ხუთშაბათი, მაისი 23, 2024
ახალი:
მე და ჩემი სოფელირეგიონებირუბრიკები

წრეულ თაზე ივნისში ამოველით’ – უდის მთის ამბები

იეილა, სეფერატორი, გადაზელილი ყველი, ჩეჩილი, ნაღები და მოცვის მურაბა – სია უსასრულოა და ყველა მათგანი მთის ასოციაციას იწვევს. იმ მთისა, მესხური სოფლებიდან წასასვლელად გაზაფხულის დადგომასთან ერთად რომ ემზადებიან და „თოვლის ჩამოყრამდე“ იქ რჩებიან… სალიტერატურო ენაზე  „საზაფხულო იალაღები“ ჰქვია, მაგრამ აქაურები ზედმეტი გაპრანჭულობის გარეშე გაგებინებენ: „წრეულ თაზე ივნისში ამოველით“.
ადიგენის სოფელ უდიდან თურქეთის საზღვრისკენ, დაახლოებით 25 კილომეტრის იქით, უდელებს თავიანთი ხის იეილები (ზოგისთვის ეილები ან ჰეილები) ელოდებათ. ივნისის დასაწყისში მოიმარაგეს პროდუქტი, საჭირო ნივთები, განათების საშუალებები, გაზის პატარა „ბალონები“, უკვე მოძველებულ „გაზიკზე“ ან „უაზზე“„ვეში აუდგეს“ და მთისკენ გაემართნენ. ვინც „ოჯახისთვის წავიდა“ და არა მხოლოდ დასასვენებლად, იმან საქონელიც გაიყოლა, ოღონდ მთელი ეს 25 კილომეტრიანი გზა ფეხით განვლო.

წინა თაობის უდელებისთვის მთაში წასვლა ერთგვარი სიამოვნებაა. მიუხედავად იმისა, რომ იქ არც მაინცდამაინც კომფორტი აქვთ, არც ელექტრო ენერგია, არც ინტერნეტი და არც ტელეფონის იჭერს სიგნალს, მაინც კმაყოფილები არიან და სტუმარსაც მთელი გულით ეპატიჟებიან. ასეთი დაპატიჟების შანსს კი ხელიდან მარტივად ვერ გაუშვებ, ამის შედეგია, რომ ახლა ფოტოებით მთის ამბების მოყოლა შეგვიძლია. 

მოუწესრიგებელ ქვა–ღორღიან გზაზე სატვირთოს ზმუილით მივდივართ, ძარაზე ხალხი და ბარგი ერთად მოვთავსდით. გავიარეთ უდის „საგუბარი“, სოფელი ზაზალო, „ირმისჭალა/ერემჭალა“, „ციხიყელი“ და უფრო მეტად მთიან და ტყიან ზოლში გადავედით… ფოთლოვანი და წიწოვანი ხეები ერთმანეთს ცვლიან, თხილნარიცაა, ფერად ხალიჩებად იშლებიან წინ ათასფერი ყვავილები, მიდიხარ და ღია მისაბმელიდან უყურებ გარემოს… პირველი მთის დასახლებაც ჩნდება. „აქ კახარეთლელების იეილებია“. გვერდს ვუვლით და მარჯვენა მხრიდან ვაგრძელებთ გზას. ცოტაც და ზემოდან ულამაზესი სამი ტბა ჩნდება. სამივე თრიალას ტბაა. ისეთი სავსეა აქაურობა დასატოვებლად გენანება, მაგრამ გზას მაინც აგრძელებ. „ერბუაზე რომ მივალთ, ცოტა შევისვენოთ“, ამბობს მძღოლი. „ერბუაც“ მალე ჩნდება. გორას ჰქვია, ეტყობა ნოყიერი ბალახი მოდის და ამიტომ შეარქვეს. აქ ორი ავაზანი დგას, მძღოლი და მანქანის მგზავრები გადმოვდივართ, წყაროზე მხოლოდ ერთი ჭიქა ღვინო ისმება და გზას ვაგრძელებთ.

ამ გზით, უდის იეილებზე ისე ვერ მივალთ, თუ გორგულის იეილები არ გავიარეთ. თუმცა უდის მთაში მისასვლელად სხვა გზაც არსებობს. მალე გორგულელების ხის სახლებიც ჩნდება. აფუთარაკები, აფუთარაკები, გრძელი ავაზანი… და საქონელი…

ფოტო:კახარეთი

დაღმართზე ვეშვებით. აი, უდის იეილებიც გამოჩნდა. დაბლობზე შეფენილი ხის სახლებიდან ზოგს სარეცხი გამოუკიდია, ზოგის ეზოში ბავშვი დარბის, ზოგან აივანზე ისვენებენ… ყველას თვალი ჩვენს „გრუზავიკს“ უყურებს, ალბათ. მთაში ხომ სულ იცი, ვის ვინ ამოუვიდა… ჩვენი მასპინძელიც აივნიდან გველის…

„ქალის საქმე არც მთაში ილევა და არც ბარშიო“ ამბობენ აქაური ქალები. ასეც ყოფილა. დილის 05:30 საათზე დგება ჩვენი მასპინძელი, ნანული. სიბნელეში იცვამს ტანსაცმელს, სხვები რომ არ გააღვიძოს, ფეხაკრეფით გადის ხის იეილიდან და საქონლის სადგომისკენ მიემართება. ჯერ ისევ ბინდია. სადგომში ორი ძროხა ჰყავს. ორივეს ჩამოწველა დროულად უნდა მოასწროს და მერე საბალახოდ სხვის ძროხებთან ერთად გაუშვას. მზის პატარა „ბატარიას“ ანთებს და წველისთვის ემზადება: „მოდექი, გვრიტია!“ ეუბნება ძროხას და გვრიტიაც დამჯერად იქცევს ზურგს… სანამ ორივე ძროხას ჩამოწველის, ცოტა უფრო მეტად თენდება. ბოსლიდან რძით სავსე „ვედრა“ გამოაქვს. იქვე, ეზოში ანთებულ ღუმელზე დიდ „ოთხვედრიან“, ალუმინის ქვაბს შემოდგამს და შიგ რძეს ასხამს: „ცოტა შეთბეს, რომ დედა მივცე და დაიმკვეთოს“… თავი ყველი უნდა გააკეთოს…

სანამ რძე „დასამკვეთად შეთბება“, მეზობელი ქალი გაღმიდან გამოსძახებს: „ნანოოო, გამოუშვი!“… ნანული ისევ სადგომში შედის, გვრიტიას და მის შვილს ბაგიდან ხსნის და გარეთ უშვებს… ასე გამოდიან სხვა ფიცრული ბოსლებიდანაც ძროხები, ცოტა ხანს ავაზანზე წყალს სვამენ და საძოვრისკენ მიემართებიან… უკან მიყვებიან ხალათშემოცმული ქალები… მიდიან ნელ–ნელა, მიერეკებიან ძროხებს, გააცილებენ ხის იეილებს და მარტო უშვებენ, თვითონ კი წვრილი ჯოხებით ხელში ფიცრულებში ბრუნდებიან…

როცა ყველსაც ამოიყვანს, ყურუთის კეთებას დაიწყებს. ნადუღს მარილს შეურევს და დაამრგვალებს. „მზეზე გავაშრობ ამ გუნდებს და მერე თუ გინდა ზამთარშიც გამოიყენებ დოღბაჭისთვის, თუთმაჯისთვის“…

ყურუთის გაფენით „რძის საქმე“ დასრულებულია. ახლა საუზმეზე უნდა იფიქროს. სანამ ხის ფიცრულ ოთახებში მიძინებული სტუმრები გაიღვიძებენ, ნანულის აპოხტის ხინკლის ცომი მზად აქვს. შლის გუნდებს, თავდახურული ქილიდან იღებს ოთხკუთხედად დაჭრილ პატარა ზომის აპოხტებს და ასევე ოთხკუთხად დაჭრილ თითო ცომზე თითო აპოხტს ადებს… მერე პეპლებივით კრავს და ადუღებულ წყალში მოსახარშად ყრის. „ხახვს მოუწვავს“ და სუფრასაც გაშლის…

ფოტო: აპოხტის ხინკალი

მთის ხის სახლებში წყალი არც ბინებშია და არც ეზოებში. უბნებში თითო ავაზანი დგას, ამიტომ სამყოფი წყალიც „ვედრით“ უნდა მოზიდო. სანამ წყაროსთან მეზობლების დაგროვებული „ვედრები“ გაივსება, იქამდე ქალები უწყინარ ჭორაობასაც ასწრებენ.

ფოტო: წყარო

მთაში რომ წახვალ, იქიდან რამე მინდვრის „სანოვაგე“ თუ არ გამოიყოლე, შეუძლებელია. შუადღით, როცა „საქმე მოლეულია“, შეგიძლია მოცვის საკრეფად წახვიდე. თანაც „წრეულ მოცვი არი. ერბუასკენაც, ტბისკენაც“… სანამ მოცვამდე მიხვალ, გზად ბევრი „უკვდავა“ გხვდება. ყვითელი ყვავილია, მის ნახარშს ხალხურ მედიცინაში იყენებენ… აგერ „კრაზანაც“.. ახლა კიდევ ეს ლურჯი ყვავილები „ნაღველა ჯვრისებრი“ რომ ჰქვია, ესენი კი „შავთავას“ ან „ასისთავას“ ეძახიან, ძალიან სამკურნალო ყოფილა და წელს ყველა მაგას კრეფს… მალე გორის გვერდზე შეფენილი მცირე ზომის ბუჩქები ჩნდება და ტოტებზე დაკიდებული მოლურჯო მარცვლები გიკრავენ თვალს… მოცვია. ზოგს კრეფ, ზოგი კი ტოტებიანად მოგაქვს, ჩაისთვის. სამკურნალოა.

ფოტო:მოცვი

„შაშისწვერის“ ძირში „აფუთარაკები“ ყვითლდებიან… სინამდვილეში რა ჰქვია ამ მცენარეს, არ ვიცი, აქ ყველა „აფუთარაკს“ ეძახის. ვინც ბავშვობაში მთაში დადიოდა, ახსოვს, რომ სპეციფიკური სუნი აქვს, მერე შეგიძლია ძირიდან მოწყვიტო, გაასუფთაო და ძაფებად დაშალო… თმაში გაიკეთო ან ყვავილები შეკონო ამ ღეროებით… მთაში ესეც ერთგვარი გასართობია ბავშვებისთვის…

როცა სანოვაგით ხელდამშვენებული ხის იეილაში ბრუნდები, ახალი ადგილის მონახულების სურვილიც გძლევს.. აქაურობა ისეთია, ყველაფერს თავისი სახელი, დანიშნულება და ამბავი რომ აქვს. მაგალითად, სანამ იეილებზე შემოხვიდოდი, ადრე მხოლოდ ერთი ფიჭვის ხე იდგა და „ობოლკატარი“ ერქვა… ფიჭვს კატარსაც ეძახიან აქ. ახლა სხვა „კატრებიც“ ამოსულან, მაგრამ „ობოლკატარს“ მაინც ცნობენ აქაურები…

უკვე იეილებს კი „ობოლი კლდე“ გადმოჰყურებს. ასე იმიტომ ჰქვია, რომ აქ ქვიანი ადგილი მხოლოდ ესაა. საღამოს „ობოლ კლდეზე“ თუ გაისეირნებ კარგი ხედებიც ჩანს და თანაც ტელეფონიდან დარეკვა ან ინტერნეტში შეჭყეტვაც შეგიძლია…

აქაურები ამბობენ, რომ „ობოლი კლდის“ ქვეშ წყალი გადის. „გაზაფხულზე რომ ამოხვიდე წყლის ხმა კარგად ისმის ძირში… ამბობენ, რომ მდინარე გადის ქვეშ“…

მთის ხის სახლებში საღამოს განსაკუთრებულია. ნიავს ფანდურის ხმა და სიმღერა ნაწყვეტ–ნაწყვეტ მოაქვს: „ღამის ფერი თვალები გაქვს მშვენიერო, სიკვდილამდე შეგიყვარებ აბა რა“… როგორც ჩანს, „თამარას“ უმღერიან ბიჭები… „წყაროსთან იკრიბებიან ხოლმე ახალგაზრდები და მღერიან, საღამოს აქეთაც ამოვლენ, კოცონს ანთებენ“,  – მეუბნება ნანული და საღამოს მთის რუტინულ საქმეს აგრძელებს…

ხის ფიცრულებს შორის, დიდ ავაზანთან შეგროვებულან „მომღერალი“ ახალგაზრდები. მათ გარშემო უფრო პატარები თამაშობენ. გვერდით, იეილის ძირში ქალების „ბირჟაა“. საღამოს საქმე მოილიეს და გამოვიდნენ…

ბნელდება. იეილის სახურავებზე, ღუმლის ბორებიდან კვამლი ამოდის – „საღამოს „ფეჩი“ მოინთო“. ხის სახლების პატარა ფანჯრებიდან მბჟუტავმა სინათლეებმაც გამოანათეს. აქ ყველას მზის მცირე ფანარი აქვს. დღე მზეზე აწყობენ, მუხტავენ და ღამე ანათებენ… ვინც შვილიშვილები და შვილები უკვე სოფელში გაუშვა და იეილაში მარტო დარჩა, საღამოს მეზობელთან გადადის. დაძინებამდე დრო ხომ უნდა გაიყვანო რამით. არც ტელევიზორია, არც რადიო, არც დენი… ნანულის სახლში ბავშვები არიან, პატარებიც, დიდებიც. „ლექსს ვინ მოჰყვება?“, – გასართობად კითხულობენ დიდები. მერე ჩაი მზადდება, მოცვის. საღამოს ჩაი… „ვინც ჩაის დალევს, მერე სოფლიდან ამოტანილ ‘ჟელიბონსაც’ მიიღებს“…

ხის კედელზე ჩამოკიდებული საათი 22:00 –ს აჩვენებს. ასაკიანებისა და ბავშვებისთვის მთაში ძილის დროა… აი, ახალგაზრდები კი ახალ ადგილზე აგრძელებენ „მთურ გართობას“…  ნანულის იეილის გვერდით, ჯერ ერთი ბიჭი მოდის და კოცონს ანთებს, შემდეგ კი სხვები ემატებიან: „შენ გიმღერი, ლექსიც შენ მსურს დაგიწერო, ჩემი გულის სიამაყე თამარაააა“, – აგრძელებს ხმა…

ნანულის იეილის ხის კედლებში სიმღერის ხმა სასიამოვნოდ შემოდის… მერე რა, რომ მისმა სტუმრებმა საძინებლების ხის კარებები ჯერ ააჭრიალეს, შემდეგ კი გაყუჩდნენ. სამაგიეროდ, ახალგაზრდებს არ ეძინებათ… ხვალ ისევ 05:30 საათზე დაიწყებენ დღეს ქალები.. საღამოს კი „თამარას“ უმღერებენ ბიჭები გოგონებს… 25 აგვისტომდე ივლიან ასე წინ და უკან ახალგაზრდები და მერე „თოვლის ჩამოყრამდე“ მარტო ასაკიანები შემორჩებიან უდის მთას…

ასე ხდება ყოველ წელს…

თაკო ფეიქრიშვილი, „სამხრეთის კარიბჭეში“ მუშაობს ჟურნალისტად 2016 წლის მარტიდან დღემდე
წყარო: https://sknews.ge