ცხოველური ნარჩენების მართვა – გარემოსდაცვითი და ეკონომიკური გამოწვევა საქართველოსთვის
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სადაც ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტების მართვის საკითხები განიხილეს.
შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ევროპული გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, საქართველოში საჭიროა ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც ერთდროულად როგორც გარემოსდაცვით, ისე ეკონომიკურ ასპექტებს მოიცავს.
„ცხოველური ნარჩენების მართვა მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას. სასაკლაოებში, ბაზრებსა და ფერმებში წარმოქმნილი ნარჩენების სწორად მართვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ისე გარემოს დაცვისა და ეკონომიკური მდგრადობის თვალსაზრისით,“ – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა.
მისი თქმით, მუნიციპალურ ნაგავსაყრელებზე ცხოველური ნარჩენების უკონტროლო განთავსება სერიოზულ საფრთხეს ქმნის: შესაძლოა გავრცელდეს ინფექციები და დაბინძურდეს ნიადაგი, წყალი და ჰაერი. ამასთან, ნარჩენების სეპარირება, შეგროვება, ტრანსპორტირება და გადამუშავება იძლევა შესაძლებლობას, რომ მათგან ღირებული რესურსები – ბიოგაზი, ორგანული სასუქი ან ცხოველთა საკვები – მივიღოთ, რაც ცირკულარული ეკონომიკის განვითარებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
შეხვედრას მინისტრის მოადგილეები სოლომონ პავლიაშვილი, ზურაბ ეზუგბაია, ლაშა ავალიანი და კახა კაკაბაძე, ასევე სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის, გარემოს ეროვნული სააგენტოსა და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით უნდა შემუშავდეს დროული და ეფექტიანი გამოსავალი, რომელიც საქართველოს საშუალებას მისცემს, ცხოველური ნარჩენების მართვის საკითხში ევროპულ სტანდარტებს დაუახლოვდეს და ამავდროულად შექმნას დამატებითი ეკონომიკური სარგებელი.