აგროსიახლეები

ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი) ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს

საქართველოს მთავრობის №33 დადგენილების საფუძველზე, 2026 წლის 27 იანვრიდან ამოქმედდება ახალი მექანიზმი, რომელიც ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის სიკვდილის შემთხვევაში მეპატრონეებისთვის კომპენსაციის გაცემას ითვალისწინებს.
ინიციატივის მიზანი ცხოველთა ინფექციური დაავადებების დროული გამოვლენა, პრევენცია და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაა.

ცხოველის მეპატრონეს ცოფით ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მიყენებული ზარალი ნაწილობრივ აუნაზღაურდება, რაც მას გაუჩენს მოტივაციას, დროულად მიაწოდოს ინფორმაცია სურსათის ეროვნულ სააგენტოს ცოფის სავარაუდო ან დადასტურებული შემთხვევის შესახებ.

აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ცხოველებში ცოფის გავრცელების პრევენციას და დაავადებისგან ადამიანების დაცვას.

კომპენსაცია გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ:

ცოფით დაავადება დადასტურებულია ლაბორატორიულად;

ცხოველის სადგომი რეგისტრირებულია მონაცემთა ერთიან ბაზაში;

ცხოველის მფლობელი რეგისტრირებულია მონაცემთა ერთიან ბაზაში და ასრულებს ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვალდებულებებს;

ცხოველი იდენტიფიცირებული და რეგისტრირებულია შემთხვევამდე არანაკლებ 15 დღით ადრე.

კომპენსაცია არ გაიცემა, თუ კარანტინის პერიოდში დაინფიცირებულ პუნქტსა და საფრთხის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე ცხოველის მეპატრონე უარს ამბობს ცოფის საწინააღმდეგოდ მსხვილფეხა საქონლის, წვრილფეხა საქონლის ან/და ღორის ვაქცინაციაზე და ამ შემთხვევიდან ერთი წლის ვადაში ცხოველი დაავადდება ცოფით.

კომპენსაციის ოდენობას, მონაცემთა ერთიან ბაზაში მითითებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ადგენს სპეციალურად შექმნილი კომისია.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ საქართველოს მთავრობის №33 დადგენილება: https://nfa.gov.ge/Ge/Files/ViewFile/8814

საქართველოში 2024 წლიდან მოქმედებს მთავრობის №332 დადგენილება, რომელიც ცხოველის ჯილეხით სიკვდილის შემთხვევაში სახელმწიფოსგან კომპენსაციის გადახდას ითვალისწინებს.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მიკვლევადობის ეროვნული სისტემის (NAITS) პროექტის მხარდაჭერით, ჯილეხით მკვდარი ცხოველების მეპატრონეზე კომპენსაცია გასული წლის აგვისტოში გასცა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ლაშა ავალიანის განცხადებით, აღნიშნული წესი ეფუძნება მსოფლიო პრაქტიკას და ხელს შეუწყობს როგორც ცოფის გავრცელების პრევენციას, ასევე ფერმერების მოტივირებას, დროულად მიაწოდონ ინფორმაცია სურსათის ეროვნულ სააგენტოს.

„ეს წესი არის ცოფთან ბრძოლის მსოფლიო პრაქტიკის ნაწილი და მისი მიზანია, როგორც ფერმის ცხოველის მეპატრონის ზარალის ნაწილობრივი ანაზღაურება, ასევე, მისი მოტივირება, რომ დროულად მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია სურსათის ეროვნულ სააგენტოს. ამ შემთხევაში კომპენსაცია გაიცემა როგორც მსხვილფეხა, ასევე წვრილფეხა საქონელზე და ღორზე. კომპენსაციას აქვს თავისი წინაპირობები, რომელიც დადგენილებითაა განსაზღვრული.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის აქტიური ღონისძიებების შედეგად, ცხოველებში ცოფით დაავადებების რაოდენობა შემცირებულია 92 %-ით. მაგალითისთვის, 2013 წელს, ცოფის 116 შემთხვევა იყო ცხოველებში, ხოლო 2025 წელს მხოლოდ 9. დღეისათვის, მოქმედებს ცხოველებში ჯილეხის კომპენსაციის წესი, რომელიც ძალაში 2024 წელს შევიდა და 2025 წელს, ჯამურად, 10 ათასი ლარის ოდენობის კომპენსაცია ორმა ფერმერმა მიიღო“, – აღნიშნა ლაშა ავალიანმა.

ცოფით ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში კომპენსაციის შემოღება მნიშვნელოვანი ნაბიჯია როგორც ფერმერების ეკონომიკური ინტერესების დაცვის, ისე ცოფის გავრცელების პრევენციის მიმართულებით. რეგისტრაციის, იდენტიფიკაციისა და ვაქცინაციის მოთხოვნების შესრულება მეპატრონეებს მისცემს შესაძლებლობას, ისარგებლონ სახელმწიფო მხარდაჭერით და ერთობლივად შეუწყონ ხელი ადამიანებისა და ცხოველების ჯანმრთელობის დაცვას.