აგრარული განათლებადარგებიმეცხოველეობა

უსამართლოდ მივიწყებული კამეჩის რძე და მისი პროდუქტები

ადამიანების ყოველდღიური დიეტის მრავალფეროვან სასურსათო პროდუქტთა შორის რძე და მისი ნაწარმი, ტრადიციული, მომხმარებლის ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი და შეიძლება ითქვას, შეუცვლელი შემადგენელია.
დიეტოლოგების, ისტორიკოსების, სოციოლოგების და სხვა მიმართულების მკვლევართა მიერ  აღიარებულია, რომ კაცობრიობის ისტორიული განვითარების ათასწლეულების განმავლობაში, რძე წარმოადგენდა  ყველაზე სრულყოფილბუნებრივ საკვებს[1], რამეთუ მან გადამწყვეტი როლი ითამაშა კაცობრიობის ჯანმრთელობის დაცვაში, აგრეთვე ცივილიზაციების ჩამოყალიბებაგანვითრებაში და დღესაც წამყვანი ადგილი უკავია პლანეტის  8 მილიარდზე მეტ მცხოვრებთა ყოფაშიამას განაპირობებს რძეში შემავალი 250- მდე საყუათო და ბიოლოგიურად აქტიური  ნაერთი, მათ შორის კი ადვილად ათვისებადი ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები, მიკრო და მაკროელემენტები, ჰორმონები, ფერმენტები და სხვ. 

გაეროს სურსათისა და აგრარულ საკითხთა ორგანიზაციის (FAO) ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში რძის წარმოება საკმაოდ სწრაფი ტემპით იზრდება და ბოლო 2022 წლის მონაცემებით მიაღწია 930,3 მლნ ტონას,  რომელშიც  წამყვანი ადგილი უკავია ძროხის რძეს (753,3 მლნ. ტ., ანუ საერთოდ წარმოებულის 81%); შემდეგ მოდის კამეჩის რძე (143,6 მლნ. ტ, 15,4%), ხოლო თხისა და ცხვრის რძის ხვედრითი წილი უმნიშვნელოა (2,1 და 1,1%, შესაბამისად). 

საყურადღებოა, რომ წარმოების ზრდის ტემპით კამეჩის რძე ~2.5%-ით აღემატება ძროხის რძეს[2], ხოლო მისი უმსხვილესი მწარმოებელი არის ინდოეთი, პაკისტანი და ჩინეთი[3]; ამასთან, მთელ რიგ ქვეყნებში მოხმარებული ნედლი სასმელი რძისა და მისი პროდუქტების 50%-ზე მეტი კამეჩისაა, ხოლო აზიისა და სამხრეთ კავკასიის უმეტეს ქვეყანაში, შეიძლება ითქვას, რომ ტრადიციულია[4].   რაც შეეხება ევროპას, ამ კონტინენტის უმეტეს ქვეყნებში კამეჩს არ აშენებენ; ამ მხრივ გამონაკლისია იტალია,  ბულგარეთი, რუმინეთი და ზოგიერთი სხვ., სადაც მეკამეჩეობის დარგს და, შესაბამისად კამეჩის რძის წარმოებას, გარკვეული ადგილი უკავია, მათ შორის მსოფლიო ბაზარზე ყველი მოცარელას დიდი პოპულარობის გამო.

საქართველოში მეკამეჩეობას ორიათას წელზე მეტი ისტორია აქვს. ეს დასტურდება ბერძენი გეოგრაფის, მოგზაურის და ფილოსოფოსის სტრაბონის (ძვ.წ. 63/64-23/24) ჩანაწერებით, რომლის მიხედვით “ალბანეთიდან იბერიაში მიმავალი გზა უწყლო და უსწორმასწორო კამბეჩიანზე ძევს“ (ციტ. ს. ყაუხჩიშვილის მიხედვით[5]).  გვიან შუა საუკუნეებში ჩვენში კამეჩის გავრცელებაზე მოგვითხრობს ვახუშტი ბატონიშვილი (ციტ. დ. მუსხელიშვილის მიხედვით[6]), რომლის თანახმად ამ სახეობის პირუტყვს აშენებდნენ სრულიად საქართველოში „…ქართლში, თიანეთში, დუშეთში, დიდოეთში, აფხაზეთში, იმერეთში და კახეთში“, ხოლო კახეთის ერთ-ერთ კუთხეს, ქიზიყს, „კამბეშთა სიმრავლისა გამო“, უწოდებდნენ „კამბეჩოვანს“.

ზოგადად, ჩვენში კამეჩის მოშენებას ხელს უწყობდა ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა: თბილი, სუბტროპკული კლიმატი, მდინარეების, ტბებისა და წყალსატევების სიმრავლე, აგრეთვე ბუნებრივი საკვები სავარგულების ფართო მასივები; თავის მხრივ, მოსახლეობაში მისი პოპულარობა განაპირობა განსაკუთრებული გემოვნებითი და კულინარული თვისებების რძისა და ხორცის მოცემის უნარმა, რის საფუძველზე ოდითგანვე ჩამოყალიბდა მათი წარმოება-გადამუშავებისა და მოხმარების მაღალი კულტურა და, შეიძლება ითქვას, გახდა ზოგადად ქართული ოჯახის ყოფის, ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილი. ცალკე აღნიშვნის ღირსია კამეჩის, როგორც ცოცხალი გამწევი ძალის მნიშვნელობა და პოპულარობა სასოფლო-სამეურნეო თუ სატრანსპორტო სამუშაოებში გამოყენების თვალთახედვიდან გამომდინარე.

და მაინც, მთავარი არის კამეჩის რძე, რომლებიც დიეტოლოგთა და სურსათის საკითხებზე მომუშავე მკვლევარების მიერ ჩვილებისა და ბავშვების კვებაში ძროხის რძის პოტენციურ შემცვლელად არის შემოთავაზებული, უმეტესად მისი ალერგენული თვისებების წყალობით[7],[8].

საყურადღებოა, რომ,ზოგად კანონზომიერებთან ერთად, სახეობის ფარგლებში, რძის ქიმიურ შედგენილობაში აღინიშნება საკმაო ცვალებადობა, რასაც განაპირობებს ცხოველის გენოტიპი (ჯიში), შედარებით ნაკლებად კი მეწველი  პირუტყვის მოვლა-შენახვის პირობები. ამასთან, კამეჩის რძის უპირატესობა სხვა სახეობებთან შედარებით ყველა შემთხვევაში შენარჩუნებულია.

ეს ფაქტი მნიშვნელოვანია ეკონომიკური თვალსაზრისითაც, რამეთუ მეტი რაოდენობის მშრალი ნივთიერების და მისი ცალკეული კომპონენტის შემცველობის წყალობით, გადამუშავებისას ერთეული რაოდენობის რძიდან მზა ნაწარმის (ყველი, კარაქი და სხვ.) გამოსავლიანობა ბევრად უფრო მეტია.

ცხრილი 1. სხვადასხვა სახეობის ცხოველთა რძის ქიმიური შედგენილობა, ენერგეტიკული ღირებულება და სიმკვრივე
მაჩვენებელი კამეჩი ძროხა თხა ცხვარი
ქიმიური შედგენილობა, %:
წყალი 82,7-83,9 87,5-88,2 87,0-87,65 82,2-83,3
მშრალი ნივთიერება 16,1-17,3 11,8-12,5 12,35-13,0 16,7-17,8
მათ შორის:   
– ცხიმი 6,02-8,80 3,6-5,2 3,5-5,1 6,3-8,5
–   პროტეინი 3,7-5,20 3,1-3,4 2,9-3,6 5,0-6,5
–  ლაქტოზა 4.51–5.36 4,5-4,8 4,4-4,55 4,6-5,2
–   მინერალური მარილები 0,79-0,82 0,66-0,71 0,73-0,83 0,67-0,85
ენერგეტიკული ღირებულება, კჯ/კგ 3450-4054 2750- 3950 2850-3200 4300-4600
სიმკვრივე, გ/სმ3 1,036-1,039 1,026-1,031 1,032-1,034 1,035-1,037

ცალკე საუბრის თემაა კამეჩის რძის და მისი პროდუქტების მომხმარებელთა ჯანმრთელობასა და ფიზიკურ აქტივობაზე ხელშემწყობი თვისებები; კვლევებით დადასტურებულია, რომ ზოგადად რძისა და მისი პროდუქტების ბიოლოგიურად აქტიური ნაერთები, მათ შორის სპეციფიკური ცილები, ბიოაქტიური პეპტიდები, პრე- და პრობიოტიკები, ანტიოქსიდანტები, ვიტამინები, ოლიგოსაქარიდები, ორგანული მჟავები და სხვ. მრავალმხრივ დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმის ფუნქციონირებასა და ჯანმრთელობაზე[9].

ამასთან, არსებობს განსხვავებული მოსაზრებები სურსათში და, მათ შორის რძის პროდუქტებში ცხიმის რაოდენობასთან და მასში შემავალი ცხიმოვანი მჟავების თვისებებთან დაკავშირებით; როგორც წესი, მიჩნეული იყო, რომ მაღალცხიმიანი საკვები პროდუქტები მავნეა ადამიანის ორგანიზმისთვის, რაც არ დასტურდება კამეჩის რძის პროდუქტებთან მიმართებაში; აღმოჩნდა, რომ მაღალცხიმიანი რძისა და მისი პროდუქტების მიღებისას, დაბალცხიმიან და უცხიმოსთან შედარებით, ორგანიზმში მცირდება საერთო და “ცუდი ქოლესტერინის” (LDL) დონე და მატულობს მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების, ე.წ. “კარგი ქოლესტერინის” (HDL) კონცენტრაცია[10], [11];

და კიდევ, დადგენილია, რომ ტრიგლიცერიდებისა და ცხიმოვანი მჟავების საერთო რაოდენობა და ცხიმის ბურთულების დიამეტრი კამეჩის რძეში გაცილებით მეტია, ვიდრე ძროხისა და თხის რძეში (ცხრილი 2). ანალოგიური მდგომარეობაა   ნაჯერი და მონოუჯერი  ცხიმოვანი მჟავების შემთხვევაშიც; მიუხედავად ამისა კამეჩის რძის ათეროგენული ინდექსი პრაქტიკულად არ განსხვავდება სხვა ცხოველების რძისგან და აღმოჩნდა, რომ დადებითად მოქმედებს გულსისხლძარღვთა სისტემის  ჯანმრთელობაზე[12], [13], [14], [15] ;

ცხრილი 2.სხვადასხვა სახეობის ცხოველთა რძის ცხიმმჟავური  და მინერალური შედგენილობა
მაჩვენებლები კამეჩი ძროხა თხა ცხვარი
სულ ლიპიდები, გ/100 გ-ში 7,60 3,60 4,2 7,70
მათ შორის:
–          ტრიგლიცერიდები 7,50 3,50 4,00 7,40
–          ფოსფოლიპიდები 0,07 0,03 0,04 0,07
–          ქოლესტერინი 0,02 0,01 0,03 0,03
ცხიმმჟავები სულ, გ/100 გ-ში 7,38 3,41 3,98 7,30
აქედან:
–           ნაჯერი 4,85 2,15 2,64 2,64
–          მონოუჯერი 2,16 1,06 1,14 2,39
–          პოლიუჯერი 0,37 0,21 0,30 0,31
მაკროელემენტები, მგ/100 გ-ში:
–          კალციუმი 195 120 143 170
–          ფოსფორი 109 93 89 156
–          კალიუმი 148 155 145 198
–          მაგნიუმი 23 13 14 11
მიკროელემენტები, მკგ/100 გ-ში:
–          რკინა 54 67 100 92
–          მანგანუმი 17 6 17 11

ზოგადად მინერალური მარილების, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი მაკროელემენტების, როგორებიცაა Ca, P, K, და Mg საერთო რაოდენობა, კამეჩის რძეში მეტია, ვიდრე ძროხისა და თხის რძეში. კალციუმის დიდი რაოდენობით შემცველობის, კალციუმის/ფოსფორის კარგი თანაფარდობისა და ცილების უფრო მაღალი ეფექტურობის გამო  კამეჩის რძე ჩვილებისთვის საუკეთესო დანამატად ითვლება, სხვა სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა რძესთან შედარებით.

დადგენილია[16],[17], რომ კამეჩის რძეში მეტი რაოდენობითაა ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედების ფუნქციების მატარებელი  ტოკოფეროლები და A ვიტამინი, ვიდრე ძროხის რძეში, ხოლო  ბილივერდინი, ბიოაქტიურ პენტასაქარიდები და განგლიოზიდები საერთოდ არ გვხვდება ამ უკანასკნელში[18].

და კიდევ ერთი, კამეჩის რძის აქროლადი ნაერთები, მათ შორის ეთერები, ალდეჰიდები, აზოტის არაცილოვანი ნაერთები, კეტონები, სპირტები და სხვ., განუმეორებელ სენსორულ თვისებებს ანიჭებენ მის პროდუქტებს, ყველს, ხაჭოს, კარაქს და სხვ[19].

და ბოლოს, ზოგადად რძეში, განსაკუთრებით კი კამეჩის რძეში არსებულ მიკროფლორასთან დაკავშირებით, რომლებიც ასოცირდება რა პრობიოტიკებთან[20]; მრავალი ექსპერიმენტული და კლინიკური მტკიცებულებების გათვალისწინებით საერთაშორისო სამეცნიერო ასოციაციის (ISAPP)  მიერ ის  აღიარებულია, როგორც „ჯანმრთელობის მიმნიჭებელი ცოცხალი მიკროორგანიზმები“[21],[22],[23], რომლებიც რძის პროდუქტებში უჩვენებენ პრობიოტიკურ და/ან ტექნოლოგიური ეფექტს.

საკუთარი კვლევებისა და სამეცნიერო ლიტერატურის  ანალიზი მონაცემების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კამეჩის ნედლ რძეს აქვს მრავალი ღირსება, რაც განაპირობებს მისგან დამზადებულ, მათ შორის ტრადიციული ქართული პროდუქტების  (მაწონი, ყველი სხვ.) მაღალ ხარისხსა და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებს, ანუ ანიჭებს მათ დამატებით ღირებულებას.

მიუხედავად აღინიშნული ყველა სიკეთისა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, ეჭვს გამოთქვამს კამეჩის რძის (სხვათაშორის ხორცისაც) სარგებლიანობაზე, რამაც გარკვეულწილად იმოქმედა ზოგადად ამ პროდუქტებზე უარყოფით საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში;

ამ „მოსაზრებების“ თანახმად:

  1. კამეჩის რძის მიღებისას, მასში ცხიმის მაღალი შემცველობა პოტენციურად განაპირობებს ადამიანის ორგანიზმში გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა განვითარებისკენ მიდრეკილებას და ჭარბწონიანობასაც;

დიეტოლოგების და მედიცინის სხვა მიმართულების მკვლევართა მიერ დასაბუთებულია, რომ კამეჩის რძის ცხიმი 2-ჯერ ნაკლები რაოდენობით შეიცავს ე.წ. „ცუდ ქოლესტერინს“, ვიდრე ძროხის რძე და, ამდენად, ჰიპერტონიის განვითარების ხელშემწყობი ეს წინაპირობა გამორიცხულია;

არ დასტურდება, ასევე,  „ჭარბი ენერგიის მიღების“ შედეგად წონის მატების მოსალოდნელი „ეფექტი“;

საქმე ის არის, რომ ლღობის მაღალი ტემპერატურის გამო ადამიანის საჭმლის მომნელებელ სისტემაში კამეჩის რძის ცხიმი მოინელება მხოლოდ ნაწილობრივ და, ამდენად, ზედმეტი კალორიების მიღების მოლოდინი მოხსნილია.

  1. მეკამეჩეობის პროდუქტების (რძის და ხორცის) მიღებას არ ურჩევენ გოგონებსა და მელოგინე (ფეხმძიმე) ქალბატონებს . . . თითქოსდა ის იწვევს ფეხმძიმობის პერიოდის გახანგრძლივებასა და გართულებულ მშობიარობას;

აქაც ერთსახოვნად შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნულის თაობაზე მეცნიერულად დამტკიცებული დასაბუთება არ არსებობს; საქმე ის არის, რომ დედის მუცელში ნაყოფის განვითრების ხანგრძლივობას განსაზღვრავს გენოტიპი, ხოლო დიეტის სახე მასზე პრაქტიკულად არავითარ გავლენას არ ახდენს. რაც შეეხება მოსახლეობში გავრცელებული ამ ცრურწმენის წარმოშობას, ჩვენი ვარაუდით, შეიძლება, აიხსნას საყოველთაოდ ცნობილ ფაქტით: ჩვეულებრივი ძროხა მაკეობს 280-285, კამეჩი კი _ 310-340 დღე.

ამდენად დამკვიდრებული მცდარი შეხედულებები მეცნიერული კვლევის შედეგებით არ დასტურდება და მომხმარებელთა ნაკლებად ინფორმირებულობით აიხსნება.

ეჭვი არ არის, რომ მცდარმა შეხედულებებმა განაპირობა შიდა ბაზარზე მეკამეჩეობის პროდუქტებისადმი მოთხოვნილების შემცირება და არის ამ სახეობის ცხოველთა სულადობის და, შესაბამისად, მათი მოშენების მსურველთა შემცირების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი; და ეს მაშინ, როდესაც, ბოლო ათწლეულში კამეჩის მომშენებელ პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში ამ სახეობის ცხოველთა სულადობის ზრდის საშუალო წლიურმა ტემპმა შეადგინა 3-5%.

აღნიშნულთან დამატებით, ორიოდე სიტყვით იმაზე, თუ სხვა რა უშლის ხელს საქართველოში  მეკამეჩეობის განვითრებას.

ჩვენში დამკვიდრებული მეკამეჩეობის მეურნეობის გაძღოლის ტრადიციებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი საკითხია ე.წ. უვნებელი რძის წარმოების პრობლემის გადაწყვეტა. დავიწყებთ იმით, რომ მეკამეჩეობის ფერმები, როგორც წესი, განლაგებულია  დასახლებებისგან, ანუ ცივილიზაციისგან მოწყვეტილ, პრაქტიკულად სხვა მიზნებისთვის გამოუსადეგარ ტერიტორიებზე,  რაც ზღუდავს რძის მიღებისა და პირველადი დამუშავების ჰიგიენის წესების დაცვის შესაძლებლობებს;

საქმე ის არის, რომ ბიოლოგიური თავისებურებიდან გამომდინარე, გაზაფხულ-ზაფხულის თვეების დღის ცხელ პერიოდში  კამეჩი წყალში ჩაწოლილი ატარებს, რაც მის ორგანიზმს ეხმარება ფიზიოლოგიური სტატუსის შენარჩუნებაში; გარდა ამისა, საძოვარზე ეს ცხოველი გადაადგილდება დაჭაობებულ, უმეტესად ეკალბარდიან საძოვრებზე, რის შედეგად მთელი სხეულის და, მათ შორის ცურის ჰიგიენური მდგომარება სასურველზე დაბალია.

ამის გათვალისწინებით მეტად მნიშვნელოვანია წველის წინ ცხოველის სათანადო მომზადება: ზოგადად სხეულის და, განსაკუთრებით კი ცურის დასუფთავება, ჩამობანვა, შემშრალება, აგრეთვე რძის ჭურჭლის ჰიგიენის დაცვა, მოწველილი რძის სათანადოდ მოწყობილ სარძევეში გაწურვა-გაფილტვრა, დროულად გაცივება და ასეთი სახით შენახვა. ამის შესაძლებლობას კი მეკამეჩე-ფერმერები მოკლებული არიან, რაც ხელს უშლის საქართველოს რძის წარმოების სექტორში მათ ადაპტირებაში.

რაც შეეხება საზღვარგარეთის იმ ქვეყნებს, სადაც ნედლი რძის სექტორში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა მეკამეჩეობის დარგი,  ხარისხიანი და  უვნებელი რძის წარმოების პრობლემა გადაწყვეტილი იქნა ერთს მხრივ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების შექმნით, მეორეს მხრივ კი წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით. მათ შორის, სანიტარულ-ჰიგიენური ელემენტარული წესების დაცვას და, შესაბამისად, უვნებელი რძის წარმოებას უზრუნველყოფს თანამედროვე მოთხოვნების შესატყვის სადგომებში ცხოველების განთავსება, სადაც მოწყობილ საშხაპეში მათ აქვთ შესაძლებლობა დაიკმაყოფილონ სხეულის ფიზიოლოგიური სტატუსის შესანარჩუნებლად აუცილებელი ბიოლოგიური მოთხოვნილება).

აღწერილი და განვითარებული მეკამეჩეობის ქვეყნების რიგი სხვა გამოცდილება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია; ამისათვის კი ფერმერების სწავლება-ტრეინინგებთან ერთად, აუცილებელია გარკვეული მატერიალური მხარდაჭერა, რაც შესაძლებელია 2014 წლიდან ქვეყანაში მოქმედი შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ქვეკომპონენტის „მსხვილფეხა პირუტყვის მცირე ფერმერული მეურნეობების დაფინანსებისთვის“, აგრეთვე მთავრობის მიერ მიმდინარე წელს დამტკიცებული „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამაში“ მონაწილეობის შესაძლებლობის შემთხვევაში.

რაც შეეხება  მეკამეჩეობაზე თანამედროვე ბიზნესის შეხედულებებს: ხშირად ხდება აპელირება, რომ დაბალი სარძეო პროდუქტიულობის, უფრო ზუსტად კი ძროხასთან შედარებით დაბალი ლაქტაციური მონაწველის გამო მეკამეჩეობის დარგში ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, მ.შ. სადგომების მოწყობის, შრომის მექანიზაციის დანერგვის  და სხვ. საქმიანობაში ინვესტიციები ნაკლებად ეფექტურია და ამდენად, არ არის მიზანშეწონილი.

ასეთი მსჯელობა ჭეშმარიტებისგან შორს არ დგას, რამეთუ ფაქტიური ლაქტაციური მონაწველის გენეტიკური პოტენციალით ე.წ. მდინარის კამეჩი 2-3 ჯერ ჩამოუვარდება ძროხის სელექცინირებულ ჯიშებს  და, იმავდროულად, პრაქტიკულად არ განსხვავდება, არ თუ იშვიათად კი აღემატება გავრცელების ზონაში მოშენებულ ადგილობრივ, ე.წ. ლოკალურ ჯიშებს.

რაც შეეხება, ძროხისა და კამეჩის რძის წარმოების ეკონომიკურობის შეფასებას, აქ გასათვალისწინებელია ის, რომ ტრადიციული ტექნოლოგიით შენახვისას, ცხოველის ძირითადი, უფრო ხშირად კი ერთადერთი საკვებია საძოვრის ბალახი, რის გამო, ერთის მხრივ მისი მონაწველი არ არის მაღალი, მეორეს მხრივ კი, წარმოებული რძის თვითღირებულება გაცილებით იაფია.

გასათვალისწინებელია ის, რომ კამეჩის რძე შეიცავს 60-70%-ით  მეტ მშრალ ნივთიერებას და, ამდენად, მისი გადამუშავებით მიიღება მეტი რაოდენობის სტანდარტული პროდუქცია. აქედან გამომდინარე  სარეალიზაციო ღირებულების დასადგენად უნდა გამოვიყენოთ ახლო წარსულის პრაქტიკული გამოცდილება, რა დროსაც ფასი განსაზღვრებოდა ფაქტიური რაოდენობის,  ე.წ. საბაზისო (3,6%) ცხიმიანობაზე გადაყვანით.

ამასთან დაკავშირებით მოვიტანთ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის პროექტით ჩატარებულმა კვლევის შედეგს, რომელმაც გვიჩვენა, რომ კვების მცირედით გაუმჯობესებით საცდელი ჯგუფის ფურკამეჩების მონაწველი იზრდება, ტრადიციული ტექნოლოგიით შენახულ საკონტროლო ჯგუფის თანატოლებთან შედარებით, ხოლო მისი საბაზისო ცხიმიანობაზე  გადაყვანით  შეადგენს 4659 კგ-ს (ცხრილი 3) [24],[25].

მეკამეჩეობის განვითარებაზე უარყოფითად მოქმედებს აგრეთვე ზოგიერთი სახელმწიფო რეგულაციის შედგენისას დაშვებული ხარვეზები;  მაგალითად, ჩვენში მომქმედი ნორმებით ყველა სახეობის სანაშენე პირუტყვისა და ფრინველის იმპორტი გათავისუფლებულია საბაჟო გადასახადისგან, გარდა კამეჩისა. არადა, თუ გადავხედავთ ევროგაერთიანების ქვეყნების  რეგულაციებს, მათ შორის ევროსაბჭოს 2009, N157 დირექტივას (Council Directive 2009/157/EC), აგრეთვე ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს 2016, N 1012 რეგულაციას (Regulation (EU) 2016/1012 jf the European Parlament and of the Council, of 8 June 2016) კამეჩი და ძროხა განიხილება, როგორც თანაბარი დატვირთვის/ ღირებულების მსხვილფეხა პირუტყვი.

ცხრილი 3. კავკასიური ჯიშის ქართული პოპულაციის ფურკამეჩის პროდუქტიულობა[26] 
მაჩვენებლები საკონტროლო საცდელი
Lim M Lim M
ლაქტაციის ხანგრძლივობა, დღე 270-298 286 268-315 291
ლაქტაციური მონაწველი, კგ 1323-1514 1418 1623-2469 2102
რძეში მშრალი ნივთიერების რაოდენობა, % 18,2-18,6 18,4 17,94-18,5 18,16
                მათ შორის,  ცხიმი, % 7,99-,8,12 8,04 7,85-8,06 7,98
მონაწველში რძის ცხიმის საერთო რაოდენობა, კგ 114,0 167,7
საბაზისო, 3,6% ცხიმიანობის რძის რაოდენობა, კგ 3167 4659

საქართველოში კამეჩის რძის წარმოების მოცულობაზე სტატისტიკური ინფორმაცია არ იძებნება; ამასთან, თუ გავითვალისწინებთ ფურკამეჩების სულადობასა და ადგილობრივი, კავკასიური კამეჩის ქართული პოპულაციის სარძეო პროდუქტიულობას, 2023 წელს საშუალო წლიური წარმოება დაახლოებით 15,5 ათას ტონის ფარგლებში იქნება, რაც ქვეყანაში  რძის საერთო წარმოების ≈ 2,5-3  %-ის ფარგლებშია.

მიუხედავად მეკამეჩეობის დარგში შექმნილი არასახარბიელო საერთო მდგომარეობისა, არიან ცალკეული წარმატებული მეკამეჩე ფერმერული მეურნეობები, რომელთა შორისაა: შპს „ლაბა პროდუქტი“  (ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფ. ჭაჭარაქი, მ. ნასიძე), სადაც ხარისხიანი რძისა და მისი პროდუქტების წარმოების ყველა პრობლემა პრაქტიკულად გადაწყვეტილია, ხოლო აქ წარმოებული მაღალი ხარისხის, უვნებელი რძის პროდუტები მიეწოდება ქ. თბილისის მსხვილი სუპერმარკეტების ქსელს. აღნიშვნის ღირსია ყვარლის (სოფ. ფშაველი, ლ.რამაზაშვილი), მარტვილის  (სოფ. ვედითკარი, მ. ფოჩხუა), სენაკისა (სოფ.: ხორში, ახალსოფელი, ზემო ჭალადიდი, მენჯი) და ზუგდიდის (სოფ. ორულუ, ანაკლია) მუნიციპალიტეტების კამეჩის მომშენებელი ზოგიერთი წარმატებული ფერმერული მეურნეობები.

გიული გოგოლი, ერნაკალანდია

გამოყენებული ლიტერატურა:

[1] Noce A., Qanbari S., González-Prendes R., Brenmoehl J., Luigi-Sierra M.G., Theerkorn M., Fiege M.A., Pilz H., Bota A., Vidu L., et al. Genetic diversity of Bubalus bubalis in Germany and global relations of its genetic background. Front. Genet. 2021;11:1664.

[2] . Salzano A., Neglia G., D’Onofrio N., Balestrieri ML, Limone A., Cotticelli A., Marrone R., Anastasio A., D’Occhio MJ Campanile G. Green feed increases antioxidant and antineoplastic activity of buffalo milk: A globally significant livestock. Food Chem. 2021;344:https://www.caseificiolavillanella.it/the-main-properties-of-buffalo-milk/;

[3] https://www.fao.org/faostat/en/#home;

[4] Basilicata M.G., Pepe G., Sommella E., Ostacolo C., Manfra M., Sosto G., Pagano G., Novellino E., Campiglia P. Peptidome profiles and bioactivity elucidation of buffalo-milk dairy products after gastrointestinal digestion. Food Res. Int. 2018;105:1003–1010.

[5] ს. ყაუხჩიშვილი. რას გვიამბობენ ძველი ბერძნები საქართველოს შესახებ. თბილისი, გამომც. “საბჭოთა საქართველო”, 1964, 143 გვ;

[6] ციტ. დ. მუსხელიშვილი. ქისიყის ძველი ისტორია (ძვ.წ. I და ახ.წ. XV სს). თბილისი, 1997, 122 3გვ;

[7] Sheehan W.J., Phipatanakul W. Tolerance to water buffalo milk in a child with cow milk allergy. Ann. Allergy Asthma Immunol. 2009;102:349;

[8] https://synevo.ge/food-allergy-kvebiti-alergia/ 

[9] . Abd El-Salam M.H., El-Shibiny S. A comprehensive review on the composition and properties of buffalo milk. Dairy Sci. Technol. 2011, 91, 663–699.

[10] . Nilsen R., Høstmark A.T., Haug A., Skeie S. Effect of a high intake of cheese on cholesterol and metabolic syndrome: Results of a randomized trial. Food Nutr. Res. 2015, 59, 27651;

[11] . Engel S., Elhauge M., Tholstrup T. Effect of whole milk compared with skimmed milk on fasting blood lipids in healthy adults: A 3-week randomized crossover study. Eur. J. Clin. Nutr. 2018; 72: 249–254;

[12] Sun Q., Ma J., Campos H., Hu F.B. Plasma and erythrocyte biomarkers of dairy fat intake and risk of ischemic heart disease. Am. J. Clin. Nutr. 2007, 86: 929–937;

[13]  Park Y.W. Introduction: Overview of bioactive components in milk and dairy products. Bioactive Components in Milk and Dairy Products. Publishers, Wiley- Blackwell; Ames, Iowa: Oxford, UK: 2009. pp. 3–14. 

[14] Buttriss J. Nutritional properties of fermented milk products. Int. J. Dairy Technol. 1997; 50:21–27. 

[15] Abd El-Salam M.H., El-Shibiny S. A comprehensive review on the composition and properties of buffalo milk. Dairy Sci. Technol. 2011, 91, 663–699.

[16] Salzano A., Neglia G., D’Onofrio N., Balestrieri M.L., Limone A., Cotticelli A., Marrone R., Anastasio A., D’Occhio M.J., Campanile G. Green feed increases antioxidant and antineoplastic activity of buffalo milk: A globally significant livestock. Food Chem. 2021;344; 

[17] Basilicata M.G., Pepe G., Sommella E., Ostacolo C., Manfra M., Sosto G., Pagano G., Novellino E., Campiglia P. Peptidome profiles and bioactivity elucidation of buffalo-milk dairy products after gastrointestinal digestion. Food Res. Int. 2018;105:1003–1010 ]

[18] Abd El-Salam M.H., El-Shibiny S. A comprehensive review on the composition and properties of buffalo milk. Dairy Sci. Technol. 2011, 91, 663–699;

[19] . Moio L., Langlois D., Etievant P., Addeo F. Powerful Odorants in Bovine, Ovine, Caprine and Water Buffalo Milk Determined by Means of Gas Chromatography-Olfactometry. J. Dairy Res. 1993;60:215–222.

[20] Quigley L., O’Sullivan O., Stanton C., Beresford T.P., Ross R.P., Fitzgerald G.F., Cotter P.D. The complex microbiota of raw milk. FEMS Microbiol. Rev. 2013;37:664–698;

[21] Siciliano R.A., Reale A., Mazzeo M.F., Morandi S., Silvetti T., Brasca M. Paraprobiotics: A new perspective for functional foods and nutraceuticals. Nutrients. 2021;13:1225. doi: 10.3390/nu13041225. 

[22] Siciliano R.A., Reale A., Mazzeo M.F., Morandi S., Silvetti T., Brasca M. Paraprobiotics: A new perspective for functional foods and nutraceuticals. Nutrients. 2021;13:1225. 

[23] Hill C., Guarner F., Reid G., Gibson G.R., Merenstein D.J., Pot B., Morelli L., Canani R.B., Flint H.J., Salminen S., et al. Expert consensus document: The International Scientific Association for Probiotics and Prebiotics consensus statement on the scope and appropriate use of the term probiotic. Nat. Rev. Gastroenterol. Hepatol. 2014;11:506–514.

[24] “კავკასიური კამეჩის რძისა და ხორცის წარმოების პოტენციალის შესწავლა, რეკომენდაციების შემუშავება და გავრცელება: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის პროექტი #–GNSF/ST 08/8-496 საბოლოო ანგარიში; ს.ს.ი.პ. მ.რჩეულიშვილის მეცხოველეობის ბიოლოგიური საფუძვლების ინსტიტუტი, 2009-2011 წ.წ.

[25]  ა. დოლმაზაშვილი, გ. გოგოლი, გ. ხატიაშვილი, გ.მაჭარაშვილი, ლ. ტაბა­ტაძე. ქარ­თული კამეჩის სარძეო პროდუქტიულობა ალაზნის ველის პირობებში. „აგრობიომრავალ-ფეროვნების დაცვა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარება“ საერთაშორისო კონფერენციის მასალები, თბილისი, საქართველო, 24-25 ნოემბერი, 2010 წ, გვ. 367-369;