აგროსიახლეები

წლეულს ბოლო 7 წლის განმავლობაში თხილის მოსავალი ყველაზე უხვი და ხარისხიანი იქნება

წელს ქართული თხილის ხარისხი და მოსავალი საკმაოდ კარგია. ფაროსანას შემოსევის შემდეგ თხილის წარმოება წარმატებით აღდგა და გასულ სეზონზე 33 ათასი ტონა შეადგინა, რაც ბოლო 5 წელიწადში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას პორტალი EastFruit ავრცელებს.

გამანადგურებელი მწერის შემოსევის შემდეგ თხილის მოყვანის აღდგენის ტემპი წლიდან წლამდე მატულობს. სტატისტიკურად ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2015 წელს, 35 ათასი ტონა თხილი დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი კი – 2018 წელს, საშუალოდ _17 ათასი ტონა. ბოლო სეზონზე მოსავალი თითქმის გაორმაგდა და 33 ათასი ტონა თხილი დაიკრიფა.

იზრდება, ასევე, თხილის ფასი. 2019 წელთან შედარებით, წელს ნაჭუჭიანი თხილის ფასი 12%-ით მეტია და კილოგრამზე 2,2 დოლარიდან 2,46 დოლარამდე გაიზარდა, ხოლო თხილის გულის ფასმა 5,78-დან 5,88 დოლარამდე მოიმატა.

ფერმერები უკვე მომავალი სეზონისთვის ემზადებიან, რომელიც აგვისტო-სექტემბერში დაიწყება. მიმდინარეობს პლანტაციების უპრეცედენტო მოვლა, რადგან ფერმერებმა ყურადღების გამახვილება თხილის ხარისხზე დაიწყეს. როგორც ჩანს, ხარისხიან თხილს საგრძნობი მოგება მოაქვს,“ – წერს პორტალი.

ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოში 5000 ჰექტარის თხილის ბაღი გაშენდა. ამ პლანტაციების უმრავლესობა ნაყოფს უკვე წელს გამოიღებს, რაც მომავალშიც ყოველწლიურად დამატებით 7,5-დან 13 ათას ტონამდე თხილის მოსავალს უზრუნველყოფს. ამდენად, EastFruit ვარაუდობს, რომ აგვისტო-სექტემბრის სეზონზე თხილის მოსავალი ბოლო 7 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი და ხარისხიანი იქნება.

პორტალის მონაცემებით, საქართველოს თხილის ბიზნესიდან თითქმის 80 მლნ დოლარის შემოსავალი აქვს, რაც დაიკარგება, თუკი ფერმერებმა მოსავლის ხარისხზე არ გაამახვილეს ყურადღება.

რაც შეეხება მომავალი სეზონის ფასებს, EastFruit წერს, რომ ეს დამოკიდებულია მსოფლიო ბაზრის ფასებზე, რაზეც საქართველოს ფასებია მიბმული, მსოფლიო ბაზარზე კი კონკურენცია იზრდება. პორტალის მონაცემებით, გასულ წელს ქართული თხილის 90% ექსპორტზე გავიდა. თხილის საერთაშორისო საბჭოს (International Nut Council) მონაცემებით, 2021-2022 სეზონურ წელიწადს მსოფლიოში ნაჭუჭიანი თხილის წარმოება 1 306 900 ტონას მიაღწევს მაშინ, რაცა გასულ სეზონზე 1 183 000 ტონა იყო. ამის მიზეზი მოსალოდნელი დიდი მოსავალია თურქეთში, ჩილეში, ირანში, ჩინეთში, ესპანეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში. თურქეთზე მსოფლიო თხილის მოსავლის 60%-ზე მეტი მოდის, თუმცა 2020 წელს ამ ქვეყნიდან ექსპორტის კლება შეინიშნებოდა. თურქული ტყის თხილის ექსპორტის ყოველწლიურმა კლებამ ნატურალური სახით 12,1% შეადგინა, დოლარის ექვივალენტში კი _ 4,1%.

შავი ზღვის თხილის ექსპორტიორთა ასოციაციაში თურქული თხილის ექსპორტის შემცირებას კონკურენტი ქვეყნების მიერ თხილის დაბალ ფასად გაყიდვას უკავშირებენ. გარდა ამისა, ევროპის საკონდიტრო მრეწველობა ნუშის მოხმარებაზე გადადის, რადგან იზრდება მისი მიწოდება და თხილთან შედარებით იაფიცაა.

წყარო: bpn.ge