თესლბრუნვა

მონოკულტურის (ერთი რომელიმე კულტურის ხანგრძლივი დროით წარმოება) პირობებში მინდვრის მცენარეთა მოსავლიანობის შემცირება ადამიანმა შეამჩნია ჯერ კიდევ მიწათმოქმედების დასაწყისშივე, მაგრამ ამ მიზეზის ახსნას, მეცნიერული თვალსაზრისით საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა.

აკადემიკოსმა ვილიამსმა მრავალმხრივი გამოკვლევებით განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ნიადაგის მტკიცე კოშტოვანი სტრუქტურის შექმნას, როგორც ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესების მთავარ პირობას. მანვე მინდვრის კულტურები დაყო ორ ჯგუფად: ერთი ჯგუფი, კერძოდ მრავალწლიანი პარკოსანი და მარცვლოვანი ბალახები, რომლებიც აღადგენენ და აუმჯობესებენ ნიადაგის სტრუქტურას; ხოლო მეორე ჯგუფი _ ერთწლიანი კულტურები – შლიან და აუარესებენ კოშტოვან სტრუქტურას. აქედან გამომდინარე, აუცილებელია თესლბრუნვაში მრავალწლიანი პარკოსანი და მარცვლოვანი ბალახებისა და ერთწლიანი კულტურების მორიგეობა.

სასოფლო-სამეურნეო კულტურების მორიგეობა დიდ გავლენას ახდენს ნიადაგის ფიზიკურ თვისებებზე. ზოგიერთი მცენარის უნარი, რომელიც ნიადაგს ამდიდრებს ორგანული ნივთიერებებით, უშუალოდაა დაკავშირებული ფესვთა სისტემის ხასიათსა და სანაწვერალო ნარჩენების რაოდენობასთან. ამ მხრივ, მრავალწლიანი პარკოსანი და მარცვლოვანი ბალახების ნარევად თესვა განსაკუთრებით ხელსაყრელ პირობებს ქმნის ნეშომპალის დაგროვებისთვის. ნეშომპალა კი, როგორც ცნობილია, ნიადაგის მტკიცე კოშტოვანი სტრუქტურის შექმნის საფუძველია. ამავე დროს, მისი ფესვთა სისტემა იმდენად თანაბრადაა განაწილებული, რომ ხელოვნურად, ორგანული ნივთიერებების ასეთი განაწილება სახნავ ფენაში შეუძლებლია.

მცენარის მოქმედება ნიადაგზე გამოიხატება ფესვთა სისტემის მექანიკური მოქმედებით, რომელიც თანაბრად ნაწილდება ნიადაგში და ხშირად გვევლინება ,,ხელოვნურ დრენაჟად”, ამასთან ერთად, ფესვთა სისტემა ხელს უწყობს ნიადაგის სტრუქტურის შექმნას. ამავდროულად, მცენარეთა სიხშირე და ფოთლის საერთო ზედაპირი ფარავს ნიადაგის ზედაპირს, იცავს ნიადაგს უშუალოდ წვიმის წვეთების ზემოქმედების, ასევე მზის სხივებით ზედმეტი გადახურებისგან.

ნიადაგის ფიზიკურ თვისებებზე თვალსაჩინო გავლენას ახდენს სასოფლო-სამეურნეო კულტურების თესვა-მოყვანის ორგანიზაცია, კერძოდ, სათოხნი კულტურები საჭიროებენ მრავალჯერად დამუშავებას, რაც ხელს უწყობს ორგანული ნივთიერებების ინტენსიურ დაშლას. ისეთი კულტურები კი, რომლებიც ხშირად არ მუშავდება (მრავლწლიანი ბალახები, სათესი კულტურები), ანელებენ ორგანული ნივთიერებების დაშლას.

ამგვარად, განსხვავებული კულტურების მორიგეობა, ერთ შემთხვევაში აუმჯობესებს ნიადაგის ფიზიკურ თვისებებს, ხოლო მეორე შემთხვევაში კი აუარესებს მას.

მრავალწლიანი ბალახები (განსაკუთრებით მარცვლოვანი და პარკოსანი ბალახების ნარევი) მკვეთრად აუმჯობესებენ ნიადაგის ყველა ფიზიკურ თვისებას.

მინდვრის კულტურების გავლენა წყლის რეჟიმზე უშუალოდ დაკავშირებულია ნიადაგის ფიზიკურ თვისებებთან. მცენარეები, რომლებიც აუმჯობესებენ ნიადაგის ფიზიკურ თვისებებს, თავისთავად ხელს უწყობენ წყლის რეჟიმის სწორად რეგულირებას.

ამავე დროს, ყველა კულტურა ნიადაგიდან იღებს წყლის გარკვეულ რაოდენობას. რამდენადაც მეტია მოსავალი, მეტია ტრანსპირაციის კოეფიციენტი, იზრდება წყლის რეჟიმი და ამავე დროს გამომშრალი რჩება ნიადაგი. რამდენადაც ღრმად ივითარებენ მცენარეები ფესვთა სისტემას, იმდენად დიდ სიღრმეზე აშრობენ ისინი ნიადაგს.

 ტენიანობის რეჟიმის რეგულირებაზე გარკვეულ გავლენას ახდენს მცენარის ბიოლოგიური თვისება, კერძოდ, ის, თუ როგორია ფოთლის საერთო ზედაპირი და რა სიძლიერით ფარავს (ჩრდილავს) მცენარე ნიადაგის ზედაპირს, როგორია მისი ტრანსპირაციის კოეფიციენტი. ამ თვალსაზრისით დიდი განსხვავებაა ფართოფოთლოვან და მარცვლოვან მცენარეებს შორის. მრავალწლიანი და ერთწლიანი ბალახები, ჭარხალი, კარტოფილი, კომბოსტო ნიადაგის ზედაპირს ძლიერად ჩრდილავენ და ამცირებენ წყლის უსარგებლო აორთქლებას. მარცვლეულ კულტურებში კი, განსაკუთრებით მათი ვეგეტაციის დასასრულს, დაჩრდილვის ეფექტი მკვეთრად მცირდება, რაც ბუნებრივია, ნიადაგიდან წყლის უქმად დაკარგვის პირობებს ქმნის.

განსხვავებული ბიოლოგიური ჯგუფის კულტურებს განსხვავებული მოთხოვნილებები აქვს ნიადაგის მიმართ – ისინი სხვადასხვა რაოდენობით იღებენ საკვებ ელემენტებს, მაგალითად: ჭვავი ძლიერ აღარიბებს ნიადაგს ფოსფორით, ბამბა _ აზოტით, კარტოფილი და ჭარხალი – კალიუმით და სხვა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პარკოსანი კულტურები ფესვებზე დასახლებული ბაქტერიუმ-რიზომიუმის მეშვეობით, ატმოსფეროდან თავისუფალი აზოტის ფიქსაციას ახდენენ, ხოლო არაპარკოსნები იყენებენ ბმულ აზოტს, რომელიც ნიადაგში ძირითადად ნიტრატული და ამიაკური სახით მოიპოვება.

მცენარეთა მიერ საკვები ელემენტების შეთვისება დამოკიდებულია ფესვთა სისტემის სიძლიერეზე და ნიადაგში მისი განვითრების სიღრმეზე.

სასოფლოსამეურნეო კულტურები ფესვთა განვითარების მიხედვით იყოფა სამ ჯგუფად:

ა) ძლიერად განვითარებული ფესვთა სისტემა (იონჯა, სორგო, სუდანურა, მზესუმზირა და ა. შ. რომელთა ფესვები 2-4,5 მეტრამდე ჩადიან ნიადაგში);

ბ) საშუალოდ განვითარებული ფესვთა სისტემა (ხორბალი, ჭვავი, ქერი, სიმინდი, ლობიო, ცერცველა 1,1-2,2 მეტრამდე აღწევენ ნიადაგში);

გ) სუსტად განვითარებული ფესვთა სისტემა (ბრინჯი, შვრია, ბარდა, კარტოფილი, სამყურა, კომბოსტო, მათი ფესვების გავრცელება ნიადაგში 0,6-1,5 მეტრს არ აღემატება). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნიადაგში ფესვთა სისტემის ღრმად განლაგების გარდა, ზოგიერთ მცენარეს შესწევს უნარი შეითვისოს ძნელად ხსნადი საკვები ელემენტები (ესპარცეტი, ხანჭკოლა, წიწიბურა).

თესლბრუნვა განსაკუთრებულ დადებით გავლენას ახდენს მინდვრის დასარევლიანებაზე. თესლბრუნვა აგრონომიაში ცნობილია როგორც სარეველების წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო საშუალება, რაც განაპირობებს სხვადასხვა ბიოლოგიური ჯგუფის მცენარეთა მორიგეობას და მათთვის დამახასიათებელი დამუშავების თანმიმდევრობას.

ერთი და იმავე კულტურის განმეორებითი თესვის პირობებში, იმატებს ამ კულტურის მოვლა-მოყვანასთან თანშეწყობილი და მასთან შეგუებული სპეციფიკური სარეველები. სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მორიგეობას დიდი მნიშვნელობა აქვს მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ საბრძოლველად.

ერთი და იმავე კულტურის, ერთი და იმავე ფართობში განმეორებით თესვის დროს, მკვეთრად იზრდება მავნებელთა და დაავადებათა რაოდენობა. განსაკუთრებით სახიფათოა ის მავნებელავადმყოფობანი, რომლებიც გარკვეული სახის მცენარეთა დაავადებას ან დაზიანებას იწვევენ.

შაქრის ჭარხალი და კარტოფილი განმეორებითი კულტურის მოყვანის შემთხვევაში, მეტად ზიანდებიან ნემატოდებით, პურის ბზუალა ნაწვერალზე დათესილ თავთავიან კულტურებს გაცილებით უფრო ძლიერად აზიანებს, ვიდრე სხვა რომელიმე წინამორბედის შემდეგ. შეუნაცვლებელი კულტურების თესვა-მოყვანის პირობებში, ავადმყოფობათა გავრცელების უკეთესი პირობები იქმნება.

მარცვლოვნების ფესვის სიდამპლის გამომწვევი სოკოები, ზედიზედ თესვის შემთხვევაში, ინტენსიურად მრავლდებიან და მოსავლიანობას ამცირებენ. მაგალითად, კარტოფილის ნაკარტოფილარზე დარგვა იწვევს ფიტოფტორას გავრცელებას, თავთავიანების განმეორებითი თესვა კი ხელს უწყობს ჟანგას გავრცელებას და სხვა.

თესლბრუნვაში კულტურათა სწორი მორიგეობა საშუალებას იძლევა, თვალსაჩინოდ შემცირდეს მავნებლებისა და დაავადებისგან მიღებული ზარალი.

ილია მჭედლიძე,

„მებოსტნეობა“