშნული _ „ბოლო პერიოდში ცხოველების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები გახშირდა, რაც სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას საჭიროებს. მართალია, “სისხლის სამართლის კოდექსის“ თანახმად ცხოველების წამება და მათ მიმართ სასტიკი მოპყრობა დასჯადია, თუმცა აღნიშნული დანაშაულის უკეთ პრევენციის მიზნით მიზანშეწონილია, მისი ჩადენისთვის პასუხისმგებლობა გამკაცრდეს“.

კანონის პროექტი დეპუტატებმა  მაია ბითაძემ, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა და თენგიზ შარმანაშვილმა მოამზადეს.