ურბანული მიწათმოქმედება მტკვრის ნაპირებზე
ძველი თბილისი მხოლოდ ციხე–გალავნებითა და სავაჭრო გზებით არ ცხოვრობდა. ქალაქის ყოველდღიური სუნთქვა ბაღებსა და ბოსტნებშიც იგრძნობოდა, განსაკუთრებით კი ორთაჭალასა და სეიდაბადში, უბანებში, რომელიც მტკვრისპირა ზოლში ჩამოყალიბდა და საუკუნეების განმავლობაში თბილისის ერთ–ერთ მთავარი სასურსათო საყრდენად იქცა.
სეიდაბადი იყო ადგილი, სადაც ქალაქი და სოფელი ერთმანეთში ბუნებრივად ერწყმოდა.
სეიდაბადის მთავარი სიმდიდრე მიწა და წყალი იყო.
მტკვრის ნაპირებზე გაშლილი ალუვიური ნიადაგი და თბილი მიკროკლიმატი საშუალებას აძლევდა ადგილობრივ მოსახლეობას, მცირე ფართობზეც კი უხვი მოსავალი მიეღო. აქ ბაღ–ბოსტანი ქალაქისგან გამიჯნული სივრცე არ იყო, ის თბილისის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახლდათ.
სეიდაბადელი მეურნეები მოჰყავდათ ხახვი, ნიორი, ლობიო, ბადრიჯანი, კიტრი, გოგრა და მრავალფეროვანი მწვანილი. ხეხილიდან განსაკუთრებით გავრცელებული იყო ლეღვი, ბროწეული, თუთა და ყურძენი. ეს პროდუქცია დილაობით პირდაპირ თბილისის ბაზრებზე ხვდებოდა და ქალაქის მოსახლეობის საკვებით უზრუნველყოფაში გადამწყვეტ როლს ასრულებდა.
წყალი როგორც ცოდნა და კულტურა
სეიდაბადის აგრარული წარმატების საფუძველი სარწყავი მეურნეობა იყო. მტკვრიდან გამოყვანილი არხები, წყლის განაწილების მკაცრი გრაფიკი და მორწყვის ზუსტი დრო, ყოველივე ეს გამოცდილებაზე დაფუძნებული ცოდნა გახლდათ, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა.
წყლის მართვა აქ მხოლოდ ტექნიკური საკითხი არ იყო; ის სოციალური შეთანხმებებისა და თანაცხოვრების კულტურის ნაწილად ითვლებოდა.
სეიდაბადში მიწათმოქმედება ძირითადად მცირე საოჯახო მეურნეობებზე იყო დაფუძნებული. მიწა ხელით მუშავდებოდა, მოწეული პროდუქცია კი ქალაქში ან ადგილზე იყიდებოდა.
ბაღების ნაწილი რელიგიურ და საქველმოქმედო ფონდებს ეკუთვნოდა, მიღებული შემოსავალი კი რელიგიურ დაწესებულბებს და სასწავლებლებს ხმარდებოდა. ამგვარად, მცირე აგრარული მეურნეობები ეკონომიკასთან ერთად სოციალურ ფუნქციასაც ასრულებდა.
ისტორიული გამოცდილება და თანამედროვე ურბანული ფერმერობა
დღეს, როცა მსოფლიოს დიდ ქალაქებში აქტიურად ვითარდება ურბანული ფერმერობა, სეიდაბადის მაგალითი გვიჩვენებს, რომ ეს იდეა თბილისისთვის ახალი არ არის. საუკუნეების წინ ქალაქი, მინიმალური დანახარჯებით და ბუნებრივი რესურსების გონივრული გამოყენებით, საკუთარი საკვების დიდ ნაწილს თავადვე აწარმოებდა.
სეიდაბადის ბაღები შეიძლება თანამედროვე ურბანული აგროკონცეფციების ისტორიულ პროტოტიპად ჩაითვალოს: მცირე ფართობი, წყლის დაზოგვა, ლოკალური ბაზარი და ეკოლოგიური ბალანსი.
სეიდაბადის აგრარული ცხოვრება თბილისის ისტორიის ჩუმი, მაგრამ არსებითი ნაწილი. ის გვახსენებს, რომ ძლიერი ქალაქი მხოლოდ ინფრასტრუქტურა არ არის, ის ასევე ეფუძნება მიწასთან კავშირს, წყლის გონივრულ მართვას და ადგილობრივ წარმოებას.
სწორედ ამ გამოცდილებაზე დგას თანამედროვე ურბანული ფერმერობის იდეაც, რომელიც თბილისს საკუთარ წარსულთან კვლავ აკავშირებს.

