დარგებივეტერინარია

ცხვრისა და თხის ყვავილი (Sheep and Goat Pox)

რა არის ცხვრისა და თხის ყვავილი?
ცხვრისა და თხის ყვავილი მწვავე ვირუსული ინფექციური დაავადებაა, რომელიც მოკლე
პერიოდში ვრცელდება სწრაფად, ხასიათდება კანსა და ლორწოვან გარსებზე გამონაყარით.

რომელი ცხოველები ავადდებიან ცხვრისა და თხის ყვავილი?
ავადდება ყველა ჯიშისა და ასაკის ცხვარი და თხა. სიკვდილიანობამ მოზარდ ცხოველებში
შესაძლოა მიაღწიოს 50%-ს.

რა საფრთხეს წარმოადგენს ცხვრისა და თხის ყვავილი ადამიანებში?
ადამიანი ცხვრისა და თხის ყვავილით არ ავადდება, თუმცა დაავადებას მოაქვს ძალიან
დიდი ეკონომიური ზარალი.

როგორ ხდება ცხვრისა და თხის ყვავილის გავრცელება?
ყვავილის გავრცელების წყაროა ავადმყოფი და ვირუსმატარებელი ცხოველი ინკუბაციურ
პერიოდში და კლინიკური გამოჯანმრთელების შემდეგ. ავადმყოფი ცხოველის ორგანიზმიდან
ვირუსი გამოიყოფა ცხვირიდან და თვალიდან გამონადენებთან ერთად. ყვავილი განსაკუთრებით
სწრაფად ვრცელდება ავადმყოფი და ჯანმრთელი ცხოველების ერთად შენახვის დროს.
დაავადების გავრცელებაში გარკვეულ როლს ასრულებენ მწერები (ვექტორები) რომელთაც
დაავადება გადააქვთ მექანიკურად. დაავადების გადაცემა აგრეთვე შესაძლებელია მოხდეს
ვირუსით დასვრილი საკვებით, მოვლის საგნებით, ტყავით, მატყლით და სხვა.

რა სიმპრომები (კლინიკური ნიშნები) აქვს ცხვრისა და თხის ყვავილს?
ინკუბაციური (ფარული) პერიოდი გრძელდება 8-13 დღე. ავადმყოფობა იწყება
მოწყენილობით, ძლიერი ცხელებით (41-42°C) ცხვირიდან და თვალიდან ლორწოვან-ჩირქოვანი
გამონადენით. შესამჩნევია მადის დაქვეითება, გახშირებული სუნთქვა. დაავადებიდან რამოდენიმე
დღეში კანზე ჩნდება გამონაყარი. დასაწყისში წარმოიქმნება წითელი ლაქები, ხოლო ორი დღის
შემდეგ მათ ცენტრში ჩნდება კვანძები, რომელიც სწრაფად იზრდება და აღწევს დიამეტრით 12-15
მმ-ს. კვანძები განლაგებულია მთელს სხეულზე განსაკუთრებით კანის უმატყლო ადგილებში და
ცურზე. ყვავილი ჩნდება წლის ნებისმიერ დროს, განსაკუთრებით ინტენსიურად ცივ და ტენიან
ამინდში.

როგორ უნდა მოვიქცეთ ცხვრისა და თხის ყვავილზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში?
საეჭვო შემთხვევის დროს უნდა მოხდეს დაავადებაზე საეჭვო ცხოველეის იზოლაცია და
ვეტერინარი ექიმის გამოძახება.

როგორ ხდება ცხვრისა და თხის ყვავილის დიაგნოზის დადგენა?
დიაგნოზი შეძლება დაისვას კლინიკური დათვალიერებისა და პათოლოგიური მასალის
ლაბორატორიული გამოკვლევის საფუძველზე. ლაბორატორიაში გამოკვლევებისათვის იგზავნება:
კანის დაზიანებული ადგილებიდან აღებული ანაფხეკი, სისხლი, შრატი და ლიმფური კვანძებიან
აღებული სითხე. ნეკროფსიის (გაკვეთის) შემთხვევაში კი – ლიმფური ჯირკვლები, ყველა სახის
ქსოვილი განსაკუთრებით დაზიანებული უბნებით.

როგორ ხდება ცხვრისა და თხის ყვავილის მკურნალობა?
დაავადების შემთხვევის დროს ხდება ავდმყოფი ცხოველების გამოცალკავება მშრალ და
თბილ სადგომებში და მათი უზრუნველყოფა ადვილად მოსანელებელი საკვებით. მკურნალობენ
ქიმიოთერაპევტული პრეპარატებით და ანტიბიოტიკებით მეორადი ინფექციების თავიდან
აცილების მიზნით.

როგორ ხდება ცხვრისა და თხის ყვავილის პრევენცია და კონტროლი?
• ფარეხების დეზნფექცია;
• მკვდარი ცხოველების გაუვნებლობა (ლეში დაწვა მატყლთან და ტყავთან ერთად).
• ცხოველების ვაქცინაცია ითვლება ყველაზე ეფექტურ კონტროლის ღონისძიებად.

რა ღონისძიებებს ანხორციელებს სახელმწიფო ცხვრისა და თხის ყვავილის
საწინააღმდეგოდ?
სურსათის ეროვნული სააგენტო არსებული და მოსალოდნელი რისკების მიხედვით ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში
ცხვრისა და თხის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ატარებს.

წყარო: http://www.oie.int
ეპოდემიოლოგია და ცხოველთა ინფექციური დაავადებები – ჯემალ ბაბაკიშვილი 2012