აგრარული განათლებადარგებივეტერინარიამეცხოველეობა

ცხოველთა ინვაზიური დაავადებები და მათთან ბრძოლის მეთოდები

პარაზიტოლოგია ორ ძირითად ნაწილად იყოფა: ფიტოპარაზიტოლოგიად და ზოოპარაზიტოლოგიად.

ჩვენთვის საინტერესოა ზოოპარაზიტოლოგია, რომელიც აერთიანებს დისციპლინათა კომპლექსს, რომელნიც შეისწავლიან პარაზიტული ჭიებით გამოწვეულ ცხოველთა და მცენარეთა დაავადებებს და მათ აღმძვრელებს. მათ შორის არის მრავალი ფორმა, რომელთაც შეუძლიათ შინაურ ცხოველთა დაავადებების გამოწვევა.

ზოოპარაზიტოლოგიის შემადგენელ ნაწილს ვეტერინარული ზოოპარაზიტოლოგია წარმოადგენს. იგი სწავლობს შინაურ ცხოველთა ზოოპარაზიტებს და მათ მიერ გამოწვეულ დაავადებებს, რომელნიც ინვაზიური დაავადებების სახელწოდებას ატარებს.

ინვაზიური დაავადებები ფართოდაა გავრცელებული, ავადდებიან ყველა სახეობის შინაური, გარეული და სარეწაო ცხოველები და იწვევს დიდი ეკონომიკურ ზარალს.

ზოგიერთი ინვაზიური დაავადება, განსაკუთრებით პროტოზოული და ჰელმონთოზური, იწვევს ცხოველთა მასიურ სიკვდილიანობას (ცხოველთა დაცემა).

ართოდაა გავრცელებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის თეილერიოზით და პიროპლაზმოზით სიკვდილი, წიწილების და ბოცვრების ეიმერიოზით (კოქციდიოზით) დაცემა; ცხვრების და ხბოების დიქტიოკაულოზით და მონეზიაზით, მსხვილფეხა ცხოველთა და ცხვრების ფასციოლოზით დაცემა და სხვა მრავალი.

მნიშვნელოვნად მეტია ცხოველთა პროდუქტიულობის დაქვეითებით და მათგან მიღებული დაბალი ხარისხს პროდუქციით გამოწვეული ზარალი.

ნათლად რომ წარმოვიდგინოთ ინვაზიური დაავადებებით გამოწვეული ზარალი, ის უნდა შევადაროთ აისბერგს. ზარალი, გამოწვეული ცხოველთა სიკვდილით იქნება აისბერგის წყლის ზედა ხილული ნაწილი, ხოლო მისი უხილავი, უდიდესი ნაწილი წარმოადგენს ზარალს, რომელიც გამოწვეულია ცხოველთა პროდუქტიულობის მკვეთრი დაცემით.

ზოგიერთი ინვაზიური დაავადებების, განსაკუთრებით კი ჰელმინთოზების, დროს დაცემა ფაქტიურად არ ხდება. დაავადება უმეტესად მიმდინარეობს კლინიკური ნიშნების გარეშე, ირღვევა ნორმალური ფიზიოლოგიური განვითარება, ქვეითდება პროდუქტიულობა და ორგანიზმის რეზისტენტობა, ცხოველები ინფექციური დაავადებებს იოლად ითვისებენ.
მაგალითად, მსხვილი რქოსანი პირუტყვის ფასციოლოზით დაავადების დროს, რომელიც კლინიკური ნიშნების გარეშე მიმდინარეობს, წველადობა 20-50 %-ით ქვეითდება.

საქართველოში ფასციოლოზის შედეგად, დაინვაზირების 20%- ზე გადაანგარიშებით მარტო რძის დანაკლისი 43 ათას ტონას აღემატება, ხოლო დასავლეთ საქართველოს რაიონებში, სადაც ცხოველთა დაინვაზირება 100 %-ს აღწევს, ზარალი უფრო დიდია. ცხვრის ფასციოლოზისას მატყლის რაოდენობა 10-30 %-ით იკლებს და მისი ხარისხიც შედარებით დაბალია.

ექინაკოკოზით დაავადებისას ცხვრებში ცოცხალი მასა კლებულობს 8 კგ-ით და მეტად. სუბპროდუქტების გამოყენება შესაძლებელია საშუალოდ 36 %-ით, ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია ცხოველთა სუბპროდუქტები 100 %- ით წუნდებული გაახდეს.

გამოანგარიშებულია რომ ექონოკოკოზით დაავადების დროს ერთი ცხვრიდან იღებენ 1 კგ-ით ნაკლებ ხორცს, 140 გრ – ით ნაკლებ ქონს, 105 გრ – ით ნაკლებ მატყლს.

ასკარიდიოზით დაავადებული გოჭები 3 თვეში კარგავენ წონის ერთ მესამედს.

ასკარიდოზის დროს ქათმებში ქვეითდება კვერცხმდებლობა 10-20 %-ით.
ამგვარი მაგალითების მოყვანა მრავლად შეიძლება.

სისხლისმწოველი მწერები და ობობასნაირები (ტკიპები) ცხოველთა და ადამიანთა მრავალი ინვეზიური დაავადებების დიდი ნაწილის გადამტანები არიან, ამიტომ მათ მიერ გამოწვეული პათოლოგიური პროცესები მარტო ეკონომიკურად არ შეიძლება შეფასდეს, მათ სოციალური მნიშვნელობა აქვს.

ინვაზიური დაავადებებისაგან მეურნეობის, რაიონის და რეგიონის გაჯანსაღება ნიშნავს, რომ გამოვიყენოთ მეცნიერების მიერ დამუშავებული გამაჯანსაღებელი ღონისძიებები: მკურნალობა, პროფილაქტიკა და დევასტაცია. ამ ღონისძიებების იზოლირებულად განხილვა არ შეიძლება, რადგან ისინი მჭიდროდ უკავშირდებიან ერთმანეთს გამაჯანსაღებელი ღონისძიებებით. თითოეულ მათგანს აქვს თავისი სპეციფიკური მიზნობრივი დანიშნულება.


დევასტაცია _ აქტიური პროფილაქტიკაა, მიმართული დაავადებების აღმძვრელების მოსპობისაკენ, ფიზიკური განადგურებისაკენ მათი ცხოველქმედების ციკლის ნებისმიერ ფაზაში ყველა ხელმისაწვდომი საშუალებების გამოყენებით (მექანიკური, ქიმიური, ფიზიკური, ბიოლოგიური).

ვეტერინარიული პარაზიტოლოგია უნდა ამუშავებდეს, აუმჯობესებდეს და ეძიებდეს მკურნალობის, პროფილაქტიკის და დევასტაციის მეთოდების დასახვეწ ახალ გზებს.

ინვაზიებთან ბრძოლაში გამოყენებული უნდა იქნას სამივე გამაჯანსაღებელი
ღონისძიება.

ცხოველთა ჰელმინთოზების აცილების და ლიკვიდაციის ღონისძიებებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვინაიდან კოლოსალურია ჰელმინთებით გამოწვეული ეკონომიკური ზარალი.

ჰელმინიოზებთან ბრძოლის ღონისძიებები ორ ნაწილად იყოფა:

1. ზოგადი ღონისძიებები;

2. სპეციფიკური პროფილაქტიკის ღონისძიებები.
ზოგადი ღონისძიებები.

  1. ცხოველთა ჰელმინთოზების აცილებისა და ლიკვიდაციის ღონისძიებები მდგომარეობს ვეტერინარიულ-სანიტარულ და სამკურნალო-პროფილაქტიკურ ღონისძიებათა კომპლექსის გატარებაში, დაავადების აღმძვრელთა ბიოლოგიისა და ადგილობრივი კლიმატურ-გეოგრაფიული პირობების გათვალისწინებით.
  2. ჰელმინთოზების მიმართ ცხოველის ორგანიზმის გამძლეობის ამაღლების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ზოგადი პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება, რაც გულისხმობს ცხოველის სრულფასოვანი საკვებით უზრუნველყოფას, კვების, დაწყურვებისა და შენახვის ჰიგიენის დაცვას, სახელდობრ:
    ა) ცილებით, ვიტამინებითა და მინერალური მარილებით რაციონის დაბალანსებას; იმ ზონებში კი, სადაც საძოვარი ღარიბია ამა თუ იმ მიკროელემენტებით, საკვებ რაციონში დამატებით, სპილენძის მარილის, კობალტის, იოდის, მოლიბდენის და სხვა მიკრო და მაკრო ელემენტების შეტანას;
    ბ) ცხოველთა კვებას მხოლოდ საკვებურებიდან;
    გ) დაწყურვებას წყალსადენის, ჭის, მდინარისა და ნაკადულის სუფთა წყლით; დასაშვებია გასაფილტრი მოწყობილობების გამოყენებით ჭებიდან, ტბორებიდან და სხვა წყალსატევებიდან ცხოველთა დაწყურვება. დაუშვებელია ჰელმინთებით, მათი ლარვებით და ამ უკანასკნელთა შუამავალი მასპინძლებით (ლოკოკინები, წყლის ხოჭოები, და სხვა წყალმცურავი მწერები) დაბინძურებული წყალსატევებიდან, გუბეებიდან ცხოველთა დაწყურვება.
    დასაწყურვებელ წყალსატევთან მისასვლელი უნდა იყოს სპეციალურად მოწყობილი, რაც გულისხმობს მტკიცე საფარიანი მოედნის ან დატკეპნილი გრუნტისაგან მისასვლელის გაკეთებას.
    დ) აუცილებელია ცხოველების უზრუნველყოფა სუფთა ბინებით, საკვებურებით, საწყურვებლებით, ინვენტარით, ტექნიკური მოწყობილობებით, ეზოებით, სასეირნო მოედნებითა და საჭიროების შემთხვევაში სოლარიუმებით (მეღორეობა). ცხოველთა შესანახი შენობები უნდა იყოს მშრალი, ნათელი, კარგად განიავებადი. შენობებში ცხოველთა სადგომები უნდა შეესაბამებოდეს ზოოტექნიკურ და სანიტარულ ნორმებს;
    ე) საჭიროა ყველა ფერმასთან მოეწყოს დახურული ტიპის საპირფარეშო შენობა სპეციალური დაბეტონებული ორმოთი მომსახურე პერსონალისათვის. აუცილებელია ცხოველთა სადგომები ყოველდღიურად დასუფთავდეს. საჭიროა ნაკელი და სკორე (ფეკალური მასა) შენობიდან, სასეირნო მოედნიდან, ბაზიდან და ცხოველთა სხვა სადგომებიდან გატანილი იქნეს ნაკელსაცავებში, სადაც მოხდება ნაკელის ბიოთერმული გადამუშავება, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა დაავადებათა აღმძვრელების განადგურებას. ნაკელის გასატანად საჭიროა გამოიყოს სპეციალური ინვენტარი და ტრანსპორტი, რომელთა გამოყენება საკვების გადასატანად და დასარიგებლად დაუშვებელია. ყოველი დეჰელმინთიზაციის (პარაზიტული ჭიებისგან ცხოველთა განთავისუფლება) შემდეგ, 3-5 დღის განმავლობაში აგროვებენ გამოყოფილ ფეკალს (ნაკელი) და ანადგურებენ დაწვით, ხოლო შენობებს, სასეირნო მოედნებს, მოწყობილობებსა და ინვენტარს უკეთებენ დეზინსექციას.
    ვ) აკრძალულია ცხოველთა ძოვება ჭაობიან და წუნწუხით დაბინძურებულ საძოვრებზე.
    ზ) ჰელმინთოზური დაავადებების გავრცელების საშიშროების გათვალისწინებით უნდა მოხდეს საძოვრების დაცვა ცხოველთათვის საშიში პარაზიტული ჭიებისაგან. ეს ღონისძიება ითვალისწინებს საძოვრების მელიორაციას, ქვებისა და ბუჩქნარისაგან გაწმენდას, ვეტ.სანიტარული და ზოოჰიგიენური მოთხოვნების გათვალისწინებით. აუცილებელია კულტურული საძოვრების შექმნა, სადაც ჰელმინთოზური დაავადებების გაჩენის საშიშროება მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.
    თ) საჭიროა მოზარდი ცხოველების, როგორც უმრავლესი ჰელმინთოზების, უფრო ამთვისებელი პირუტყვის ისეთ საძოვრებზე გაყვანა, რომლებიც თავისუფალია პარაზიტული ჭიების კვერცხებისაგან და ლარვებისაგან.
    ი) ფერმაში ან ოჯახურ მეურნეობაში პარაზიტული ჭიების საწინააღმდეგო ღონისძიებები უნდა ჩატარდეს ვეტერინარული კანონმდებლობის სრული დაცვით. ეს გულისხმობს ვეტერინარულ-სანიტარული ისტრუქციების ზუსტად განხორციელებას
    კ) აუცილებელია ყველა გლეხურ და კოოპერატიულ მეურნეობაში ხდებოდეს ინვაზიური დაავადებების სისტემატიური აღრიცხვა, რათა დროულად დაიგეგმოს პარაზიტული ჭიებით გამოწვეული დაავადებების ოპტიმალური მკურნალობისა და პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარების დრო.
    ლ) სავალდებულოა გლეხურ ან კოოპერატიულ მეურნეობაში ახლად შემოყვანილი საქონელი გარკვეული დროით დაყენებული იქნას საკარანტინო სადგომში, სადაც მოხდება ცხოველთა გამოკვლევა ინვაზიებზე და საჭიროების შემთხვევაში ჩაუტარდებათ შესაბამისი მკურნალობა 3-4 დღის განმავლობაში. მხოლოდ ამის შემდეგ დასაშვებია ახლად შემოყვანილი ცხოველების გადაყვანა საერთო ჯოგში.
  3. პარაზიტული ჭიებით დასენიანებული ცხოველების გამოკვლევა წარმოადგენს ღონისძიებების კომპლექსს, რომელიც მოიცავს: ეპიზოოტოლოგიური მონაცემების შეკრებას, დაავადების კლინიკური სიმპტომების დადგენას, ლაბორატორიულ გამოკვლევას და ცხოველთა სიკვდილიანობის შემთხვევაში მათ პათოლოგო-ანატომიურ მონაცემების დადგენას. აღნიშნული ღონისძიებების კომპლექსური შეჯერების საფუძველზე დაისმება ინვაზიური დაავადების დიაგნოზი, რომლის საფუძველზეც დაიგეგმება ცხოველთა მკურნალობა, ჯანმრთელი ცხოველების პროფილაქტიკა და პირუტყვის შესანახი შენობების და ინვენტარის დეჰელმინთიზაცია.
  4. საოჯახო მეურნეობიდან ცხოველების გაყვანის წინ აუცილებელია მოხდეს ცხოველების შემოწმება ინვაზიურ დაავადებებზე. ვეტ.კანონმდებლობით დაიშვება მხოლოდ ჯანმრთელი ცხოველების რეალიზაცია ან მათი გადაყვანა სხვადასხვა საძოვრებზე.
  5. იმ შემთხვევაში, თუ ცხოველებში აღმოჩენილი იქნა ცხოველისა და ადამიანისათვის ასერთო საშიში პარაზიტული დაავადებები, როგორიცაა: ტრიქინელოზი, ფინოზი და სხვა, აუცილებელია რაიონულმა ვეტერინარულმა სამსახურმა ჯანმრთელობის დაცვის რაიონულ სამსახურთან შეთანხმებით დაგეგმოს დაავადების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური და სალიკვიდაციო ღონისძიებები.
  6. ჰელმინთოზების საწინაარმდეგო სპეციფიკური პროფილაქტიკის ძირითადი ღონისძიებებია: ქიმიოთერაპიული და ბიოლოგიური პრეპარატების გამოყენება, ცხოველთა დაავადებისა და გარემოში ინვაზიის აღმძვრელის გავრცელების აღკვეთის უზრუნველსაყოფად.
  7. ყველა გლეხურ და კოოპერატიულ მეურნეობაში, სადაც ადგილი ჰქონდა ჰელმინთოზებით ცხოველთა დაავადების შემთხვევებს, ატარებენ პროფილაქტიკურ დეჰელმინთიზაციას მათი ბაგურ შენახვაზე დაყენებისა და საძოვარზე გაშვების წინ.
  8. სამკურნალო დეჰელმინთიზაციას ატარებენ წლის ყველა დროში, ცხოველთა დაავადების კლინიკური ნიშნების გამოვლენისას. მეორადი ინფექციებით ან არაგადამდები დაავადებებით გამოწვეული გართულების შემთხვევაში, დაავადებულ ცხოველებს უნიშნავენ მეორადი დაავადების სიმპტომატურ მკურნალობას და ამის შემდეგ ატარებენ ცხოველთა დეჰელმინთიზაციას.
  9. დეჰელმინთიზაციას არ ექვემდებარებიან მაკე ცხოველები მოგებამდე ორი კვირით ადრე და მოგების შემდეგი ორი კვირის განმავლობაში, აგრეთვე ჯანდაგი ცხოველები და მწვავედ მიმდინარე დაავადებებით დასენიანებული ცხოველები. ასეთი ცხოველების დეჰელმინთიზაციას ატარებენ ინდივიდუალურად, მათი ჯანმრთელობის გაუმჯობესების შემდეგ.
  10. სადეჰელმინთიზაციოდ გამოიყენება სამკურნალო საშუალებები, რომლებიც დაშვებულია გამოსაყენებლად ვეტერინარიის დეპარტამენტის მიერ და პასუხობენ პრეპარატის მოხმარების ინსტრუციაში მითითებულ ნორმებს.
    ძლიერმოქმედი პრეპარატების გამოყენებისას ვეტერინარი სპეციალისტები იცავენ პირადი ჰიგიენისა და პროფილაქტიკის ნორმებს.
  11. ჰელმინთოზით მძიმედ დაავადებულ ცხოველებს გამოყოფენ ცალკე ჯგუფებად, აუმჯობესებენ მათი კვებისა და შენახვის პირობებს, მკურნალობენ ინდივიდუალურად.
  12. გლეხური მეურნეობა ან კოპერატივი (ფერმა, განყოფილება) ჰელმინთობებზე კეთილსაიმედოდ ჩაითვლება, თუ სამი-ოთხი თვის შუალედით ორჯერადი შერჩევითი გამოკვლევისას, არ აღმოაჩნდება ჰელმინთის კვერცხები, ლარვები და ერთი წლის განმავლობაში მკვდარ ან დაკლულ ცხოველებში ვერ აღმოაჩენენ პარაზიტულ ჭიებს და მათ კვერცხებს. ვეტერინარი სპეციალისტები ვალდებულნი არიან ფართოდ განუმარტონ მეცხოველეობის მუშაკებსა და ადგილობრივ მოსახლეობას (ნაბეჭდი მასალით და ზეპირი პროპაგანდით) ცხოველთა ჰელმინთოზებთან ბრძოლის ღონისძიებების შესახებ.

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“