დარგებივეტერინარიამედია

ცოდნა განმტკიცებული საქმის სიყვარულით

ქალაქ თელავში, ბაზრის მიმდებარე ალაზნის ქუჩის 4 ნომერში განთავსებულ ვეტაფთიაქში მისულებს ქალბატონი ელენე სოფრომაძე დაგხვდებათ, რომელსაც ვეტაფთიაქში მუშაობს 25-წლიანი გამოცდილება აქვს. ქალბატონმა ელენემ უკვე მეათე წელიწადია, რაც საკუთარი ვეტაფთიაქი გახსნა და ყოველდღიურად ემსახურება მომხმარებელს, აძლევს რჩევებს და ცდილობს დაეხმაროს მათ თავიანთი მეურნეობის უკეთ გაძღოლასა და პირუტყვისა თუ ფრინველის გამოზრდაში.

ქალბატონი ელენეს ოცნება იყო ისეთი ვეტაფთიაქი გაეხსნა, რომელიც სამედიცინო აფთიაქზე ნაკლები არ იქნებოდა და საამისოდ მონდომებას და ენერგიას დღესაც არ იშურებს. ცდილობს, სწავლობს, ეძებს ახალ ინფორმაციებს რათა თანამედროვე ვეტერინარული პრეპარატებისა და ტექნოლოგიების შესახებ მეტი გაიგოს, დანერგოს და მომხმარებელიც კმაყოფილი ჰყავდეს.
„როცა საკუთარი ვეტაფთიაქის გახსნა დავაპირე, სურსათის ეროვნული სააგენტოდან შემოწმებაზე მოვიდნენ. მათმა ერთმა თანამშრომელმა მითხრა: ქალბატონო, მომწონს თქვენი შემართება ამ ვეტაფთიაქის მიმართ. ეს სიტყვები ისეთი სტიმულის მომცემი აღმოჩნდა ჩემთვის, მიზნად დავისახე მეორე შემოწმებაზე აფთიაქი უკეთესად მოწყობილი დამეხვედრებინა. ვეტაფთიაქის ინტერიერისა და ფასადის მოწყობაში „კახეთი მოლის“ ხელშეწყობით კომპანია „როქი“ დამეხმარა და საჩუქრად ავეჯი და ინვენტარი გადმომცა.
ძალიან დიდი ინტერესი და სიყვარული მაქვს ამ სფეროს მიმართ. ყველა საკითხს სიღრმისეულად განვიხილავ, ვესწრები სხვადასხვა ტრენინგს. კარგი იქნება, თუ მუდმივად იქნება გადამზადების კურსები და ვიფიქრებთ საქმის კეთებაზე. თუ ადამიანი პირდაპირ ფულზეა ორიენტირებული, ის წარმატებას ვერ მიაღწევს. შენობაზე მხოლოდ აბრის გაკეთება, რომ ვეტაფთიაქია გახსნილი, საკმარისი არაა. აუცილებელია ცოდნა, საქმის სიყვარული და ადამიანების ნდობის მოპოვება, რომ პატივისცემა დაიმსახურო და თავი დაიმკვიდრო. ცოდნის მხრივ მუდმივად ცდილობს ჩვენს განვითარებას „მომავლის ფერმერი“, რომელიც ტრენინგებისა და კონსულტაციების გზით გვაწვდის სიახლეებს“ — აღნიშნავს ელენე სოფრომაძე.
ქალბატონი ელენე პროფესიით ზოოინჟინერია. როგორც თავად ამბობს, წლების განმავლობაში საკმაოდ დიდი ცოდნა-გამოცდილება დაუგროვდა და ვეტაფთიაქში მოსულ მომხმარებელს საკუთარ სერვისს — კონსულტაციას დაუზარლად სთავაზობს. სამომავლოდ კლინიკის გახსნაც სურს.
ფიქრობს, თუ თითოეული სპეციალისტი ფერმერის წარმატებაზე იზრუნებს, სოელიც განვითარდება.

თეონა ნოზაძე,
ასოციაცია „მომავლის ფერმერი“