უსახელოური/ოყურეშული
უსახელოური – ადგილობრივი წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. გავრცელებულია ცაგერის რაიონში, ძირითადად ზუბი-ოყურეშის მიკროუბანში და იძლევა მაღალი ხარისხის ბუნებრივად ნახევრადტკბილ და სუფრის წითელ ღვინოს.
ადგილობრივ მევენახეთა შორის, უფრო ხშირად ამბროლაურის და ონის რაიონში, უსახელოური ცნობილია აგრეთვე ოყურეშულის სახელწოდებითაც.
უსახელოური კულტურულ ვაზის ჯიშების ფორმათა წარმოშობის ადგილობრივი კერიდან არის წარმოქმნილი. იგი თავისი მორფოლოგიურით და სამეურნეო ნიშან-თვისებებით ახლო დგას ადგილობრივი ვაზის ჯიშებთან და მათთან ერთად მიეკუთვნება Prol. pontica subprol. Georgica Negr. ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჯგუფს და განსხვავდება მათგან უმთავრესად ფოთლის ქვედა მხარის ოდნავ შესამჩნევი (აბლაბუდისებრი) შებუსვით და პირველი მოსავლიან გვიან დაწყებით. საერთოდ, სუსტად შებუსვილი და სრულიად უბუსუსო ფოთლიანი ვაზის ჯიშები დასავლეთ საქართველოში მცირედ არის წარმოდგენილი.
ჯიშის წარმოშობის ადგილისა და დროის შესახებ ისტორიული ხასიათის წერილობითი მონაცემები შემონახული არაა, მაგრამ ჯიშის მოკალათება მხოლოდ ცაგერის რაიონში, ჰავისა და ნიადაგურ პირობებთან კარგად შეგუება და სახელწოდების ამ რაიონის ერთ-ერთ სოფლიდან მიღება უდავოდ ადასტურებს ჯიშის ადგილობრივ წარმოშობას. ზოგიერთი ბოტანიკური ნიშნებით და ბიოლოგიური თვსიებებით – გადახლართული ზრდა, შედარებით გრძელი და სქელი პწკალი, მუდამ ღია ფიწლისებრი ყუნწის ამონაკვეთი, თხელი აბლაბუდისებრი შებუსვა, საშუალო მტევნები, საკმაო წვრილმარცვლიანობა (ზოგჯერ 15-20%), მარცვლების არათანაბარი სიმსხო და მწიფობა მიგვითითებს ჯიშის გარეულ ვაზებთან დიდ მსგავსებაზე, რაც გვაფიქრებინებს, რომ უსახელოური არც ისე შორეულ წარსულში უშუალოდ ტყიდან უნდა იყოს შემოტანილი კულტურაში. ადგილობრივ მკვიდრთა გადმოცემით ჯიში უსახელოური შორეულ წარსულში გადმოუტანიათ სოფ. უსახელოდან და ფართოდ გაუვრცელებიათ ლეჩხუმში. ეს და ზემოთ მოყვანილი მოსაზრებანი ნათლად ადასტურებს ჩვენი მხცოვანი მეცნიერის აკად. ივ. ჯავახიშვილის (7) მიერ გამოთქმულ შეხედულებას იმის შესახებ, რომ უსახელოურს თავისი სახელწოდება მიღებული უნდა ჰქონდეს ლეჩხუმში მდ. ლაჯანურას მარჯვენა მხარეზე მდებარე სოფელ უსახელოდან.
უსახელოური, როგორც ძველად, ისე ახლაც მხოლოდ ლეჩხუმშია გავრცელებული. ვენახების 1940 წლის საკავშირო აღწერის მონაცემებით უსახელოურს საქართველოში სულ 17,16 ჰექტარი უჭირავს. ამ ფართობიდან 55,4 ჰექტარი მარტო ცაგერისა და ამბროლაურის რაიონზე მოდის, 3,42 ჰექტარამდე ფართობი უსახელოურს იმერეთში – ქუთაისის და წულუკიძის, ხოლო 1,45 ჰექტ. მას საქართველოს სხვა რაიონებში უჭირავს. ცაგერის რაიონის ფარგლებშიაც ჯიში მხოლოდ განსაზღვრულ სოფლებშია გავრცელებული, სახელდობრ იგი გავრცელებულია რაიონის სამხრეთ ნაწილში მდ. ცხენისწყლის მარჯვენა და მარცხენა მხარეზე განლაგებულ სოფლებში. მათგან ყველაზე დიდი ფართობი უსახელოურს ოყურეშში, ოფიტარაში, შემდეგ ლაჩეფიტაში, ზუბში და ისუნდერში უჭირავს, დანარჩენ სოფლებში ჯიში პატარა ვენახებისა და ნარევის სახით არის წარმოდგენილი.
ლეჩხუმის გარდა უსახელოური გვხვდება აგრეთვე მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტისა და მისი ქსელის ჯიშთა გამოცდისა და საკოლექციო ვენახებში, როგორც იმერეთში, ისე კახეთსა და ქართლის რაიონებში, რა თქმა უნდა, პატარა ნაკვეთების ან ათეული ძირის სახით, ძირითადად ჯიშის შესწავლის და გამოცდის მიზნით გაშენებული.
ბოტანიკური აღწერა
უსახელოური აღწერილია სოფ. ზუბში კოლმეურნეობის ვენახში, რომელიც მდებარეობს მცირედ დაქანებულ ფერდობზე. ნიადაგი ქვეთიხნარია, ქვიანი, საკმაო რაოდენობით შეიცავს კალციუმის კარბონატებს, ხოლო ქვენიადაგი ქვაკირისაგან შედგება. ვენახი ფორმირებულია ადგილობრივი წესით ორ ნეკსა და ორ მოპირდაპირე საკავებელზე, იგი საკუთარ ძირზეა და დაახლოებით 35 წლის ასაკისაა. ჯიშის უფრო დაწვრილებით შესწავლა ყვავილის ტიპისა და ახალგაზრდა ყლორტის აღწერით და სამეურნეო თვისებების დაზუსტებით ხდებოდა მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის საკოლექციო ვენახში (თელავი).
ახალგაზრდა ყლორტი
ახალგაზრდა (15-20 სმ სიგრძის) ყლორტის გვირგვინი და პირველი ორი ჯერ კიდევ გაუშლელი ფოთოლაკი ორივე მხრიდან შებუსვილია თხელი აბლაბუდისებრი ბეწვებით, უფრო ძლიერ ქვედა მხრიდან და მომწვანო რუხი ფერისაა, სუსტი მოვარდისფრო არშიით გვირგვინისა და ფოთოლაკების ირგვლივ. მეორე იარუსის მე-2 და მე-4 ფოთოლი კარგავს ზედა მხრიდან შებუსვას და იღებს მოყვითალო მწვანე ფერს ღია ბრინჯაოს იერით; ფოთლის ქვედა მხარეზე რჩება აბლაბუდისებრი შებუსვა და მორუხო მწვანე ფერი, რომელიც მომდევნო ფოთლებზე ქრება. ახალგაზრდა ყლორტის წვერი შებუსვილია, ხოლო ქვემოთ იგი ღია მწვანე ფერისაა მოღვინისფრო ზოლებით მზისკენ მიქცეულ მხარეზე.
ერთწლიანი რქა
ერთწლიანი კარგად გახევებული რქა შემოდგომით ღია ყავისფერია, ხოლო მისი მუხლთაშორისები უფრო მუქია. ზოლები მუხლთაშორისების გასწვრივ მკვეთრად არაა გამოსახული. მუხლთაშორისების სიგრძე საშუალოდ 7-დან 10 სმ-მდე მერყეობს და ხშირად 3 სმ უდრის.
ფოთოლი
შუა იარუსის ფოთლები საშუალო და საშუალოზე მცირე ზომისაა (15X14 სმ). ფერად მწვანეა, მომრგვალო, უფრო იშვიათად განიერი ოვალისებრია. უფრო ხშირად ფოთოლი სამნაკვთიანია, იშვიათად ხუთნაკვთიანი და თითქმის დაუნაკვთავი ფოთლებიც გვხვდება. ფოთლის შუა ნაკვთი ხშირად ბლაგვკუთხიანია, იშვიათად მახვილკუთხიანიც გვხვდება. ფირფიტა თხელი და გლუვი, ბადისებრ დანაოჭებულია, ხოლო იშვიათად იგი წვრილბურთულებიანია. ფოთლის ნაკვთები მიხრილ-მოხრილია და მათი ნაპირი (ბოლოები) ოდნავ ძირსაა დახრილი. ფოთლის მთავარი ძარღვი ღია მწვანე ფერისაა და მცირედ შებუსვილია აბლაბუდისებრი ბეწვებით.
ზედა ამონაკვეთი არა ღრმაა, ხშირად ზეზეური ან საშუალო სიღრმისაა. ამონაკვეთები ღია ჩანგისმაგვარია შევიწროებული ყელით ან თითქმის პარალელური გვერდებით, იშვიათად გვხვდება აგრეთვე ნაპრალისებრი და შეჭრილი კუთხისმაგვარი ამონაკვეთებიც. ამონაკვეთების ფუძე მომრგვალო ან წამახვილებულია.
ქვედა ამონაკვეთები, როგორც წესი, ოდნავ ღრმაა და ნაკლებად გამოსახულია. უფრო ხშირად ქვედა ამონაკვეთები ზეზეური და შეჭრილი კუთხისმაგვარია, იშვიათად ამონაკვეთები ოდნავ გამოსახულია ან სულ არაა განვითარებული.
ყუნწის ამონაკვეთი მუდამ ღიაა, უფრო ხშირად შვილდისებრი ან განიერი თაღისებრია, წამახვილებული ან მომრგვალო ფუძით. იშვიათად კვადრატული ფორმის ამონაკვეთებიც გვხვდება.
ფოთლის მთავარი ძარღვები ბოლოვდება საკმაოდ მსხვილი და კარგად გამოსახული კბილებით. მთავარი კბილები სამკუთხედისებრი ფორმისაა, გამოზნექილი გვერდებით და მახვილი ან ოდნავ მომრგვალებული წვერით, იშვიათად გუმბათისმაგვარი ფორმის კბილებიც გვხვდება. გვერდითი კბილებიც ისეთივე ფორმისაა, ან ხშირად ცალგვერდამოზნექილია.
ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია თხელი აბლაბუდით, ძარღვების გასწვრივ შესამჩნევია სუსტი ჯაგრისებრი ბუსუსი და თხელი აბლაბუდისმაგვარი ბეწვები. ერთი შეხედვით ფოთოლი უბუსუსოა.
ფოთლის ყუნწი შიშველია, მისი სიგრძე ფოთლის მთავარ ძარღვს უდრის ან ოდნავ მასზე მოკლეა. ყუნწი შეფერილია მოწითალო-ღვინისფრად მომწვანო ზოლების დაყოლებით.
ყვავილი
ყვავილი ორსქესიანია, ნორმალურად განვითარებული ბუტკოთი და მტვრიანებით. ყვავილში უფრო ხშირად ექვსი სწორმდგომი მტვრიანაა, იშვიათად გვხვდება აგრეთვე ხუთ და შვიდმტვრიანიანი ყვავილებიც. მტვრიანების ძაფის შეფარდება ბუტკოს სიმაღლესთან უდრის 1,25, იშვიათად იგი 1,50 აღწევს. ნასკვი დაღარულია, მომრგვალო ან იშვიათად კონუსისებრი ფორმისაა. სვეტი მოკლეა და მთავრდება კარგად გამოსახული პატარა ორად გაყოფილი დინგით.
მტევანი
მტევანი საშუალო ზომისაა, მისი სიგრძე მერყეობს 11-დან 18 სმ-მდე, ხოლო განი 5-დან 10 სმ-მდე, საშუალო მტევნის სიგრძე 14 სმ, ხოლო განი 8 სმ უდრის. მტევნები ცილინდრულ-კონუსისებრია, იშვიათად განიერი კონუსისებრი, ან უფრო იშვიათად ცილინდრულია. ხშირად მტევნები მხრიანია, მხრების სიგრძე აღწევს ძირითად მტევნის ერთ მესამედს, ზოგჯერ კი მის ნახევარს. ჩვეულებრივ მტევნები მკვრივია, იშვიათად ნაკლებად მკვრივი მტევნებიც გვხვდება. მტევნის ყუნწი ბალახისებრია, რქასთან მიმაგრების ადგილას იგი ხევდება და რქის ფერს იღებს. ყუნწის სიგრძე 3-7 სმ, ხოლო საშუალოდ იგი 4-5 სმ უდრის. მარცვლის ყუნწი ყურძნის სრული სიმწიფის დროს მუქი წითელია, იშვიათად მწვანეც გვხვდება. მარცვლის ყუნწის სიგრძე მერყეობს 4-დან 8 მმ-მდე და საშუალოდ 6 მმ უდრის. ყუნწის ბალიში ვიწროკონუსისებრი ფორმისაა და დაფარულია ხორკლებით, იშვიათად განიერი კონუსისებრი ფორმის ბალიშიც გვხვდება. მარცვლის მიმაგრება ყუნწთან საკმაო მჭიდროა და იგი იოლად არ წყდება.
მარცვალი
მარცვლები საშუალო სიდიდისაა, მათი სიგრძე მერყეობს 1,5-დან 1,7 სმ-მდე, ხოლო განი 1,2-დან 1,6 სმ-მდე. საშუალო მარცვლის სიგრძე 1,5 სმ, ხოლო განი 1,45 სმ უდრის. მარცვალის მომრგვალოა, ან უფრო იშვიათად ოდნავ შეზნექილი. მარცვლები არათანაბარი სიდიდისაა. მარცვალი სიმეტრიულია, შუაში განიერია და ბოლო მომრგვალებული აქვს. მწიფე მარცვალი შავი ფერისაა, დაფარულია სქელი ცვილისებრი ფიფქით, რის გამო იგი მუქი იისფერი ხდება. კანი თხელია, იგი ადვილად ეცლება რბილობს. რბილობი წვნიანია და წიპწებთან შემკვრივებულია. წვენი უფერულია, გემო ტკბილი სასიამოვნო აქვს.
წიპწა
მარცვალში უფრო ხშირად ორი ან ერთი წიპწაა, ერთ მარცვალზე საშუალოდ ორი წიპწა მოდის. წიპწის სხეული ოვალურია, ნისკარტისაკენ შევიწროვებული და ყავისფრად შეფერილი. წიპწის სიგრძე 5-6 მმ, განი 3,5-4 მმ, ხოლო ნისკარტის სიგრძე კი 1,2-1,5 მმ უდრის. ქალაძა ოვალურია და წიპწის ზედა ნაწილში მდებარეობს, მისი ზედაპირი ბრტყელია ან იშვიათად ოდნავ შეზნექილია შიგნით. ღარი ქალაძიდან წიპწის ზედა ნაწილისაკენ ღრმა და და განიერია. ხოლო ნისკარტისაკენ ვიწროვდება და ოდნავ შესამჩნევი ხდება. მუცლის მხარე ქედიანია. მუცლის მხარის ღარები ვიწრო და ზეზეურია, ერთი მეორეს პარალელურად მიემართება და იკარგება ნისკარტის არეში. ნაწიბური კარგად გამოსახულია წიპწის მთელ სიგრძეზე. ნისკარტი ვიწრო-კონუსისებრია, ოდნავ მოხრილი მუცლის მხარისაკენ და ღია ნარინჯისფერია.
აგრობიოლოგიური დახასიათება
სავეგეტაციო პერიოდი და მისი ცალკეული ფაზების მსვლელობა
დაკვირვებანი სავეგეტაციო პერიოდის და ცალკეული ფაზების მსვლელობაზე წარმოებდა ლეჩხუმში, იმერეთში, კახეთსა და სამხრეთ უკრაინაში. სახელდობრ, ცაგერის (სოფ. ცაგერი), ზესტაფონის (სოფ. საქარა), თელავისა (ქ. თელავი) და ოდესის (ოდესა) რაიონებში. იმერეთში, საქარის საცდელ სადგურის მონაცემებით უსახელოურის სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობა კვირტის გაშლიდან ყურძნის სრულ სიმწიფემდე საშუალოდ 165 დღეს, ხოლო აქტიურ ტემპერატურათა ჯამი 3593º უდრიდა, მაშინ როდესაც თელავის რაიონში უსახელოურის სრული სიმწიფის მისაღწევად საკმარისი აღმოჩნდა 160 დღე 3160º აქტიურ ტემპერატურის ჯამით, ხოლო უკრაინაში (ოდესა) – 173 დღე 3460º ტემპერატურით. უფრო მეტი სხვაობაა უსახელოურის დამწიფებისათვის საჭირო დროისა და ტემპერატურათა ჯამს შორის ზესტაფონისა და ცაგერის რაიონებში. ასე, მაგალითად, 1940 წელს უსახელოურის მომწიფებას ცაგერში დასჭირდა 181 დღე 3593º აქტიურ ტემპერატურის ჯამით, მაშინ როდესაც ზესტაფონში მას მხოლოდ 160 დღე და 3400º ტემპერუტარის ჯამი დასჭირდა. როგორც პირველ, ისე მეორე შემთხვევაში დღეთა რაოდენობა გამოწვეულია ძირითადად ნალექების გავლენით. ცნობილია, რომ – რაც უფრო მეტია ნალექები სარეპროდუქციო და სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში, მით უფრო ხანგრძლივდება ყურძნის დამწიფების პერიოდი და იზრდება აქტიურ ტემპერატურათა ჯამიც. ასე, მაგალითად, 1940 წელს კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე ზესტაფონში 257 მმ ნალექი მოვიდა, ხოლო ცაგერში 654 მმ (თითქმის ორნახევარჯერ მეტი), რამაც გამოიწვია ყურძნის მომწიფების გახანგრძლივება.
უსახელოურის სავეგეტაციო პერიოდის და მისი ცალკეული ფაზების მსვლელობა საგრძნობლად მერყეობს როგორც რაიონების, ისე (ერთ და იმავე ადგილზე) ცალკეული წლების მიხედვით. ეს მერყეობა ძირითადად გამოწვეულია წლის მეტეოროლოგიური პირობებით. ასე, მაგალითად, 1940 წელს ცაგერში და 1942 წელს ზესტაფონში უსახელოური თითქმის თანაბრად და ერთდროულად დამწიფდა, მაშინ როდესაც 1940 წელს უსახელოური ზესტაფონში 25 დღით ადრე მომწიფდა, ვიდრე ცაგერში. აღნიშნულის გამო ჯიშის ახალ რაიონებში გავრცელების დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, პირველ რიგში, ჰავის პირობები, გამოხატული აქტიურ ტემპერატურათა და ნალექების მრავალწლიური ჯამით. ამ მონაცემებზე დაყრდნობით უსახელოური ფართო საწარმოო ცდის სახით თავისუფლად შეიძლება გამოიცადოს საქართველოს თითქმის ყველა რაიონში – სახელდობრ: ქართლში, კახეთში, მესხეთში, ხოლო დასავლეთ საქართველოში იგი შეიძლება ყველა რაიონში გავრცელდეს, სადაც ღვინის ხარისხთან ერთად მისი მაღალი მოსავალიც უზრუნველყოფილი იქნება.
უსახელოურის ერთწლიანი რქა ფოთოლცვენამდე თავისუფლად ასწრებს მომწიფებას 110-120 სმ-მდე და კარგად გახევებული ხვდება ზამთრის ყინვებს.
უსახელოურის ვაზების ზრდის სიძლიერე საშუალოა. ლეჩხუმში, იმერეთში და კახეთში წარმოებულ დაკვირვებათა მიხედვით, სხვა ადგილობრივ ვაზის ჯიშებთან შედარებით, უსახელოურის ვაზები საშუალო ზრდითა და განვითარებით ხასიათდება, თუმცა, ნიადაგის სინოყივრის მიხედვით ვაზის ზრდის სიძლიერე ცვალებადობს, მაგრამ სხვა ჯიშებთან შედარებით იგი მაინც საშუალო რჩება, რადგან ძლიერი ზრდის ვაზებს ნოყიერ ნიადაგებზე იგი ჩამორჩება.
მოსავლიანობა
სხვა ადგილობრივ ვაზის ჯიშებთან შედარებით უსახელოური უფრო გვიან იძლევა პირველსა და სრულ მოსავალს. ლეჩხუმელ მევენახეთა დაკვირვების მიხედვით, ჯიში მხოლოდ მე-4, მე-5 წელს იძლევა პირველ, ხოლო 5-6 წლიდან სრულ მოსავალს. უსახელოური საშუალო მოსავლიანი ჯიშია, ხოლო კარგი მოვლისა და კვების პირობებში იგი უხვი მოსავლიანობით ხასიათდება. ჯიშის გავრცელების ძირითად რაიონში (ცაგერის რ-ნი) სოფ. ოყურეშში, ოფიტარაში და სხვაგან მოსავლიანობა საშუალოდ ჰექტარზე 50-70 ცენტნერს შეადგენს, ხოლო ცალკეულ კარგად მოვლილ ნაკვეთებზე იგი 80-100 ცენტნერს აღწევს. კახეთში მევენახეობის ინსტიტუტის საკოლექციო ნაკვეთზე (ქ. თელავი) წარმოებულ დაკვირვებების მიხედვით უსახელოური საშუალო მოსავლიანობით ხასიათდება. ასე, მაგალითად, 1950 წელს ჩატარებულ აღრიცხვის მიხედვით მისი მოსავლიანობა ძირზე 480 გ-დან 1800 გ-მდე მერყეობდა და საშუალოდ 1,450 გ შეადგენდა.
უსახელოური მოსავლიანობის შედარებით კარგი მაჩვენებლებით ხასიათდება: მისი მსხმოიარობის კოეფიციენტი მერყეობს 0,6-დან 2,0-მდე, ხოლო საშუალოდ იგი 0,8-1,0 უდრის. მტევნის საშუალო წონა მერყეობს 40-დან 120 გ-მდე და საშუალოდ 70-80 გ შეადგენს, ხოლო დიდი კარგად განვითარებული მტევნების წონა 200-250 გ აღწევს. ამრიგად, ერთი რქის გაანგარიშებული მოსავალი 80-100 გ უდრის. უსახელოურის შედარებით არა მაღალი მსხმოიარობის კოეფიციენტი გამოწვეულია, ერთი მხრივ, საკმაო დიდი რაოდენობის (15-20%) უნაყოფო ყლორტებით და, მეორე მხრივ, თვით რქების მცირე მსხმოიარობით. ვაზზე ხშირად რქების 70% ერთმტევნიანია, დანარჩენი ორმტევნიანი, ხოლო იშვიათ შემთხვევაში გვხვდება სამმტევნიანი რქებიც. უნაყოფო რქების დიდი სიმრავლე ვაზზე უფრო ხშირად გამოწვეულია ვაზის არაშესაფერი გასხვლით და დატვირთვით. ჯიშის ბიოლოგიური თვისების შესწავლით და შესაფერი აგროღონისძიებათა გამომუშავებით თავისუფლად შეიძლება მისი მოსავლიანობის საგრძნობლად გადიდება. ლეჩხუმში უსახელოური გაშენებულია, ძირითადად, 1,5X1,5 მ კვების არეზე და ისხვლება 2 ნეკსა და 2 მოპირდაპირე საკავებელზე. უფრო გრძელი გასხვლისა და ფორმირების სხვა წესები გამოცდილი არ არის. ჯიშის ბიოლოგიური თვისებების გათვალისწინებით სასურველია იგი გამოიცადოს მარაოსებრ ან კორდონურ ფორმებზე 28-30 კვირტის დატვირთვით, მისი კვების და მოვლის პირობების გაუმჯობესებით მოსავლიანობის გადიდების მიზნით.
სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ გამძლეობა
დასავლეთ საქართველოში (ლეჩხუმი, იმერეთი) უსახელოურის შედარებითი გამძლეობა სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ (ჭრაქი) არადამაკმაყოფილებელია. ჯიში ადვილად ზიანდება მისგან და მოითხოვს დროულ და ხარისხოვან წამლობას, ხოლო წვიმიან წლებში ერთი-ორი დამატებითი წამლობის ჩატარებას. ნაცრის მიმართ ჯიში საკმაოდ გამძლეა. კახეთში (თელავის რ-ნი) წარმოებულ დაკვირვებების მიხედვით, უსახელოური სოკოვან ავადმყოფობათა (ჭრაქი, ნაცარი) მიმართ საშუალო გამძლეობით ხასიათდება და ჩვეულებრივი წამლობის და ნორმალური წლის პირობებში იგი თითქმის არ ზიანდება მათგან, თუმცა წვიმიან წლებში მისი გამძლეობა ცოლიკოურთან, კუნძასთან და სხვა იმერულ ჯიშებთან შედარებით საგრძნობლად ნაკლებია. უსახელოური ადვილად ზიანდება აგრეთვე ყურძნის ჭიისაგან. ფილოქსერის მიმართაც მისი გამძლეობა სუსტია.
საძირეებთან მონათესაობა
ფილოქსერაგამძლე საძირე ვაზებთან უსახელოური კარგი მონათესაობით ხასიათდება. დასავლეთ საქართველოში გავრცელებულ მთავარ საძირეებს – რიპარიაXრუპესტრის 3309, 3306, 101/4 და რუპესტრის დულოს იგი კარგად ემყნობა და უხორცდება, განსაკუთრებით უკანასკნელზე დამყნობისას. თიხნარ, ტენიან, შედარებით მძიმე ნიადაგებისათვის უკეთეს საძირეებად 101/14 და 3306 ითვლება, ხოლო ხირხატ, მსუბუქ ქვეთიხნარ ნიადაგებისათვის 3309. მშრალ, ქვიან ნიადაგებისათვის რუპესტრის დულო და კირით მდიდარ ნიადაგებისათვის ბერლანდიერიXრიპარიას ჰიბრიდები 420ა ან 5ბბ.
გარემო პირობებისადმი დამოკიდებულება
საქარის საცდელ სადგურზე წარმოებულ დაკვირვებებით უსახელოური მგრძნობიარეა გაზაფხულის წაყინვების მიმართ და სხვა ჯიშებზე უფრო მეტად ზიანდება მისგან. ნიადაგებს იგი განსაკუთრებულ მოთხოვნას არ უყენებს, კარგად ვითარდება თითქმის ყველა ტიპის ნიადაგზე, გარდა დაჭაობებული და ეწერი ნიადაგებისა, მაგრამ მაღალი ღირსების ღვინოს უსახელოური იძლევა მთის ფერდობებზე, ქვეთიხნარ ხირხატ, კირით მდიდარ ნიადაგებზე. ჯიში მარცვლების კარგი გამონასკვით ხასიათდება, მაგრამ მტევნებს საკმაო წვრილმარცვლიანობა ახასიათებს, ჩვეულებრივ იგი 5%, ხოლო ზოგიერთ არახელსაყრელ ამინდში 15-20% აღწევს.
ტექნოლოგიური დახასიათება
მტევნების გარეგნული შეხედულებით, მექანიკური შედგენილობითა და წვენის ქიმიური შეცულობით უსახელოური წმინდა საღვინე ვაზის ჯიშია და მართლაც, თავის გავრცელების რაიონში იგი იძლევა მაღალი ღირსების ბუნებრივად ნახევრადტკბილ და სუფრის წითელ ღვინოს.
მტევნის მექანიკური შედგენილობა
ყურძნის მექანიკური შედგენილობის დასახასიათებლად ქვემოთ მოყვანილია საქარის საცდელ სადგურზე (ვ. დემეტრაძე და ვ. კინწურაშვილი) 1940, 1942 და 1953 წელს ჩატარებული ანალიზების შედეგები.
ლაბორატორიულ პირობებში წვენის გამოსავლიანობა ყურძნიდან მერყეობს 72%-დან 77%-მდე, ხოლო წარმოების პირობებში იგი გაცილებით ნაკლებია და საშუალოდ 74-75% არ აღემატება.
წვენის ქიმიური შედგენილობა
უსახელოური როგორც ლეჩხუმში, ისე იმერეთში, კახეთსა და სამხრეთ უკრაინაში საკმაო დიდი რაოდენობით აგროვებს შაქარს მაღალი მჟავიანობის შენარჩუნებით. ასე, მაგალითად, მისი შაქრიანობა იმერეთში მშრალი შემოდგომის პირობებში თავისუფლად აღწევს 25-26%, ხოლო წლების მანძილზე მისი შაქრიანობა საშუალოდ 22% შეადგენს. კახეთშიაც, მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის თელავის საკოლექციო ვენახში დამწიფებული უსახელოურის ყურძნის წვენის შაქრიანობა საკმაოდ მაღალია და ზოგიერთ წლებში 24% აღწევს, ხოლო სამხრეთ უკრაინაში (ოდესა) მისი შაქრიანობა – 1950 წ. – 23% უდრიდა.
უსახელოური საკმაო მაღალი შაქრიანობით და სუფრის ღვინისათვის საკმაო მაღალი მჟავიანობით ხასიათდება. შაქრიანობა-მჟავიანობის კარგი შეფარდება აპირობებს უსახელოურის ყურძნიდან ხარისხოვანი ღვინის მიღებას.
აღსანიშნავია ჯიშის ამ თვისების შენარჩუნების უნარი სხვადასხვა რაიონში განსხვავებულ ჰავისა და ნიადაგურ პირობებში გავრცელების შემთხვევებშიაც.
ყურძნის გადამუშავება და მიღებულ პროდუქციის დახასიათება
უსახელოურის ყურძენი მიდის ძირითადად ბუნებრივად ნახევრადტკბილი წითელი ღვინის დასაყენებლად, იშვიათად და ისიც ნარევი ვენახების ყურძენი იწურება ადგილობრივი ტიპის სუფრის წითელი ღვინის მისაღებად. უსახელოურის ღვინო მაღალი ღირსებისაა, იგი ინტენსიური შეფერვით, ჯიშური არომატით, საკმაო სხეულით და ჰარმონიული გემოთი ხასიათდება.
განსაკუთრებით მაღალი ღირსების ბუნებრივად ნახევრადტკბილ ღვინოს უსახელოური იძლევა მისი გავრცელების ძირითად რაიონში, სახელდობრ: ცაგერის რაიონის სამხრეთ ნაწილში მდ. ცხენისწყლის ორივე ნაპირზე განლაგებულ სოფლებში, რომელთაგან, პირველ რიგში, აღსანიშნავია – ზუბი, ოყურეში, ისუნდერი, ოფიტარა, მახურა, ლაჩეფიტა და ლაძგვერი. ლეჩხუმის მეღვინეობას უსახელოურმა გაუთქვა სახელი. ლუჩხუმის წითელი ღვინო, ვაჭრობაში „მანდარიას ღვინოს“ სახელწოდებით, ფართოდ იყო ცნობილი ქუთაისისა და წულუკიძის რაიონის სოფლებში და საუკეთესოდ ითვლებოდა, ხოლო მასზე უფრო ცნობილ ხვანჭკარას ღვინოს თავისი ღირსებით იგი თითქმის არ ჩამოუვარდებოდა.
ლეჩხუმში უსახელოურის ღვინო შემდგენაირად მზადდება: მოკრეფილი ყურძენი თავსდება ხის ხორგოში ანუ საწნეხელში და იწურება, ნაწური მიდის ქვევრში და ერთი ღამის შემდეგ ბრუნდება ისევ ხორგოში ჭაჭასთან ერთად სადუღრად. უკანასკნელ წლებში ყურძენს ატარებენ ყურძნის საჭყლეტ მანქანაში, რომლის შემდეგ მას უკლერტოდ, თავისი წვენით და ჩენჩოთი ტოვებენ ხორგოში სადუღრად. გაჭყლეტილი ყურძენი დუღს ღია, ან იშვიათად დახურულ ხორგოში 8-10 დღის განმავლობაში. ამ პერიოდში დღე-ღამეში ორჯერ ან სამჯერ კარგად ურევენ მადუღარ მასას, რომ წვენი უკეთესად დადუღდეს და საღებავი ნივთიერებანი უკეთ გამოიტანოს. მძაფრი დუღილის დამთავრების შემდეგ, მძიმედ მადუღარი ღვინო გადააქვთ სუფთად გარეცხილ ქვევრებში. ქვევრებს მჭიდროდ ახურავენ საქველს და გლესენ თიხით. დარჩენილ დურდოს გამოწნეხვის შემდეგ ინახავენ არყის გამოსახდელად.
ლეჩხუმში უსახელოურის რთველს ჩვეულებრივ ოქტომბრის მეორე ნახევრიდან იწყებენ, რაც ორი კვირა გრძელდება და მთავრდება დაახლოებით ოქტომბრის ბოლო რიცხვებში. ეს ვადა ცალკეული წლების მეტეოროლოგიური პირობების შესაბამისად ცვალებადია. ბუნებრივად ნახევრადტკბილი ხარისხოვანი ღვინის მისაღებად უსახელოური უნდა დაიკრიფოს 23-26% შაქრიანობისა და 6,0-8‰ მჟავიანობის დროს, ხოლო სუფრის წითელი ღვინისათვის 20-22% შაქრიანობისა და 8-9‰ მჟავიანობისას.
ამ დროს დაკრეფითილი ყურძნიდან მაღალხარისხოვანი ბუნებრივად ნახევრადტკბილი და სუფრის მშრალი ღვინო დგება. უსახელოურის ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინო ხასიათდება ლამაზი ლალისფერი ან მწიფე ბროწეულის ფერით, ჯიშური არომატით, სასიამოვნო სიტკბოთი და შემადგენელი ნაწილების ჰარმონიული შეზავებით. სუფრის ღვინო მწიფე შინდისფერია, აქვს ხილის არომატი და სრული ჰარმონიული გემო.
ღვინის მაღალ თვისებებს უსახელოური საქართველოს სხვა რაიონებშიაც ინარჩუნებს. იმერეთში – საქარის საცდელ სადგურზე უსახელოურიდან დამზადებული ღვინო კარგი შეფერვით, ენერგიით, საკმაო სხეულით, სიხალისით და სასიამოვნო გემოთი ხასიათდება. ასეთივე კარგი ღირსების სუფრის წითელი ღვინო უსახელოურის ყურძნიდან დგება კახეთშიაც – თელავის საკოლექციო ვენახში მომწიფებულ ყურძნიდან.
როგორც ზემოთ იყო აღნიშნული უსახელოურისაგან ბუნებრივად ნახევრადტკბილი და სუფრის ღვინოები დგება. მეღვინეობის სხვა მიმართულებით ჯიში გამოცდილი არ არის. ყურძნის წვენის მდიდარი ქიმიური შედგენილობის გამო უსახელოური შეიძლება გამოიცადოს სადესერტო ტიპის ღვინოების მისაღებად. ამ მიმართულებით იგი უდავოდ პერსპექტიულად უნდა მივიჩნიოთ. სხვა მიმართულებით ჯიში ნაკლებადაა შესწავლილი და გამოცდილი.
უსახელოურის ღვინო საკმაოდ მდიდარია თავისი შედგენილობით. აღსანიშნავია ღვინის მაღალი ალკოჰოლიანობა, რაც ზოგიერთ ნიმუშებში 13-14 აღწევს, ეს ერთხელ კიდევ ადასტურებს მისგან მაღალხარისხოვანი სადესერტო ტიპის ღვინის მიღების შესაძლებლობას. საჭიროა ჯიშის ამ მიმართულებითაც ფართოდ გამოცდა.
ვარიაციები და კლონები
მუშაობა ფართო მასშტაბით განსხვავებული ფორმებისა და კლონების გამოსავლენად დღემდე არ წამოებულა, ამის შესაბამისად ვარიაციები და კლონები უსახელოურის ფარგლებში ჯერჯერობით გამოვლენილი არ არის.
საერთო შეფასება და დარაიონება
უსახელოური სიმწიფის საშუალო პერიოდის ადგილობრივი ვაზის ჯიშია. იგი იძლევა ბუნებრივად ნახევრადტკბილ და სუფრის მშრალ მაღალხარისხოვან წითელ ღვინოს, გამოსადეგია აგრეთვე სადესერტო ტიპის წითელი ღვინის დასაყენებლად. გავრცელებულია ლეჩხუმში – ზუბო-ოყურეშისა და ოფიტარა-მახურას მიკრორაიონში. მთელი მისი ვენახების ფართობი 60,3 ჰექტარს არ აღემატება. აღნიშნულ მიკრორაიონში ჯიში გავრცელებულია ძირითადად წმინდა ნარგავების სახით, ხოლო რაჭა-ლეჩხუმის რაიონებში იგი მცირე რაოდენობით ნარევის სახითაც გვხვდება.
უსახელოური იძლევა მაღალი ღირსების ბუნებრივად ნახევრადტკბილ და ინტენსიურად შეფერილ, შინაარსიან, ენერგიულ, სასიამოვნო არომატისა და გემოს სუფრის წითელ ღვინოს.
ჯიშის დადებით თვისებებს უნდა მიეწეროს პროდუქციის მაღალი ხარისხი, მისი ვარგისობა, როგორც სუფრის, ისე ადგილობრივი ტიპის ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინისათვის და აგრეთვე მისი ვენახების ხანგრძლივი მომსახურეობა.
ჯიშის უარყოფით თვისებებს მიეკუთვნება მისი შედარებით სუსტი გამძლეობა სოკოვან ავადმყოფობათა (ჭრაქის) მიმართ და პირველი მოსავლის დაგვიანებით მოცემა. უსახელოურის მოსავლიანობა მოწინავე აგროწესების გამოყენებით შეიძლება საგრძნობლად გადიდდეს პროდუქციის ხარისხის ამაღლებით. ჯიში შეტანილია ვაზის სტანდარტულ ასორტიმენტში და დაგეგმილია მისი შემდგომი გავრცელება. ამ მიზნით სასურველია უსახელოურის ფართო საწარმოო გამოცდა იმერეთის, რაჭის და კახეთის ზოგიერთ (ჯიშისათვის შესაფერ) რაიონებში ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინის დასაყენებლად.
წყარო: www.nplg.gov.ge