აგრარული განათლებამედია ფერმერებისთვის TVრუბრიკები

სოფლის მეურნეობაში წყლის სწორად გამოყენებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს

წყლის სწორი და ამავდროულად ყაირათიანი გამოყენება მეურნეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, ნებისმიერი მცენარე ძირითადად წყლისგან შედგება.
წყალი აუცილებელია საკვები ნივთიერებების შესათვისებლად და მცენარის  იმ ორგანული შენაერთების მიმოქცევისთვის, რომლებსაც მცენარე თავად აწარმოებს, ამიტომ ამ მეტად საჭირო ნივთიერებებით მცენარის უზრუნველყოფის ხელოვნებაც სწორედ ის არის, რომ მცირე რაოდენობის წყლით უკეთეს შედეგს მივაღწიოთ.

გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ნიადაგს, მის მდგომარეობას, რადგან  ატმოსფერული ნალექები, წელიწადის განმავლობაში, როგორც წესი, არათანაბრადაა განაწილებული, ამიტომ პირველ რიგში უნდა ვეცადოთ ნიადაგს ოპტიმალური ტენიანობის შენარჩუნებაში დავეხმაროთ. სწორედ ამას ემსახურება ნიადაგის დროული და სწორი გაფხვიერება, მასში ორგანული ნივთიერებების საკმარისი რაოდენობით შეტანა, მულჩირება და ა.შ.

„წყურვილის გრძნობა“ აქვთ არა მარტო მცენარეებს, არამედ ნიადაგის ორგანიზმებსაც _ წყალი მათთვის სასიცოცხლო აუცილებლობაა, რაც უფრო მეტი და მრავალფეროვანი ორგანიზმია ნიადაგში, მით უფრო უკეთესი სტრუქტურის არის იგი, შესაბამისად კარგი სტრუქტურის ნიადაგი  მეტ წვრილ ფორებს შეიცავს,  რისი მეშვეობითაც იგი მეტ წყალს ინახავს.

ნიადაგს შეუძლია წყლის მიღება, დაგროვება და ჭარბი წყლის ქვედა ფენებში გრუნტის წყლებში გაშვება. თიხნარი, მძიმე ნიადაგები ბევრად უკეთ იკავებს წყალს, ვიდრე ქვიშნარი ნიადაგები.

მორწყვას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მივმართავთ (მას შემდეგ რაც, რაც ყველა დანარჩენი აგრო ღონისძიების შესაძლებლობებს ამოვწურავთ), რადგან მცენარეებს ხელოვნურ მორწყვას ვაჩვევთ, ისინი ფესვებს ნიადაგში ღრმად აღარ იდგამს და გვალვისას „ხელოვნურ“ მორწყვაზე ხდებიან დამოკიდებული, გარდა ამისა ხშირი მორწყვისას ირღვევა ნიადაგის სტრუქტურა, იგი მკვრივდება და გვალვისას სკდება.

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“