დარგებიმეცხოველეობაფერმერი ფერმერს

ცხვრის შენახვის ტექნოლოგიის პრინციპები საქართველოში 

მეცხვარეობის პროდუქციის წარმოება შესაძლებელია დარგის გაძღოლისადმი განსხვავებული მიდგომითა და ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც თავის მხრივ ამა თუ იმ რეგიონში, ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობით, ბუნებრივ-საწარმოო პირობებით, განვითარების სოციალურ-ეკონომიკური პირობებით და ტრადიციებითაა განსაზღვრული და განპირობებული.

საქართველოში ისტორიულად მეცხვარეობის დარგის გაძღოლის ორი ძირითადი სისტემაა გამოყენებული: მომთაბარე-საძოვრული და სტაციონარულ-საძოვრული. თუმცა ზოგჯერ მესამე, გარდამავალ ფორმასაც – ნახევრადსტაციონარულსაც იყენებენ, რომელიც თითქოს დასახელებულთა შორის შუალედურ სისტემას წარმოადგენს და გულისხმობს მთელი წლის მანძილზე სეზონური საძოვრების გამოყენებას, მათ შორის ზამთრის პერიოდშიც, თუკი მეურნეობის გადაადგილების ზონაში კლიმატური პირობების გათვალისწინებით ზამთარში საძოვრების გამოყენება, საერთოდ შესაძლებელია (2).

ცალკე გამოყოფენ შენახვის საკარმიდამო-სამომხმარებლო სისტემას, რაც ძირითადად იმერული ცხვრის შენახვის დროს გამოიყენება (1).

მეცხვარეობაში, ჩვენთან, ძირითადად დარგის გაძღოლის მომთაბარული ფორმა იქნა ჩამოყალიბებული და მთლიანი მეცხვარეობის 75% სწორედ ამ სისტემას ეკავა. ხოლო დანარჩენი 25% მოდიოდა შენახვის სტაციონარულ და ნახევრადსტაციონარულ სისტემაზე. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დღეისათვის ეს კანონზომიერება შეცვლილია, რადგან იმ რეგიონებში სადაც სტაციონარულ და ნახევრადსტაციონარულ შენახვის სისტემებს მისდევენ ცხვრის სულადობა საგრძნობლად შემცირდა. 2020 წლის სტატისტიკური მონაცემებით საქართველოში 896,3 ათასი სული ცხვარია, აქედან 552,1 ათასი სულია კახეთში, 53,5 ათასი მცხეთა-მთიანეთში, 179,2 ათასი ქვემო ქართლში, 65,6 ათასი სული სამცხე-ჯავახეთში, 23,6 ათასი სული შიდა ქართლში, 15,9 ათასი სული იმერეთში, დანარჩენი კი 6,4 ათასი სულია.

მომთაბარულ-საძოვრულ სისტემას მისდევენ მცხეთა-მთიანეთის, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, ხოლო სტაციონარულ და ნახევრადსტაციონარულს სამცხე-ჯავახეთის, ნაწილობრივ აჭარის  და შიდა ქართლის რეგიონებში.

მომთაბარე-საძოვრული სისტემა ძირითადია და ყველაზე რთული. აუცილებელია როგორც ზამთრის, ასევე ზაფხულის საძოვრები. მთელი წლის განმავლობაში ცხვარი გარეთ, სუფთა ჰაერზეა. შენახვის ასეთი სისტემის დროს, პრაქტიკულად გამოყენებული მუნიციპალიტეტები ცხვრის სულადობას გადარეკავს და ინახავს მისთვის სხვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამოყოფილ და გარკვეული ვადით სარგებლობისათვის მიმაგრებულ საზაფხულო იალაღ-საძოვარზე. მომთაბარული შენახვისას ზამთრის საძოვარზე ცხვარს აყენებენ ნოემბრის ბოლოდან, ან დეკემბრის შუა რიცხვებიდან, რაც გრძელდება მაისის შუა რიცხვებამდე, საზაფხულო საძოვრებზე გადარეკვამდე. სექტემბრის ბოლომდე ცხვარი სუბალპურ და ალპურ საძოვრებზეა და იგივე მარშრუტით ბრუნდებიან უკან ზამთრის საძოვრებისაკენ.

სტაციონარული სისტემით  ცხვრის სულადობა ზამთარსა და ზაფხულში საკუთარი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა გაადგილებული. შენახვის ასეთი სისტემისას ცხვარს სტაციონარში (ფარეხში) აყენებენ სექტემბრის თვიდან და მაისის შუა  რიცხვებამდე იკვებება ადგილზე (8 თვე). მაისის შუა რიცხვებიდან ცხვარი ზაფხულის საძოვარზეა, რაც იქვე, ახლოსაა, ან მაქსიმალური დაცილება 4-5 კმ-ია.

ცხვრის შნახვის სეტემე 1111111111111111111111111111

ნახევრადსტაციონარული შენახვის დროს ცხვარი ზამთარში ცუდ ამინდში სტაციონარშია, ხოლო კარგ ამინდში გარეთ, საძოვარზე იმყოფება. ზაფხულში კი ჩვეულებრივ იალაღებზეა.

შენახვის მომთაბარულ სისტემას აქვს თავისი დადებითი მხარეები: ზამთარ-ზაფხულში ცხვარი გარეთა სუფთა ჰაერზეა, ჯანმრთელია და წარმოებული პროდუქცია დაბალი თვითღირებულებისაა, რაციონარულად ხდება საძოვრების ათვისება, ცხვრისათვის გამოყენებულია იაფფასიანი ბინები, იწარმოება ეკოლოგიურად სუთა პროდუქტი. რომ არა ცხვარი, აუთვისებელი დაგვრჩებოდა მაღალმთიანი, რელიეფურად მიუდგომელი საძოვრები.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, მომთაბარე მეცხვარეობის უარყოფით მხარედ უნდა ჩაითვალოს, რომ იგი თავისი ტექნოლოგიური პარამეტრებით და ტექნიკური პირობებით, სამუშაო პროცესების ნორმალურად წარმართვისათვის მეტად ძნელია და მოითხოვს მომსახურე პერსონალის დაძაბულ შრომას. დარგი ექსტენსიურია, გადასარეკი ტრასები და დასასვენებელი მოედნები მოუწყობელია, სწარმოებს ცხვრის უსისტემო შეწყვილება და შეჯვარება, სრულყოფილად ვერ ხდება სანაშენო მუშაობის ისეთი მნიშვნელოვანი პროცესების ჩატარება როგორიცაა ცხვრის ნერბვა, ხელოვნური დათესვლის ან უკიდურეს შემთხვევაში „ ხელზე „ ნერბვის ჩატარება და ა.შ. (2).

საქართველოში სტაციონარულ პირობებში ცხვრის შენახვას, როგორც აღვნიშნეთ, მისდევდნენ და მისდევენ სამცხე-ჯავახეთსა და აჭარაში. მოშენებული ყავდათ შესაბამისად ჩრდილოეთკავკასიური და ჰემშინური ჯიშის ცხვარი. ისმის კითხვა, შესაძლებელია თუ არა დანარჩენ რეგიონებშიც მოხდეს ასეთი სისტემის დანერგვა? რა თქმა უნდა შესაძლებელი და აუცილებელიცაა. მაგრამ ისე არ უნდა გავიგოთ, რომ უარი ვთქვათ ტრადიციულ, მომთაბარული შენახვაზე.

სტაციონალური შენახვის დროს ფერმერმა უნდა გათვალოს, თუ რომელი ჯიში იქნება მოსაშენებელი და რა რაოდენობის საკვები დაჭირდება მთელი წლის განმავლობაში. ზოგიერთმა ფერმერმა დაიწყო კიდევაც ინტროდიცირებული ჯიშების შემოყვანა, ზოგიერთი კი ჩვენს ჯიშებს აძლევს უპირატესობას. ასე მაგალითად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფ. უდაბნოს ტერიტორიაზე ბატონმა თემურ უგულავამ შემოიყვანა ესპანეთიდან ასაფის ჯიშის მერძეული მიმართულების ცხვარი 200 სულის   ოდენობით, მეხორცული მიმართულების კასტელანას ჯიში – 600  და ასევე მეხორცული მიმართულების ჩუროს ჯიში 36 სული.

ცხვრის შნახვის სეტემე3

                                        ჩუროს ჯიშის ნერბები

ცხვრის შნახვის სეტემე 4

                 კასტელანას (ყავისფერი შეფერილობის) და ჩუროს ჯიში

                                                                    ცხვრის შნახვის სეტემე 5

    ასაფის ნერბები ( წინა პლანზე )

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვემო ალვანის მკვიდრს ბატონ ბაიდაურს დაგეგმილი აქვს მეხორცული მიმართულების დორპერის ჯიშის შემოყვანა და მისი მომრავლება სტაციონარული შენახვის პირობებში. ამავე სოფელში შემოყვანილი ყავთ უკრაინიდან კროსბრედული მიმართულების ცხვარი. მცხეთა-მთიანეთში ფერმერ ზაზა ნაზღაიძეს შემოყვანილი ყავს ნაზმატყლიანი ჯიშის ცხვარი.

ისმის კითხვა: შესაძლებელია თუ არა ჩვენი ქართული ჯიშების მოშენება სტაციონარული შენახვის პირობებში? რა თქმა უნდა შესაძლებელია, მაგრამ ფერმერმა უნდა გათვალოს, მომგებიანი იქნება თუ არა ასეთი საქმის წამოწყება.

ცხვრის შნახვის სეტემე 6

         სოფ. აფენში ცხვრის ფარეხების მშენებლობა სტაციონარული შენახვისათვის

 სტაციონარულად იმერული ცხვრის მოშენება გადაწყვიტა ფირმა „ჯეოფარმსმა“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, კერძოდ სოფ. აფენში და დღეისათვის 1000 სულ ცხვარზე მეტი ყავთ მოშენებული.

ვნახოთ რას გვიჩვენებს მომავალი.

გ. ბეღელური, ჯ. ლოლაძე. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი

ი. შოშიაშვილი,  ფერმის მენეჯერი

გამოყენებული ლიტერატურა:

      1. ნაცვალაძე კ. ბატკნის ხორცის წარმოების უწყვეტი რეზერვი საქართველოში. ჟ. აგრარული საქართველო;
      2. პაიკიძე თ. მეცხვარეობა, 2004 წ.

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“  №5 (116)