უეკლო მაყვალი და მისი წარმოების აგროტქნოლოგიური ნიუანსები
მაყვალი ფართოდ გავრცელებული მცენარეა, უმეტესად ბუჩქებია, აქვს ეკლებით ან ჯაგრებით მოფენილი გრძელი ღეროები. პირველი წლის ყლორტებზე მხოლოდ ფოთლებია, მეორე წლის ყლორტებზე კი — ყვავილები და ნაყოფები. ყვავილები მარტოულია, უფრო იშვიათად ყვავილედებად შეკრებილი.
კულტურული მაყვლის დაახლოებით 300-მდე ჯიშია ცნობილი. მაყვლის 200-მდე სახეობა გავრცელებულია ევრაზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში 37 სახეობა გვხვდება, მათგან 27 საქართველოს ენდემია.
იზრდება ტყეებში, ბუჩქნარებში, ხარობს ზომიერ ჩრდილში. ყვავის მაისიდან აგვისტომდე. ნაყოფი მწიფდება დაყვავილებიდან დაახლოებით 1 თვეში.
ღეროს ზრდის თავისებურებების მიხედვით განასხვავებენ მაყვლის სამ ფორმას. ესენია: სწორმდგომი, ნახევრად სწორმდგომი და მხვიარა. მსხმოიარობის მახასიათებლების საფუძველზე მაყვლის ჯიშები ჯგუფდება ორ ნაწილად, ესენია:
მეორე წლის ტოტებზე მსხმოიარე (floricane) და პირველი წლის ტოტებზე მსხმოიარე (Primocane).
დამოკიდებულება აგროკლიმატური ფაქტორებისადმი. მაყვლის მაღალი მოსავალი მიიღება ნაყოფიერ, ჰუმუსით მდიდარ ნიადაგებზე, მძიმე თიხნარ და მაღალკარბონატულ ნიადაგებზე მოსავლიანობა კლებულობს. მაყვალი მომთხოვნია ნიადაგის ტენიანობის მიმართ, ამიტომ იგი სარწყავ ნაკვეთებში უნდა გავაშენოთ. მაყვლის გასაშენებლად უნდა გამოვყოთ ღრმა და ნაყოფიერი ნიადაგები, საუკეთესოა, როდესაც ნიადაგის pH-ის მაჩვენებელი მერყეობს 6.0- 7.0-ს შორის.
მაყვალი კარგად ხარობს შავმიწა ნიადაგზეც, რომლის კარბონატული ფენა 1,2-1,3 მეტრით დაბლა გადის. ქვენიადაგი უნდა ატარებდეს ჰაერსა და წყალს. ძალზე მძიმე თიხნარი ნიადაგები მაყვლის სამრეწველო წარმოებისთვის არ გამოდგება.
ქიმიური შემადგენლობა. მაყვლის ღერო და ფოთლები დიდი რაოდენობით შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს. ნაყოფი შეიცავს 4-8% შაქრებს, 0,6-1,4% მჟავებს, C ვიტამინს და კაროტინს.
მასალა ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://gfa.org.ge/wp-content/uploads/2018/11/უეკლო-მაყვლის-წარმოების-აგროტექნოლოგია.pdf