ცხოველთა მოვლა – მოშენების ტრადიციები საქართველოში

ჟურნლიაგრონიუს.ჯი“ იწყებს ჯემალ სვანიძის და ლევან თორთლაძის საინტერესო ნაშრომის, რომელიც ახლახანს გამოსცა ტექნიკური უნივერსიტეტის გამომცემლობამ: „ცხოველთა მოვლა – მოშენების ტრადიციები საქართველოში“ გამოქვეყნებას.
მონოგრაფიაში საინტერესოდ არის განხილული ჩვენი წინაპრების სამეურნეო საქმიანობა ცხოველთა მოვლა-მოშენების ტრადიციები და მასთან დაკავშირებული: რიტუალები და წეს-ჩვეულებები, ცხოველთა კვება, ცხოველთა ჯიშები, სათიბ-საძოვრების გამოყენების ხასიათი,  ცხოველთა სადგომები, მესაქონლეობის ფორმები, ცხოველთა მკურნალობის ხალხური საშუალებები.
ეთნოგრაფიული მასალების კვლევის საფუძველზე დასაბუთებულია ჩვენს ქვეყანაში უძველესი დროიდან მეცხოველეობის განვითარების მაღალი დონე. ნაჩვენებია ის წვლილი,  რაც მიუძღვით ჩვენს წინაპრებს მეცხოველეობის განვითარების საქმეში.
ავტორები:

ჯემალ სვანიძე, საშუალო სკოლის მედლით დამთავრების შემდეგ, სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე, რომლის დასრულების შემდეგ ლექციებს კითხულობდა სხვადასხვა უმაღლეს სასწავ­ლებელში (ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი, სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი…).

დისერტაციის დაცვის შემდეგ ათეული წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ზოოტექნიკურ-სავე­ტე­რინარო სასწავლო – კვლევითი ინსტიტუტის სა­ზო­გა­დოებრივ მეცნიერებათა კათედრაზე, შემდეგ ამავე კათედრის გამგედ აირჩიეს.

წარმატებული მუშაობისათვის ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე, მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდო, მათ შორის ღირსების ორდენი (2002 წ.).

გამოცემული აქვს, როგორც ლიტერატურული, ისე მეცნიე­რუ­ლი შრომები. ჯამალ სვანიძე, დღესაც დაუღალავი ენერგიით აგრძელებს შემოქმედებით მოღვაწეობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.


ლევან თორთლაძე დაიბადა 1948 წლის 25 ოქტომბერს ქ. ქუთაის­ში. იჟევსკის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ (1971წ.) სახელმწიფო სა­გამოცდო  კომისიის გადაწყვეტილებით, დატო­ვეს ამავე ინსტიტუტის სასოფლო – სამეურნეო ცხო­ველთა ანატომიისა და ფიზიოლოგიის კათედრაზე ასისტენტად. მოგვიანებით, გადადის სამუშაოდ წარმოებაში ზოოტექნიკოსად პრაქტიკული სიახლეების ათვისების მიზნით  და პარალელურად ირიცხება მეცხოველეობის სრულიად საკავშირო სამე­ცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში (ВИЖ, მოსკოვი).  მეურნეობიდან, უდმურ­ტეტის სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით, გადაყავთ  სამინისტროს აპარატში, ეკონომიკისა და დაგეგმარების განყოფილებაში, უფროს ეკონომისტად. 1978 წელს, საკანდიდატო დისერტაციის წარმატებით დაცვის შემდეგ, სამუშაოდ იწვევენ  მშობლიურ ინსტიტუტში კერძო ზოოტექნიკის  კათედრაზე დოცენტის თანამდებობაზე.   1985 წელს იგი გადაყავთ უდმურტეთის სახელმწიფო სასოფლო – სამეურნეო საცდელ სადგურში მეცხოველეობის განყოფილების უფროსად, სადაც დაასრულა სადოქტორო დისერტაციის კვლევები.

1989 წელს ოჯახთან ერთად ბრუნდება სამშობლოში და იწყებს სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერი­ნა­რო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ჯერ დოცენტად, შემდეგ კათედრის გამგედ. ამჟამად მუშაობს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში მთავარ სპეციალისტად და საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში არჩეულია პროფესორის თანამდებობაზე. მისი ხელმძღვანელობით მომზადე­ბუ­ლია 6 სადოქტორო დისერტაცია და 15 მაგისტრი. გამოქვეყნებული აქვს 169 სამეცნიერო ნაშრომი და სამი წიგნი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით და შვედეთის სამეფო ოჯახის მედლით. თავისი პროფილით კვალი­ფიკაცია აიმაღლა აშშ-ში, ისრაელში, იტალიაში, მონტენეგროში. არის საქართველოს ეროვნული აკადემიის მაღალმთიანი რეგიონების პრობლემათა შემსწავლელი  კომისიის წევრი, სომხეთის ნაციონალური აგრარული უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი. დაოჯახებულია, ჰყავს ორი შვილი და ოთხი შვილიშვილი.

(ცხოველთა მოვლა – მოშენების ტრადიციები საქართველოში)

შესავალი

აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის, ასევე  მეცნიერთა გარკვეული ჯგუფის მიერ დასაბუთებულია, რომ   ქართველური ტომები უძველესი დროიდან მისდევდნენ მეცხოველეობას. ამასვე ადასტურებს არქე­ო­ლოგიური გათხრების შედეგები მცხეთა-სამთავრო-არმაზში, კოლხეთში, თრიალეთში, დმანისსა და სხვა ადგილებში. ამაზე მეტყველებს, როგორც შინაურ ცხოველთა ძვლების ნარჩენები, ისე ვერცხლისა და სპილენძის ნაკეთობებზე ან  ქვაბსა და კედლებზე გამოხატული ესა თუ ის ცხოველი.

არქეოლოგი ბ. პიოტროვსკი აღნიშნავს, რომ მეცხვარეობის გამოჩენა ამიერკავკასიაში მიეკუთვნება უძველეს დროს – ენეოლითის კულტურის არსებობამდე პერიოდს. თა­ვის ლექციებში ის ამბობს, რომ ენეოლითის ძეგ­ლები საშუალებას გვაძლევს  გავარკვიოთ არა მარტო ცხოველთა რიცხვობრივი ზრდა ამიერკავკასიაში, მისი როლის გაძლიერება მეურნეობაში, არამედ სულადობის ხარისხობრივი ცვლილებები წვრილფეხა  პირუტყვის ზრდის მხრივ. ის იქვე ასკვნის, რომ მესამე ათასწლეულის ბოლოსა და მეორე ათასწლეულის პირველ ნახე­ვარში ჩვენს ერამდე, მეცხვარეობის კუთრი წონა სჭარბობდა სხვა სახის მეცხოველეობას.

როგორც არქეოლოგიური მასალებით დასტურდება, ჯერ კი­დევ ნეოლითის ხანაში (ძვ.წ. VI-IV ათასწლეულები) ჩვენი ტერი­ტორიის სამხრეთ  ნაწილში მცხოვრები ტომები ყურძენთან ერთად აწარმოებდნენ მრავალფეროვან, მარცვლეულ კულტურებს (სხვა­დასხვა სახის ხორბალი, ქერი, ღომი და ა.შ.). სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებასთან ერთად უპირატესი მნიშვნელობა ენიჭე­ბოდა  მსხვილფეხა პირუტყვის მოშენებასა  და გამ­რავლებას. ის ინტენსიურად ვითარდებოდა მიწათმოქმედე­ბას­თან ერთად. ამ დროს საქონელი ჰყავდათ იქ, სადაც თავად ცხოვრობდნენ. აქვე ჰქონდათ საკმარისი რესურსები ცხოველებისათვის – საძოვ­რები, სათიბები, ველები, ტყეები. ყველაფერზე საკმარისად მი­უწვ­დებოდათ ხელი იმისათვის, რომ ადამიანებს უზრუნველეყოთ მოთხოვნილებები სოფლის მეურნეობის და მათ შორის მეცხოველეობის პროდუქტებზედაც.

ამ პერიოდში მოსახლეობა ბარში ცხოვრობდა და მიუხედავად იმისა, რომ განვითარებული იყო მეცხოველეობაც, მაინც წამყვანი როლი მიწათმოქმედებას ენიჭებოდა.

შემდგომ პერიოდში კი, როცა მოსახლეობის რაოდენობა გაიზარ­და, გამრავლდა მეცხოველეობის მასშტაბებიც. არსებული მასა­ლების მიხედვით, მესამე ათასწლეულის მეორე ნახევრიდან გან­საკუთრებით იზრდება წვრილფეხა ცხოველთა რაოდენობა, რაც გა­ნაპირობებს ჯერ ბარის მომიჯნავე, მთის წინა ზონების, ხოლო შემდეგ მთის საძოვრების თანდათან ათვისებას. მაგრამ, პირველ ხანებში მესაქონლეობის წარმოების ახალი ფორმა „გადარეკვით“ ხასიათს იღებს. ამის გამო, მთის ზოლში ჩნდება დროებითი და­სახლებები მარტივი ნაგებობებით, რომლებსაც მხოლოდ გაზაფხუ­ლიდან დაზამთრებამდე იყენებდნენ. შემდგომში ისინი თანდათან იცვლებიან მყარი, კონსტრუქციული, მტკიცე ნაგებობებით და მთა­შიც  მკვიდრი მოსახლეობა ჩნდება.

არსებული მასალების მიხედვით, გვიანბრინჯაოს ხანაში ქვემო ქართლის ბარი, მდინარეების – იორისა და ალაზნის ქვედა წელის მომიჯნავე ტერიტორიები  მესაქონლეობის ძირი­თად სამეურნეო ბაზას წარმოადგენდა. ამ დროს ზამთრის საძოვრებად ათვისე­ბუ­ლია ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის ბარი, შირაქის, ელდარის, გარდაბნისა და მარნეულის ველები. ეს ის ადგილებია, სადაც  მოსახლეობა ცხოვრობდა. ზაფხულობით მათ ცხვარი გადა­ყავ­დათ თრიალეთის ან კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე.

მესაქონლეობის განვითარებაზე საქართველოში წარმოდგენას გვიქმნის, აგრეთვე, ეთნოგრაფიული მასალები, რაც გამოიხატება ხალხთა საყოფაცხოვრებო და სხვა გადმოცემებში, ასევე ფოლკ­ლორსა და რელიგიური ხასიათის მასალებში.

არსებობს არაერთი ისტორიკოსის მეცნიერული ნარკვევი, რომლის მიხედვითაც დღევანდელი საქართველოს ტერიტორია იმთავითვე ჩვენს ძველ წინაპრებს ეკუთვნოდათ. „დღეს ეჭვს არ იწვევს, რომ ღვთისმშობლის წილხვედრ კუთხე დასაბამიდან ქართველთა საცხოვრისი იყო, რომ შემქმნელნი იმ კულტურისა, რომელიც მსოფლიო მნიშვნელობის დონეზე შეიძლება განზოგად­დეს, ჩვენი წინაპრები იყვნენ“, – აღნიშნავს პროფესორი ბ. გამყრე­ლიძე.

საქართველოში არ არის მოშენებელი არც ერთი სასოფლო-სამეურნეო ცხოველის სახეობა, რომელიც წარმოდგენილი არ იყოს ადგილობრივი ჯიშით. ასე, მაგალითად: მსხილფეხა პირუტყვის –  ქართული მთის საქონელი და მეგრული წითელი ჯიში; ადგი­ლობრივი კამეჩი; თუშური და იმერული ცხვრის ჯიშები; თუშური, მეგრული და ჯავახური ცხენის ჯიშები; კახური და სვანური ღორები; ფრინველის ადგილობრივი პოპულაციები; უნიკალური ქართული ფუტკარი და ძაღლი. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ეს სახე აბორიგენულია. მათი შექმნა და ფორმირება, თითქმის მთელ მსოფლიოში, ძირითადად განპირობებულია რეგიონებში არსებული მდიდარი მთის საძოვრებით.

ადგილობრივი პირობების მრავალფეროვნებამ დიდი გავლენა იქონია მეცხოველეობის მრავალმხრივ და სპეციფიკურ განვითა­რებაზე. საქართველოს რეგიონების მრავალმხრივმა ეკონომიკურმა და სხვა პირობებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ცხოველთა მოშინაურების ევოლუციასა და დიფერენციაციაში. უფრო მეტიც, სოფლის მეურნეობის განვითარების ადრეულ ეტაპზე, აქ გაჩნდა მი­წათმოქმედებისა და მეცხოველეობის პირველი დასახლებები. კაცობრიობის გარიჟრაჟზე სოფლის მეურნეობის ორივე დარგი – მეცხოველეობა და მემცენარეობა განიხილებოდა ერთ მთლიანო­ბაში. ადგილობრივმა მოსახლეობამ ისწავლა სარჩოს მოპოვება მთა­გორიან მიწებზე, დაამუშავა ახალი პირობებისათვის შესაბამი­სი სიახლეები; შექმნა ისეთი ტექნოლოგიები, როგორიცაა ცხოველ­თა და ფრინველთა  სხვადასხვა ჯიშის სელექციის ფართო სპექტ­რი, მეცხოველეობის კომპლექსური სისტემის შერჩევა მკაცრი ზამ­თ­რისა და ცხელი ზაფხულის პირობებში, აგრეთვე, დაავა­დებების წინააღმდეგ. ყველა ადგილობრივი ჯიში გამოირჩევა შენახვის ექსტრემალურ სისტემასთან და გარემო პირობებთან კარ­გი შემგუებლობით, შედარებით ნაკლები საკვების მოთხოვნი­ლე­ბით.

ეს ჯიშები ხალხური სელექციის ხანგრძლივი მუშაობის შედე­გია, შექმნილი და ფორმირებულია იმ დროს არსებული ბუნებ­რივ-ეკოლოგიური, სოციალურ და სამეურნეო სფეროში. ყველა  ხასიათდება ეკოლოგიურად სუფთა წარმოებული პრო­დუქციით და მაღალი ხარისხით (რძე, ხორცი, კვერცხი, თაფლი).

ქართველი ხალხის წინაპართა შექმნილია მტკვარ-არაქსის, კოლხეთის, თრიალეთის შესანიშნავი კულტურები. მათივე ხე­ლით არის აგებული უამრავი დიდებული ტაძარი, განუმეო­რე­­ბელი მოხატულობით, მოზაიკითა და ჩუქურთმებით, რო­მელ­თა უმრავლესობამ ჩვენამდე მოაღწია და დღესაც ბევრ მნახ­ველს აკვირვებს.

ჩვენს ნათქვამს ადასტურებს არა მარტო ისტორიკოსთა შრო­მები, არქეოლოგიური მასალები თუ დღემდე მოღწეული კულტურის ძეგლები, არამედ სხვადასხვა მემატიანის ჩანაწე­რი თუ საზოგადოების განვითარების ადრეულ საფეხურზე შექმ­ნილი მითი და თქმულება. ასეთთა შორის უნდა დავა­სა­ხელოთ ბერძნული მითი „თქმულება არგონავტებზე“, რომ­ელიც  ათასწლეულებს მოიცავს და რომლებშიც აღწე­რი­ლია საქართველოს იმდროინდელი ყოფა.

აქ კოლხეთის სამეფო დახასიათებულია, როგორც მაღალგანვითარებული ქვეყანა. მას ჰყავს საკუთარი მეფე, რო­მე­ლიც ვეზირთა საშუალებით მართავს სამეფოს. მითის მი­ხედვით კოლხეთში განვითარებული ყოფილა ოქროს წარმოება, სხვადასხვა ლითონის დამუშავება, ფოლადის მიღება. აქვე საუ­ბარია მაღალ დონეზე განვითარებული სოფლის მეურნეობის შე­სახებ (მოიპოვება დიდი რაოდენობით საუკეთესო ხილი, უამ­რავი საქონელი, ფუტკარი და სხვა).

მართალია, „თქმულება არგონავტებზე“ მითია, მაგრამ მას რომ რეალური საფუძველი აქვს, პრაქტიკულად, დაამტკიცა ინ­გ­ლისელმა მწერალმა და მეცნიერმა ტიმ სევენირმა, რომელ­მაც ააგო ზუსტად ბერძნულის მსგავსი „არგო“ და 1984 წელს სტარტი აიღო პატარა ბერძნულ ქალაქ ვოლოსში, მშვიდო­ბია­ნად მოაღწია საქართველოში და ღუზა ჩაუშვა სოფ. ჭყვიშში, გა­ლაკტიონ ტაბიძის ეზოსთან. ამით მან დაასკვნა, რომ შესაძლებელი ყოფილა  ნავით საბერძნეთიდან სა­ქართველოში მოღწევა. აქედან უნდა ვივარაუდოთ რეალობა იმ მონაცემებისა, რაც ამ მითშია ღწერილი.

აქვე შეგვიძლია დავასახელოთ უძველესი ქართული მითი „თქმულება ამირანზე“ („ამირანიანი“), რომლის მიხედვითაც ამი­რანი კავკასიის მთებში ჯაჭვით იყო დაბმული. როცა დროთა გან­მავ­ლობაში ეს ჯაჭვი ცვდებოდა და თხელდებოდა,  მო­დიოდნენ მჭედლები, რომლებიც ჯაჭვს ასქელებდნენ. რაკი მითში დასახელებულია ჯაჭვი და მჭედლები, ეს იმას ნიშნავს, რომ განვითარებული ყოფილა ლითონის, კერძოდ რკინის წარ­მოება. შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა: რადგან რკინის მადანს ამუ­შავებდნენ, იქ სხვა ლითონების არსებობაც არ არის გამორი­ცხული. ლითონის წარმოება კი კულტურის მაღალ დონეზე მი­უ­თითებს.

არქეოლოგთა მიერ მოპოვებული მასალებით დასტურდება, რომ ადრეული ბრინჯაოს ხანაში  ამიერკავკასიის მთელ ტე­რი­ტორიაზე ხდება მტკვარ-არაქსის კულტურის მატარებელი ტო­მების გაფართოება-გაზრდა. აქ  ცენტრალური ადგილი დღე­ვან­­დელი საქართველოს ტერიტორიას ეჭირა. ასევე ისტორიული გამოკვლევები (არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული) საშუალებას გვა­ძლევს მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ გვიანბრინჯაოს ხანაში მდინარეების – ივრისა და ალაზნის ქვემო წელი და ქვემო ქართ­ლის ბარი ქართული ტომებით იყო დასახლებული.

აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ დასახელებულ ტერიტო­რიაზე მაღალი კულტურის არსებობა ჩვენს წინაპრებთანაა და­კავშირებული. მნიშვნელოვანი და საინტერესო პალეო­ზოოლოგიური მასალა აღმოჩნდა საგვარჯილეს გამოქვაბულში. მოპოვებული ნეოლითური ხანის მასალა მიუთითებს შინახე­ლოსნობის, მონადირეობის, მეთევზეობის და მიწათმოქმედების განვითარების მაღალ დონეზე. აქ მოპოვებული მდიდარი პა­ლე­ო­ზოოლოგიური მასალა ეკუთვნის მსხვილფეხა პირუტყვს, ღორს, ცხვარს, თხას.

„მესაქონლეობის განვითარების მიმნიშნებელი მასალები, – წერს არქეოლოგი, აკადემიკოსი შამილაძე – კიდევ უფ­რო რელიეფურად ჩანს ენეოლითის ხანის ძეგლებში.

ამ პერიოდის განათხარი ძეგლებიდან გარკვეული სახის ოს­ტეოლოგიურ მასალას იძლევა დიდუბის ენეოლითური ნამო­სახ­ლარი, სადაც ძირითადად მოზრდილი ტიპის რქოსანი პი­რუტყვის ძვლები აღმოჩნდა. ყურადღებას იპყრობს, აგრეთვე, წვრილფეხა საქონლის ძვლოვანი მასალაც“.

შემდგომ პერიოდში გაიზარდა ცხვრის სულადობა, რომელ­მაც რაოდენობით ბევრად გადააჭარბა მსხვილფეხა სა­ქონლის სულადობას. ამას ხელი შეუწყო აღმოსავლეთ საქართ­ვე­ლოში არსებულმა საძოვრებმა. მალე ცხვრის კულტიც ჩა­მოყალიბდა. ყაზბეგის ჩრდილოეთით 3კმ-ზე, სოფ. ცდოში მა­ღალ ბორცვზე დგას ნახევრად დანგრეული ქვის ოთხკუთხა შე­ნობა, რომლის ჩრდილოეთ მხარეს მოთავსებულია ანდეზი­ტი­საგან გამოთლილი ცხვრის კერპი. მას „კვირიას ყოჩს“ უწოდებენ. მასთან დაკავშირებული დღესასწაული – ხატობა აღდგო­მი­დან მესამე კვირას იმართება. აქ მოდიან ადამიანები, რომ­ლე­­ბიც  შესაწირ ცხვრებს კლავენ და თხოვენ მათი ცხვრების გამ­რავლებას. მოხევეებში გავრცელებულია, აგრეთვე, სპარს-ანგე­ლო­ზობა, რომელიც, ასევე, დაკავშირებულია ცხვრის კერპთან. სპარს ანგელოზის ხატი მაღალ მთაზე იმყოფება ზღვის დონი­დან 4000 მ-ზე, ყაზბეგის ახლოს.…

სამხრეთ საქართველოში (მესხეთ-ჯავახეთი) ხშირად გვხვ­დე­ბა სასაფლაოზე დადგმული ძეგლები ცხვრის ან ცხენის გა­მოსახულებით. მ. მაკალათიას განმარტებით, ეს ძეგლები მიე­კუ­თ­ვნება იმ მეცხვარეებს, რომლებმაც დატოვეს ანდერძი, რომ მა­თი საფლავი უკვდავეყოთ საყვარელ ცხოველთა გამოსახუ­ლე­ბით.

თუ არ ჩავთვლით საქართველოში ძნელბედობის ჟამს, რაც სამწუხაროდ ხშირი იყო, ყველა პერიოდში ინტენსიურად ვი­თარდებოდა მეცხოველეობა. მის განვითარებას ქვეყნის მმართველებიც უწყობდნენ ხელს. მაგ, დავით აღმაშენებლის ქარტია­ში, რომელიც მან შიომღვიმის მონასტერს მისცა, ნათქვამია, რომ ის – მეფე მონასტერს სწირავს  100 ძროხას და 30 ცხენს. მო­ნასტრის 3000 ცხვარს ის უმატებს 2000 და ფერ­მას ძოვის უფლებას აძლევს მეფის მიწებზე, ყოველგვარი გა­დასახადის – „საბალახოს“ გარეშე.

საინტერესოა ფრანგი მოგზაურის – ჟან შარდენის ჩანაწერები, რომელსაც მეჩვიდმეტე საუკუნეში შემოუვლია მთელი საქართ­ვე­ლო და თავისი თვალით დანახული აღუწერია: „…საქართ­ვე­ლო ნოყიერი ქვეყანაა. ცხოვრება აქ კარგად და იაფად შეი­ძლება; მსოფლიოს არც ერთ კუთხეში არ არის ისეთი გემრიე­ლი პური, როგორიც აქ. ხილი საუცხოო და მრავალნაირია.

ევროპის არც ერთ ადგილას არ მოდის უფრო გემრიელი მსხალი და ვაშლი. აზიაში არსად მოიძებნება აქაურზე უკეთესი ბროწეული. საქონელი აქ დიდი რაოდენობით და ძალიან კარ­გი ჯიშისაა, იქნება ეს მსხვილფეხა თუ წვრილფეხა. დიდი რა­­ო­­დენობითაა გარეული ღორიც. სოფელი სავსეა ღორებით.

უნდა ითქვას, რომ ამ ხორცზე უკეთესს ვერაფერს იგემებ. მტკვარი იმდენი თევზითა და მტკნარი წყლით ამარაგებს ქვე­ყა­ნას, რომ დარწმუნებით შეიძლება ითქვას – მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში, წლის არც ერთ დროს არ შეიძლება აქაურზე უკეთესად ჭამოს და სვას ადამიანმა“.

არსებული მასალებიდან მკაფიოდ ჩანს, რომ ჩვენი წი­ნაპ­არი დიდ ყურადღებას უთმობდა ცხოველების მოვლა-მოშე­ნე­ბას­თან დაკავშირებულ საკითხებს. პირველ რიგში ისინი გან­სა­კუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ცხოველთა კვებას. თით­ქ­მის ყველა გამოკითხული მეურნე ამბობს, რომ კარგად ნაკვები ცხო­ველი ძლიერია, ჯანმრთელია, მას ვერაფერს აკლებს ავადმ­ყო­ფობა. გლეხს შემუშავებული ჰქონდა საქონლის კვების გეგ­მაც.

ჩვენს წინაპრებს შესწავლილი ჰქონიათ ცალკეული საძოვ­რე­ბი, რომლებიც წონამატს და წველადობას უზრდიდა საქონელს.  

ბუნებრივი პირობები დაედო საფუძვლად იმას, რომ პატარა საქართველოს ერთმანეთისაგან არცთუ ისე ბევრად დაშორე­ბულ კუთხეებში ჩამოყალიბდა სხვადასხვა ჯიშისა და თვი­სე­ბის მქონე საქონელი. შემდგომში ჯიშები თანდათან იხვე­წე­ბოდა და სრულყოფილი ხდებოდა.

მაგალითად, თუშური ცხენი, ის მომცრო ტანისაა, მაგრამ კარ­გა­დაა შეგუებული მთის პირობებს. კარგად მოძრაობს მთის ცი­­ცა­ბო ბილიკებზე, გადააქვს საკმაოდ მძიმე ტვირთი და საკვებსაც კარგად მოიპოვებს მთის პირობებში, რასაც მოკლებულნი არიან დიდი ჯიშის ცხენები.

თუშური ცხვარიც ხომ ჩვენი წინაპრების მიერ ჯიშთა შერჩევისა და გაუმჯობესების შედეგია.

ასე, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში საუკუნეების მანძილზე ყალიბდებოდა სხვა ქვეყნის ცხოველთა განსხვა­ვე­ბული ჯიშები, რომლებიც შეესაბამებოდნენ ადგილობრივ ბუ­ნებ­რივ პირობებს. ბუნებრივი პირობების შესაბამისად ვითარ­დე­ბოდა, ასევე, ცხოველთა მოვლა-მოშენების მეთოდები, ხერ­ხე­ბი და საშუალებები.

დაძაბული, გონივრული და ფიზიკური შრომის შედეგად ჩვენი წინაპრები შრომის მაღალნაყოფიერებას ისე აღწევდნენ, რომ ამზადებდნენ არათუ ქვეყნისათვის სამყოფ პროდუქციას, არა­მედ ხშირად ბევრი და მაღალხარისხოვანი სასაქონლო ნა­წარ­მი გაჰქონდათ სხვადასხვა ქვეყანაში.

მიუხედავად მძიმე შრომისა, ქართველი მეურნეები ყოველ­თ­ვის ახერხებდნენ ღირსეულად შეხვედროდნენ სხვადასხვა აღსანიშნავ დღესასწაულს (ახალი წელი, აღდგომა, მარიამობა და ა. შ.). აჭარაში და საქართველოს ზოგიერთ სხვა კუთხეში მი­ღე­ბული იყო დღესასწაული „შუამთობა”.

საქართველოში ცხოველთა მოვლა-მოშენების და მასთან და­კავშირებულ საკითხებზე ბევრი საინტერესო მასალა აქვთ შე­ს­წა­­ვლილი და დამუშავებული ავტორებს: ვ. შამილაძეს, ბ. გამყ­რე­ლიძეს, ნ. იოსელიანს, ნ. გოცირიძეს, ნ. კილაძეს, ო. ჯაფარიძეს, ა. ციციშვილს, ალ. რობაქიძეს, თ. ჩიქოვანს, ა. კოზმანიშვილს, მ. ნატროშვილს, ი. შუბითიძეს, რ. ნოზაძეს, კ. კაპანაძეს, თ. პაიკიძეს, კ. ქართველიშვილს, ზ. შერმაზანაშვილს, მ. მაკალათიას, ს. კვი­ციანს და ბევრ სხვას, რომლებმაც დიდი წვლილი შეი­ტანეს საქართველოში მეცხოველეობის განვითარების შესწავლის საქმეში. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ ბევრია მეცხო­ვე­ლეო­ბას­­თან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც აუცილებელ  შე­­ს­წავლას მოითხოვს.

დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი წინაპრების მიერ სამე­ურ­ნეო საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა და განზოგადება ისევე საჭიროა, როგორც მათ მიერვე შექმნილი ხელოვნების სხვადასხვა დარგის შესწავლა და წარმოჩენა.

ნაშრომში მოტანილი მასალა, რომელიც ეხება ქართველი ხალხის როლს ცხოველთა მოვლა-მოშენებისა და მკურ­ნალობის საქმეში, მხოლოდ ნაწილობრივ ასახავს იმ მდი­დარ ტრადიციებს, რაც ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ.

მიუხედავად ამისა, ვფიქრობთ, ამით მაინც გარკვეული წვლილი იქნება შეტანილი ჩვენი წინაპრების სამეურნეო საქმია­ნო­ბის შესწავლის საქმეში.

ჯემალ სვანიძე,

ლევან თორთლაძე

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.